გერმანია 2006: ერთი დღით ადრე

ერთი დღეც და მსოფლიოს XVIII ჩემპიონატი დაიწყება.
გერმანია ფავორიტია, ბრაზილია ტიტულს იცავს, ოქროს თასისთვის რამდენიმე ახალი ნაკრები ითამაშებს…
ვის დარჩება ფიფას თასი? ბერლინამდე დიდი გზაა და სანამ გერმანიის დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიიდან არაერთ საინტერესო ფაქტს შემგთავაზებთ.
დღეს უკანასკნელ,
V ნაწილში თავმოყრილ 12 ამბავს გეტყვით:

1: მსოფლიო ჩემპიონატში ყველა შეხვედრის მოგება და ტიტულის მოპოვება მხოლოდ 2 გუნდმა მოახერხა: ბრაზილიამ – 1970 (6) და 2002 წლებში (7) და იტალიამ – 1934 წელს (3) და 1938 წელს (4).

2: მსოფლიო ჩემპიონატების ერთ შეხვედრაზე 100 ათასი და მეტი მაყურებელი 17ჯერ დაფიქსირდა და ყველა შემთხვევაში მხოლოდ 2 ქალაქში, რიო დე ჟანეიროსა (ბრაზილია) და მეხიკოში (მექსიკა).

3: ფიფას ოფიციალური მონაცემით ყველაზე მეტი მაყურებელი – 174 ათასი – 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრას დაესწრო რიო დე ჟანეიროში. ურუგვაელებმა მარაკანაზე 2:1 მოუგეს ბრაზილიას და მეორედ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

4: 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 52 თამაშს საშუალოდ 68 ათასი გულშემატკივარი ესწრებოდა. უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია, არადა ტურნირს ამერიკამ უმასპინძლა, სადაც ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველი სახეობა სულაც არაა.

5: ფრანგი მსაჯი ჟოელ კინი 1986, 1990 და 1994 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე 8 შეხვედრას მოემსახურა – ეს რეკორდია. 1994 წელს ის 4 შეხვედრას სჯიდა, რაც ასევე რეკორდია – ერთ ტურნირზე ამდენი თამაში მის გარდა კიდევ 5 არბიტრს ჩაუტარებია.

6: მექსიკელი მსაჯი არტურ ბრისიო კარტერი მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენია – 1994 და 1998 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე 6 ფეხბურთელს უჩვენა წითელი ბარათი!

7: რუსი გორლუკოვიჩი და იტალიელი მარინი რეკორდის თანამფლობელები არიან: პირველი 1994 წელს, ხოლო მეორე 1982 წელს თამაშის პირველსავე წუთზე გააფრთხილეს.

8: ურუგვაელი ხოსე ბატისტა ერთადერთი, რომელიც პირველსავე წუთზე გააძევეს – 1986 წელს, შოტლანდიასთან მატჩში, მას თამაშის დაწყებისთანავე უჩვენეს წითელი ბარათი.

9: 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე წითელი და ყვითელი ბარათები არ არსებობდა, თუმცა მსაჯები წესების დარღვევას თამაშის ოქმში აფიქსირებდნენ.
მიუხედავად ბარათების არარსებობისა, პირველი ფეხბურთელი, რომელიც მინდვრიდან გააძევეს, პერუელი პლასიდო გალინდო გახლდათ – 1930 წელს, რუმინელებთან მატჩის დროს მსაჯმა თამაშის გაგრძელების უფლება აღარ მისცა.

10: მსოფლიო ჩემპიონატებზე ფეხბურთელებს 97ჯერ დაატოვებინეს მოედანი თამაშის დასრულებამდე. 5გზის ჩემპიონი ბრაზილია 9 გაძევებულ ფეხბურთელს ითვლის.

11: 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიისა და კამერუნის ჯგუფური ტურნირის მატჩისას, მსაჯმა 12 ფეხბურთელი გააფრთხილა, ხოლო ორს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ასეთი უხეში შეხვედრა უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიას არ ახსოვს.

12: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 5ჯერ გააძევეს ფეხბურთელი, მას შემდეგ რაც გოლი გაიტანა. ასეთი რამ ბოლოს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4ფინალში, ბრაზილია-ინგლისის მატჩისას დაფიქსირდა – ბრაზილიელი რონალდინიო გოლის გატანიდან 7 წუთში გააძევეს. ბრაზილიამ ის თამაში სწორედ მისი გოლით მოიგო.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 8 ივნისი)

ka_GEGeorgian