გერმანია 2006: ხუთი დღით ადრე

რამდენიმე დღეც და მსოფლიოს XVIII ჩემპიონატი დაიწყება.
გერმანია ფავორიტია, ბრაზილია ტიტულს იცავს, ოქროს თასისთვის რამდენიმე ახალი ნაკრები ითამაშებს…
ვის დარჩება ფიფას თასი? ბერლინამდე დიდი გზაა და სანამ გერმანიის დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიიდან არაერთ საინტერესო ფაქტს შემგთავაზებთ.
დღეს
I ნაწილში თავმოყრილ 20 ამბავს გეტყვით:

 

1: მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახლანდელი ოქროს თასი 1974 წლის ტურნირისთვის დამზადდა. ორიგინალი 36,8 სანტიმეტრია და 6,175 კილოგრამს იწონის. ის მთლიანად ოქროსგანაა დამზადებული.
თასის ძირზე იტვიფრება მისი მფლობელი გუნდის სახელი. გამარჯვებულთა ამოსატვიფრად ადგილი 2038 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლითაა გათვალისწინებული.
ტურნირის მომგები გუნდი თასის ასლს იღებს, რომელიც ორიგინალისგან განსხვავებით, მხოლოდ მოოქროვილია.

2: ამ თასის წინამორბედი იყო ჯილდო, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარები ინიციატორის პატივსაცემად, ჟიულ რიმეს თასს უწოდებდნენ.
ქალღმერთ ნიკეს ოქროს თასი 1930-70 წლებში თამაშდებოდა.
1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს, თუმცა ძაღლმა სახელად პიკლზი, ჯილდო პატრონის სახლის ეზოს ღობესთან, გაზეთში გახვეული იპოვა.

3: მსოფლიოს I ჩემპიონატის ყველა თამაში ერთ ქალაქში, ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გაიმართა… 3 სტადიონზე.
ფინალის მასპინძელი სარბიელის სენტენარიოს აგება თამაშის დროს დასრულებული არ იყო.

4: 1958 და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატების თამაშებს შვედეთის და იტალიის 12 ქალაქის ამდენივე სტადიონმა უმასპინძლა.
1982 წელს, ესპანეთში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე, თამაშები 14 ქალაქის 17 სტადიონზე გაიმართა.
2002 წელს, კორეასა და იაპონიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები 20 ქალაქის (10–10 თითო ქვეყანაში) ამდენივე სტადიონმა მიიღო.

5: ორი სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატების თამაშებს, საერთო ჯამში, მსოფლიოს 15მა ქალაქმა უმასპინძლა: იტალიიდან 7მა, ხოლო საფრანგეთიდან და მექსიკიდან – 4–4მა.
წლევანდელი ტურნირის დროს ამ სიას შეემატება ბერლინი, დორტმუნდი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, ჰანოვერი, მიუნხენი და შტუტგარტი. ამ ქალაქებში თამაშები 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც გაიმართა.

6: კორეის და იაპონიის ჩათვლით, რომლებმაც ერთად უმასპინძლეს უდიდეს საფეხბურთო ტურნირს, მსოფლიო ჩემპიონატი 15 ქვეყანაში გაიმართა.
იტალიის (1934, 1990), მექსიკის (1970, 1986) და საფრანგეთის (1938, 1998) შემდეგ, გერმანია მე4 ქვეყანა გახდება, რომელიც მეორედ უმასპინძლებს შეჯიბრებას.

7: მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება ფიფამ ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთის დიდი პოპულარობის შემდეგ გადაწყვიტა.
1930 წლამდე გამართულ 2 ოლიმპიადაზე, 1924 და 1928 წელს, ურუგვაის ნაკრებმა იმარჯვა. სწორედ ამიტომ ამშვენებს ამ ქვეყნის ნაკრების მაისურს ოთხი ვარსკვლავი – 2 ოლიმპიურ ოქროს აღნიშნავს, 2 – მსოფლიო ჩემპიონობას (1930, 1950).

8: მსოფლიოს I ჩემპიონატში 18 გუნდი მონაწილეობდა, რომელთა თამაშებს 434 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მაშინ შესარჩევი ტურნირი არ გამართულა.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა გამოსავლენად 200მდე გუნდმა 847 საკვალიფიკაციო თამაში გამართა, გერმანიაში კი 64 ფინალური შეხვედრაზე დაახლოებით 3 მილიონ გულშემატკივარს ელიან.

9: 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების თამაშები ტელევიზიის საშუალებით 30 მილიარდზე მეტმა მაყურებელმა ნახა! ეს დედამიწის მოსახლეობაზე თითქმის 5ჯერ მეტია.

10: 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ყველა ტურნირზე შედგა ფინალური მატჩი. იმ წელს, ბრაზილიაში, საუკეთესო 4 გუნდი (ურუგვაი, ბრაზილია, შვედეთი, ესპანეთი) ჯგუფურ ტურნირში იბრძოდა ჩემპიონობისთვის.

11: გათამაშების დღევანდელი ფორმატი 1986 წლიდან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა მას შემდეგ 32მდე გაიზარდა, ფორმატი არ შეცვლილა.

12: შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ალფრედ (ფრედი) ბიკელი ერთადერთია, რომელმაც II მსოფლიო ომამდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა და მის შემდეგაც. უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე მან 1938 და 1950 წლებში იასპარეზა. მის ორ შეხვედრას 12 წელიწადი და 13 დღე აშორებს.

13: აქამდე გამართული ყველა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა ახერხებდა ჯგუფური ტურნირიდან შემდეგ ეტაპზე გასვლას.

14: 1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ურუგვაიმ და არგენტინამ 2 სხვადასხვა ბურთით ითამაშეს.
ბელგიელმა მსაჯმა ჟან ლანჟენუსმა ფინალის პირველ ტაიმში არგენტინელთა ბურთით ათამაშა გუნდები, მეორეში კი ურუგვაელთა ბურთით, რომელიც არგენტინელებისაზე მძიმე იყო. ფინალი ურუგვაელებმა 4:2 მოიგეს.

15: მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ბურთები 1970 წლიდან მზადდება ადიდასის მიერ. პირველ ბურთს ტელსტარი იმიტომ ეწოდა, რომ სწორედ იმ ჩემპიონატიდან დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის  მატჩების ტელეტრანსლაცია.

16: მწვანე–თეთრ ზოლიანი მაისურით მსოფლიო ჩემპიონატზე ერთადერთმა გუნდმა ერთადერთხელ ითამაშა და ისიც იძულებით: 1978 წელს საფრანგეთის ნაკრები არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატაში მაისურის შეუცვლელად ჩავიდა უნგრეთთან სათამაშოდ. ვინაიდან უნგრელებსაც მხოლოდ თეთრი ფერის სპორტული სამოსი აღმოაჩნდათ, ფრანგებმა მწვანე ზოლიანი მაისურები ადგილობრივი ატლეტიკო კიმბერლისგან ინათხოვრეს. ამ კლუბის ბაზა სტადიონიდან 2 კილომეტრში მდებარეობდა. თამაშის შემდეგ ფრანგებმა ატლეტიკო კიმბერლის მაისურები დაუბრუნეს.

17: აქამდე გამართული 17 მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, უპირატესობა სამხრეთ ამერიკის მხარესაა – ამ კონტინენტის წარმომადგენლებმა უდიდესი საფეხბურთო ტურნირი 9ჯერ მოიგეს, მაშინ, როცა ევროპელებმა 8ჯერ გაიმარჯვეს.

18: შანსი იმისა, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის ქვეყანამ მოიგოს, დიდია – ბებერ კონტინენტზე აქამდე გამართული 9 ტურნირიდან 8 ევროპელებმა მოიგეს, მათ შორის 5 მასპინძლებმა.
ერთადერთხელ, 1958 წელს მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ევროპაში სხვა კონტინენტის წარმომადგენელმა მოიპოვა – ბრაზილიამ.
ევროპული ქვეყნის გუნდებს უძლიერესის სახელი სხვა კონტინენტზე არ მოუგიათ. იგივე ბრაზილიამ 5 ტიტულიდან 2 სხვა კონტინენტზე მოიპოვა – 1958 წლის გარდა, 2002 წელს აზიაში იმარჯვა.

19: ფინალში ყველაზე მეტჯერ გერმანიამ ითამაშა – 7ჯერ, რომელთაგან მხოლოდ 3 მოიგო. ბრაზილიამ 6 გადამწყვეტი მატჩიდან 5 მოიგო. 1950 წლის ფინალური ოთხეულის უკანასკნელი მატჩი, რომელშიც ბრაზილიელები ურუგვაისთან დამარცხდნენ, სათვალავში არ მიიღება.

20: 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთადერთია, როცა მასპინძლებმა შესარჩევ ტურნირში ითამაშეს – იტალიელებმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად საბერძნეთი დაამარცხეს.

 

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 4 ივნისი)

ka_GEGeorgian