ინტერვიუ: სტივენ ჯერარდი

ის ლივერპულის კაპიტანია და ამავდროულად, დღევანდელი გუნდის სიმბოლო, ენფილდროუდელთა სული და გული. მას სხვა კლუბების გულშემატკივრებიაფასებენ, მერსისაიდელთა ფანები კი უბრალოდ აღმერთებენ.
ლივერპულის ესპანელი თავკაცი რაფა ბენიტესი ამბობს, რომ სტივენ ჯერარდი მისი მარჯვენა ხელია, მწვანე მინდორზე კი ერთადერთი, რომელსაც საჭირო მომენტში შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
თანამედროვეობის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველი წლის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხბურთო ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს, მხოლოდ მაყურებლის რანგში ხვდებაინგლისის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირის ბოლო თამაშები ჩააფლავა და 1994 წლის შემდეგ პირველად დარჩა დიდი საერთაშორისო საფეხბურთო შეჯიბრის მიღმა.
სტივენ ჯერარდი პოპულარულ ბრიტანულ საფეხბურთო ჟურნალ FourFourTwoს ინგლისის ნაკრების შესახებ ესაუბრა: თუ რა იყო ევრო 2008ის მიღმა დარჩენის მიზეზი, არის თუ არა ფაბიო კაპელო ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელი და როგორია ფეხბურთის სამშობლოს პირველი გუნდის მომავალი.

ხორვატებთან წაგებული თამაშით დავიწყოთ. რა გახსენდებათ იმ მატჩიდან?
ტკივილი, ძალიან მძაფრი ტკივილი და იმედგაცრუებაა – ესაა ის, რასაც იმ შეხვედრის გახსენებისას ვგრძნობ. იმ მომენტიდან, როცა მსაჯმა მატჩი დაასრულა და გასახდელში შევედი, ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც აი ახლაც, თქვენთან საუბრის დრომდე არ გამნელებია. და ალბათ, ასე იქნება კიდევ ძალიან დიდხანს…

როგორ ფიქრობთ, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე გასვლა ამ ტკივილს დაგავიწყებთ?
დღეს ჩემთვის მთავარი ისაა, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყოს შესარჩევი ტურნირი და სამხრეთ აფრიკაში თამაში გავინაღდოთ. პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ნაკრების მაისურით რაც შეიძლება ბევრი თამაში მოვიგო. დღეს მხოლოდ ამის აუცილებლობას ვგრძნობ. თუმცა იმასაც კარგად ვხვდები, რომ ყველაფერს დრო უნდა.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოტოვეთ. რა უფრო საწყენია: პირადი მიზეზი უდიდეს საფეხბურთო ტურნირს მიღმა დარჩენა თუ ნაკრების წარუმატებლობა?
როცა შენი ქვეყნის პირველ გუნდში ასპარეზობ, გინდა, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ყოველთვის იასპარეზო: ეს ტურნირები ხომ 4 წელიწადში ერთხელ იმართება.
ჩემდა სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატი ერთხელ უკვე გამოვტოვე და ახლა ევროპის პირველობის მიღმა დავრჩი. ამის მიზეზი სხვადასხვაა, მაგრამ შედეგი – ერთია. არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ რის გამო აღმოვჩნდი ასეთი ტურნირების მიღმა. მთავარი და გულდასაწყვეტი ისაა, რომ არ ვმონაწილეობ.

შესარჩევ ტურნირში ინგლისის ნაკრების მარცხი კონკრეტული ფეხბურთელების ინდივიდუალური შეცდომების ბრალია?
უმჯობესი იქნება, თუ მთლიანობაში განვიხილავთ ყველაფერს. ძალიან ადვილია წარუმატებლობაში დაადანაშაულო ის ფეხბურთელები, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი მიდგომა არასწორია. ფეხბურთი გუნდური თამაშია, იგებს ყველა და ასევე – აგებს ყველა. ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი ჩავაფლავეთ და ყველანი დამნაშავენი ვართ – ფეხბურთელები, მწვრთნელები, ნაკრებში დასაქმებული ხალხი…

ოფიციალურ თამაშებში გუნდის კაპიტანი იყავით... საინტერესოა, რა იყო ინგლისის ნაკრების  მთავარი შეცდომა?
ჩვენი წარუმატებლობის მთავარი მიზეზი არასაკმარისი თავდაჯერებულობა იყო და ეს მთელი შესარჩევი ციკლის განმავლობაში იგრძნობოდა. იმ ფეხბურთელებით, რომლებიც გვყავს, არა მარტო უნდა გავსულიყავით ფინალურ ეტაპზე, შესარჩევი ჯგუფიც უნდა მოგვეგო. მაგრამ ვერ შევძელით – ბოლო მატჩებში გადარჩენისთვის ვიბრძოდით, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს ჩემ ვარაუდს.
დაკონკრეტებაა საჭირო: ნაკრებში იყვნენ და არიან მოთამაშეები, რომლებსაც საკუთარი ძალის რწმენა არასდროს აკლდათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც ასეთი პასუხისმგებლობისთვის აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდა: იგივე პოლ რობინსონი ან სკოტ კარსონი…
თუ გულშემატკივრის მხრიდან შევხედავთ, შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვთვლი, რომ კონკრეტული ფეხბურთელების დადანაშაულება შეცდომაა. მოედანზე გუნდი თამაშობს და არა ერთი ფეხბურთელი. შესაბამისად, მარცხდება, ფრეს თამაშობს ან იგებს გუნდი და არა ერთი. სწორედ ამიტომაც ვამბობ, რომ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენისთვის პასუხისმგებელნი ვართ ყველანი და არა კონკრეტული ფეხბურთელები.

ერთერთ ადრინდელ ინტერვიუში თქვით, რომ ევროპის ჩემპიონატის ტელევიზორში ყურებას აპირებთ
ძალიან ძნელია, როცა ხარ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი და ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ მაყურებლის როლში ხვდები, მაგრამ იცით, ძალიან მიყვარს ფეხბურთი…
ვერ ვიტყვი, რომ თამაშს არ გამოვტოვებ, მაგრამ რამდენიმე შეხვედრას აუცილებლად ვნახავ.

კარგით, წარსულს თავი დავანებოთ და მომავალზე ვთქვათ: რა გაიფიქრეთ, როცა ნაკრებში ფაბიო კაპელოს დანიშვნის შესახებ შეიტყვეთ?
ინგლისი დიადი საფეხბურთო ერია, ფაბიო კაპელო კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. არჩევანი კარგია – სადაც კი კაპელომ იმუშავა, ყველგან წარმატებას მიაღწია და დარწმუნებული ვარ, ინგლისის ნაკრებთან ერთადაც გაიმარჯვებს.

კარგა ხანს ბჭობდნენ, საჭიროა თუ არა ნაკრებისთვის უცხოელი სპეციალისტი. საინტერესოა, რას ფიქრობს ნაკრების კაპიტანი ამ საკითხზე?
მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: არაერთ უცხოელ მწვრთნელთან მიმუშავია და ყველა მათგანთან ურთიერთობა ჩინებული იყო. მგონი, ამ შემთხვევაში ეროვნებას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ – მთავარია, თუ რა დონის სპეციალისტს ვანდობთ ნაკრებს. ფაბიო კაპელო დიდი მწვრთნელია და მჯერა, რომ ინგლისის ნაკრებში მისი მოღვაწეობა წარმატებული იქნება.

ინგლისელი ფეხბურთელები უცხოეთში სათამაშოდ აღარ მიდიანპრემიერლიგიუცხოელი მწვრთნელებისგან შესანიშნავ განათლებას იღებენ
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კარიერა კლუბში ჟერარ ულიეს მოღვაწეობის დროს დაიწყო. დღეს ლივერპულს რაფაელ ბენიტესი თავკაცობს, ნაკრებში კი 5 წლის მანძილზე სვენ-გორან ერიქსონის ხელმძღვანელობით ვითამაშე. ყველა მათგანი ჩინებული სპეციალისტია და მეც ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები უცხოეთში მხოლოდ ამიტომ არ მიდიან: დღეს პრემიერლიგა საუკეთესოა და მგონი, ამ მხრივ ჩვენ, ფეხბურთელებს ძალიან გაგვიმართლა.

არის აზრი, რომ პრემიერლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი თამაშობს, რაც ინგლისის ნაკრებისთვის ძლიერი მოთამაშეების მომზადებას ხელს უშლის
სისულელეა! პრემიერლიგაში დღეს ბევრი ძლიერი ინგლისელი ახალგაზრდა თამაშობს, რომლებიც უახლოეს წლებში ნაკრების შემადგენლობაში გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწევენ, ვიდრე ჩვენ შევძელით.

თვლით თუ არა, რომ ფეხბურთელის მხრიდან ნაკრების მწვრთნელის პატივსაცემად, ამ უკანასკნელის წარმატებული კარიერა აუცილებელია?
რა თქმა უნდა! ჩვენ, ფეხბურთელებს გვინდა, რომ ძლიერი სპეციალისტების ხელში ვითამაშოთ და ამ მხრივ კაპელო ზედგამოჭრილია. მას თანამედროვეობის ბევრი მწვრთნელი ვერ შეედრება!

საინტერესოა, რა უნდა გააკეთონ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა გულშემატკივართა გულის მოსაგებად?
ვიცი, რომ მიუხედავად შესარჩევ ციკლში წარუმატებლობისა, ქომაგებს არ მივუტოვებივართ. ალბათ ნახეთ შვეიცარიასთან ჩვენი თამაში – ტრიბუნები გადაჭედილი იყო, ეს კი ნიშნავს, რომ გულშემატკივრები კვლავ ჩვენი ერთგულნი არიან. ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ ეს ხალხი, რომელსაც სჯერა საყვარელი გუნდის ფეხბურთელების, გამარჯვებებით გავახაროთ.

გამარჯვებებში რა იგულისხმება?
არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ.
ვიტყვი მხოლოდ ერთს: შემოდგომიდან ნაკრები დიდ გზას შეუყვება და ძალიან მინდა, რომ ჩვენ მინიმუმ მსოფლიო პირველობის 1/4ფინალში გავიდეთ. მგონი, ეს გამარჯვება იქნება, უფრო მეტზე კი ნახევარფინალიდან ვიფიქრებთ.

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2008)

ka_GEGeorgian