თილისმები: ვილიდან გოლეომდე

მსოფლიო ჩემპიონატებს 1966 წლიდან ამშვენებენ თილისმები. ინგლისში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ჩაეყარა საფუძველი ამ ორიგინალურ იდეას, რომელიდ დღესაც გრძელდება და მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნისთვის შემოსავლის საკმაოდ სოლიდურ წყაროსაც წარმოადგენს.
ინგლისი 1966ის შემდეგ 10 ტურნირი გაიმართა და ყველა შეჯიბრს ამშვენებდა თილისმა: ზოგი პატარა ბიჭი იყო, ზოგიერთი ცხოველი, გვხვდებოდნენ უსულო საგნებიც და მცენარეებიც. მაგალითად წინა ტურნირზე, კორეაიაპონიაში, მასპინძლებმა გულშემატკივრები გააოცეს და თილისმად უცხოპლანეტელებ შემოგვთავაზეს, თან სამი!
გერმანია 2006ის თილისმა გოლეო 6მა გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა სანამ ამაზე ვიტყოდეთ, მისი წინამორბედების ისტორია გავიხსენოთ.

1966: ვილი
მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველი თილისმა 1966 წელს, ინგლისში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე გამოჩნდა – მასპინძლებს ბევრი არ უფიქრიათ და ეს საპატიო მისია ლომს, ინგლისის ნაკრებისა და ზოგადად, ინგლისის სიმბოლოს დააკისრეს. ლომის ბოკვერს ვილი უწოდეს.

ვილის ბრიტანეთის დროშის ფერებში გადაწყვეტილი მაისური ამშვენებდა და უნდა ითქვას, რომ ქომაგებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

1966 წელს ინგლისელებმა პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, და ბევრის აზრით ეს სწორედ ვილის დამსახურება იყო.

1970: ხუანიტო
ტურნირს მექსიკამ უმასპინძლა და ორგანიზატორებმაც ტრადიციის გაგრძელება გადაწყვიტეს – ჩემპიონატისთვის თილისმად ბიჭუნა ხუანიტო შეარჩიეს.

სახელზე ბევრი არ უფიქრიათ – მექსიკაში ლამის ყოველ მესამე მამაკაცს ხუანი ჰქვია.

თილისმა მექსიკის ნაკრების ფორმაში იყო გამოწყობილი, თავზე კი ტრადიციული სომბრერო ეხურა.

1974: ტიპი და ტოპი
მექსიკის შემდეგ დასავლეთ გერმანიის ჯერი დადგა – მსოფლიო ჩემპიონატს გფრმ უმასპინძლა. თილისმა ამ შემთხვევაშიც ბიჭუნა იყო, თან ორი – ძმები ტიპი და ტოპი.

ძმები გელზენკირხენელი მხატვრის ოტო რაუხის ქმნილებაა – მან მოიგო კონკურსი, რომელშიც 10 ათასზე მეტი მსურველი მონაწილეობდა.

გულშემატკივრებში თილისმა დიდი პოპულარობით სარგებლობდა – ტიპი და ტოპი ზედმიწევნით ზუსტად ჰგავდნენ გერმანელ ბიჭუნებს.

1978: გაუჩიტო
არგენტინაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა თილისმა ეროვნულ მოტივებზე დაყრდნობით შეარჩიეს – პატარა სოფლელი ბიჭი გაუჩიტო, რომელსაც ჟურნალისტები 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმის, ხუანიტოს ბიძაშვილად მოიხსენიებდნენ.

გაუჩიტოს არგენტინის ნაკრების ფორმა ემოსა, ხუანიტოსგან განსხვავებით კი, სომბრეროს ნაცვლად არგენტინელი გლეხებისთვის დამახასიათებელ ქუდს ატარებდა ყელთან შესაკრავით.

სახელი გაუჩიტო არგენტინული ლეგენდიდან მოდის – როგორც ინგლისში რობინ ჰუდი, არგენტინაშიც ყოფილა ვინმე გაუჩო, რომელიც ჩაგრულებს ეხმარებოდა. თილისმის სახელიც სწორედ აქედან შეარჩიეს.

გაუჩიტოს წყალობით არგენტინელებმა პირველად მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი, თილისმამ კი ორგანიზატორთა მოლოდინი გაამართლა.

1982: ნარანხიტო
ესპანეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ორიგინალური იდეა შემოგვთავაზეს – თილისმად პირველად მოგვევლინა უსულო საგანი, ფორთოხალი ნარანხიტო.

ზოგადი მოსაზრებით, ესპანური თილისმა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია „კოლეგებს“ შორის. გულშემატკივრებში ნარანხიტო ახლაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რატომ ფორთოხალი? იმიტომ, რომ ვალენსიური და მურსიული ფორთოხლები საქვეყნოდაა განთქმული, ტკბილია და მათგან საუკეთესო წვენები მზადდება.

1986: პიკე
მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატების თილისმებით დამშვენება დაიწყეს, მექსიკამ მეორედ უმასპინძლა ტურნირს. იმ დროისთვის 1970 წლის არჩევანი – ბიჭუნა ხუანიტო „გაიზარდა“ და ამიტომაც, ორგანიზატორებმა ახალი თილისმის შერჩევა დაიწყეს.

არჩევანი წიწაკაზე შეჩერდა, მექსიკური კერძების აუცილებელ ატრიბუტზე. მექსიკური წიწაკა და წიწაკით მომზადებული კერძები საქვეყნოდაა ცნობილი, სახელი კი ესპანური პიკანტედან შეარჩიეს, რომელიც სხვადასხვა ცხარე საწებლებს აღნიშნავს.

თილისმა ბრაზილიელი მხატვრის ჟაიმე პერედუს ნახელავია.

ტურნირის მსვლელობისას პიკე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, საორგანიზაციო კომიტეტმა კი განაცხადა, რომ თილისმამ დაახლოებით 5 მილიონ დოლარამდე შემოსავალი მოიტანა.

1990: ჩაო
იტალიაში გამართული უდიდესი საფეხბურთო ტურნირის თილისმად რობოტი მოგვევლინა, რომელიც იტალიის დროშის ფერებში იყო შეღებილი: მწვანედ, თეთრად და წითლად.

სახელი ჩაო იტალიაში ალბათ, ყველაზე პოპულარული სიტყაა – აპენინის ნახევარკუნძულზე ჩაოთი ხვდებიან და ემშვიდობებიან ერთმანეთს.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ჩაო ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური თილისმაა. ოფიციალური მონაცემით, ჩაოს გამოსახულებიანი სუვენირებით საორგანიზაციო კომიტეტს 10 მილიონ დოლარამდე მოგება დარჩა.

1994: სტრაიკერი
თუ ვინმეს ესმის თილისმების მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა ამერიკელებს – ამ ქვეყანაში ყველა სპორტულ კლუბს თავისი თილისმა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატის თილისმად ძაღლის ლეკვი შეირჩა, რომელიც კომპანია უოლტ დისნეის მულტიპლიკატორების ნახელავია.

რაც შეეხება სახელს, სტრაიკერი ინგლისურ ენაზე თავდამსხმელს, შემტევს ნიშნავს და ზედგამოჭრილი იყო თილისმისთვის.

სტრაიკერმა აშშ 1994ის საორგანიზაციო კომიტეტს 11 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა!

1998: ფუტიქსი
როცა გაცხადდა, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში გაიმართებოდა, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ თილისმა მამალი იქნებოდა – სწორედ ეს ფრინველი ითვლება საფრანგეთის სიმბოლოდ.

მამლაყინწას სახელად ფუტიქსი ეწოდა, მისი ავტორი კი ბორდოელი მხატვარი ფრანკ ლეტორია. სხვათა შორის, ლეტორის მავანმა კოლეგამ სასამართლოში უჩივლა – პლაგიატობა დასწამა, თუმცა ვერაფერს გახდა.

ის მსოფლიო ჩემპიონატი ფრანგების ტრიუმფით დასრულდა, ორგანიზატორები კი ხელებს იფშვნეტდნენ – თილისმამ 27 მილიონი დოლარის მოიტანა, ასეთი რამ კი არც მანამდე დაფიქსირებულა და არც მას შემდეგ.

2002: ამო, ნიკი და კაზი
მსოფლიო ჩემპიონატების ორგანიზატორებმა კარგად ვერ გათვალეს, რამაც გამოიწვია კიდეც თილისმის კრახი – ბავშვები, რომელთათვისაცაა პირველ რიგში განკუთვნილი თილისმები, მათში მიმზიდველს ვერაფერს ხედავდნენ, რაც აისახა კიდეც შემოსავალზე.

ამას გარდა, ერთ-ერთ თილისმას თავიდან ატმო ერქვა, ამ სახელწოდებით კი ინტერნეტში პორნოგვერდი აღმოჩნდა დარეგისტრირებული და ქომაგებიც, რომელთაც თილისმის ინტერნეტით შეძენა სურდათ, სწორედ პორნოგვერდზე ხვდებოდნენ. ამის შემდეგ სახელი ატმო ამოთი შეიცვალა.

მიუხედავად დიდი რეკლამისა, თილისმით დამშვენებული საქონლის დიდი ნაწილი გაუსაღებელი დარჩა, ფირმამ კი, რომელიც თილისმას აწარმოებდა, კრახი განიცადა და გაკოტრდა.

2006: გოლეო 6
ტურნირის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს წინა მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაშვებული შეცდომა და ველოსიპედის გამოგონებას ისევ ცხოველის შერჩევა არჩიეს.

ლომი და ბურთი ამერიკული კორპორაციის ნახელავია, სახელი გოლეო კი ორი სიტყვისგან – გოლისგან და ლეოსგან (ლომი) შედგება.

თილისმის რეკლამირება თვით ფრანც ბეკენბაუერმა და პელემ დაიწყეს, თუმცა ქომაგები მაინც გაღიზიანდნენ: ჯერ ერთი, ლომი გერმანიის ყველაზე ძლიერი მეტოქის – ინგლისის სიმბოლოა და გაურკვეველია აღმოჩნდა, თუ რატომ შეარჩიეს თილისმად; მეორეც – ლომი ერთხელ უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა და ისიც ინგლისში, როცა გფრის ნაკრები ფინალში დამარცხდა.

და რაც ყველაზე საინტერესოა, გოლეოს უსირცხვილო უწოდეს – აქაოდა ტრუსი რატომ არ აცვიაო…

მიუხედავად ყველაფრისა, გოლეო 6 კვლავაც მსოფლიო ჩემპიონატის თილისმად დარჩა, ქომაგებმა კი თავის ნახელავი – არწივი პაულე მოიგონეს. არწივი, მოგეხსენებათ, გერმანიის სიმბოლოა.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 9 ივნისი)

ka_GEGeorgian