დინამო სან სიროზე

პირველი ქართველი, რომელმაც სან სიროზე ითამაშა, მურთაზ ხურცილავა იყო. ეს 1966 წლის 1 ნოემბერს მოხდა, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები იტალიასთან 0:1 დამარცხდა. იმ წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა.


1977-78 წლების სეზონში თბილისის დინამო უეფას თასის გათამაშებაში ჩაება. ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილ გუნდს წილისყრამ პირველ მეტოქედ მილანის ინტერი არგუნა, კლუბი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე გავიდა – შავ-ლურჯები სერია ა-ს გამარჯვებულ იუვენტუსს 18 ქულით ჩამორჩნენ!

ინტერის და დინამოს პირველი შეხვედრა 1977 წლის 14 სექტემბერს სან სიროზე შედგა. ფავორიტი იტალიური კლუბი იყო, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა პროგნოზები თავდაყირა დააყენეს – 1:0 გაიმარჯვეს.

ახალკაცის გუნდმა ერთადერთი გოლი საფინალო სასტვენამდე 13 წუთით ადრე გაიტანა: დავით ყიფიანმა მასპინძელთა კაპიტანს, ვეტერან ჯაჩინტო ფაკეტის შეცდომა არ აპატია, ბურთი აართვა და ივანო ბორდონის კარი დალაშქრა.

ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ქართულმა გუნდმა სან სიროზე ითამაშა.

ორი კვირის შემდეგ, ვ.ი.ლენინის სახელობის სტადიონზე საპასუხო შეხვედრა შედგა. იტალიელებმა ვერც ამჯერად შეძლეს დავით გოგიას კარის დალაშქვრა, თავის მხრივ, ვერც დინამომ გაახარა გოლით გულშემატკივრები, თუმცა ორი მატჩის ჯამში 1:0 გაიმარჯვა და 1/16-ფინალში გავიდა. ფაკეტის თბილისში არ უთამაშია. ის სამშობლოში დარჩა…

2001 წლიდან ეს მრავლისმნახველი სტადიონი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის კახა კალაძესთვის „მშობლიური“ გახდა – კიევის დინამოდან მილანში გადასული კალაძე უკვე მე-9 სეზონია შავ-წითელთა მაისურით ასპარეზობს და კლუბთან ერთად არაერთი მწვერვალიც დაიპყრო: ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი აღმართა, 2007 წლის დეკემბერში კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც მოიგო.

კალაძემ მილანურ დერბიშიც გაიტანა გოლი. ეს 2006 წლის 14 აპრილს, სერია ა-ს XXXIV-ე ტურში მოხდა, როცა მილანმა ინტერს 1:0 სძლია. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეაგდო.

დინამო

თბილისის დინამომ 1977 წელს საკავშირო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა

დავით მუჯირის მოგონებებიდან:
…1977 წლის შემოდგომით, უეფას თასზე მილანის ინტერს შევხვდით. პირველი მატჩი იტალიაში დავით ყიფიანის გოლით მოვიგეთ, საპასუხოში კი ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა მაინც გავძელით და მიუხედავად იმისა, რომ ფრედ 0:0 ვითამაშეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. ინტერთან თბილისურ მატჩში ახალკაცმა მურაროს მეურვეობა დამავალა. მგონი, კარგად ვეთამაშე. მატჩის შემდეგ ავიწონე და აღმოჩნდა, რომ ლამის 6 კილო დავიკელი! ისე, იმ შეხვედრაში საუკეთესო ჩვენი მეკარე დავით გოგია იყო.

თამაზ კოსტავას მოგონებებიდან:
…1977 წელს პირველად ვითამაშე ოფიციალურ საერთაშორისო მატჩში – უეფას თასზე მილანის ინტერთან შეხვედრას ვგულისხმობ. იცით ეს რამხელა გამოცდილება იყო?! მე და რამაზ შენგელია გუნდის დებიუტანტები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ ახალკაცი მილანში მაინც გამოცდილებს ათამაშებდა. გავედით ქალაქში, ვსეირნობთ, არ ვნერვიულობთ იმაზე, ვითამაშებთ თუ არა… დავბრუნდით მატჩისწინა შეკრებაზე, მწვრთნელმა მეტოქის ყველა ნაკლი თუ პლუსი აგვიხსნა და ბოლოს ძირითადი შემადგენლობაც გამოაცხადა – თამაშს ვიწყებდი! ეს იყო ერთ-ერთი გარდამტეხი მატჩი კარიერაში, ვიგრძენი, რომ მწვრთნელს ჩემი სჯეროდა.

14 სექტემბერი, 1977. უეფას თასის 1/32-ფინალი, პირველი მატჩი. იტალია, მილანი, სტადიო კომუნალე დი სან სირო. 45 000
ინტერი (მილანი, იტალია) 0:1 დინამო
გოლი: 0:1 დავით ყიფიანი (77)
ინტერი: ივანო ბორდონი, გრაციანო ბინი, ნაზარენო კანუტი, ადრიანო ფედელე (ჯუზეპე ბარეზი 75), ანჯოლინო გასპარინი, ჯაჩინტო ფაკეტი (კაპ), ალესანდრო სკანციანი (ჯუზეპე პავონე 64), გაბრიელე ორიალი, ალესანდრო ალტობელი, ჯამპიერო მარინი, კარლო მურარო
მწვრთნელი: ეუჯენიო ბერსელინი
დინამო: დავით გოგია, თამაზ კოსტავა, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ ქორიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია (ვიტალი დარასელია 87)
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: ვლადიმერ გუცაევი
მსაჯები: ფრანც ვიორერი; ედუარდ მალიკი, ვილჰელმ იაროში (ავსტრია)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალიდან „საკლუბო გრანდები – მილანი“; 2010)

ka_GEGeorgian