ევროსპორტი მინსკში (II ნაწილი)

პირველი არენა, რომელსაც მინსკში ვესტუმრე, დინამოს ეროვნული ოლიმპიური სტადიონი იყო. მას ყველა დინამოდ მოიხსენიებს, რადგან ის ბელარუსის ყველაზე ტიტულიანი კლუბის მინსკის დინამოს საშინაო არენაა.

ამ სარბიელმა, თამაშების გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიების გარდა, მძლეოსანთა ასპარეზობებსაც უმასპინძლა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის ამ სახეობაში საქართველოდან არავინ გამოდიოდა, მხოლოდ პირველ და ბოლო დღეს ვეწვიე დინამოს სტადიონს.

ქვეყნის მთავარი სპორტული არენა შორეულ 1934 წლის 12 ივნისს გაიხსნა, პირველი რეკონსტრუქცია კი 2012 წელს ჩაუტარდა. 2018 წელს ოლიმპიური სარბიელი კიდევ ერთხელ შელამაზდა და თამაშების დაწყებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე საზეიმოდ გაიხსნა.

22 ათას მაყურებელზე გათვლილ დინამოს ევროპული ფეხბურთის მმართველმა კავშირმა (უეფა) მე4 კატეგორია მიანიჭა (საუკეთესო 5ით ფასდება), მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) კი უმაღლესი, პირველი.

რას ნიშნავს IAAFის პირველი და უეფას მე4 კატეგორია? მინსკის დინამოს ეროვნულ ოლიმპიურ სტადიონს მძლეოსანთა უმაღლესი რანგის შეჯიბრის მიღების უფლება აქვს, ბრილიანტის ლიგით დაწყებული და მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებით დაგვირგვინებული.

ფეხბურთში კი ჩემპიონთა და ევროპალიგის ფინალებს, ასევე კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის მატჩებს ვერ უმასპინძლებს. სხვა რანგის თამაშებისთვის, მათ შორის ევროთასების, ასაკობრივი ევროჩემპიონატების და ერთა ლიგის ფლეი ოფისთვის კი დინამოს ჭიშკრები თავისუფლად გაიღება.

ერთადერთი, რის გამოც უეფა სტადიონს ევროფინალებს ვერ ანდობს, ტევადობაა – 22 ათასი ადგილი გადამწყვეტი თამაშისთვის ძალიან ცოტაა. სხვა მხრივ მინსკის ოლიმპიური ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ევროპის II თამაშების მთავარი პრეს-ცენტრი სწორედ იქ მდებარეობდა და ის ჟურნალისტებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით იყო აღჭურვილი: საიმედო და სწრაფი ინტერნეტი, დიდი მონიტორები, შემნახველი კარადები… ზოგადად, უნდა ითქვას, რომ მინსკში მედიას ჩინებული პირობები ჰქონდა შექმნილი.

ამ სარბიელისა კიდევ გახმოვანება მომეწონა, თან ძალიან. ჩვენი ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენის და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის გადამკიდე, მინსკის დინამოზე მუშაობა შვება გახლდათ – დიქტორის ხმა, ისევე როგორც მუსიკა თუ ოფიციალური სიტყვები გარკვევით ისმოდა.

და კიდევ: პრეს-ლოჟა გულშემატკივართა ტრიბუნისგან შემოსაზღვრული იყო. რატომ ვამბობ? ამას მხოლოდ კოლეგები თუ გამიგებენ, რომლებიც ეროვნულზე და მიხეილ მესხზე, სანაკრებო თუ საკლუბო მატჩებისას დაბნეული ქომაგებით გარშემორტყმული აღმოვჩნდებით ხოლმე.

22 ივნისიდან ევროპის თამაშებში ძიუდოკები ჩაებნენ. მათი ასპარეზობები ჩიჟოვკა-არენაზე 4 დღის განმავლობაში გაგრძელდა, მოკლე შესვენების შემდეგ კი იქვე იასპარეზეს კარატისტებმა.

სარბიელი, რომლის ზედხედი არქიტექტორ მარატ გროდნიკოვის ჩანაფიქრით წყლის წვეთებს მოგაგონებთ, ორ, დიდ და მცირე დარბაზს აერთიანებს. ტექნიკურ მახასიათებლებზე ბევრს არ ვიტყვი – ყველაფერი უმაღლესი დონისაა!

თამაშების დღეებში ჩიჟოვკა-არენა საბრძოლო სახეობებს დაეთმო, მაგრამ ის მულტისპორტული და ზოგადად, ქალაქის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია – სხვადასხვა დროს სამბოს, ჭიდაობის, კრივის, ძალოსნობის, საჩოგბურთო და ჰოკეის ასპარეზობებს უმასპინძლა, დროგამოშვებით კი კონცერტებიც იმართება.

დიდი დარბაზის მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ, გეტყვით: ძიუდოისტთა 3 ტატამი გაიშალა და მედალოსანთა კვარცხლბეკიც მშვენივრად დაეტია. სპორტული არენის მიღმა კი მუქი ლურჯი შუშით დაფარული შენობა მაღაზიებს, რამდენიმე კაფეს და დიდი პრეს-ცენტრსაც იტევს. რაც შეეხება ტევადობას, ტრიბუნები 8 800 მაყურებელზეა გათვლილი.

ჩიჟოვკა-არენა გარეუბანშია, დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დიდი მწვანე პარკის და ზოოპარკის ახლოს მდებარეობს. თამაშების ოფიციალურ პროგრამაში ამოვიკითხე, რომ ნაგებობა 2013 წლის 25 დეკემბერს მინსკის დაარსების 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიხსნა.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი ყველაზე მეტჯერ დედაქალაქის ცენტრში, გამარჯვების პროსპექტზე მდებარე სპორტის სასახლეში აჟღერდა – სწორედ აქ იასპარეზეს სამბისტებმა, რამდენიმე დღის შემდეგ კი თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა.

შენობა, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა რესპუბლიკის კულტურული და სპორტული ცენტრის სპორტის სასახლე, მინსკის არენებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველია. ის 1966 წლის 7 მაისს, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გაიხსნა, 2001-04 წლებში კი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

1984 წელს შენობას ბელარუსის ისტორიული და კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დღეს სპორტის სასახლე ყველა საერთაშორისო მოთხოვნას პასუხობს, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ დარბაზში მხოლოდ ერთი ტრიბუნაა.

მინსკი 2019ის საპრეზენტაციო ბუკლეტში ამოვიკითხე, რომ იქ საერთაშორისო შეჯიბრები უკვე 22 სახეობაში გაიმართა, იქვე მდებარე მცირე დარბაზს კი, ასაკობრივი პირველობების გარდა, უფროსები მოსათელადაც იყენებენ.

ყველაზე ძალიან სპორტის სასახლის მდებარეობით მოვიხიბლე. შენობას სამხრეთით ერთ-ერთი ცენტრალური გამზირი ესაზღვრება, ჩრდილოეთით – დიდი ტბა, დასავლეთით – სამამულო ომში გამარჯვების სახელობის უშველებელი დასასვენებელი პარკი, აღმოსავლეთით კი მეტროს სადგური. ხოლო ტურისტების საყვარელი ადგილი: ღამის კლუბებით, პაბებით და პირმშვენიერი ბელარუსი გოგონებით სავსე ძველი მინსკის ცენტრი – ზედა ქალაქი – ხელის გაწვდენაზეა…

მეოთხე არენა, რომელიც ევროპის II თამაშების დღეებში მოვინახულე, ოლიმპიელ ნიჩბოსანთა მზადების რესპუბლიკური ცენტრი ზასლავლი იყო. ის მინსკიდან დაახლოებით 20 კილომეტრითაა დაშორებული და ზასლავსკის წყალსაცავის შემადგენელი ნაწილია.

ზასლავლი დროგამოშვებით ევროპის და მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს, ევროპის II თამაშების დასრულების შემდეგ კი საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ ეწვია იქაურობას ბელარუსის გუნდთან ერთად შეკრების გასავლელად. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მსგავსი ცენტრი ნიჩბოსნობის განვითარებისთვის მისწრებაა.

სხვა არენებზე, დიდი სურვილის მიუხედავად, მისვლა ვერ შევძელი, თუმცა რაც ვნახე, ერთ რამეში დასარწმუნებულად საკმარისი იყო: მინსკი კარგი ქალაქია და ბელარუსებს ძალიან უყვართ სპორტი.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მინსკი, ბელარუსი; 2019 წლის 2 ივლისი

ka_GEGeorgian