დელ პიერო და ქართველი გოგონები
დღეს 9 ნოემბერია, ალესანდრო დელ პიეროს დაბადების დღე. ტურინის იუვენტუსის და იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი 46 წლის გახდა.
კალჩოს ბავშვობიდან ვქომაგობ, იუვე ჩემი საყვარელი კლუბია და დელ პიეროც, შესაბამისად, ერთ-ერთი ფავორიტი.
პინტურიჩიოს 46ე დაბადების დღემ ერთი სახალისო ამბავი გამახსენა, 1997 წლის სექტემბერში იტალიის ნაკრების პირველ თბილისურ სტუმრობას რომ უკავშირდება.
მეტი შორიდან რა უნდა დავიწყო, მაგრამ მაინც: მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ერთ-ერთ მეტოქედ სკუადრა აძურა ერგო. იმ დროს იტალიას ჩეზარე მალდინი წვრთნიდა, ალესანდრო კი გუნდის უცვლელი წევრი გახლდათ.
მაგრამ ისე მოხდა, რომ დელ პიერო თბილისში ვერ ჩამოვიდა. რეჯო ემილიაში, ვარჯიშის დროს, ბურთი სახეში მოხვდა, თვალი იტკინა და მწვრთნელმაც, ექიმების რჩევით, იუვენტუსის ათიანი შეკრებიდან გაათავისუფლა.
იტალიელების სტუმრობას იმ ნაცრისფერ საქართველოში ყველა ელოდა. სარბიელი, ლელო, 11X11 და რეზონანსის სპორტული დამატება ლამის მხოლოდ ამ მატჩზე წერდნენ, მაგრამ იმ დღეებში არაერთი საინტერესო ერთჯერადი გაზეთიც დაისტამბა, რომელიც მხოლოდ საქართველო-იტალიის თამაშს მიეძღვნა.
ასეთთა შორის იყო გაზეთ ორქიდეის სპორტული დამატება, რომელსაც „სკუადრა აძურა – შეხვედრის წინ“ ერქვა. იმ დროს იტალიელების სტუმრობასთან დაკავშირებით ყველაფერს ვაგროვებდი და ეს გამოცემაც ასე მოხვდა ჩემთან.
4გვერდიანი დამატებაა ბოლო გვერდზე იტალიის ნაკრების დიდი ფოტოთი, მე2 გვერდზე რობერტო ბაჯოსთან ინტერვიუს თარგმანით და… მე3 გვერდზე დელ პიეროსთან თბილისში ჩაწერილი კითხვა-პასუხით!!!
არ ვიტყუები და დასტურად ფოტოდოკუმენტებსაც გთავაზობთ: გაზეთ ორქიდეის ჟურნალისტები (დიდი შერლოკჰოლმსობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ახალგაზრდა გოგონები იყვნენ) იტალიელ სუპერვარსკვლავს დინამოს სტადიონზე „გაესაუბრნენ“.
ალე(ქ)სანდრო დელ პიერომაც „გული გადაუშალა“:
…არ იფიქროთ იტალიაში არაფერი ვიცოდეთ თქვენი პატარა, მაგრამ მშვენიერი ქვეყნის შესახებ. გასულ წელს ხომ ქართველი ლტოლვილი ბავშვების მასპინძლები ვიყავით.
…მინდა ყველაფერი კარგი გისურვოთ, ქართულ ფეხბურთს კი წინსვლა და მსოფლიო ასპარეზზე უფრო დიდი მიღწევები.
…მჯერა, საქართველოს ნაკრების წევრები ღირსეულ წინააღმდეგობას გაგვიწევენ. სხვანაირად არც შეიძლება, მათ რიგებში ხომ ევროპის მასშტაბებით უკვე საკმაოდ ცნობილი და აღიარებული ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ.
იუვენტუსის ლიდერი მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლა. აი, რას წერს ორქიდეის „იღბლიანი ჟურნალისტი“:
მადლობის მეტი რა გვეთქმის ალექსისთვის, მით უფრო, რომ ჩამოსვლიდან ორი საათის შემდეგ, საიდუმლოდ გაგვანდო: იცით, ძალიან მომეწონა ქართველი გოგონები, ისინი იტალიაშიც მყავდნენ ნანახი, მაგრამ საქართველოში უფრო ლამაზები, მომხიბვლელები ყოფილან. აი, გაიხედეთ, თუნდაც სტადიონზე რამდენი მშვენიერი გოგონაა, – ჩაეღიმა ალექსს.
კმაყოფილებისგან გაგვეღიმა ჩვენც.
ბოლოს ალექსანდრომ წარმატება უსურვა ჩვენს გაზეთს და დაგვემშვიდობა…
ჰოპლა!
ფინიტა ლა კომედია!
ისე, ერთი რამ კი გამოიცნო ალე(ქ)სანდრო დელ პიერომ – იმ დღეს, 1997 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა მართლა დიდი წინააღმდეგობა გაუწია იტალიას – 0:0 და პირველი ქულა მსოფლიოს ჩემპიონთან!
* * *
2001 წლის ზაფხულში იტალია მეორედ ეწვია თბილისს. იმ ჯერზე დელ პიერო ნაღდად ჩამოვიდა, ხოლო დახვდნენ თუ არა მას ორქიდეის ჟურნალისტები, ამაზე ვერაფერს გეტყვით.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 ნოემბერი)