კარიერა ფრაზებში #61: მაიკ ტაისონი
მაიკ ტაისონმა პროფესიულ რინგზე 18 წლისამ შეაბიჯა, 20 წლის კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
დღემდე ყველაზე პატარაა უპრესტიჟულეს, მძიმეწონოსანთა შორის პლანეტის უძლიერესი მოკრივის სარტყელს რომ დაეუფლა.
პირველი 19 მეტოქე ნოკაუტით ან ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა!
21 წლისა გახდა პირველი, ვინც კრივის სამივე მსოფლიო საბჭოს (WBA, WBC, IBF) სარტყელს დაეუფლა, მოგვიანებით კი ეს ტიტულები არაერთხელ დაიცვა.
23 წლისა პირველად დაეცა…
2 წლის შემდეგ მოდელი გააუპატიურა და დააპატიმრეს…
30 წლისამ WBCს და WBAს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის სარტყელი დაიბრუნა…
მერე იყო ბანკროტი, შვილის ტრაგიკული გარდაცვალება, ფილმები…
ორი დღის წინ, 2020 წლის 28 ნოემბერს, რკინის მაიკი რინგზე დაბრუნდა: ლოს ანჯელესში, სტეიპლს სენთრში როი ჯონს ჯუნიორს საჩვენებელ ბრძოლაში დაუპირისპირდა. ფრედ დასრულებული ბრძოლისთვის ტაისონმა 10 მილიონი დოლარი მიიღო.
ლეგენდარულმა სპორტსმენმა თქვა, რომ ეს მისი უკანასკნელი გამოჩენა იყო რინგზე. 15 წლის წინ, პროფესიული კარიერის დასასრულს, კევინ მაკბრაიდთან წაგების შემდეგ მან ზუსტად იგივე თქვა. არავინ იცის მოირგებს თუ არა მაიკი ხელთათმანებს კიდევ ერთხელ. მსუყე ჰონორარის სანაცვლოდ, ის, შესაძლოა, კიდევ ერთხელ ვიხილოთ რინგის კუთხეში, მაგრამ ასეც რომ არ მოხდეს, მის დიდებას არაფერი დააკლდება – მსოფლიო კრივის ისტორიას ბრუკლინელი ბიჭი ყველა დროის უდიადესად შემორჩება.
…რომ არა კრივი, ალბათ ბოლომდე ქუჩის ბიჭი ვიქნებოდი: თავზეხელაღებული მოზარდი, რომელიც უკან არ იხევს და დღედაღამ შარშია. და შესაძლოა, აქამდე ვერც მომეღწია – ვინმე ჩემზე გადარეულს გადავეყრებოდი და საბოლოო ჯამში შუბლს გამიხვრეტდა.
…თქვენ გაინტერესებთ რა ადგილი უჭირავს კას დ’ამატოს ჩემს ცხოვრებაში? ყოველთვის მეღიმება, როცა ამას მეკითხებიან… აი, ჩემთან ინტერვიუს წერთ და ეს სწორედ დ’ამატოს დამსახურებაა, არადა 40 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა. არასდროს დავივიწყებ პირველ მწვრთნელს, თუმცა ის უფრო მეტია, ვიდრე მწვრთნელი. კასი ჩემთვის მამა! ისაა ადამიანი, რომელმაც მაქცია იმად, რაც დღეს ვარ! 13 წლის ვიყავი ქუჩიდან რინგზე რომ შემაგდო. არც კი ვიცი უიმისოდ რას მივაღწევდი.
…მან, როგორც ჩანს, ჩემში მოკრივე დაინახა. წლების შემდეგ მითხრა: შენთან მუშაობა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ქუჩაში, საქმეში გნახეო – მორიგ ჩხუბს შეესწრო და მოეწონა, რომ უკან არ დავიხიე. ხომ გითხარით: უაზროდ ვჩხუბობდი ხოლმე, ბევრი კომპლექსი მაწუხებდა და აგრესიულიც ამიტომ ვიყავი. ამას მოგვიანებით მივხვდი, მაშინ, ცხადია, არ მესმოდა.
…დ’ამატო ხან მაღმერთებდა, სხვა დროს კი მიწასთან მასწორებდა, მეუბნებოდა, რომ ჩვეულებრივი ჩვარი ვარ და ჩემპიონი ვერასდროს გავხდები… მისი სიტყვები მაცოფებდა, გიჟივით ვვარჯიშობდი, ერთი სული მქონდა რინგზე გავსულიყავი და მეტოქისთვის თავ-ყბა დამენგრია. გავეშებული ხარი ხომ გინახავთ? შინაგანად მეც ასე ვიყავი! რინგზე ასვლის წინ კარგად თუ დამაკვირდებოდით, ჩასისხლიანებულ თვალებს დაინახავდით – იმ წამებში ჩემში ცივსისხლიან მკვლელს ეღვიძა, ადამიანს, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებდა – მოწინააღმდეგის განადგურება!
…კასი დროდადრო მეუბნებოდა, რომ თუ პროფესიონალი მოკრივე გავხდებოდი, სიღარიბე სამუდამოდ წარსულს ჩაბარდებოდა. მილიონერობაზე ვოცნებობდი – ველოდი იმ დღეს, როცა საუკეთესო სახლებს და საოცნებო ავტომობილებს შევიძენდი! მახსოვს, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, მაშინ 16 წლის ვიყავი, კუბოს ფულიც არ მქონდა. დედა ღირსეულად რომ დამეკრძალა, გასვენების წინ საყაჩაღოდ წავედი… მაშინდელ ამბებს რომ ვიხსენებ, ძალიან მრცხვენია, მაგრამ წარსულს ვერ შევცვლი – მე სწორედ ეს გზა გავიარე.
…ავტობიოგრაფიაში დავწერე და ახლაც გავიმეორებ: კასმა დიდებაც მიწინასწარმეტყველა და ფსკერზე დაშვებაც. ის 1985 წელს, 77 წლისა გარდაიცვალა და ჩემს აღზევებას ვერ მოესწრო. მსოფლიოს ჩემპიონი რომ გავხდი, მხოლოდ მასზე ვფიქრობდი. მერე, ბევრი ფული რომ ვიშოვე, თანდათან მივივიწყე და როცა გავკოტრდი და ციხეში მოვხვდი, ისევ გამახსენდა. ჭკვიანი კაცი იყო… გული მწყდება, რომ ადრე დავკარგე. 90ებში ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო, ათას უბედურებას გადავურჩებოდი. მას ყოველთვის ვენდობოდი.
…იცით რა გავაკეთე, როცა მსოფლიოს ჩემპიონის რანგში პირველად გავიღვიძე? ბრუკლინში, მშობლიურ ბრაუნსვილში კაბრიოლეტით გავისეირნე. მინდოდა ყველას ენახა, რომ პატარა მაიკი, რომელიც ჯერ კიდევ სრულწლოვანებამდე 38ჯერ დაიჭირა პოლიციამ, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და დედამიწას გადმოხედა! იმ წუთებში, როცა ჩემპიონის სარტყელი მეპყრა და ყოფილ უბნელებს თვალებში ვუცქერდი, თავი მსოფლიოს მეფე მეგონა!
…ზუსტად მახსოვს რაში დავხარჯე პირველი ჰონორარი: უძვირფასესი ვილა ვიყიდე! იმ სასახლეში 8 საძინებელი იყო! მთელი ბავშვობა ზუსტად ასეთ, ძალიან დიდ სახლზე ვოცნებობდი! იმ წუთებში რომ გენახეთ, როცა ძვირფასი ჭიშკარი შევაღე, იფიქრებდით, რომ მთვრალი ვარ… თუმცა ასეც იყო: მიწაზე ვიდექი, მაგრამ შინაგანად დავფრინავდი!
…ძვირფასი ავტომობილები ყოველთვის ჩემი სისუსტე იყო და ასეა ახლაც. 1986 წელს, როცა ჯეიმს სმიტი დავამარცხე და WBAს ქამარი შემოვირტყი, 20 წლის ვიყავი. და თქვენ გგონიათ, რომ ამ ასაკში ბიჭი გოგონების და ავტომობილების გარდა რაიმეზე ფიქრობს? ვერ დამაჯერებთ… როლს-როისი მოვინდომე! მახსოვს, ყოფილმა მენეჯერმა მითხრა: რა ჯანდაბად გინდა ეგ მანქანა, თუ ჯერ მართვის უფლებაც არ გაქვს? მოიცადე ცოტა ხანი, გახდები 21ის და მერე შეიძენ. გავოგნდი! მივხვდი, რომ სიმართლეს მეუბნებოდა, მაგრამ როგორც კი 21ის გავხდი, ავტოსალონს მივაკითხე და ოცნება ავისრულე: როლს-როის სილვერ სფერში 119 500 დოლარი გადავიხადე! გავიდა ერთი წელი, ტონი ტაკერს ვძლიე და IBFის ვერსიით გავხდი ჩემპიონი. მაშინაც არ მიფიქრია ბევრი: 165 ათასად როლს-როის ქორნიში შევიძინე… მაშინ მიმაჩნდა, რომ გამომუშავებული ფული რაც შეიძლება მალე უნდა მომეშორებინა.
…როცა მეორედ დამენგრა ოჯახი, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 30 მილიონი დოლარი ჯერ კიდევ გადასახდელი მქონდა. არ დაგავიწყდეთ: მანამდე 300 მილიონი გავანიავე. სად წავიდა ის ფული, ღმერთმა იცის… მოკლედ, ნულზე დავჯექი და სწორედ მაშინ შემატყობინა ადვოკატმა, რომ კასის ანდერძის მიხედვით 250 ათასი მერგებოდა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მან ერთ-ერთ კომპანიაში დააბანდა 500 დოლარი და მიანდერძა. ის ფული თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ 250 ათასად იქცა. როცა ვხვდები, რომ ადამიანი საიქიოდან დამეხმარა, თავი ზღაპარში მგონია. ვერ წარმოიდგენთ რა შვება ვიგრძენი მაშინ!
…ერთხელ ჯორჯ ფორმენმა თქვა, რომ ბანკროტი უარესია, რაც შეიძლება კაცს დაემართოს. სისულელეა! მხოლოდ 4 წლის იყო ჩემი ექსოდუსი… შვილის სიკვდილი – აი, რა არის ყველაზე თავზარდამცემი! როცა შვილი გეღუპება, ხვდები რომ გარშემო ყველაფერი აზრს კარგავს და უფერულდება. ფსკერზეც სწორედ მაშინ ეშვები. 2009 წელი საშინლად მაგონდება.
…არასდროს ვანიჭებდი ფულს დიდ მნიშვნელობას, მაშინაც კი, როცა დიდი ქონება დავკარგე. ვიცოდი, რომ იღბლიანი ვიყავი და ადრე თუ გვიან აუცილებლად გავმდიდრდებოდი. 10 წელი დამჭირდა ფსკერიდან ამოსასვლელად: ფილმებსა და კლიპებში მიღებდნენ, რეკლამებში ვმონაწილეობდი… ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა, ფინანსურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბევრი რამ ვისწავლე.
…50 წელი უკან მოვიტოვე და ცხოვრებას რომ ვიხსენებ, ერთ რამეში ვრწმუნდები: უამრავ ადამიანს ეყოფოდა ის, რაც ვნახე და განვიცადე!
…არც კი ვიცი რინგზე რამდენი გამოვიმუშავე. არასდროს დამითვლია. მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა: ყველა სურვილი დამეკმაყოფილებინა: ულამაზესი გოგონები არასდროს მაკლდა და მათთვის ფული არ მენანებოდა, ბევრი მეძავისთვის მიჩუქნია ძვირფასი სამკაული… საუკეთესო მანქანებზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და არც მათზე ვამბობდი უარს… ისე ვცხოვრობდი, თითქოს ხვალინდელი დღე არასდროს გათენდებოდა… ახალგაზრდა ვიყავი, ძალიან მდიდარი და… სულელი! თუმცა უცნაური ისაა, რომ იმ ამბებს საერთოდ არ ვნანობ.
…ფორმენი 45 წლის იყო რინგზე რომ დაბრუნდა. მან თქვა, რომ თუ მუშტებით შეძლებს პრობლემების მოგვარებას, კიდევ ერთხელ ცდის ბედს. ის დაბრუნდა და ჩემპიონი გახდა, თუმცა მის გზას არასდროს გავივლი. მთელი მსოფლიოს სიმდიდრე რომ წინ დამიდოთ, რინგს აღარ დავუბრუნდები. მეზიზღება პროფესიული კრივი! არასდროს ვყოფილვარ ისეთი საშინელი, როგორც კარიერის საუკეთესო წლებში. და არ მინდა, რომ ხელახლა გამოვცადო იგივე.
…ის, რომ ბევრი მოკრივე გაკოტრდა, ძალიან მარტივად აიხსნება: უმეტესობა ჩვენგანი გაუნათლებელია და თანხის მართვის არაფერი ესმის. კრივი, კაცმა რომ თქვას, ის იშვიათი სახეობაა, სადაც ჩემნაირ ბრაუნსვილელ ყაჩაღს შეუძლია მულტიმილიონერი გახდეს. მთავარია ჩხუბი კარგად იცოდე და ცოტათი დაუჯერო მწვრთნელს.
…როცა მდიდრდები, უცნობ ადამიანებს ხვდები: კონსულტანტები, მენეჯერები, პრომოუტერები… თუ ჭკუა არ გაქვს, გაგძარცვავენ! მიამიტი ნურავინ იქნება: მათ მხოლოდ შენი ტორტის მსუყე ნაჭერი სურთ და თუ გიღიმიან და მხარზე ხელს გხვევენ, გახსოვდეს: უფასოდ არაფერს აკეთებენ! იმთავითვე რომ მცოდნოდა მათი გაიძვერობის შესახებ, ბევრ პრობლემას ავირიდებდი, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, ადვილად ენდობი ხალხს, ისინი კი ამით ცუდად სარგებლობენ. ჩემი წყალობით არაერთი გამდიდრდა, ხოლო როცა გამიჭირდა, დამაპატიმრეს და გავკოტრდი, ის ხალხი უკვალოდ გაქრა – განზე გადგნენ, თითქოს პირველად მხედავდნენ.
…სანამ რინგზე ვიდექი, უამრავი მირჩევდა სად და როგორ დამეხარჯა ფული. და ერთიც არ გამოჩნდა, რომელიც მეტყოდა რომ ჰონორარი კი არ უნდა გამენიავებინა, პირიქით, რამე საქმეში ჩამედო. ხომ ხვდებით რას ვგულისხმობ?
…ფინანსებში ამდენი წლის შემდეგაც ვერ ვერკვევი კარგად, თუმცა მადლობა ღმერთს, მეუღლე ყველაფერს აგვარებს. მას ვენდობი. ის აკონტროლებს მენეჯერებს და მათ საქმიანობას. ახლა ამ მხრივ ყველაფერი ჩინებულადაა.
…უორენ ბაფეტის (მილიარდერი, ქველმოქმედი – ლ.გ.) ერთი რჩევა დამამახსოვრდა: თანხა იმ სფეროში დააბანდე, რაშიც ერკვევიო. ამიტომ გადავწყვიტე საიმედო კომპანიებში ინვესტიცია: კოკა კოლა, მაკდონალდსი, ემერიქან ექსპრესი… დღეს მათი და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის აქციებს ვფლობ და მშვიდად ვარ. ჩემ ასაკში ადამიანს წყნარი ცხოვრება სურს… თან, 8 შვილი მყავს, მათ კი პატრონობა სჭირდებათ. ახლა რისკის დრო არაა. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ჩავთვალე, რომ ეს სფეროც საინტერესო იყო – ფართების გაქირავებიდან საკმაო შემოსავალს ვიღებ. საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს – მე და ჩემი შვილები ჩინებულად ვართ, ბავშვები კარგ განათლებას იღებენ და ეს მახარებს.
…იცით, კრივს და საფონდო ბირჟას საერთოც აქვს: ცივი გონებით უნდა იმოქმედო, კარგად გააანალიზო სიტუაცია და მხოლოდ მაშინ შეუტიო, როცა საუკეთესო მომენტი დგება.
…ჩემი შოუ მაქვს – ნამდვილი ისტორიები. მსმენელს მხოლოდ საკუთარ თავზე ვუყვები, მათ შორის სევდიან ამბებსაც. სხვათა შორის, ძალიან პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ალბათ იმიტომ, რომ გულახდილი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში დარბაზები არ შეივსებოდა. ბილეთის ფასი? 89 ევროდან იწყება და თუ ჩემთან ერთად ვახშამიც გსურთ, 800 ევრო უნდა გადაიხადოთ. სანამ ამ შოუს დავიწყებდი, ვფიქრობდი, რომ ცუდი ბიჭის იმიჯისგან ვერასდროს გავთავისუფლდებოდი. აღმოჩნდა, რომ მწარედ ვცდებოდი. ახლა მიხარია: აგრესიას აღარ ვიწვევ, პირიქით, სტუმრების სითბოს და პატივისცემას ვგრძნობ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
…ჰენგოვერის შემდეგ ბიოპიკზე დავიწყე მუშაობა. იმედი მაქვს ფილმის გადაღება მალე დაიწყება. ახლა მგონი ფინანსური დეტალები თანხმდება… ვიცი რომ მთავარი, ანუ ჩემი როლი ჯეიმი ფოქსმა უნდა შეასრულოს. თუ არ ვცდები, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი… საინტერესოა, როგორ განმასახიერებს. სცენარის ავტორი ტერენს უინტერია, რეჟისორი კი მარტინ სკორსეზე იქნება, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. სკორსეზე ახლა ერთ პროექტზე მუშაობს და როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავს, გადაღებაც დაიწყება.
…რას ვისურვებდი? განსაკუთრებულს არაფერს: მინდა, რომ შვილები ჯანმრთელად მყავდეს და პატივსაცემი, ღირსეული ადამიანები გაიზარდონ. ვისურვებდი, რომ ჩემით იამაყონ, იმ მაიკით, რომელიც ახლა ვარ. სმას და ნარკოტიკებს შევეშვი, ვცდილობ სამაგალითო მეუღლე და მამა ვიყო. როგორ გამომდის, ეს შვილებს ჰკითხეთ.
მაიკლ ჯერარდ ტაისონი
დაიბადა 1966 წლის 30 ივნისს ბრუკლინში, ნიუ იორკი (აშშ)
მძიმეწონოსანი მოკრივე
ტიტულები: მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი – 1987-90 (WBC, WBA, IBF და The RING; 1989 წელს 2ჯერ დაიცვა ოთხივე სარტყელი); მსოფლიოს ჩემპიონი (WBC) – 1986-90, 1996; მსოფლიოს ჩემპიონი (WBA) – 1987-90, 1996; მსოფლიოს ჩემპიონი (IBF) – 1987-90; მსოფლიოს ჩემპიონი (ჟურნალი The RING) – 1988-90; წლის მოკრივე (ჟურნალი The RING) – 1986, 1988; ამომავალი ვარსკვლავი (ჟურნალი The RING) – 1985; შუგარ რეი რობინსონის თასი – 1987, 1989; ამერიკის ჩემპიონი აბსოლუტურ წონაში – 1983, 1984; ამერიკის ჩემპიონი აბსოლუტურ წონაში (იუნიორები) – 1981, 1982; ოქროს ხელთათმანი (აბსოლუტური წონა) – 1984; ჩემპიონთა თასი – 1984; მსოფლიოს საუკეთესო არაბრიტანელი სპორტსმენი (BBC) – 1989
58 ბრძოლა პროფესიულ რინგზე
50 გამარჯვება (44 ნოკაუტით)
პირველი 19 გამარჯვება ნოკაუტით
6 წაგება
პირველი მარცხი 38ე ბრძოლაში
2 ჯერ გამარჯვებული არ დასახელდა
*-კრივის ისტორიაში აბსოლუტური წონითი კატეგორიის ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. ყველა წონის გათვალისწინებით ტაისონი ჰონორარებით მხოლოდ ფლოიდ მეივეზერს ჩამორჩება.
*-გინესის 2გზის რეკორდსმენი: ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი აბსოლოტურში და ყველაზე სწრაფი ნოკაუტი.
*-20 წლის და 144 დღისა აბსოლუტურ წონაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა (WBC). ის ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც თუნდაც ერთი ვერსიით მოიგო აბსოლუტურში ეს ტიტული!
*-21 წლისა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა და ესეც რეკორდია – მის ასაკში ყველა სარტყელი ამ წონით კატეგორიაში არავის მოუგია!
*-2010 წლიდან კრივის დიდების დარბაზის წევრია.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ნოემბერი)