მეტოქე: ჩრდილოეთ მაკედონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები 30წლიან ისტორიაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს – ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.
ერთი მოგება და საქართველო პირველად ითამაშებს დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე.
მაგრამ: იგივე მიზანი ამოძრავებს ჩრდილომაკედონიასაც, რომელმაც დამოუკიდებლად სვლა, ჩვენ დარად, 90ების გარიჟრაჟზე დაიწყო.

ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციას საინტერესო ისტორია აქვს.

ის მხოლოდ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, 1994 წელს გახდა ფიფას და უეფას სრულუფლებიანი წევრი, თუმცა მანამდე რამდენჯერმე დაფუძნდა.

ორგანიზაციის ისტორია 1926 წლის 18 დეკემბრით იწყება. ამ დღეს, დედაქალაქ სკოპიეს ერთ-ერთ რესტორანში (უცნობი გმირი) დამფუძნებელი ასამბლეა გაიმართა. მაგრამ კავშირი 20 წელზე მეტხანს უფუნქციო იყო – მისი ეგიდით ერთი ტურნირიც არ გამართულა.

1949 წლის 14 აგვისტოს ფეხბურთის ფედერაცია მეორედ დაარსდა.

უფრო რომ დავაკონკრეტო, ახალი კავშირი სკოპიეს სპორტის დეპარტამენტში შემავალი ფეხბურთის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა, რომელიც თავის მხრივ, დედაქალაქის მერიას 1948 წლის 16 აგვისტოს გამოეყო დამოუკიდებელ ერთეულად.

მომდევნო წლებში ფეხბურთის ასოციაცია (ფუტბალსკი სოიუზ ნა მაკედონია) ერთიანი იუგოსლავიის ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი სუბიექტი იყო და მხოლოდ რეგიონულ შეჯიბრებს კურირებდა.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მაკედონიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფა-უეფამ ჯერ დროებით, 1994 წელს კი სრულუფლებიან წევრად მიიღო. ორგანიზაციის პირველი პრეზიდენტი ლიუბიშავ ივანოვ-ძინგო გახლდათ, რომელიც 1999 წლამდე ხელმძღვანელობდა მფას.

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სახელი იცვალა და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია ჩრდილოეთ მაკედონია გახდა (2018 წელს), ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები მხოლოდ ერთხელ, შარშან ჩატარდა და ორგანიზაციის სათავეში მუამედ სეჯდინი მოვიდა.

იუგოსლავიის დაშლამდე საუკეთესო მაკედონიური კლუბები რეგიონულ ან ერთიან ქვედა ლიგებში თამაშობდნენ, პირველი ეროვნული პირველობა კი 1992-93 წლების სეზონში გაიმართა – სკოპიეს ვარდარმა სილექსს, ბალკანს და კიდევ 15 გუნდს აჯობა. ბომბარდირი ჩემპიონთა გოლეადორი საშა ჩირიჩი გახდა – 36 გოლი გაიტანა და ეს შედეგი დღემდე რეკორდია.

კოვიდ 19ის გამო შეწყვეტილი 2019-20 წლების სეზონამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი 27ჯერ გამოვლინდა და 11 ტიტული ვარდარმა მოიგო. ზოგადად, დედაქალაქელები ყველაზე ტიტულიანები არიან: კიდევ 4ჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ, 3ჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ქვეყნის თასი 1992-93 წლების სეზონიდან თამაშდება და ვარდარი აქაც პირველია – ყველაზე მეტი, 5 ფინალი მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

და რადგან ვარდარზე ვსაუბრობ, ბოლოს ამასაც შეგახსენებთ:

ერთდროულად რამდენიმე ქართული კლუბი ევროთასებზე პირველად 1995-96 წლების სეზონში გამოჩნდა, ერთ-ერთი დებიუტანტი კი, სამტრედია, უეფას თასის საკვალიფიკაციო წრეში სწორედ ვარდარს დაუპირისპირდა.

პირველი თამაში, 1995 წლის 8 აგვისტოს სკოპიეში, ვარდარმა 1:0 მოიგო, 22 აგვისტოს კი მეტოქეებმა ბათუმში, დინამოს სტადიონზე ითამაშეს და მაკედონიელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

სამტრედიასთან მოგებული ვარდარი 1/32ფინალში საფრანგეთის ბორდოს შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 1:3 (0:2, 1:1) დამარცხდა. ყოველი შემთხვევისთვის გეტყვით: იმ ბორდოს ზინედინ ზიდანი, კრისტოფ დიუგარი და ბიქსენტ ლიზარაზუ ლიდერობდნენ და სამეულის წყალობით ფრანგებმა ფინალამდე მიაღწიეს…

8 აგვისტო, 1995. უეფას თასი – საკვალიფიკაციო წრე. მაკედონია, სკოპიე, მაკედონია. 5 500
ვარდარი (სკოპიე, მაკედონია) 1:0 სამტრედია
გოლი: 1:0 ნიკოლოვსკი (8)
სამტრედია: გრიგოლ ჭანტურია, ზურაბ იონანიძე, ვალტერ გუჩუა, ბესიკ ბერაძე, გია ჯიშკარიანი, დავით ცომაია, ბუბა ტყავაძე, გიორგი დარასელია, დავით ჯანაშია, ზაზა ჯანაშია, გია ჩხაიძე
მწვრთნელი: მურთაზ ხურცილავა
გაფრთხილება: დავით ცომაია, ვალტერ გუჩუა
მსაჯი: ი.ჩირიჩი (ხორვატია)

22 აგვისტო, 1995. უეფას თასი – საკვალიფიკაციო ეტაპი. ბათუმი, დინამო. 17 000
სამტრედია 0:2 ვარდარი (სკოპიე, მაკედონია)
გოლები: 0:1 სერაფიმოვსკი (19), 0:2 პეტროვსკი (37)
სამტრედია: გრიგოლ ჭანტურია, ზურაბ იონანიძე, ვალტერ გუჩუა, ბესიკ ბერაძე, გია ჯიშკარიანი (ზვიად ჯელაძე 46), დავით ცომაია, გიორგი გოგიაშვილი (ბადრი დარასელია 46), გიორგი დარასელია, დავით ჯანაშია (ბესიკ ამაშუკელი 63), ზაზა ჯანაშია, გია ჩხაიძე
მწვრთნელი: მურთაზ ხურცილავა
გაფრთხილება: ზეკირი, გია ჯიშკარიანი
მსაჯი: ლ.რუდი (პოლონეთი)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 12 ნოემბერი)

ka_GEGeorgian