პელე: პირველიდან 1283მდე

დღეს ფეხბურთის მეფის, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს იუბილეა – პელე 80 წლის გახდა!
ლეგენდარული ათლეტი, რომლის სიდიადე ჩვენ თვალწინ ორ საუკუნეს გასწვდა (და მჯერა, მისი სახელი კიდევ დიდხანს ეხსომებათ გულშემატკივრებს), კვლავ გაიხსენეს და დააფასეს.

ყველა დროის ყველაზე დიდი ბრაზილიელის საიუბილეო თარიღს რამდენიმე წერილით ვეხმაურები და ეს პატარა სტატისტიკური ჩანახატიც მის მრავალ მიღწევათაგან ერთ-ერთს, კარიერის განმავლობაში გატანილ 1000ზე მეტი გოლს ეხება.

გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ 21წლიან კარიერაში 1 363 მატჩში 1 283 გოლი გაიტანა.

პელე ძალიან დიდხანს ითვლებოდა ყველა დროის ყველაზე შედეგიან ფეხბურთელად, მაგრამ სტატისტიკის მოყვარულებმა დიდხანს იკვლიეს მისი კარიერა და დაადგინეს: მეფის 1 363 თამაშიდან ბევრი ამხანაგური იყო და, შესაბამისად, მისი 1 283 გოლიდან უმაღლეს დონეზე გატანილად ბევრი ვერ ჩაითვლება.

დიდი ხნის კვლევა-ძიების შემდეგ კი, როცა ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ სანტოსის, კოსმოსის და ფიფას ოფიციალური დოკუმენტების შესწავლა დაასრულა, დადგინდა: პელემ ოფიციალურ მატჩებში, საკლუბო და სანაკრებო დონეზე, 831 თამაშში 767 გოლი შეაგდო.

1 363თან და 1 283თან შედარებით 831 და 767 ცოტაა, მაგრამ ამ შედეგებზე, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ყველა მოაწერს ხელს. ხომ მეთანხმებით?

რაც შეეხება ამ ჩანახატში მოშველიებულ სტატისტიკას.

2006 წელს ფეხბურთის სამშობლოში დაისტამბა ასეთი წიგნი – პელე, ავტობიოგრაფია. ამ 358 გვერდიან გამოცემაში პელეს მოგონებებია, ასევე არაერთი საინტერესო ფოტო და რაც მთავარია, ფეხბურთის მეფის უკლებლივ ყველა, 1 363 მატჩის ჩამონათვალი თარიღით, თამაშის ანგარიშით და პელეს მიერ გატანილი გოლებით.

ეს სტატისტიკა სწორედ იმ ჩამონათვალიდან ამოვკრიფე. რაც მე ქართული ჟურნალ-გაზეთები წამიკითხავს, მაგრამ ამ სახით ეს სია ჯერ არ მინახავს. კი არ ვტრაბახობ, რა მაგარი რაღაც გავაკეთე-თქო. არა, უბრალოდ ჩავთვალე, რომ ამ სახით ეს მონაცემები საინტერესოა და ვიმედოვნებ, თქვენ ყურადღებასაც მიიპყრობს.

სხვა რა გითხრათ?

დღეგრძელობა პელეს!

ის მათ შორისაა, ვინც ეს ლამაზი თამაში სამუდამოდ შემაყვარა.

მეფის პირველი, უკანასკნელი და საიუბილეო გოლები:
0001 – 1956.09.07 სანტოსი 7:1 კორინთიანსი (სანტო ანდრე) – პირველი მატჩი
0100 – 1958.07.27 სანტოსი 2:2 ბოტაფოგო (რიბეირაუ პრატუ) – ორიდან პირველი გოლი, 102ე მატჩი
0200 – 1959.06.06 სანტოსი 6:4 ფორტუნა (დიუსელდორფი, გფრ) – 184ე მატჩი
0300 – 1960.05.12 ბრაზილია 2:2 ინტერი (მილანი, იტალია) – ორიდან პირველი გოლი, 276ე მატჩი
0400 – 1961.06.28 სანტოსი 3:0 აეკ (ათენი, საბერძნეთი) – 362ე მატჩი
0500 – 1962.09.05 სანტოსი 5:2 ბოტაფოგო (რიბეირაუ პრატუ) – ორიდან პირველი გოლი, 437ე მატჩი
0600 – 1963.09.11 სანტოსი 2:1 ბოკა ხუნიორსი (ბუენოს აირესი, არგენტინა) – 511ე მატჩი
0700 – 1965.04.18 სანტოსი 5:2 ფლუმინენსე (რიო დე ჟანეირო) – 595ე მატჩი
0800 – 1966.07.04 ბრაზილია 4:2 აიკ (სტოკჰოლმი, შვედეთი) – ორიდან პირველი გოლი, 670ე მატჩი
0900 – 1968.06.17 სანტოსი 3:0 ზაარბრიუკენი (გფრ) – 793ე მატჩი
1000 – 1969.11.12 სანტოსი 4:0 სანტა კრუზი (რესიფე) – 909ე მატჩი
1100 – 1972.03.05 სანტოსი 3:2 ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია) – ორიდან პირველი გოლი, 1086ე მატჩი
1200 – 1973.12.19 ბრაზილია 2:1 მსოფლიო ნაკრები – 1212ე მატჩი* (გარინჩას გამოსათხოვარი მატჩი)
1283 – 1977.10.01 სანტოსი 1:2 კოსმოსი (ნიუ იორკი, აშშ) – 1363ე მატჩი* (უკანასკნელი მატჩი)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian