პლატინიმ დი სტეფანო დააჯილდოვა
უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ მადრიდის რეალის ლეგენდარული თავდამსხმელი ალფრედო დი სტეფანო ესპანეთის დედაქალაქში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე უეფას პრეზიდენტის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
ალფრედო დი სტეფანო პირველია, რომელსაც უეფას პრეზიდენტის რანგში პლატინიმ ეს ჯილდო გადასცა.
ღონისძიება, რომელსაც ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის თავკაცის გარდა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რეალის პრეზიდენტი რამონ კალდერონი, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ანხელ მარია ვილიარ ლიონა და სხვა პატივცემული სტუმრები დაესწრნენ, დი სტეფანოს მიეძღვნა.
„უეფას პრეზიდენტის ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პირადად მიშელ პლატინიმ გადმომცა, კაცმა, რომელიც ერთნაირად წარმატებულია მწვანე მინდორზე და საფეხბურთო ჩინოსნის რანგში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ღონისძიებას ფიფას და უეფას პრეზიდენტები ესწრებიან – დიდი მადლობა მათ“! – განაცხადა მადრიდის რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ.
„თქვენ არგენტინული ტანგოს რიტმი შეუხამეთ ევროპულ ფეხბურთს და იმ რთულ წლებში, როცა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ ეს მშვენიერი თამაში ხელახლა იდგამდა ფეხს ევროპაში, თავისებური ხიბლი შესძინეთ მას. თქვენი კვალი არათუ ევროპულ, მსოფლიო ფეხბურთში წარუშლელია“! – მიშელ პლატინი, უეფას პრეზიდენტი.
დი სტეფანოსადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის სტადიონზე ოფიციალურად 21 თებერვალს გაიხსნება, გულშემატკივრებს ლეგენდარული ფეხბურთელის კარიერის ამსხველ 128 ფოტოს, უამრავ ისტორიულ მაისურს თუ ჯილდოს წარუდგენს. ამავდროულად, მნახველებს დარბაზშივე შეეძლებათ დიდებულ თავდამსხმელზე გადაღებული 3 დოკუმენტური ფილმის ნახვა.
ალფრედო დი სტეფანო ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასის გათამაშების ზედიზედ 5 ფინალში გაიტანა გოლი. მისი შედეგი – 49 გოლი ჩემპიონთა თასზე – ათწლეულების მანძილზე რეკორდი იყო.
1957 და 1959 წლებში დი სტეფანო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვეს. 22წლიან კარიერაში დი სტეფანომ 1 126 ოფიციალურ მატჩში 893 გოლი გაიტანა.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 18 თებერვალი)