გურამ კაშიას 80

უეფას ერთა ლიგის ფლეი ოფში საქართველოს ნაკრებმა ბელარუსს 1:0 სძლია და 12 ნოემბერს ევროპის საგაისო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებს.

წელს ეს ჩვენი გუნდის მე3 ოფიციალური თამაში იყო და სასიხარულოა, რომ ჯვაროსნებმა მეორედ არ გაატანინეს მეტოქეს.

ბელარუსთან მატჩში ვლადიმირ ვაისმა დაცვის ასეთი ოთხეული აირჩია: მარჯვენა ფლანგზე ოთარ კაკაბაძე დადგა, მარცხნივ – ლაშა დვალი, ცენტრში კი საბა კვირკველია და გურამ კაშია.

ეს უკანასკნელი წელს პირველად გამოჩნდა ნაკრებში – სან ხოსე ეარსქუეიქსში მოთამაშე კაშიამ გუშინ საიუბილეო, მე80 შეხვედრა ჩაატარა ეროვნული გუნდის მაისურით და გახდა მხოლოდ მე5, რომელმაც ამდენჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში.

გურამ კაშიაზე გამოცდილები მხოლოდ ლევან კობიაშვილი (100 მატჩი ნაკრებში), ზურაბ ხიზანიშვილი (92), ჯაბა კანკავა (89) და კახა კალაძე (83) არიან.

კაშიამ ეროვნულ ნაკრებში პირველად 2009 წლის 1 აპრილს ითამაშა, სამხრეთ აფრიკა 2010ის შესარჩევში, თბილისში მონტენეგროსთან 0:0 დასრულებულ მატჩში – ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. იმხანად გურამი თბილისის დინამოს მცველი გახლდათ.

2013 წლის 6 თებერვალს, ალბანეთთან 2:1 მოგებულ ამხანაგურში ის უკვე გუნდის კაპიტანი იყო. ტირანაში მან 21ედ ითამაშა ნაკრებში, განვლილ 80 მატჩში კი 12ჯერ მოირგო კაპიტნის სამკლავური.

იმ დროს კაშია უკვე არნემის ვიტესის ფეხბურთელი იყო და ყველაზე მეტი, 60 მატჩი ნაკრებში სწორედ ნიდერლანდური კლუბის მოთამაშის სტატუსით ჩაატარა.

2012 წლის 12 ოქტომბერს, ბრაზილია 2014ის საკვალიფიკაციო ტურნირში ფინეთის წინააღმდეგ გურამმა პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა – ჰელინსკიში გამართული თამაში ფრედ 1:1 დასრულდა.

გურამ კაშიას 80 სანაკრებო კეპი ტურნირების მიხედვით ასე ნაწილდება: 20 თამაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეგიდით გაიმართა, 19 – მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისა იყო, 36 – ამხანაგური, ხოლო 5 – უეფას ერთა ლიგის.

და ბოლოს: გურამ კაშიას მონაწილეობით გამართული 80 მატჩიდან საქართველოს ნაკრებმა მოიგო 26, 17ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 37ჯერ დამარცხდა.

11 და 14 ოქტომბერს ვლადიმირ ვაისის გუნდი 2020-21 წლების ერთა ლიგის C დივიზიონში II ჯგუფში კიდევ ორჯერ ითამაშებს: პოლონეთის ქალაქ ტიხში პირობითად მასპინძელ სომხეთს გაეჯიბრება, 14 ოქტომბერს კი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ოქტომბერი)
ფოტო
: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian