როცა უიტნი გვესტუმრა
უიტნი ჰიუსტონის ამ კასეტის ამბავი უნდა მოგიყვეთ, ზუსტად 30 წლის წინ რომ აჩუქეს ჩემ დას და ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასი რომაა.
1990 წლის 12 ოქტომბრის საღამოს ოჯახში დიდი ამბავი იყო: ჩემი დის დაბადების დღეს ვზეიმობდით. ბავშვები ცალკე და მამაჩემი და მისი მეგობრები კიდე სასტუმრო ოთახში, როგორც მაშინ ამბობდნენ. იყო ბოლომდე შესმული სადღეგრძელოები და ღვინის თავსხმა და არგადარჩენა.
საათი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საღამო იყო, იმიტომ, რომ მოქეიფენი, ჩვენი კარდენახელი მეზობელ-მეგობრის დალოცვილი რქაწითელის გადამკიდე, ამქვეყნისა აღარ იყვნენ…
მოკლედ, ზარია კარზე. გავაღე და პაატაა, მამაჩემის ძმაკაცის შვილი, დედაჩემს ეუბნება: ასე და ასე, ამერიკელი სტუმარი მახლავს და აბა თქვენ იცითო.
ის გოგო, ახლა სახელს ვერ ვიგონებ და თქვენის ნებართვით პამელად მოვიხსენიებ, პირველი ამერიკელი იყო, პირადად რომ შევხვდი და დაველაპარაკე. ნუ, მთლად იეს აიემ ე თეიბლ დონეზე არ ვიყავი – რაც მამამ სანფრანცისკოში წამიღო, ცოტა ინგლისური მეხერხებოდა…
მთავარი სხვა რამეა: პამელას პაატასთვის უთქვამს, ქართველები როგორ ერთობიან საღამოობით, დროს როგორ ატარებენო, მაინტერესებს და მაჩვენეო. პაატამაც გაიკითხა, გამოიკითხა და ჩვენთან მოიყვანა.
ნაღდად არ ვიცი რა შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენთან გაშლილმა სუფრამ პამელაზე. სიმართლე რომ ვთქვა, ამაზე მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რადგან მან ჩემ დას უიტნი ჰიუსტონის ეს კასეტა აჩუქა და ამ ამერიკულმა ნივთმა ყველა დაგვამუნჯა!
არ დაგავიწყდეთ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, საზღვრები კვლავ საიმედოდაა ჩაკეტილი და მართალია უცხოური სიამტკბილობები კი შემოდის ნელ-ნელა, მაგრამ მაინც იშვიათად. ოტტო და ნეკერმანი თუ გახსოვთ? იყო ასეთი გერმანული ჟურნალები, სოცქვეყნებმოვლილ ერთ-ორ მეზობელს ჰქონდა და ხელიდან ხელში გადადიოდა – რაც მე იქ დაბეჭდილ სათამაშოებზე მიოცნებია…
ცხონებული ბიძაჩემი მელომანი იყო, ბევრი ფირფიტა-კასეტა ჰქონდა, მაგრამ უიტნი ჰიუსტონის ის ალბომი იმით იყო საოცარი, რომ პატარა ბუკლეტიც მოჰყვა, სადაც ყველა სიმღერის ტექსტი დაებეჭდათ, პლუს რამდენიმე ფოტო და კიდევ ბევრი ჩამონათვალიც დაერთოთ. მოკლედ, კასეტას მოყოლილი ის ბუკლეტი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო – მსგავსი არასდროს მენახა და მერეც ხშირად ვკითხულობდი.
კიდევ იმ ამერიკელმა გოგომ პატარა ნახატები დაგვიტოვა. დიდხანს ვინახავდი და მერე სადღაც დამეკარგა…
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: პამელამ ბავშვებს წითელ მბზინავ ქაღალდში გახვეული კევებიც გვაჩუქა! ლამის მაისამდე მედო საწოლთან და მერე, საზაფხულო არდადეგების წინ კლასელებს გავუყავი. თვითონ საღეჭი რეზინიც წითელი იყო და თან საბჭოთა კევებისგან განსხვავებით – ცხარე, ქაღალდზე კი კოვბოი ეხატა…
90ების შუაში ძმაკაცმა ორკასეტიანი მაგნიტოფონი იყიდა და მეგობრები მასთან ვიკრიბებოდით დოქტორ ალბანის, თუ ანლიმითედის, ეის ოფ ბეისის, მეტალიკის, პინქ ფლოიდის, ბოიზ თუ მენის, ისთ სევენთინის და სხვების მოსასმენად. შიგადაშიგ ბოგდან ტიტამირის და კარმენის ზაპისებიც გამოერეოდა…
დღეს არც მაგნიტოფონი მაქვს და იმ კასეტებიდანაც მხოლოდ ეს, პამელას ნაჩუქარი უიტნის კასეტა შემომრჩა – ბევრ საფეხბურთო სუვენირზე მაგრა ვუფრთხილდები.
ემოციების და ტკბილი მოგონებების ამბავია, აგერ სამ ათეულ წელიწადს რომ გასწვდა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 12 ოქტომბერი)