მიდით, ეს ხალხი გაახარეთ
სწორედ ეს ფრაზა აერთიანებს მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულ მწვრთნელებს, სერ მეტ ბასბის და სერ ალექს ფერგიუსონს.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური ჟურნალის CHAMPIONSის რეპორტიორი პოლ სიმპსონი გამოცემის ბოლო ნომერში ამ ლეგენდარული ადამიანების შესახებ გვიყვება.
როცა გულღია საუბარი მოგინდება, მოდი და მნახე.
ეს სიტყვები უთხრა სერ მეტ ბასბიმ ალექს ფერგიუსონს, როცა ის 1986 წლის ნოემბერში მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ბასბის ერთგვარი სტილი. ის კლუბის ყველა ახალ მწვრთნელს სთავაზობდა თანადგომას, ყველას, ვინც მის შემდეგ მივიდა ოლდ ტრაფორდზე.
მოგვიანებით ყველამ დაინახა, რომ ფერგიუსონი გამოდგა ერთადერთი, ვინც ბასბის ის სიტყვები გულწრფელ დახმარებად აღიქვა და არა საფრთხედ.
დევიდ მეეკი, რომელიც წლების მანძილზე აშუქებდა მანჩესტერ იუნაიტედის თამაშებს გაზეთ მანჩესტერ ივნინგ ნიუსში, ამბობს: „ბასბი ლეგენდა იყო და ეს ფაქტი მისი გზის ბევრ გამგრძელებელზე დამთრგუნველად მოქმედებდა. ფერგიუსონი პირველი მიხვდა, რომ ამ დიდებული მწვრთნელის სიდიადეზე კი არა, საკუთარ ხელწერაზე უნდა ეფიქრა, მხოლოდ ასე შეძლებდა სასურველი შედეგის ჩვენებას“.
კლუბში მოღვაწეობის პირველ დღეებში სერ ალექსი იმდენად მოხიბლული იყო ბასბით, რომ გუნდში მისი მოღვაწეობის შესახებ ყველაფერს კითხულობდა. მაგალითად, ფერგიუსონს ძალიან მარტივად შეეძლო ოპონენტისთვის აეხსნა, რომ 60იან წლებში ირლანდიელი ნახევარმცველის მორის სეტერსის შეძენით მწვრთნელმა გუნდს ძალიან დიდი ძალა შემატა, ან უშეცდომოდ ჩამოეთვალა ის მანჩესტერელი მოთამაშეები, რომლებმაც 1968 წელს უემბლიზე ბენფიკასთან მოგებულ ფინალში ითამაშეს (ასეთი 9 იყო).
ერთ მშვენიერ დღეს ფერგიუსონმა კლუბის ისტორიის შესწავლა შეწყვიტა: „მივხვდი: იმის ნაცვლად, რომ მომავალზე მეფიქრა, ძალიან დიდ დროს ვუთმობდი წარსულის გაცნობას, ეს კი წარმატებას ნამდვილად ვერ მომიტანდა“.
სერ ალექსი: „ბასბის ერთი გენიალური თვისებაც ჰქონდა – მას შეეძლო ორიოდ სიტყვით ყველაფერი ეთქვა და საერთოდ, ჩინებული ადამიანი იყო. მაგალითად, მიუნხენის ავიაკატასტროფის შემდეგ რომ წასულიყო კლუბიდან, არავინ დაადანაშაულებდა – ის ხომ ამ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა, თან, თითქმის მთელი გუნდი დაკარგა… მაგრამ ბასბი ხვდებოდა, რომ მხოლოდ მწვრთნელი არ იყო. მან ახალგაზრდა მოთამაშეებისადმი მამობრივი მზრუნველობა გამოიჩინა, დარჩა და კლუბი ძალიან დიდი წარმატებამდე მიიყვანა“.
1967 წლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ინგლისის ჩემპიონის ტიტული პირველად 1993 წელს მოიგო. სერ ალექს ფერგიუსონი ამ გუნდს სერ მეტ ბასბის ფილოსოფიით ქმნიდა: „თუ შეგიძლია ძლიერი მოთამაშეების აღზრდა, გაზარდე ისინი, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვს, მაშინ საუკეთესოები შეიძინე“. ბასბის გზა სწორედ ასეთი იყო. დიდი მწვრთნელი კიდევ ერთ გამოთქმას იშველიებდა: „სახედრებს თავის დანიშნულება აქვთ, მაგრამ ისინი ვერაფრით აჯობებენ წმინდა სისხლის რაშებს“.
მანჩესტერ იუნაიტედის ამჟამინდელი მწვრთნელი სატრანსფერო პოლიტიკას სწორედ ამ ორი რჩევის გათვალისწინებით წარმართავს. მან კარგად იცის, რომ კარგი ფეხბურთელები მხოლოდ გააძლიერებენ ერთმანეთს. ცხადია, არიან გამონაკლისებიც, იგივე ხუან სებასტიან ვერონი, რომელიც ვერაფრით მოერგო ოლდ ტრაფორდს, მაგრამ ეს ერთი „უზუსტობა“ რა მოსატანია ისეთ გარიგებებთან, რომელთა შედეგად კლუბის ალისფერი მაისური ერიკ კანტონამ, როი კინმა, კრიშტიანუ რონალდუმ, უეინ რუნიმ და კარლოს ტევესმა მოირგეს…
ერთი რამ აშკარაა: როგორც ბასბიმ გამოზარდა თავისი ჩვილები, ისე ფერგიუსონმა შეძლო „საკუთარი“ გუნდის შექმნა. და რაც ყველაზე საოცარია, ორივე მათგანმა ეს რამდენჯერმე მოახერხა – ბასბის და ფერგიუსონს რამდენიმე, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მანჩესტერ იუნაიტედი ჰყავდათ.
ის, რომ კლუბს ნიჭიერი ფეხბურთელები არ გამორჩენია, კარგი სელექციის შედეგია. მეტ ბასბის მთელ ბრიტანეთში 20 სკაუტი ჰყავდა, მანჩესტერში კი მხოლოდ 4.
ფერგიუსონმა ეს სისტემა შეცვალა და სელექციონერების დახმარებით ნიჭიერ ბიჭებს მეტწილად ქალაქშივე ეძებდა. მან ნათლად აუხსნა სკაუტებს, რომ მანჩესტერელი ბიჭებიდან არავინ უნდა გამორჩენოდათ.
სერ ალექსის რეფორმის პირველი შედეგი 14 წლის ბიჭუნა იყო, სახელად რაიან გიგზი, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედმა 1987 წელს გაუფორმა ხელშეკრულება.
1999 წელს, როცა კლუბმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ძირითად შემადგენლობაში ოლდტრაფორდელთა აღზრდილმა 4მა ფეხბურთელმა ითამაშა: დევიდ ბექემმა, ნიკი ბატმა, გარი ნევილმა და… გიგზმა.
მეეკის აზრით, ბასბის და ფერგიუსონის საუკეთესო გუნდებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო: „ორივე მწვრთნელს ჰყავდა ძლიერი ნახევარმცველები, რომლებიც მხოლოდ ფლანგზე გარღვევებით არ შემოიფარგლებოდნენ. მაგალითად, 1948 წელს, როცა მანჩესტერ იუნაიტედმა ასოციაციის თასი მოიგო, ასეთი გახლდათ ჩარლი მიტენი, მერე იყო ჯორჯ ბესტი, ფერგის ხელში კი დევიდ ბექემი და კრიშტიანუ რონალდუ ვიხილეთ… იგივეს თქმა შემიძლია ცენტრალურ მცველებზეც – ორივე უპირატესობას ანიჭებდა ფიზიკურად ძლიერ სტოპერებს: ალენბი ჩილტონს, ბილი ფოულკსს, ნობი სტაილზს, რიო ფერდინანდს“…
ბასბი და ფერგიუსონი ყოველთვის დიდად აფასებდნენ ძლიერ ფორვარდებს. ორივემ კარგად უწყოდა, რომ ასეთი ფეხბურთელების წყალობით, მწვრთნელის თანამდებობას წყალი არასდროს შეუდგება. მაგალითად, ბასბის ჩვილებში ტომი ტეილორი იყო თავდასხმის ლიდერი – მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში ჩატარებულ 166 მატჩში მან 112 გოლი გაიტანა, ინგლისის ნაკრებში კი 19 შეხვედრაში 16ჯერ გამოიჩინა თავი. ის მიუნხენის ავიაკატასტროფას შეეწირა, თუმცა კლუბი ძლიერი ფორვარდის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა: ბასბის მოთხოვნით, მანჩესტერ იუნაიტედის მაისური მოირგო დენის ლოუმ, ვის შესაძენადაც კლუბმა მანამდე არნახული თანხა გადაიხადა.
ფერგიუსონი ამ მხრივ, უფრო აქტიურია. ახლა არ ჩამოვთვლით მის მიერ გადაბირებულ ტოპ-ფორვარდებს, ძალიან გრძელი სია იქნება, უბრალოდ, ზემოთქმულის დასტურად სერ ალექსის სიტყვებს მოვიშველიებთ: „მიყვარს თავდამსხმელების შეძენა და მათ ყოველთვის გადავიბირებ. არ მეგულება მწვრთნელი, ვინც იტყვის, რომ ფორვარდები საკმარისად ჰყავს… შესაძლოა რამდენიმემ ვერ გაამართლოს, მაგრამ ამით არაფერი დაშავდება – თავდამსხმელის გასხვისება არასდროს ყოფილა პრობლემა. თუ გინდა, რომ გაიმარჯვო, გუნდში კარგი შემტევი უნდა იყოლიო. მანჩესტერ იუნაიტედის სიძლიერე ისაა, რომ ჩვენ მუდამ შეგვიძლია გოლების გატანა“!
სერ ალექსის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას და სერ მეტ ბასბის ბევრი რამ აქვთ საერთო. 50-60იან წლებში, როცა იუნაიტედი მინდორზე გასასვლელად ემზადებოდა, ფეხბურთელებს მწვრთნელისგან ყოველთვის ესმოდათ შემდეგი სიტყვები: მიდით, ხალხი გაახარეთ! ისინიც გადიოდნენ მოედანზე და ლაღი თამაშით აღაფრთოვანებდნენ ქომაგებს.
კრეიგ ბრაუნი, რომელიც ალექს ფერგიუსონის თანაშემწე იყო მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატზე, ამბობს: „მას ფენომენალური მეხსიერება აქვს! ყოველი მატჩის შემდეგ დაწვრილებით არჩევდა მომენტებს და ფეხბურთელებს ზედმიწევნით ზუსტად უხსნიდა, თუ როგორ უნდა ეთამაშათ ამა თუ იმ სიტუაციაში… ამ მხრივ ის, მგონი, მსოფლიოში საუკეთესოა“.
ალბათ, ეს თვისებაც ეხმარება სერ ალექსს სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებაში. მან არაერთი ფეხბურთელი გაუშვა მანჩესტერ იუნაიტედიდან და როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახა, ყველა დროულად. დევიდ ბექემი? ოლდ ტრაფორდიდან წასვლის შემდეგ მას აღარასოდეს უთამაშია იმ დონეზე, როგორც ალისფერ ეშმაკებში. ხომ მეთანხმებით?
ბასბი ამბობდა: „სანამ გუნდს შექმნი, მანამდელი უნდა დაშალო“. მან პირველი დიდი ტიტული 1948 წელს მოიგო (ასოციაციის თასი), მაგრამ 2 წლის შემდეგ იმ გამარჯვების შემოქმედები – მიტენი, ფორვარდები ჯონი მორისი და ჯიმი დელეინი, ნახევარმცველი ჯონ ანდერსონი, უკვე სხვა გუნდებში თამაშობდნენ. ჩემპიონთა თასი ბასბიმ თავისი მე3 გუნდით აღმართა. მეორე მიუნხენში დაეღუპა.
„ყველაზე რთული ცვლილებებია“, – არაერთხელ უთქვამს ფერგის – „ზუსტად უნდა შეარჩიო საამისო დრო და ახალგაზრდებს გაუხსნა გზა. სერ მეტ ბასბიმ პირველი გუნდის დაშლის შემდეგ შეფილდ უენსდიდან ალბერტ ქუიქსელი გადაიბირა, ვესტ ბრომვიჩ ალბიონიდან სეტერსი… რამდენიმე წლის მანძილზე აკოწიწებდა გუნდს, რომელმაც 1963 წელს ასოციაციის თასიც მოიგო. შემდეგ ისიც დაშალა და ამის შემდეგ მესამე გუნდის შენება დაიწყო… მისი განვლილი გზა ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო მაგალითი იყო“.
„არ არსებობს გუნდი, რომელიც მწვერვალზე 5 წელზე დიდხანს გაჩერდება“, – ესეც ბასბის სიტყვებია.
1968 წელს მან თავის მე3 გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი, მერე კი თქვა, რომ ის გუნდი მისი საუკეთესო მანჩესტერ იუნაიტედი იყო, მისი საოცნებო კლუბი.
და სწორედ ამ დიდებული წარმატების შემდეგ დატოვა ოლდ ტრაფორდი და კლუბის საჭე ვილფ მაკგინესს გადაულოცა. დევიდ მეეკის აზრით, ბასბის უბრალოდ არ შეეძლო იმ გუნდის დაშლა, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მიისწრაფვოდა და რომელმაც მისი ოცნება აასრულა.
ხუთმა მწვრთნელმა: მაკგინესმა, ფრენკ ოფარელმა, ტომი დოჰერტიმ, დეივ სექსტონმა და რონ ატკინსონმა სცადეს ბასბის გზის გავლა. რონი ყველაზე ახლოს იყო ოცნებასთან, 2ჯერ მოიგო ასოციაციის თასი, მაგრამ საბოლოო ნაბიჯის გადადგმა ვერ შეძლო. ამიტომაც, 1986 წლის 6 ნოემბერს ის კლუბიდან დაითხოვეს.
მის ნაცვლად ოლდ ტრაფორდზე მისულმა ფერგიუსონმა თითქმის 4 წელი მოანდომა თავისი პირველი მანჩესტერ იუნაიტედის ჩამოყალიბებას – 1990 წელს ასოციაციის თასი მოიგო, 1991 წელს კი ევროპის თასების მფლობელთა და კონტინენტის სუპერთასები. ეს ალისფერი ეშმაკების მეორე დიდი წარმატება იყო ევროპაში.
1993 და 1994 წლებში მისმა გუნდმა ზედიზედ 2ჯერ მოიგო პრემიერლიგა, ერთხელ ასოციაციის თასი… ბასბის შემდეგ ფერგი კლუბის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი შეიქნა და ამის შემდეგ მან სწორედ ის მოიმოქმედა, რაც თავის დროზე სერ მეტ ბასბიმ – გუნდი დაშალა.
მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდული შემადგენლობის მწვრთნელი ერიკ ჰარისონი მისი ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემას ითხოვდა…
სერ ალექსმა თავისი გუნდის 3 კაშკაშა ვარსკვლავი გაასხვისა: მარკ ჰიუზს, პოლ ინსს და ანდრეი კანჩელსკისს შეელია, მათ ნაცვლად კი დევიდ ბექემი, ნიკი ბატი, გარი ნევილი და პოლ სქოულზი დააწინაურა. რაიან გიგზი 3 წლით ადრე გამხდარიყო პირველი გუნდის წევრი…
„ყველაზე ხმაურიანი ჰიუზის წასვლა გამოდგა. ის ჩვენი ლიდერი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, მწვრთნელმა ამით ჩვენდამი ნდობა გამოხატა და მივხვდით, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლებოდა“, – პოლ სქოულზი.
ალან ჰანსენმა, ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო ტელეკომენტატორმა ახალი სეზონის პირველ ტურში, მანჩესტერ იუნაიტედის თამაშის შემხედვარემ, ისტორიული ფრაზა თქვა: „ბავშვებით ვერასდროს ვერაფერს მოიგებ“.
ფერგიუსონის გუნდმა კი ის სეზონი დუბლით დაასრულა – ჩემპიონატიც მოიგო და თასიც, ჰანსენის შვილმა კი მანჩესტერ იუნაიტედის ლოგოთი დამშვენებული ის მაისური გადაიცვა, რომელზეც მამამისის სიტყვები იყო დაბეჭდილი…
სერ ალექს ფერგიუსონის რიგით მეორე გუნდმა 1999 წლის გაზაფხულზე ერთბაშად სამი ჯილდო მოიგო: ჩემპიონის და თასის მფლობელის ტიტულებს 1968 წლის შემდეგ პირველად აღმართული ჩემპიონთა თასიც დაურთო, რამდენიმე წელიწადში კი რიგით მესამე მანჩესტერ იუნაიტედის შენება დაიწყო, რომელმაც შარშან და შარშანწინ ზედიზედ 2ჯერ მოიგო პრემიერლიგა, 2008 წლის გაზაფხულზე კიდევ ერთხელ მოიპოვა ჩემპიონთა თასი!
2008 წელს ზუსტად ნახევარი საუკუნე შესრულდა მიუნხენის ავიაკატასტროფიდან…
სერ მეტ ბასბი (სერ ალექსანდერ მეტიუ მეტ ბასბი)
დაიბადა 1909 წლის 26 მაისს შოტლანდიის ქალაქ ორბისტონში. გარდაიცვალა 1994 წლის 20 იანვარს
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი: 1945(თებერვალი)-1969(ივნისი); 1970(დეკემბერი)-1971(ივნისი)
ტიტულები მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად: ინგლისის ჩემპიონი – 1951-52, 1955-56, 1956-57, 1964-65, 1966-67; ინგლისის თასი – 1947-48, 1962-63; ინგლისის სუპერთასი – 1952, 1956, 1957, 1965, 1967; ჩემპიონთა თასი – 1968
მანჩესტერ იუნაიტედში: 1 141 მატჩი, 576 მოგება, 266 ფრე, 299 წაგება
წინამორბედი მწვრთნელი: უოლტერ კრიკმერი
თანაშემწეები: ჯიმი მერფი, ვილფ მაკგინესი
პირველი შენაძენი: მომავალი თანაშემწე ჯიმი მერფი (1946)
უძვირფასესი შენაძენი: დენის ლოუ, 115 ათასი გირვანქა (1962)
პირველი მატჩი ჩემპიონთა თასზე: ანდერლეხტი (ბელგია) 2:0 (სტუმრად, 1956)
უდიდესი გამარჯვება ევროთასებზე: ანდერლეხტი (ბელგია) 10:0 (ჩემპიონთა თასი, შინ, 1956)
უდიდესი მარცხი ევროთასებზე: სპორტინგი (პორტუგალია) 0:5 (თასების მფლობელთა თასი, სტუმრად, 1964)
სერ ალექს ფერგიუსონი (სერ ალექსანდერ ჩეპმენ ალექს ფერგიუსონი)
დაიბადა 1941 წლის 31 დეკემბერს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი: 1986 წლის ნოემბრიდან
ტიტულები მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად: ინგლისის ჩემპიონი – 1992-93, 1993-94, 1995-96, 1996-97, 1998-99, 1999-00, 2000-01, 2002-03, 2006-07, 2007-08; ინგლისის თასი – 1989-90, 1993-94, 1995-96, 1998-99, 2003-04; ინგლისის ლიგის თასი – 1991-92, 2005-06; ინგლისის სუპერთასი – 1990, 1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008; ჩემპიონთა თასი – 1999, 2008; თასების მფლობელთა თასი – 1991; ევროპის სუპერთასი – 1991; საკონტინენტთაშორისო თასი – 1999
მანჩესტერ იუნაიტედში: 1 233 მატჩი, 714 მოგება, 295 ფრე, 224 წაგება
წინამორბედი მწვრთნელი: რონ ატკინსონი
თანაშემწეები: არჩი ნოქსი, ბრაიან კიდი, სტივ მაკლარენი, კარლოს კეირუში
პირველი შენაძენი: ვივ ანდერსონი (1987)
უძვირფასესი შენაძენი: რიო ფერდინანდი, 21.1 მილიონი გირვანქა (2002)
პირველი მატჩი ჩემპიონთა თასზე: კიშპეშტ ჰონვედი (უნგრეთი) 3:2 (სტუმრად, 1993)
უდიდესი გამარჯვება ევროთასებზე: რომა (იტალია) 7:1 (ჩემპიონთა ლიგა, შინ, 2007)
უდიდესი მარცხი ევროთასებზე: ბარსელონა (ესპანეთი) 0:4 (ჩემპიონთა ლიგა, სტუმრად, 1993)
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2008)