0:0 ესტონეთთან – 7 ფაქტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის სეზონი გუშინ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ესტონეთთან უგოლო თამაშით დაასრულა. ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ ნაკრებს ესტონელთა წინააღმდეგ საქართველოს 19წლამდელთა დამრიგებელმა რამაზ სვანაძემ უხელმძღვანელა.

განვლილი 3 საფეხბურთო თვის შეფასება რომ მთხოვოს ვინმემ, ერთადერთს ვიტყვი – ეს იყო იმედგაცრუება!

რა იყო საგაისო ევროჩემპიონატის მიღმა დარჩენის მიზეზი და რამ გამოიწვია ნოემბრის საშინაო თამაშებში კატასტროფული შედეგები, ამაზე, ალბათ, მოგვიანებით დავწერ, დღეს კი ნაკრების II ერთა ლიგაზე და გუშინდელ მატჩზე გეტყვით ორიოდ სიტყვას.

2018-19 წლების გათამაშებისგან განსხვავებით, როცა ვლადიმირ ვაისის გუნდმა ჩინებულად იასპარეზა და C დივიზიონში ამაღლდა, ამჯერად გუნდმა თავი ვერაფრით გამოიჩინა. ნაკრებს ყველა შანსი ჰქონდა B დივიზიონში გადასვლის, მაგრამ საბოლოოდ უსახური თამაში და III ადგილი ჯგუფში. ეს კი ნიშნავს, რომ უეფას III ერთა ლიგასაც საქართველო C დივიზიონში დაიწყებს.

მოგება, 4 ფრე, წაგება და 7 ქულა – ასეთია ჩვენი გუნდის საერთო შედეგი ჯგუფში. I ადგილი კი სომხეთის ნაკრებმა დაიკავა, რომელიც B დივიზიონში ამაღლდა.

და სანამ ესტონეთთან გუშინდელი თამაშის 7 საინტერესო ფაქტს გაეცნობით, 2 ამბავზე გავამახვილებ ყურადღებას:
პირველი – C დივიზიონის III ადგილოსნებს შორის საქართველომ ყველაზე ნაკლები თამაში წააგო – 1; მეორე – B დივიზიონიდან ეს გუნდები დაქვეითდნენ: ჩრდილოეთი ირლანდია, სლოვაკეთი, თურქეთი და ბულგარეთი.

ჯვაროსნები

2020 წლის 18 ნოემბერი, თბილისი, ეროვნული სტადიონი. საქართველოს ნაკრები ესტონეთთან მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): ოთარ კაკაბაძე, ნიკა კაჭარავა, ჯიმი ტაბიძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ლორია. პირველ რიგში: საბა ლობჟანიძე, ვაკო ყაზაიშვილი, ჯაბა კანკავა, ზურაბ დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი

1: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის 30წლიან ისტორიაში 65 გუნდის წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო ესტონეთი მე9 მეტოქეა, რომელსაც მინიმუმ 8ჯერ დაუპირისპირდა.
ჯვაროსნებს ასევე 8ჯერ უთამაშიათ ლიეტუვასთან და იტალიასთან; 9ჯერ – მალტის და უკრაინის წინააღმდეგ; 10ჯერ – ლატვიასთან; 11ჯერ – ირლანდიასთან; 12ჯერ მოლდოვასთან, ხოლო ყველაზე ხშირად, 14ჯერ – ალბანეთის წინააღმდეგ.

2: ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს სტატისტიკა ასეთია: 4 გამარჯვება, 2 ფრე, 2 წაგება, ბურთები – 9:7.

3: საქართველომ მეოთხედ უმასპინძლა ესტონეთს, პირველად ოფიციალურად და პირველად ვერ მოუგო. წინა თბილისური მატჩები, ყველა ამხანაგური, ასე დასრულდა – 3:1 (1998.11.18), 2:1 (2010.03.03), 2:0 (2018.03.27).

4: ზედიზედ 3 თამაშია ესტონეთი საქართველოს ნაკრების კარში გოლის გატანას ვერ ახერხებს – 0:2 2018 წლის ამხანაგურში და 0:1 და 0:0 ერთა ლიგის ამ გათამაშებაში.

5: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო 3 მატჩი თბილისში გამართა და ერთხელაც ვერ გაიმარჯვა. ასეთი რამ ბოლო 12 თვეში მეორედ მოხდა.
საერთო ჯამში 2019-20 წლებში შინ გამართული 9 თამაშიდან ნაკრებმა მხოლოდ 2 მოიგო (3:0 გიბრალტართან, 1:0 ბელარუსთან), 5ჯერ კი ფრედ ითამაშა.

6: ეროვნულის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 93ედ ითამაშა ნაკრებში და ჩატარებული მატჩების მხრივ ზურაბ ხიზანიშვილს გადაასწრო (92).
კანკავაზე წინ მხოლოდ ლევან კობიაშვილია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 1996-2011 წლებში ზუსტად 100ჯერ ითამაშა ქვეყნის პირველ გუნდში.

7: საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ნაცად მოთამაშეთა შორის გიორგი ლორია გოჩა ჯამარაულს გაუთანაბრდა – ორივეს 62ჯერ უთამაშია ნაკრებში და ამ მხერივ მე8 ადგილზე არიან.
აღსანიშნავია, რომ ლორია ერთადერთი მეკარეა, რომელმაც მინიმუმ 50ჯერ დაიცვა ნაკრების კარი.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 19 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian