პელე და სუხიშვილები

ჯერ კიდევ მაშინ, ქართულ სპორტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რომ კურირებდა, ქართული სპორტის მუზეუმმა 50 წლის იუბილე აღნიშნა. და რადგან მუზეუმი სამინისტროს შენობაში იყო განთავსებული, ერთ-ერთი საიუბილეო მიღება იქვე გაიმართა.

ბატონ თენგიზ უთმელიძეს, ანსამბლ სუხიშვილების ერთ-ერთ გამორჩეულ მოცეკვავეს, შემდგომში ჟურნალისტსა და მშვენიერ ფოტოგრაფს, სწორედ მაშინ შევხვდი. იუბილესთან დაკავშირებით მუზეუმს ის რადიომიმღები უსახსოვრა, რომლითაც 1964 წელს თბილისის დინამოს საკავშირო ჩემპიონატის მატჩების რადიორეპორტაჟებს უსმენდა. 1964 წელს, გეცოდინებათ, დინამო პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ანსამბლის წევრებს კი, გასაგები მიზეზების გამო, სტადიონზე წასასვლელად ხშირად არ ეცალათ.

ბატონ თენგიზს რამდენიმე წუთს ვესაუბრე და ბრაზილიაში, ქალაქ სანტოსში სტუმრობის ამბავიც მაშინ გაიხსენა: უფროსი ილიკოს და პელეს ფოტო ჩემი გადაღებულიაო.

ეს არ ვიცოდი, აი ილიკო სუხიშვილის და ფეხბურთის მეფის შავ-თეთრი ფოტო კი ქართლოს კასრაძის გემრიელი წიგნიდან დამამახსოვრდა – „ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე“ ანსამბლის 50-60იანი წლების გასტროლებს ეძღვნება…

გუშინ, შინ რომ ვბრუნდებოდი, ტროტუარზე კოხტად დაწყობილ წიგნებს გადავაწყდი. რაც მე ასეთ დროს კარგი გამოცემები მინახავს… გამონაკლისი არც ამჯერად მოხდა: თენგიზ უთმელიძის ფოტოალბომი „სუხიშვილები – რომანტიკული ფოტომატიანე“, 2012 წელს რომ გამოიცა თბილისის მერიის თანადგომით, პატრონმა სიმბოლურ ფასად დამითმო.

სუხიშვილების და პელეს შეხვედრის ეს ფოტოებიც ამ ალბომიდანაა. უნდა ვთქვა, რომ სამი მათგანი გუშინ პირველად ვიხილე. ყველა ფოტო, ცხადია, ბატონ თენგიზს ეკუთვნის.

იმავე გამოცემაში იყო პელესთან სტუმრობის შესახებ გამოქვეყნებული პატარა ტექსტიც და მასაც უცვლელად გთავაზობთ:

„ბრაზილიაში გასტროლებისას შეგვატყობინეს ჩვენთვის მოულოდნელი ამბავი: ფეხბურთის ლეგენდარულმა ვარსკვლავმა პელემ, რომელსაც გაეგო მის ქვეყანაში ქართველ მოცეკვავეთა სენსაციური გამოსვლების ამბავი, დიდი გულისხმიერება გამოიჩინა და მთელი ანსამბლი თავის მშობლიურ სანტოსში მიგვიწვია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვების ამ ყველაზე სახელოვან სპორტსმენთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობას თვით ადგილობრივი ფეხბურთის ფანატიკოსი მოყვარულნიც კი არიან მოკლებულნი, გასაგები იქნება ჩვენი მღელვარება და სიხარული…

დილის თორმეტი საათი იყო, როცა მივედით ცენტრალურ სტადიონზე, რომელიც ფეხბურთელთა ცნობილი კლუბის სანტოსის საწვრთნელი ბაზაც არის. მოედანზე გუნდის მთელი შემადგენლობა მწვრთნელ ანტონიოს ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. ზოგიერთი ფეხბურთელი ვიცანით. აი, მეკარე ჟილმარი – გუნდის ვეტერანი, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრები: ორლანდო, ზიტო, ედუ და ლიმა, მაგრამ ჩვენი მასპინძელი, თვითონ პელე სადღაა? იგი მინდორზე მოგვიანებით გამოვიდა, ღიმილით მოგვიახლოვდა და მოგვესალმა.

„დღეს ცოტა შეუძლოდ ვარ და სრული დატვირთვით არ ვვარჯიშობ“, – გვეუბნება პელე – „თქვენს შესანიშნავ ანსამბლზე ბევრი რამ მსმენია. აქ, ბრაზილიაშიც ბევრი ქება მოვისმინე თქვენზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ ანსამბლი სანტოსსაც ეწვია. ძალია ცოტა დრო მაქვს თავისუფალი და თქვენს სპექტაკლს, სამწუხაროდ, ვერ დავესწარი, მაგრამ კვირას აუცილებლად მოვალ თეატრში“, – გვპირდება შავი მარგალიტი.

ილიკო სუხიშვილი მოვერცხლილ ყანწს აწვდის პელეს საჩუქრად და უხსნის, რომ ამ სასმისით საქართველოში ღვინოს სვამენ. პელე იღიმება და თავს აქნევს: „მე არასოდეს ვსვამ მაგარ სასმელებს, მაგრამ ამ ყანწით კოკა-კოლას მაინც შევსვამ“.

მოაქვთ ახალი ბურთი, რომელზეც სანტოსის ყველა ფეხბურთელის ავტოგრაფია. პელე გვაძლევს ბურთს სამახსოვროდ და გვპირდება, რომ აუცილებლად ჩამოვა საქართველოში სტუმრად. გვირიგებენ აგრეთვე სანტოსის სამახსოვრო ვიმპელებს და სამკერდე ნიშნებს.

ფეხბურთის მეფე ბოდიშს იხდის, ღიმილით გვემშვიდობება და უერთდება თავის გუნდს, რომელიც მოედანზე წვრთნას განაგრძობს.

კიდევ დიდხანს ვადევნებთ სტადიონის ტრიბუნიდან თვალს ბრაზილიის მრავალგზის ჩემპიონის, სანტოსის ვარჯიშს და ფეხბურთის მსოფლიო კერპს – ყველასთვის საყვარელ პელეს.

ქალაქი სანტოსი, 1968 წელი“.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 5 ნოემბერი)
ფოტო: თენგიზ უთმელიძე; ალბომი „სუხიშვილები – რომანტიკული ფოტომატიანე“

ka_GEGeorgian