პრეზენტაცია: ჩვენები

გუშინ, ვაკის პარკის კლუბ 33ა-ში საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ გადაღებული ფილმის – ჩვენები – პრეზენტაცია შედგა.
ფილმი ფორმულა კრეატივმა გადაიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაკვეთით და სააქციო საზოგადოება მადნეულის დაფინანსებით.

პრეზენტაციის წინ კლუბში თავმოყრილ გულშემატკივრებს ფილმის პროდიუსერმა ნიკა ქავთარაძემ, სცენარის ავტორმა ირაკლი საღინაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა მიმართეს.

გულშემატკივრებსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შორის უხილავი კედელია აღმართული და ჩემი აზრით, ეს ფილმი ორივე მხარეს დაეხმარება ამ კედლის დანგრევაში. მგონი, კარგი ნამუშევარია და გულშემატკივრები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, – განაცხადა ნიკა ქავთარაძემ.

ჩვენების ჩვენებას გულშემატკივრები, ხელისუფლების წარმომადგენლები, მსახიობები, მომღერლები და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც დაესწრნენ – როგორც ვეტერანები, ასევე მოქმედი მოთამაშეები.

ფილმი ჩვენები მაისის მიწურულს, ეროვნული ნაკრების ესტონეთსა და პორტუგალიაში ტურნეს დროსაა გადაღებული – გულშემატკივრები უდავოდ საინტერესო სანახაობის მოწმენი გახდებიან, რომელიც მათ ნაკრების „სამზარეულოს“ გააცნობს.

ჩვენების ქრონომეტრაჟი საათი და 20 წუთია. ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე შექმნილი მეორე ფილმია. 2006 წლის ზაფხულში გულშემატკივრებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გადაღებული პირველი ფილმი იხილეს, სახელწოდებით – ჩვენ ერთი გუნდი ვართ.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 26 ივნისი)

ka_GEGeorgian