Uefa.com: ქართველები და კლაუსი
თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ უეფას ინტერნეტ–გვერდზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაც კლაუს ტოპმიოლერზე ჩანახატი გამოქვეყნდა, რომლის თარგმანს დღეს გთავაზობთ.
თურქეთის ნაკრებთან მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ კლაუს ტოპმიოლერი ქართველ გულშემატკივართა შორის კიდევ უფრო პოპულარული გახდა.
საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ აკლდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი და ლევან კობიაშვილი არიან, თურქეთი დაამარცხა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ერთადერთი გოლი დავით სირაძემ გაიტანა.
სხვათა შორის, ეს იყო გამოცდილი თურქი მცველის თუგაი ქერიმოღლუს უკანასკნელი მატჩი ნაკრების შემადგენლობაში…
ტოპმიოლერისთვის ეს მატჩი სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი. მან დაამტკიცა, რომ მართალი იყო, როცა ამ გუნდის მომავლისა სჯეროდა: „როცა მწვრთნელად დავინიშნე, ვთქვი, რომ ეს დიდი პოტენციალის მქონე ნაკრები იყო, თუმცა ამის დასამტკიცებლად დრო იყო საჭირო. თავადაც ხედავთ, მართალი ვიყავი – ნელ–ნელა დათესილს ვიმკით“.
საქართველოს ნაკრებმა თურქეთს მე4 ცდაზე სძლია: 2002 წელს მეზობელი ქვეყნების ამხანაგური მატჩი ტრაბზონში თურქების 3:0 გამარჯვებით დასრულდა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ტრაბზონული თამაში ფრედ 1:1 დამტავრდა, თბილისში კი საქართველო 2:5 დამარცხდა. მაშინ ქართველთა გუნდს ფრანგი ალან ჟირესი წვრთნიდა.
საქართველომ, როგორც იქნა დაამარცხა თურქეთი. მატჩის შედეგმა სტუმართა თავკაცი ფათიჰ თერიმი გააოცა: „ვულოცავ კლაუს ტოპმიოლერს, მან მცირე დროში საკმაოდ საინტერესო და მებრძოლი გუნდი ჩამოაყალიბა“!
„მიხარია, რომ თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების გოლი გავიტანე“, – ამბობს ერცგებირგეს აუეს თავდამსხმელი – „ნაკრებში პირველად ურუგვაისთან მატჩისას მიხმეს, რომელიც მოვიგეთ... კლაუს ტოპმიოლერი შესანიშნავი მწვრთნელია“!
თურქეთთან მატჩმა ჩაიარა. ტოპმიოლერის მთავარი საფიქრალი ახლა 24 მარტს შოტლანდიაში გასამართი ევრო 2008ის შესარჩევი შეხვედრაა.
„თურქეთთან მოგება და ჩვენი თამაშის ხარისხი იმის თქმის საშუალება მაძლევს, რომ გლაზგოში მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად წავალთ. სამწუხაროდ, უკვე მივეჩვიეთ ლიდერების გარეშე თამაშს, თუმცა ვიმედოვნებ, შოტლანდიელებთან მატჩისთვის ისინიც დაგვიბრუნდებიან, რომლებიც ახლა გვაკლდნენ და მეტოქეს საუკეთესო შემადგენლობით დავუპირისპირდებით“.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 9 თებერვალი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია