ბლატერმა ჩემპიონებს მოუბოდიშა

იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ რომში მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მომგები ფეხბურთელები კავალიერე უფიციალეს ორდენებით დააჯილდოვა, ხოლო ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ მარჩელო ლიპის კომანდატორეს ტიტული უბოძა.

პრეზიდენტისა და მსოფლიოს ჩემპიონების შეხვედრას სტუმრის რანგში დაესწრო ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, რომელმაც ფიფას სახელით ოფიციალურად მოუბოდიშა იტალიელ ფეხბურთელებს და იტალიის დელეგაციის წევრებს ბერლინში, 9 ივლისს მომხდარი ფაქტის გამო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს ოქროს თასი უეფას პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა გადასცა.

რადგან მსოფლიო ჩეპიონატის ფინალში ევროპის ორი ქვეყანის ნაკრები გუნდი თამაშობდა, ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ გამარჯვებულს თასს უეფას პრეზიდენტი გადასცემდა. მერწმუნეთ, ეს შეცდომა უნებლიედ მომივიდა, რის გამოც ბოდიშს გიხდით, – განაცხადა ფიფას პირველმა პირმა.

ამავე შეხვედრაზე ზეპ ბლატერმა მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ლევ იაშინის სახელობის პრიზით დააჯილდოვა.

ბუფონს ჯილდო დეკემბერში, ციურიხში ფიფას გალა-წარმოდგენაზე უნდა მიეღო, თუმცა ის შვეიცარიაში იუვენტუსში დატრიალებული ტრაგედიის გამო ვერ ჩავიდა – გეხსომებათ, კლუბის ახალგაზრდული გუნდის ორი მოთამაშე ტრაგიკულად დაიღუპა.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 11 იანვარი)

ka_GEGeorgian