დროა!

დღევანდელი მატჩით 2018-19 წლების უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ჩემპიონი და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ევროპის საგაისო ჩემპიონატის C ჯგუფის ბოლო, მე-4 მონაწილე გამოვლინდება.
საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ამ შემოდგომით უკვე მეორედ მასპინძლობს.
სექტემბერს-ოქტომბერში მეტოქეებმა უეფას ერთა ლიგის II გათამაშების ეგიდით ითამაშეს C დივიზიონში და ორივე მატჩი, თბილისსა და სკოპიეში, ფრედ დასრულდა.
დღეს გამარჯვებული აუცილებლად გამოვლინდება და ის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ავსტრია, უკრაინა და ნიდერლანდები – მოგებული კონტინენტის პირველობაზე ამ 3 ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი ორი თამაში, 13 და 17 ივნისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება, ჯგუფის უკანასკნელი მატჩი კი 21 ივნისს, ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზეა დანიშნული ნიდერლანდებთან.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღევანდელ მატჩამდე სვლა 2018 წლის 6 სექტემბერს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მასპინძლებთან 2:0 მოგებით დაიწყო.

ამას ლატვიასთან თბილისში რთული გამარჯვება – 1:0, ანდორასთან შინ და ბალტიისპირელებთან სტუმრად 3:0 მოჰყვა, შემდეგ კი 1:1 ანდორაში და 19 ნოემბერს თბილისში ყაზახეთთან 2:1.

6 მატჩიდან 5 გამარჯვება, ფრე, I ადგილი ჯგუფში და C დივიზიონის საგზური!

და რაც მთავარია, ევროჩემპიონატის ფლეი-ოფი, რომლის ეგიდით საქართველოს ნაკრებმა უკვე გაგვახარა – ნახევარფინალში 1:0 სძლია ბელარუსს.

დღეს ფინალია.

ჩრდილოეთი მაკედონიის ნაკრებიც თავის ჯგუფის პირველადგილოსანია – სომხეთის, გიბრალტარის და ლიხტენშტაინის წინააღმდეგ, 2018 წლის შემოდგომით, 6დან 5 მატჩი მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა, სომხეთთან 0:4. კონტინენტის პირველობის ფლეი-ოფში ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ კოსოვო დაამარცხა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის I გათამაშებაში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და მთელ D დივიზიონში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 16 ქულა მხოლოდ ჯვაროსნებმა მოიპოვეს!

გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, მთელი დაცვის ხაზი… – ერთა ლიგის მატჩებში ამ ბიჭების კარგმა თამაშმა განაპირობა ჩვენი გუნდის შთამბეჭდავი I ადგილი.

მართალია გიორგი ჩაკვეტაძე ბელარუსთან ნახევარფინალში გუნდს დააკლდა, მაგრამ სამაგიეროდ, გამოჩნდა მეორე, არანაკლებ იმედისმომცემი ახალგაზრდა ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ჩინებულმა თამაშმა ბევრი თავსატეხი შეუქმნა ბელარუსებს და ის პენალტიც, თორნიკე ოქრიაშვილმა რომ გაიტანა, სწორედ ხვიჩას დამსახურებაა.

ბედის ირონიით, დღევანდელ თამაშს ხვიჩაც დააკლდება, მაგრამ აქ ტრავმა არაფერ შუაშია – კოვიდ19ის გამო ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს ისტორიული თამაშის შინიდან ყურება მოუწევს…

ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია – ევროპის ჩემპიონატს ერთადერთი გამარჯვება გვაშორებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ახალი თაობა იცავს და ეს ბიჭები დიდი გამარჯვებისთვის მზად არიან.

დროა!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 12 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian