პელე და ყველაზე დიდი გუნდი: ბრაზილია 1970

დღეს 23 ოქტომბერია და დღეს ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს, პელეს დაბადების დღეა.
ფეხბურთის მეფე, XX საუკუნის უდიდეს მოთამაშედ აღიარებული ბრაზილიელი და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი, 80 წლის გახდა.
პელემ ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უდიდესი აღიარება მოიპოვა, ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კი ლამის ყველა მარადიული სპორტული ტიტულიც მოიგო.
ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნაბიჯი მგონია – სოკმა პელე XX საუკუნის ნომერ პირველ ათლეტად დაასახელა!
დღეს პელეს შესახებ რამდენიმე ჩანახატს გთავაზობთ, ეს წერილი კი ყველა დროის საუკეთესო გუნდად აღიარებულ ბრაზილიის 1970 წლის ნაკრებზეა. პელე იმ მართლა მაგარი სელესაოს ლიდერი იყო.
50 წლის წინ, მექსიკაში, ბრაზილიამ მესამედ მოიგო ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი და პელეც მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. შეხსენება არ გჭირდებათ: პელე ერთადერთია, რომელმაც უდიდესი საფეხბურთო ტურნირის 3 ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი…

1969 წლის 31 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჟოაო სალდანიას გაწვრთნილმა ბრაზილიამ პელეს გოლით პარაგვაი 1:0 დაამარცხა. იმ დღეს მარაკანაზე 183 341 გულშემატკივარი მივიდა, რაც მსოფლიო რეკორდია.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სამი თვით ადრე, 1970 წლის 8 მარტს სალდანიას ბრაზილიამ იმავე მარაკანაზე არგენტინას ამხანაგურში 2:1 სძლია. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ამ ადამიანისთვის, რომელმაც სელესაო ფეხზე დააყენა და ფეოლასეული ხიბლი დაუბრუნა, ეს უკანასკნელი მატჩი იქნებოდა ქვეყნის პირველი გუნდის თავკაცის თანამდებობაზე.

რა როგორ მოხდა და რატომ, ეს სხვა, არანაკლებ საინტერესო ამბავია, მაგრამ მომდევნო საერთაშორისო მატჩში, 22 მარტს სან პაულუში ჩილესთან, ბრაზილიას უკვე მარიო ზაგალო წვრთნიდა, მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონი და იმ დროისთვის ბრაზილიური ფეხბურთის ერთ-ერთი ავტორიტეტი.

მისი ხელმძღვანელობით სელესაომ ჩილელები მიწასთან გაასწორა – 5:0. პელემ და რობერტო მირანდამ 2-2 გოლი გაიტანეს, პასის გენიოსად წოდებულმა ჟერსონმა კი ერთი. 4 დღის შემდეგ მეტოქეები კიდევ ერთხელ გაეჯიბრნენ ერთმანეთს და კვლავ ზაგალოს ბიჭებმა გაიმარჯვეს – 2:1 (კარლოს ალბერტო ტორესი, რიველინო)…

უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ბრაზილიას პირველი თამაში 3 ივნისს ელოდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნით, დელეგაცია მექსიკას თითქმის ერთი თვით ადრე ეწვია – ზაგალოს სურდა, რომ გუნდი უცხო გარემოს დროულად შეგუებოდა.

6 მაისს ბრაზილიელებმა რიველინოს, პელეს და კლოდოალდოს გოლებით გვადალახარაში ქალაქის ნაკრებს 3:0 სძლიეს.

17 მაისს. ლეონში, კვლავ ქალაქის რჩეულ ფეხბურთელთა გუნდს გაეჯიბრნენ და ისევ დიდი ანგარიშით – 5:2 მოიგეს: პელემ დუბლი მიითვალა, რიველინომ, ტოსტაომ და პაულო სეზარ კაჟუმ კი თითო გოლი გაიტანეს.

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გამართულ უკანასკნელ საწვრთნელ მატჩში სელესაომ ქალაქ ირაპუატოს ნაკრებს პაულო სეზარ კაჟუს, რობერტო მირანდას და რიველინოს გოლებით სძლია. ეს თამაში 24 მაისს გაიმართა.

3 ივნისიდან კი ბრაზილია იმ აღმართს შეუყვა, რომელმაც ნაკრები კიდევ ერთხელ, მესამედ აიყვანა საფეხბურთო მწვერვალზე: ზაგალოს ბიჭებმა გვადალახარაში ჩეხოსლოვაკია შესანიშნავ სტილში 4:1 დაამარცხეს.

მე12 წუთზე პეტრაშმა სამხრეთამერიკელები დაამწუხრა – ფელიქსმა ბურთის მოგერიება ვერ შეძლო და… 0:1.

ჟერსონმა, ვინც კაპიტანი არ გახლდათ, მაგრამ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, თანაგუნდელებს უკმეხად შეუძახა, რასაც მალე სათანადო შედეგიც მოჰყვა: ჯერ რიველინომ ჯარიმიდან გაათანაბრა ანგარიში, მეორე ტაიმში კი ბრაზილიელებმა 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს ჩეხოსლოვაკიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარე ივო ვიქტორს. პელემ და ჟაირზინიომ პირველად ჟერსონის პასების შემდეგ, ჟაირზინიოს კიდევ ერთი გოლი კი ჟაირის სოლო-რეიდს და ზუსტ პასს მოჰყვა – 4:1.

საოცნებო გოლის გატანა პელემ სწორედ ჩეხოსლოვაკიასთან სცადა – ერთ მომენტში საკუთარი ნახევრიდან დაარტყა ივო ვიქტორის კარში, თუმცა ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს… მეფე, რომელმაც კარიერის განმავლობაში ათასზე მეტი გოლი შეაგდო, ყოველთვის ოცნებობდა ასეთი ბურთის გატანაზე.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუს მოგონებებიდან: ერთხელ მკითხეს, მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მომგები სელესაოდან 1970 წლის ნაკრებში ვის აიყვანდითო, ერთ ფეხბურთელზე იყო საუბარი. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს რონალდო იქნებოდა – 2002ში ის საუკეთესო იყო, მაგრამ რომ დავფიქრდი, მისი ადგილი ჩვენ გუნდში ვერ დავინახე. ასე მივედი მარკოსამდე. ის კარგი მეკარე იყო და ვფიქრობ, იოლად ჩაანაცვლებდა ფელიქსს, რომელიც ძლიერ მეკარედ არ მიმაჩნია“.

II ტურში ბრაზილიელები მსოფლიოს ჩემპიონ ინგლისს კვლავ გვადალახარაში დაუპირისპირდნენ.

ინგლისელთაგან ყველაზე უკეთ მეკარე გორდონ ბენქსი თამაშობდა – თავგანწირულად იცავდა კარს, ერთ მომენტში კი ფეხბურთის მეფის თავური დარტყმა სასწაულით მოიგერია! წლების შემდეგ ის მომენტი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მეკარის საუკეთესო ნახტომად აღიარეს.

მსოფლიო ჩემპიონატებზე არაერთი გოლი გავიტანე, მაგრამ ბევრი ხალხს არ ახსოვს. სამაგიეროდ, ყველა დაწვრილებით იგონებს იმ მომენტს, როცა ბენქსმა ჩემი თავური მოიგერია! ამაზე გულიანად ვიცინი ხოლმე… არ დავმალავ: იმ მომენტში მეგონა, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ ინგლისელმა შეუძლებელი შეძლო – მართლა ფანტასტიკური ბურთი მოიგერია“! – ფეხბურთის მეფე პელე.

ინგლისელთა კარში გოლი მაინც გავიდა: მე60 წუთზე ტოსტაომ ფლანგიდან შეუტია, იერიში პელემ გააგრძელა და საჯარიმოში ჟაირზინიო მოძებნა, ბრაზილიელთა მე7 ნომერმა კი დაახლოებით 12 მეტრიდან ბენქსს შანსი არ დაუტოვა – 1:0!

ჯგუფური ტურნირის მე3 შეხვედრაში მომავალმა ჩემპიონებმა რუმინეთს 3:2 სძლიეს.

1/4ფინალური ეტაპის დაწყებამდე მექსიკაში აკრედიტებული თითქმის ყველა ჟურნალისტი ნიკეს თასის მთავარ პრეტენდენტად ბრაზილიას მიიჩნევდა: მარიო ზაგალოს გუნდი ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა და, რაც მთავარია, შთამბეჭდავად იგებდა.

ეს იყო ბრწყინვალე ინდივიდუალისტების საოცრად მონოლითური, ერთ მუშტად შეკრული გუნდი. არადა, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბრაზილიელი ჟურნალისტები სხვა აზრზე იდგნენ.

პელე იგონებს: მექსიკა 70ის დაწყებამდე ჟურნალ-გაზეთებში წერდნენ, რომ ჩვენ კატასტროფა გველოდა. ერთი სტატია დამამახსოვრდა, სადაც ავტორი ამტკიცებდა, რომ მე, ტოსტაო, რიველინო და ჟერსონი ვერ გავუგებდით ერთმანეთს, რადგან ჩვენ ყველანი ათიანები ვიყავით. კი, ეს სიმართლე იყო – კლუბებში ჩვენ მეათე ნომრით ვთამაშობდით! მაგრამ ასეთი ვარაუდების მიუხედავად, კრიტიკოსებს ყველა მატჩში დავანახეთ, რომ მოედანზე იდეალურად ვუგებდით ერთმანეთს. იმ ბრაზილიას დღეს ბევრი ყველა დროის უდიდეს გუნდად თვლის და ეს, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი, ათიანების დამსახურებაა“.

1/4ფინალში ბრაზილიას პერუ დაუპირისპირდა, რომელსაც ლეგენდარული ვალდირ პერეირა დიდი წვრთნიდა, სელესაოს 1958 და 1962 წლების მსოფლიო ტრიუმფის ერთ-ერთი შემოქმედი.

პერუელები უშანსოდ რომ იყვნენ, ეს დასაწყისშივე გაცხადდა – მე18 წუთისთვის ბრაზილია ორი ბურთით იგებდა: ჯერ რიველინომ გაახარა ქომაგები, მერე ტოსტაომ. საბოლოოდ 4:2 და ნახევარფინალის საგზური, პირველად, 1962 წლის შემდეგ!

იქ კი ზაგალოს ბიჭებს კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი ელოდა – ძველი ნაცნობი ურუგვაი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონებს მარაკანაზოს გამო შური უნდა ეძიათ, თუმცა ნახევარფინალში მდევრის როლში აღმოჩნდნენ: მე19 წუთზე კუბილიამ დაცვის შეცდომით შესანიშნავად ისარგებლა და… 0:1.

ტაიმის დასრულებამდე წუთით ადრე ანგარიში გათანაბრდა: თავდამსხმელთა დასახმარებლად მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა კლოდოალდომ ზუსტად დაარტყა – 1:1, თამაშის მიწურულს კი ურუგვაელთა დაცვამ გაუთავებელ შეტევებს ვეღარ გაუძლო და გატყდა: ჟაირზინიომ ზედიზედ მე5 შეხვედრაში გაიტანა გოლი, უკანასკნელ წამებზე კი რიველინომაც შეაგდო – 3:1.

პელეს არ გაუტანია, მაგრამ ერთ მომენტში გულშემატკივრები ჩვეული სასწაულით აღაფრთოვანა: მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთს გვერდით ჩაუარა, მოტყუებული მეკარე ბურთის ნაცვლად მას გაეკიდა, გაქცეულმა მეფემ კი ნახევარბრუნში დაარტყა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.

მე თუ მკითხავთ, ეს ერთ-ერთი ულამაზესი და გამაოგნებელი ფინტია არა მარტო უდიდესი საფეხბურთო ტურნირის, ზოგადად ამ მშვენიერი თამაშის ისტორიაში.

ისევ პელეს მოგონებებიდან: ურუგვაისთან იმ მომენტს ბევრი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ცრუმოძრაობად ასახელებს. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მართლა ეფექტური გამოდგა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ გოლი ვერ გავიტანე… იცით, ასეთ რამეს წინასწარ ვერ მოიფიქრებ და არც მე დამიგეგმავს ის ფინტი, უბრალოდ, იმ მომენტში, იმ წამს ვიგრძენი, რომ ასე უნდა მეთამაშა… ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდოდა გოლის გატანა! ახლაც გული მწყდება იმ აცილების გამო“.

ნიკეს ოქროს თასი 21 ივნისს, აცტეკაზე, 107 412 მაყურებლის თვალწინ გათამაშდა: ერთმანეთის პირისპირ ბრაზილია და იტალია დადგნენ. ვინც ამ დაპირისპირებას მოიგებდა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ პრიზს, ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკებას მესამედ და სამუდამოდ დაეუფლებოდა.

ევროპის 1968 წლის ჩემპიონატში გამარჯვებულმა სკუადრა აძურამ ყველა დროის საუკეთესო გუნდად აღიარებულ ბრაზილიის ნაკრებს მხოლოდ I ტაიმში გაუძლო: პელეს მიერ მე18 წუთზე გატანილ გოლს (ვავას შემდეგ პელე მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ორ ფინალში გაიტანა) 37ე წუთზე რობერტო ბონინსენიამ უპასუხა – იტალიელმა დაცვის და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, 1:1.

პელე: „ფინალში იტალიას გოლი თავით გავუტანე. შეიძლება არ იცით, მაგრამ თავით ძალიან ბევრი ბურთი გამიტანია, ალბათ, ასზე მეტი! დონდინიო თავით ძალიან კარგად თამაშობდა და მეც მისი თხოვნით ვვარჯიშობდი თავით თამაშში… იმ დროს ბრაზილიელები ფეხით გატანას უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებდნენ, დონდინიო კი თვლიდა, რომ მაღალი დონის ფორვარდმა ბურთი სხეულის ყველა ნაწილით უნდა შეაგდოს“.

შესვენების შემდეგ მარიო ზაგალოს გუნდის შემჩერებელი არავინ იყო – ბრაზილიელებმა ტემპს უმატეს, იტალიელები საკუთარ კარს მიაჯაჭვეს და 66ე წუთიდან უპირატესობის გოლებით ასახვაც დაიწყეს.

ჯერ ჟერსონმა დალაშქრა ალბერტოზის კარი, მალე ჟაირზინიომ მორიგი გოლი გაიტანა, საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე კი კაპიტანი კარლოს ალბერტო ტრადიციულად ჩაერთო შეტევაში და პელეს უზადო პასის შემდეგ უძლიერესად გაისროლა – 4:1!

ფინალი ამ ანგარიშით დასრულდა და ბრაზილიაც მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი!

პელე სამივე ტრიუმფში მონაწილეობდა და დღემდე ერთადერთია, მსოფლიოს 3 ოქროს მედალს რომ ფლობს!

ამავდროულად, მექსიკა 70ზე ფეხბურთის მეფემ 7ჯერ გაატანინა თანაგუნდელებს და ასევე ერთადერთია, რომელმაც ერთ მსოფლიოზე 7 საგოლე გადაცემა შეასრულა!

„მექსიკაში ჩვენ, პირველ რიგში, ხალხისთვის ვთამაშობდით. იმ დროს ბრაზილიას სამხედრო ხელისუფლება მართავდა და ეს, გულახდილად ვიტყვი, არავის მოგვწონდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ვიყავით თავისუფლები. იმ გუნდის ყველა წევრმა ვიცოდით, რომ ჩვენი გამარჯვებით მხოლოდ ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს კი არა, უკლებლივ ყველა ბრაზილიელს გავახარებდით, იმის მიუხედავად მოსწონდათ მათ ფეხბურთი თუ არა. ვეტერანები: მე, ბრიტუ და ჟერსონი თანაგუნდელებს ყველა მატჩის წინ ვუმეორებდით, რომ თასი უნდა მოგვეგო, რომ ბრაზილიისთვის უნდა გაგვემარჯვა. ბედნიერი ვარ, როცა იმ დღეებს ვიხსენებ – სამშობლოში ძალიან ამაყები დავბრუნდით“! – ფეხბურთის მეფის მოგონებებიდან.

მარიო ლობო ზაგალო გახდა პირველი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო (1958, 1962) და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზეც!

ისევ პელე: „ბევრი თვლის, რომ 1970 წელს ზაგალოს გარეშეც მოვიგებდით. სისულელეა! არავინ დაიჯეროს, რომ თუნდაც 11 ვარსკვლავს მწვრთნელი არ სჭირდება. სწორედ ასეთ დროსაა გონიერი სპეციალისტი საჭირო. თუ ძლიერ ფეხბურთელებს ჭკვიანი კაცი არ უხელმძღვანელებს, ისინი ყოველთვის წააგებენ. 1970 წელს ნაკრებში მართლა საუკეთესოები ვთამაშობდით, მაგრამ იმ გამარჯვებაში მარიო ზაგალომ უდიდესი წვლილი შეიტანა. რომ არა მისი გონივრული ნაბიჯები, შესაძლოა, ფინალში ვერც გავსულიყავით“.

მსოფლიოს ჩემპიონთა საუკეთესო ბომბარდირი ჟაირზინიო გახდა პირველი, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ყველა მატჩში გაიტანა გოლი!

ნიკეს ოქროს ქანდაკება კი ბრაზილიელთა კაპიტანმა კარლოს ალბერტო ტორესმა ჩაიბარა. ყველაზე მთავარმა საფეხბურთო ჯილდომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში სამუდამოდ დაიდო ბინა.

ეს „სამუდამოდ“ მხოლოდ 13 წელიწადი აღმოჩნდა: 1983 წლის 19 დეკემბერს, ტყვიაგაუმტარ შუშაში გამოფენილი ნიკეს ოქროს თასი უკვალოდ გაქრა! სამართალდამცავებმა მის კვალს ვერსად მიაგნეს.

1984 წელს ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კილო ბაჯაღლო ოქროსგან თასის ზუსტი ასლი დაამზადა. ბრაზილიური ფეხბურთის მთავარ სახლში დღეს სწორედ ეს თასი ინახება…

ყველა დროის უდიდესი გუნდის საჩემპიონო გზა
3 ივნისი, 1970. ჯგუფური ტურნირი. მექსიკა, გვადალახარა, ხალისკო. 52 897
ბრაზილია 2:0 ჩეხოსლოვაკია
გოლები: 0:1 პეტრაში (12), 1:1 რიველინო (24), 2:1 პელე (60), 3:1 ჟაირზინიო (64), 4:1 ჟაირზინიო (83)
ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო (კაპ), პიაცა (ფონტანა 88), ბრიტუ, ევერალდო, კლოდოალდო, ჟერსონი (პაულო სეზარი 74), ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე, რიველინო
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
გაფრთხილება: ჟერსონი, ტოსტაო
მსაჯი: რამონ ბარეტო (მექსიკა)

7 ივნისი, 1970. ჯგუფური ტურნირი. მექსიკა, გვადალახარა, ხალისკო. 66 834
ბრაზილია 1:0 ინგლისი
გოლი: 1:0 ჟაირზინიო (60)
ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო (კაპ), პიაცა, ბრიტუ, ევერალდო, კლოდოალდო, პაულო სეზარი, ჟაირზინიო, ტოსტაო (რობერტო 68), პელე, რიველინო
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
მსაჯი: აბრაამ კლაინი (ისრაელი)

10 ივნისი, 1970. ჯგუფური ტურნირი. მექსიკა, გვადალახარა, ხალისკო. 50 804
ბრაზილია 3:2 რუმინეთი
გოლები: 1:0 პელე (20), 2:0 ჟაირზინიო (22), 2:1 დუმიტრაკე (33), 3:1 პელე (66), 3:2 დემბროვსკი (83)
ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო (კაპ), პიაცა, ბრიტუ, ევერალდო (მარკო ანტონიო 56), კლოდოალდო (ედუ 74), პაულო სეზარი, ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე, ფონტანა
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
მსაჯი: ფერდინანდ მარშალი (ავსტრია)

14 ივნისი, 1970. 1/4ფინალი. მექსიკა, გვადალახარა, ხალისკო. 54 270
ბრაზილია 4:2 პერუ
გოლები: 1:0 რიველინო (11), 2:0 ტოსტაო (18), 2:1 გალიარდო (28), 3:1 ტოსტაო (52), 3:2 კუბილიასი (69), 4:2 ჟაირზინიო (76)
ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო (კაპ), ბრიტუ, პიაცა, მარკო ანტონიო, კლოდოალდო, ჟერსონი (პაულო სეზარი 67), ჟაირზინიო (რობერტო 80), ტოსტაო, პელე, რიველინო
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
მსაჯი: ვიტალ ლორო (ბელგია)

17 ივნისი, 1970. 1/2ფინალი. მექსიკა, გვადალახარა, ხალისკო. 51 261
ბრაზილია 3:1 ურუგვაი
გოლები: 0:1 კუბილია (19), 1:1 კლოდოალდო (45), 2:1 ჟაირზინიო (76), 3:1 რიველინო (90)
ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო (კაპ), ბრიტუ, პიაცა, ევერალდო, კლოდოალდო, ჟერსონი, ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე, რიველინო
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
გაფრთხილება: კარლოს ალბერტო
მსაჯი: ორტის დე მენდიბილი (ესპანეთი)

21 ივნისი, 1970. ფინალი. მექსიკა, მეხიკო, აცტეკა. 107 412
ბრაზილია 4:1 იტალია
გოლები: 1:0 პელე (18), 1:1 ბონინსენია (37), 2:1 ჟერსონი (66), 3:1 ჟაირზინიო (71), 4:1 კარლოს ალბერტო (87)
ბრაზილია: ფელიქსი, კარლოს ალბერტო (კაპ), ბრიტუ, პიაცა, ევერალდო, კლოდოალდო, ჟერსონი, ჟაირზინიო, ტოსტაო, პელე, რიველინო
მწვრთნელი: მარიო ლობო ზაგალო
მსაჯი: რუდი გლიონკერი (გდრ)

მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონი ბრაზილია
მეკარეები: 1.ფელიქს მიელი ვენერანდუ (24.12.1937; ფლუმინენსე), 12.ედუარდუ რობერტუ სტინგენ ადო (02.07.1946; კორინთიანსი), 22.ემერსონ ლეაო (11.09.1949; პალმეირასი)
მცველები: 2.ერკულეს დე ბრიტუ რუასი (09.08.1939; ფლამენგო), 3.ვილსონ და სილვა პიაცა (25.02.1943; კრუზეირო), 4.კარლოს ალბერტო ტორესი (17.07.1944; სანტოსი), 6.მარკო ანტონიო ფელისიანო (06.02.1951; ფლუმინენსე), 14.ჟოზე გილერმე ბალდოჩი (14.03.1946; პალმეირასი), 15.ჟოზე დე ანშიეტა ფონტანა (31.12.1940; კრუზეირუ), 16.ევერალდო მარკეშ და სილვა (11.09.1944; გრემიო), 17.ჟოელ კამარგო (18.09.1946; სანტოსი), 21.ზე მარია ჟოზე მარია როდრიგეშ ალვეში (18.05.1949; პორტუგეზა)
ნახევარმცველები: 5.კლოდოალდო ტავარეშ დე სანტანა (26.09.1949; სანტოსი), 8.ჟერსონ დე ოლივეირა ნუნიეში (11.01.1941; სან პაულუ), 11.რობერტო რიველინო (01.01.1946; კორინთიანსი), 18.პაულო სეზარ ლიმა (16.06.1949; ბოტაფოგო)
თავდამსხმელები: 7.ჟაირ ვენტურა ფილიუ ჟაირზინიო (25.12.1944; ბოტაფოგო), 9.ედუარდუ გონკალვეშ დე ანდრადე ტოსტაო (25.01.1947; კრუზეირუ), 10.ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ პელე (23.10.1940; სანტოსი), 13.რობერტო ლოპეს დე მირანდა (31.07.1944; ბოტაფოგო), 19.ჟონას ედუარდო ამერიკუ ედუ (06.08.1949; სანტოსი), 20.დარიო ჟოზე დუშ სანტუში (04.03.1946; პორტუგეზა)
მთავარი მწვრთნელი: მარიო ჟორჟე ლობო ზაგალო (09.08.1931)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 ოქტომბერი)
ფოტო: ავტორის არქივი და FIFA.com 

ka_GEGeorgian