ერთი თამაში ევროპამდე

საქართველოს ეროვნული ნაკრები 30წლიან ისტორიაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავს – ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.
ერთი მოგება და საქართველო პირველად ითამაშებს დიდი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე.

დღევანდელი მატჩით საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე7 საკვალიფიკაციო ტურნირს ამთავრებს.

ბალკანელებთან ამ მნიშვნელოვანი თამაშის უფლება საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვებით და შემდეგ ბელარუსთან მოგებული ნახევარფინალით მოიპოვა, ისე კი ჩვენი ეროვნული გუნდი ევრო 96ის შესარჩევი ტურნირიდან იბრძვის კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად და ევროჩემპიონატთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
ჩრდილომაკედონიელებთან დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ნაკრების 70ე მატჩია ევროშესარჩევში.

19 გამარჯვება, 10 ფრე და 40 მარცხი – ასეთია გუნდის სტატისტიკა აქამდე გამართულ 69 თამაშში. ბურთების შეფარდებაც უკეთესის სურვილს ტოვებს – 71 გატანილი და ზუსტად 100 გაშვებული გოლი.

ეროვნულის დებიუტი ევროშესარჩევში 1994 წლის 7 სექტემბერს შედგა – ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი თბილისში მოლდოვასთან 0:1 დამარცხდა.

ამ მოულოდნელი შედეგის მიუხედავად, ევრო 96ის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენი გუნდისთვის დღემდე ყველაზე წარმატებულად რჩება: 5 მოგება 10 მატჩში, 15 ქულა და III ადგილი ჯგუფში, სადაც I ადგილი ევროპის მომავალმა ჩემპიონმა გერმანიამ დაიკავა, II ადგილზე კი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთი გავიდა. საქართველომ უელსს, ალბანეთს და მოლდოვას აჯობა.

ცნობისათვის: ამ საკვალიფიკაციოში ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ევროშესარჩევებში თამაშის მანძილზე ყველაზე მეტი მატჩი მოიგო – 5; ყველაზე მეტი ქულა დააგროვა – 15 და ისტორიაში პირველად და, სამწუხაროდ ბოლოჯერ, დაასრულა ტურნირი ბურთების დადებითი სხვაობით – 14:13.

პირველი ევროგოლის ავტორი კი, გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ: 1994 წლის 16 ნოემბერს, თბილისში უელსთან 5:0 მოგებულ მატჩში ანგარიში თემურ ქეცბაიამ გახსნა…

ევრო 2000-ის შესარჩევში საქართველოს ნაკრები ბოლო ადგილზე გავიდა და მას შემდეგ სიტუაცია დიდად არ შეცვლილა.
უეფას მიერ დაარსებულმა ახალმა ტურნირმა – ერთა ლიგამ – ჩვენ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესანიშნავი შანსი უბოძა.

ვლადიმირ ვაისის ნაკრებმა აქამდე დაუმარცხებლად იარა და დიდი იმედი მაქვს, რომ ბიჭები დღეს კიდევ ერთხელ გაგვახარებენ – ქართული ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა შეივსოს!

საქართველო ევროშესარჩევებში
ევრო 1996    10        5          –          5          14:13   15 (III)
ევრო 2000    10        1          2          7            8:18     5 (VI)
ევრო 2004    8          2          1          5            8:14     7 (V)
ევრო 2008    12        3          1          8          16:19   10 (VI)
ევრო 2012    10        2          4          4            7:9     10 (V)
ევრო 2016    10        3          –          7          10:16     9 (V)
ევრო 2020    8          2          2          4            7:11     8 (IV)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 12 ნოემბერი)
ფოტო: Georgian Football Archive

ka_GEGeorgian