გერმანია 2006: ზიდანი საუკეთესოა

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ზინედინ ზიდანი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა!
გენიალურმა ფრანგმა მსოფლიოს ჩემპიონებს, სკუადრა აძურას კაპიტან ფაბიო კანავაროს და ანდრეა პირლოს აჯობა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე აკრედიტებული ჟურნალისტები ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს 1978 წლიდან ავლენენ, I, II და III ადგილზე გასულებს კი, შესაბამისად, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ბურთით აჯილდოვებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალის დამატებით დროში ზინედინ ზიდანმა თავი ვერ შეიკავა და მარკო მატერაცის უხეშად ეთამაშა, საუკეთესოდ მაინც ის დასახელდა.

დიდებულმა ნახევარმცველმა გერმანია 2006 მძიმედ დაიწყო, თუმცა ნელ–ნელა მოუმატა და 1/4ფინალს, 1/2ფინალს და ფინალს საუკეთესო ფორმაში შეხვდა.

საინტერესოა, რომ სამივე შეხვედრაში მან გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში, 7 ფეხბურთელთან ერთად 3 გოლით მე2 ადგილზე გავიდა.

ის, რომ საფრანგეთის ნაკრები ფინალში გავიდა, ზინედინ ზიდანის ჩინებული თამაშის დამსახურებაცაა. მიუხედავად იმისა, რომ საწყის მატჩებში ის სასურველ თამაშს ვერ აჩვენებდა, ფლეი ოფში ძალიან მოუმატა. საუკეთესო მოთამაშის ტიტულს, ფინალში უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, ზიდანი ნამდვილად იმსახურებდა,“ – განაცხადა უეფას ტექნიკური კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ენდი როქსბურგმა.

ზინედინ ზიდანი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია – 2001 წელს მადრიდის რეალმა ტურინის იუვენტუსს 70 მილიონი დოლარი გადაუხადა, მაშინ როცა იტალიელებმა ფრანგის სანაცვლოდ 1996 წელს 3 მილიონი დოლარი გაიღეს.

ფრანგმა სუპერვარსკვლავმა კარიერის საუკეთესო წლები სწორედ იუვენტუსსა და რეალში გაატარა – იტალიაში 1996–2001 წლებში თამაშობდა, ესპანეთში კი 2001 წლიდან.

საფრანგეთის ნაკრების ღირსება ზიდანმა პირველად 1994 წლის 17 აგვისტოს დაიცვა ბორდოში ჩეხეთთან შეხვედრაში – შეცვლაზე შევიდა, როცა მისი ნაკრები 0:2 აგებდა. ზიდანმა 2 გოლი გაიტანა და გუნდი წაგებას გადაარჩინა.

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მისი სანაკრებო სტატისტიკა ასეთია: 31 გოლი 108 შეხვედრაში.

1998 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის გარდა, ზიზუ 2000 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა.

იტალიასთან ფინალურ შეხვედრაში გატანილი გოლით ზიდანი მხოლოდ მე4 ფეხბურთელი გახდა ბრაზილიელი ვავას და პელეს, ასევე გერმანელი პაულ ბრაიტნერის შემდეგ, რომელმაც მსოფლიოს 2 ჩემპიონატის ფინალში მოახერხა თავის გამოჩენა: 1998 წლის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში მან ბრაზილიელთა კარი 2ჯერ დალაშქრა.

და კიდევ: ბრაზილიელი ვავას და ინგლისელი ჯეფრი ჰერსტის შემდეგ, ზიდანი მესამეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების გადამწყვეტ მატჩებში 3 გოლი გაიტანა.

რაც შეეხებათ მე2-მე3 ადგილზე გასულ კანავაროსა და პირლოს: პირველი მსოფლიო ჩემპიონატის უდავოდ საუკეთესო მცველი გახლდათ, პირლომ კი ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ ანდრეა ერთადერთია, რომელიც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 3ჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ. ბუდვაიზერის ჯილდო მას ფინალის გარდა ნახევარფინალში, გერმანიასთან 2:0 მოგებულ მატჩში, მანამდე კი ჯგუფში, განასთან თამაშის შემდეგ (2:0) გადაეცა.

მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და სამეულები:
2006: 1.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), 2.ფაბიო კანავარო (იტალია), 3.ანდრეა პირლო (იტალია)
2002: 1.ოლივერ კანი (გერმანია), 2.რონალდო (ბრაზილია), 3.მიუნ ბო ჰონი (კორეა)
1998: 1.რონალდო (ბრაზილია), 2.დავორ შუკერი (ხორვატია), 3.ლილიან ტურამი (საფრანგეთი)
1994: 1.რომარიო (ბრაზილია), 2.რობერტო ბაჯო (იტალია), 3.ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი)
1990: 1.სალვატორე სკილაჩი (იტალია), 2.ლოთარ მათეუსი (გფრ), 3.დიეგო მარადონა (არგენტინა)
1986: 1.დიეგო მარადონა (არგენტინა), 2.ტონი შუმახერი (გფრ), 3.პრებენ ელკიაერ–ლარსენი (დანია)
1982: 1.პაოლო როსი (იტალია), 2.ფალკაო (ბრაზილია), 3.კარლ–ჰაინც რუმენიგე (გფრ)
1978: 1.მარიო კემპესი (არგენტინა), 2.პაოლო როსი (იტალია), 3.დირსეუ (ბრაზილია)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 10 ივლისი)

ka_GEGeorgian