მიშელ პლატინი საქართველოშია
უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი საქმიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. წარსულში სახელგანთქმული ფრანგი ფეხბურთელი თბილისში დღეს, შუადღეს ჩამოფრინდა.
ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული იყო: უეფას თავკაცმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად საგურამოში მშენებარე ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელი ბაზა მოინახულა, შემდეგ კი ტექნიკურ ცენტრ ბასას ეწვია.
უეფას თავკაცმა საქართველოს მცხეთაც დაათვალიერა, მოგვიანებით კი თბილისში, ირაოს სტადიონზე გოგონათა საფეხბურთო ტურნირი საზეიმოდ გახსნა.
პლატინი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა: თავდაპირველად სპორტის, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ გიორგი გაბაშვილს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ნამგალაურს, 20 საათზე კი კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს ეწვია.
უეფას პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის პირველი დღე რესტორან მეიდანში საზეიმო ვახშამით დასრულდა, სადაც მას ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქართული ფეხბურთის ვეტერანებმა და ჟურნალისტებმა უმასპინძლეს.
ხვალ, 8 მარტს, მიშელ პლატინი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს დაათვალიერებს, იქვე გამართავს პრესკონფერენციას, ხოლო შუადღით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაემგზავრება.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 7 მარტი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია