ინტერვიუ: რონალდო

1994 წელს პოპულარული ინგლისური საფეხბურთო ჟურნალის FourFourTwo პირველი ნომერი გამოიცა.
2014 წლის ზაფხულში FourFourTwoმ, რომელიც დღეს ინგლისის გარდა გერმანიაში ბრაზილიაში, პოლონეთსა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გამოიცემა, 20 წლის იუბილე იზეიმა.
ბიჭებმა, რომლებიც ამ მართლა კარგ ჟურნალს აკეთებენ, აგვისტოს ნომერში მთავარ რედაქტორად ლეგენდარული კიჭა, ბრაზილია 2014ის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი სუპერფორვარდი რონალდო მიიწვიეს.
რატომ?
რონის აღმასვლა და ბრწყინვალება ჟურნალის დაბადებას და განვითარებას დაემთხვა.
FourFourTwoს რიგით 242ე ნომერი ძალიან საინტერესო, ლამაზი და სახალისო გამოდგა.
თქმა არ უნდა, ეს „მთავარი რედაქტორის“ დამსახურებაცაა, რომელმაც გულშემატკივართა კითხვებსაც უპასუხა.

მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ – რას უკავშირდება პირველი საფეხბურთო მოგონება.
როგორ გითხრათ… თანატოლებისგან არაფრით გამოვირჩეოდი, მეც ისევე ვცხოვრობდი, როგორც მილიონობით სხვა ბავშვი რიოში. რამე განსაკუთრებული არ მახსენდება – დილიდან საღამომდე ბურთს ვთამაშობდით, ფეხბურთი ჩვენთვის ყველაფერი იყო! ქუჩები, მოედნები, მინდვრები – სადაც კი საკმარის ადგილს ვიპოვიდით, ყველგან ვერთობოდით.
მინდორზე თამაში მიყვარდა. ალბათ იმიტომ, რომ იქ იშვიათად ვხვდებოდით. საერთოდ, მშვიდი ბავშვობა მქონდა – ჩვენი უბანი, ბენტუ რიბეირუ ყოველთვის წყნარი და მეგობრული იყო, არასდროს გვყოლია ნარკოტიკების გადამყიდველები, შესაბამისად, არც პოლიცია გვაწუხებდა. საბედნიეროდ, ადგილი, სადაც გავიზარდე, შორს იყო ფაველასგან…
ყველაზე ადრეული საფეხბურთო მოგონება? ასეთი ორია: პირველი – მეზობლები გვიბრაზდებოდნენ, რადგან ხშირად შუაღამემდე ვთამაშობდით, მეორე კი ის დღეა, როცა მეზობლის ავმა ძაღლმა ბურთი დაგვიგლიჯა. არადა, სამი თუ ოთხი დღის ნაყიდი გვქონდა…
საერთოდ, ბავშვობა ტკბილად მაგონდება. ალბათ ამიტომაც გადავწყვიტე ფილმის გადაღება – ახლა ჯგუფთან ერთად სცენარზე ვმუშაობ.

წამიკითხავს, რომ ფლამენგოში მოხვედრა გსურდათ, მაგრამ გამოცდები ვერ ჩააბარეთ. მართლა ასე იყო?
პირველი გუნდი, რომელშიც მოვხვდი, ეს ვალკუეირე ტენის კლაბი იყო. ეს დარბაზის ფეხბურთის გუნდი იყო, ყველა გაგებით პაწაწინა. მაშინ 8 წლის ვიყავი. გამოცდაზე რომ მივედი, თავდასხმაში თამაში მსურდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ყველა ჩემსავით ფიქრობდა და ამიტომ მწვრთნელი მოვატყუე, მეკარეობა მინდა-მეთქი. გამოცდა ადვილად გავიარე, ცოტა ხანში კი მწვრთნელს ვუთხარი, გოლების გატანაც შემიძლია-თქო და საქმეში რომ მნახა, წინ გადამიყვანა. იქ თითქმის 4 წელი გავჩერდი, 12 წლისამ კი ფლამენგოს აკადემიას მივაკითხე.
მახსოვს, იქ მოხვედრის მსურველებს 5 გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა. პირველი 2 ადვილად გავიარე, მაგრამ მესამეზე აღარ მივსულვარ – გამოცდები სახლიდან ძალიან შორს ტარდებოდა, იქამდე მისასვლელი ფული კი ჩემებს, მიუხედავად იმისა, რომ არ გვიჭირდა, აღარ გამოვართვი. რა აზრი ჰქონდა? თუ მოვხვდებოდი, ყოველდღე აკადემიაში უნდა წავსულიყავი, ამდენ ფულს კი დედაჩემს ვერ ვთხოვდი.
ავდექი და ფლამენგოს ნაცვლად სან კრისტოვაოს მივაკითხე – გუნდი რიოს ჩრდილოეთით, ჩემ სახლთან ახლოს ვარჯიშობდა და მეც მაწყობდა. სან კრისტოვაოს მაისურით ორ ასაკობრივ ჩემპიონატში ვიასპარეზე, როგორც ჩანს საკმაოდ კარგად, რადგან მალე კრუზეირუ შემეხმიანა და მეც მათთან გავაფორმე კონტრაქტი.

1994 წელს თქვენ პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრეთ ამერიკაში. რას გრძნობდით, როცა ბრაზილიის პირველ გუნდში მოხვდით?
თავი სიზმარში მეგონა! ნაკრებში თამაშზე ყველა ბიჭი ოცნებობს, მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე არ მითამაშია, მაინც უბედნიერესი ვიყავი, რადგან მაგარ ბიჭებთან ერთად ვვარჯიშობდი!
რომარიოს და ბებეტოს თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი, ისინიც კარგად მეპყრობოდნენ, თუმცა ყავის მიტანას რომ მთხოვდნენ, ვბრაზდებოდი… მათ კონკურენციას ვერ ვუწევდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მალე ჩემი დროც დადგებოდა. ამერიკაში საოცარი დღეები გავატარე!

ამერიკა 94-ის შემდეგ ჰოლანდიაში გააგრძელეთ კარიერა – პსვ ეინდჰოვენის ფეხბურთელი გახდით. რა როლი ითამაშა ამ ტრანსფერში კლუბის ექს-ვარსკვლავმა რომარიომ?
მას მხოლოდ ერთი „როლი“ ჰქონდა – ჩემი კერპი იყო! ამასთანავე, ის იყო ნათელი მაგალითი, რომ დიდ საფეხბურთო ქვეყანაში წასვლამდე მოთამაშეს ჰოლანდიის დონის ჩემპიონატში გამოსვლა აუცილებლად წაადგება.
პსვ ეინდჰოვენმა კარგი კონტრაქტი შემომთავაზა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქთან შეგუება ცოტა გამიჭირდა – უცხო ენა, სიცივე, განსხვავებული კულტურა – მაინც კარგად ავთამაშდი. ვხვდებოდი, რომ იმ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ბევრი გოლის გატანა იყო.

ჰოლანდიის გარდა მადრიდშიც ითამაშეთ და მილანშიც. სად უფრო კარგად ერთობიან: ბრაზილიაში, ჰოლანდიაში, იტალიასა თუ ესპანეთში?
იცით, ჰოლანდიაში გართობისთვის მაინცდამაინც არ მეცალა, თან, ღამის ცხოვრებისთვის ნაღდად პატარა ვიყავი. ეინდჰოვენი არაა ამსტერდამი, მაგრამ თავის პლუსები აქვს…
პსვ ეინდჰოვენში თამაშის დროს ფრენკ არნესენის შვილს ვხვდებოდი – ფრენკი მაშინ ჩვენი კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

თვლით თუ არა რომ 1996-97 წლების სეზონი, რომელიც ბარსელონაში გაატარეთ, საუკეთესო იყო თქვენ კარიერაში? და იმ ზღაპრული გოლის შესახებაც გვიამბეთ, კომპოსტელას რომ გაუტანეთ.
ესპანეთში გადასვლამდე შესანიშნავ ფორმაში ვიყავი და მიხარია, რომ ბარსელონაშიც მაგრად ვითამაშე. ალბათ ეს იყო ჩემი კარიერის საუკეთესო სეზონი!
ყოველ შემთხვევაში, შედეგები ამაზე მეტყველებს.
ბარსელონამ ძალიან კარგი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ ამაზე მეტად უმაღლეს დონეზე თამაშის პერსპექტივა მხიბლავდა – მე ხომ საუკეთესოთა შორის ვიქნებოდი!
კომპოსტელასთან გოლზე რა ვთქვა? ყველაფერი თავისით მოხდა. იმ მომენტში, როცა კარისკენ მივრბოდი, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი – მცველებისთვის მეჩვენებინა, რომ ჩემი წაქცევა ადვილი არაა. შეიძლება მთელი ცხოვრება გალიო და ასეთი გოლი ვერც ნახო. ალბათ, მეც გამიმართლა და ყველას, რომ ის გოლი გავიდა.

ბარსელონას მაშინდელ მწვრთნელთან, ბობი რობსონთან როგორი დამოკიდებულება გქონდათ?
ბობი დიდებული ადამიანი იყო, პროფესიონალი, რომელსაც ფეხბურთში ყველაფერი ესმოდა. მგონია, რომ სპორტში იშვიათია მისნაირი ხალხი. მან ძალიან კარგი ბარსელონა შექმნა, ხანდახან ვფიქრობდი, რომ მამასავით გვეპყრობოდა…
მაშინ ინგლისურად ვერ ვსაუბრობდი, მაგრამ რობსონი პორტუგალიურად მელაპარაკებოდა – ბარსელონამდე ის ლისაბონის სპორტინგში მუშაობდა და…
ძალიან კარგი კაცი იყო! კომპოსტელას კარში გატანილი იმ გოლის მერე სკამიდან წამოხტა, გულში ჩამიკრა და დაუჯერებელიაო, მიმეორებდა…

ბარსელონა მოულოდნელად დატოვეთ. ერთ დღეს კლუბმა განაცხადა, რომ რონალდო სამუდამოდ კამპ ნოუზე რჩებოდა, 24 საათზე ნაკლებ დროში კი კონტრაქტი მილანის ინტერთან გააფორმეთ. სინამდვილეში რა მოხდა?
იცით, ინტერს ჩემი გადაბირება ჯერ კიდევ პსვ ეინდჰოვენში თამაშის დროს სურდა…
იმ დღეებში ბარსელონას ხელმძღვანელებმა მითხრეს, რომ ჩემი შენარჩუნება უნდოდათ, გაუმჯობესებული კონტრაქტიც დამიდეს, მაგრამ მალე თავიანთი წინადადება უკან წაიღეს. მეც ავდექი და იტალიაში გადავედი.
ინტერი დიდი კლუბი იყო, ზუსტად იგივეს მთავაზობდა, რასაც ბარსელონა, ამიტომ, აღარ ვიუარე. თანაც, ის 28 მილიონი დოლარი, რაც ესპანელებმა ჩემ სანაცვლოდ მიიღეს, ორივე მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა.

ინტერში ორჯერ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღეთ, რის გამოც წელიწადზე მეტი გაგიცდათ. იმ დროს ფეხბურთისთვის თავის დანებებას ხომ არ ფიქრობდით?
ვეჭვობდი, შევძლებდი თუ არა უმაღლეს დონეზე თამაშს, მაგრამ ფეხბურთიდან წასვლა არც მიფიქრია. კი, რთული დღეები იყო, მაგრამ იცით, ინტერთან დაკავშირებით იმდენი კარგი ამბავი მახსენდება, რომ არც იქ გადასვლას ვნანობ და არც მილანიდან წასვლას. ინტერი მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის შემდეგ დავტოვე. პირადად პრეზიდენტთან, მასიმო მორატისთან შევედი და ვუთხარი, რომ ექტორ რაულ კუპერთან ვერ ვიმუშავებდი – ჩვენ ყველაფერზე განსხვავებული შეხედულება გვქონდა. მორატის ახალი მწვრთნელის მოძებნა ვურჩიე, მან კი მითხრა, რომ კუპერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავდა… მოკლედ, ასე გადავედი რეალში. მადრიდელებთან ხელშეკრულება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 წუთით ადრე გავაფორმე – კლუბები ძალიან დიდხანს ათანხმებდნენ რაღაც საკითხებს…

1998 წელს თქვენი ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, 2002 წელს კი ჩემპიონი გახდა. რომელი გუნდი ჯობდა?
რა თქმა უნდა 2002 წლის! ერთმანეთს არც შევადარებ! საერთოდ, ჩვენი ის ნაკრები ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიად მიმაჩნია 1970 წლის გუნდის შემდეგ – ძალიან ძლიერი მცველები გვყავდა… და თავდასხმა? როცა გვინდოდა, მაშინ ვიტანდით გოლს, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ნაკრები ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.
Jogo Bonito – ასე არ შეგვარქვეს ჟურნალისტებმა? 2002ში ყველა შეხვედრა მოვიგეთ, 1/8ფინალში ბელგიასთან გამარჯვების მერე კი ჩვენი გამჩერებელი არავინ იყო! ერთი სიტყვით, ამ ორი გუნდის შედარება, მგონი, არ შეიძლება.

რონალდო

კიჭამ ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, 2002 წელს კი 8 გოლით საუკეთესო ბომბარდირიც გახდა

რას ნიშნავდა თქვენი მაშინდელი ვარცხნილობა? 2002 წლისას ვგულისხმობ.
ეს იყო იმპროვიზაცია, მეტი არაფერი. ჟურნალისტები ბევრს საუბრობდნენ ამაზე, არაერთი ვერსიაც მოვისმინე, მაგრამ მართალი არცერთია. უბრალოდ, მინდოდა თმა ასე შემეჭრა და მორჩა.
ნახევარფინალში თურქეთთან მატჩის წინ ვფიქრობდი, რომ ფინალისთვის მთლიანად გადავიპარსავდი თავს, მაგრამ იმ შეხვედრაში გატანილი გადამწყვეტი გოლის მერე აზრი შევიცვალე.
თურქებთან ტრავმირებული რომ ვიყავი, ის თუ იცით? არა? კი, ასე იყო – ვფიქრობდი, რომ ნახევარფინალს ვერ დავამთავრებდი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება როგორ აღნიშნეთ? ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ იაპონიიდან ბრაზილიაში ჩასვლამდე, თითქმის 12 საათი გაუთავებლად ღრეობდით…
მხოლოდ 12 საათი? ზეიმი რამდენიმე დღე გაგრძელდა! როგორც კი ფინალი დასრულდა, ეგრევე სმა და ცეკვები დაიწყო, თითქმის არ დაგვიძინია…
რიოში ჩასვლამდე არ გავჩერებულვართ, იქ კი ნაღდი კარნავალი დაგვხვდა! ერთადერთი რაც მახსოვს, როგორ მივედი შინ: რიოში ჩასვლის შემდეგ, მეორე თუ მესამე საღამოს, რომელიღაც კლუბიდან გავიპარე, ტაქსში ჩავხტი და პირდაპირ შინ წავედი. ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ – აზრზე მოსვლას ვცდილობდი.

წლების წინ რობერტო კარლოსმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რონალდო ის ძმაა, რომელიც არასდროს მყოლიაო. თქვენც ასე ფიქრობთ?
კი, ასეა – ჩვენ ძმებივით ვართ ამდენი წლის შემდეგაც! მადრიდის რეალსა თუ ბრაზილიის ნაკრებში დიდებული წლები გავატარეთ… ბევრს არ ახსოვს, მაგრამ კარიერის მიწურულს კორინთიანსშიც ერთად ვთამაშობდით.

როგორ გახსენდებათ რეალის იმ შემადგენლობა, რომელსაც გალაქტიკო შეარქვეს?
მაშინდელ გუნდზე აღმატებულად ის ხალხი საუბრობდა, ვისაც კლუბთან შეხება არ ჰქონდა, თორემ უშუალოდ გუნდში ამ მეტსახელით არაფერი შეცვლილა.
2002 წლის რეალში მართლა ძალიან მაგარმა ბიჭებმა მოიყარეს თავი, თუმცა რამდენადაც ბრწყინვალე ფეხბურთელები იყვნენ, იმდენად ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ მინდვრის მიღმა. სიმართლეს გეტყვით: გალაქტიკო, ეს სახელი რეალში არავის სიამოვნებდა.

მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდზე შესრულებულ ჰეთ-თრიქზე რა იტყვით?
იმ მატჩის წინ ჟურნალისტები წერდნენ, რომ გავსუქდი და გუნდისთვის ბოლომდე ვერ ვიხარჯებოდი, სირბილი სულ უფრო მიჭირდა… თამაშის მერე მსგავსი სისულელე არავის დაუწერია.
დიდებული საღამო იყო, შეუდარებელი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რომელშიც კარიერის განმავლობაში ვმონაწილეობდი. ყველაზე ძალიან იცით რამ გამაოცა? ოლდ ტრაფორდზე შეკრებილი ათასობით გულშემატკივრის საყვარელ კლუბს 3 გოლი გავუტანე, მაგრამ მათ არც დაუსტვენიათ, პირიქით, სტადიონიდან რომ გავდიოდით, ტაშით გვაცილებდნენ!

უდავოდ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც არასდროს მოუგია ჩემპიონთა ლიგა. გული არ გწყდებათ?
სიმართლე რომ ვთქვა, ლიგის მოგების ბევრი შანსი არ მქონია. კი, 2002-03 წლების სეზონში ფინალთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ… არაუშავს, ასეთი რამეც ხდება. ეტყობა საფეხბურთო ღმერთებმა ასე გადაწყვიტეს.

2007 წელს, უკვე მილანში გადასულმა, ლიგის ფინალში როსონერის ტრიუმფს ტრიბუნიდან უცქირეთ. რას გრძნობდით მაშინ?
ძალიან მინდოდა ბიჭებთან ერთად მინდორზე ყოფნა, მათთან ერთად მომეგო თასი, მაგრამ ევრომატჩებში ასპარეზობის უფლება არ მქონდა და მეც საპატიო სტუმართა ლოჟაში ვიჯექი. ფინალის მერე ფილიპო ინძაგიმ თქვა, ამ გამარჯვებას რონის ვუძღვნიო. ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო!

თქვენი აზრით, რა არის მთავარი ცვლილება, რაც ფეხბურთში ბოლო 20 წლის მანძილზე მოხდა?
ამაზე ადრეც მიფიქრია და ყოველთვის ერთ აზრამდე მივსულვარ: ინდივიდუალური ვარჯიში! 1994 წელს, როცა კარიერას ვიწყებდი, ჯერ კიდევ არ იყო ასეთი მიდგომა. ახლა მწვრთნელები ფეხბურთელებს ცალ-ცალკე უდგენენ პროგრამას, მაშინ კი ყველანი ერთსა და იმავეს ვაკეთებდით. 20 წლის წინ ხშირად მინახავს თამაშის დასასრულს ქანცგაცლილი ფეხბურთელები, დღეს კი მსგავსი რამ გამორიცხულია. მე თუ მკითხავთ, ინდივიდუალურმა სავარჯიშო პროგრამებმა ფეხბურთის განვითარებაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედა.

დაასახელეთ საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე გასულხართ და ყველაზე ძლიერი მცველი, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ.
საუკეთესო თანაგუნდელი ზინედინ ზიდანია! ეს მილიონჯერ მითქვამს და ამის გამეორებით არასდროს დავიღლები. ზიზუ ფანტასტიკური იყო!
ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი… პაოლო მალდინი! კი, მე გამიტანია იმ მილანისთვის, სადაც პაოლო თამაშობდა, მაგრამ ამას ყოველთვის დიდი გაჭირვებით ვაკეთებდი.
მალდინი, გარდა იმისა, რომ ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იყო, ძალიან „სუფთა“ მეტოქეც გახლდათ. მგონი, ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

რომელია თქვენი საუკეთესო გოლი?
400ზე მეტი გოლიდან ბევრია ლამაზი, მაგრამ თუ საუკეთესოს მთხოვთ… ალბათ, ამ შემთხვევაში რჩეული ისაა, რომელიც გარდა სილამაზისა, მნიშვნელოვანიც იყო. ასეთი კი ორი მგონია: მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში შეგდებული მეორე ბურთი და კომპოსტელასთან გატანილი ის გოლი.

თქვენ არაერთი თანამედროვე ვარსკვლავისთვის მისაბაძი მოთამაშე ხართ. მაგალითად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამბობს, რომ მუდმივად თქვენნაირად თამაშს ცდილობდა. როცა ასეთ ამბებს იგებთ, რას გრძნობთ?
ძალიან ამაყი ვარ და ჩემ ადგილზე ალბათ, ყველა ასე იქნებოდა. ზლატანის ის ვიდეოც ვნახე, სადაც ჩემზე საუბრობს. რა გითხრათ? ძალიან გამიხარდა. თავის დროზე მეც ჩემი კერპის მიბაძვას ვცდილობდი – ასეთი ზიკო იყო. ის გამორჩეულად მიყვარდა! მგონი, ყველას ჰყავს კერპი. ეს კარგია და დამწყებ მოთამაშეს ბევრ რამეში ეხმარება.

საინტერესოა, მომავალში რას უნდა ველოდოთ თქვენგან?
სახლში არ ვიჯდები და ვერ მოვიცდი, როდის მთხოვენ დახმარებას. მიყვარს გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებ. მაგალითად, ჩვენთან მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებამ დიდი დრო წაიღო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი იყო და უკან არ დამიხევია. ახლო მომავალში საფეხბურთო აკადემია მინდა რომ მოვაწყო. ვნახოთ რა გამოგვივა. მთავარია ადგილზე დგომას არ ვაპირებ.

რონალდო (ლუის ნაზარიუ დე ლიმა)
დაიბადა 1976 წლის 18 სექტემბერს რიო დე ჟანეიროში
თავდამსხმელი
კლუბები: კრუზეირუ (ბელუ-ორიზონტე, ბრაზილია; 1993-94), პსვ ეინდჰოვენი (ჰოლანდია; 1994-96), ბარსელონა (ესპანეთი; 1996-97), ინტერი (მილანი, იტალია; 1997-2002), რეალი (მადრიდი, ესპანეთი; 2002-07), მილანი (იტალია; 2007-08), კორინთიანსი (სან პაულუ, ბრაზილია; 2009-11)
ინდივიდუალური ტიტულები: მინეირუს შტატის ბომბარდირი – 1994; ჰოლანდიის ბომბარდირი – 1995; ესპანეთის ბომბარდირი – 1997, 2004; ევროპის ოქროს ბუცი – 1997; ლიბერტადორესის თასის ბომბარდირი – 1994; თასების მფლობელთა თასის ბომბარდირი – 1997; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ბომბარდირი – 1999; მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი – 2002; ესპანეთის საუკეთესო ლეგიონერი – 1997; ესპანეთის საუკეთესო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი – 1996, 2003; იტალიის საუკეთესო ლეგიონერი – 1998; იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 1998; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 1997; მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 1998; ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (გუერინ სპორტივო, იტალია) – 1997, 1998; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ონზი, საფრანგეთი) – 1997, 2002; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი) – 1997, 2002; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფიფა) – 1996, 1997, 2002; მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი (უორლდ სოკერი, ინგლისი) – 1996, 1997, 2002
გუნდური ტიტულები: მინეირუს შტატის ჩემპიონი – 1994; ესპანეთის ჩემპიონი – 2003; პაულისტას შტატის ჩემპიონი – 2009; ბრაზილიის თასი – 1993, 2009; ჰოლანდიის თასი – 1996; ესპანეთის თასი – 1997; ჰოლანდიის სუპერთასი – 1996; ესპანეთის სუპერთასი – 1996, 2003; თასების მფლობელთა თასი – 1997; უეფას თასი – 1998; საკონტინენტთაშორისო თასი – 2002; სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი – 1997, 1999; ფიფას კონფედერაციათა თასი – 1997; მსოფლიოს ჩემპიონი – 1994, 2002
ბრაზილიის ნაკრებში: 98 მატჩი, 62 გოლი (1994-2011)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2015)

ka_GEGeorgian