ჩვენი ძიუდოს 160 ევრომედალი
ძიუდოს დიდ მცოდნედ არ გამოვდგები, მაგრამ ჩვენები სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ წარმატებულები არიან და მეც უკვე წლებია მათი რიგითი გულშემატკივარი ვარ.
ისე მოხდა, რომ 2020 წელი რამდენიმე სახეობის ქართველი სპორტსმენების კარიერის შესწავლა–დაზუსტებას მოვანდომე და დღეს, 23 ნოემბერს, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი მედალი ჩვენ ძიუდოისტებს მოუგიათ.
და იცით რამდენია ეს „ყველაზე მეტი მედალი“?
ზუსტად 160!
ახლახანს, პრაღაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიგო: ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ჩემპიონი გახდა; ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) II ადგილზე გავიდა; ლუკა მაისურაძე (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90), გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100კგ) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ.
46 ოქრო, 53 ვერცხლი და 61 ბრინჯაო – ასეთი სურათია 160 ევრომედლის ხარისხობრივად დაშლის შემდეგ.
როგორია?!
კიდევ 5 საინტერესო ამბავს გეტყვით:
1: პირველი ქართველი ძიუდოკა, ევროპის ჩემპიონატი რომ მოიგო, ანზორ ქიბროწაშვილი გახლდათ (1962 წელი, ესენი).
ის ასევე პირველია, რომელმაც კონტინენტის პირველობის მედალი მოიპოვა.
2: საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონი პირველად ვლადიმერ დგებუაძე გახდა 1993 წელს.
ის ასევე პირველია, რომელმაც საქართველოს სახელით მოიპოვა კონტინენტის პირველობის მედალი.
3: ევროჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ – 4ჯერ, ანზორ კიკნაძეს მოუგია (1962, 1964, 1965, 1966).
მხოლოდ კიკნაძეს, ზაზა კედელაშვილს (2006, 2007, 2008) და ავთანდილ ჭრიკიშვილს (2013, 2014, 2015) მოუგიათ ზედიზედ 3 ევროოქრო!
4: ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მეტი მედალი – 9, ნესტორ ხერგიანის და ვარლამ ლიპარტელიანის აქტივშია.
ლიპარტელიანი პრაღაშიც რომ დამდგარიყო კვარცხლბეკზე, მე10 ევრომედალს მოიგებდა და საბრძოლო სახეობებში ლუკა კურტანიძის აბსოლუტურ რეკორდს გაიმეორებდა – ქართველთაგან მხოლოდ კურტანიძე ფლობს ევროპის ჩემპიონატის 10 სხვადასხვა სინჯის მედალს!
5: პრაღაში მოპოვებული 6 მედალი მეორე საუკეთესო შედეგია საქართველოს ნაკრების ისტორიაში.
ამაზე მეტი ჯილდო – 7, ქართველებმა მხოლოდ 2ჯერ მოიგეს – 2013 წელს ბუდაპეშტში და შარშან, მინსკში, ევროპის II თამაშებზე, რომელიც ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა.
კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, მედლების დაჯამების შემდეგ არაერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე, მაგრამ დღეს ეს იყოს.
ეს ფოტო კი 5 წლის წინ გადავიღე ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში, ევროპის I თამაშების ბოლო დღეს, ძიუდოისტთა გუნდური ჩემპიონატის მსვლელობისას.
გიორგობას გილოცავთ!
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 ნოემბერი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე