ედინსონი მანჩესტერისთვის
პრემიერლიგის X ტურში, გუშინ, 29 ნოემბერს, მანჩესტერ იუნაიტედმა საოცარი მატჩი შემოუტრიალა საუთჰემპტონს – მე60 წუთისთვის 2 ბურთით აგებდა, 0:2, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე 3:2 ენთო ოლდტრაფორდელთა სასარგებლოდ.
იუნაიტედმა ზედიზედ მე4 გასვლითი თამაში მოიგო და თან ისე, რომ თავდაპირველად მეტოქე იგებდა.
მაგრამ მთავარი გუშინდელ ამბავში ედინსონ კავანის თამაშია: მეისონ გრინვუდის ნაცვლად II ტაიმში შესულმა ურუგვაელმა დუბლი შეასრულა (74, 90+2), მანამდე კი ბრუნო ფერნანდეშს გაატანინა!
2 გოლით და საგოლე გადაცემით კავანი გახდა მხოლოდ მე2 ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელიც შეცვლაზე შევიდა და 3 გოლში მიიღო მონაწილეობა.
და არ გაინტერესებთ ვინ იყო პირველი?
ოლე-გუნარ სულშერი, ოლდტრაფორდელთა ამჟამინდელი მწვრთნელი: 1999 წლის თებერვალში, ნოტინგემ ფორესტთან მატჩში სერ ალექს ფერგიუსონმა ნორვეგიელი შეცვლაზე შეუშვა და ოლემაც… 4 გოლი გაიტანა!
და კიდევ 2 საინტერესო ფაქტი ამ მატჩიდან:
1) რუუდ ვან ნისტელროის შემდეგ კავანი მხოლოდ მეორე მანჩესტერელია, რომელმაც პრემიერლიგის გასვლით მატჩში შეცვლაზე ითამაშა, გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. ნიდერლანდელმა იგივე 2002 სექტემბერში მოახერხა ჩარლტონის წინააღმდეგ.
2) ბრუნო ფერნანდეშმა მეტოქეთა მოედანზე ზედიზედ მე5 თამაშში გაიტანა და ვან ნისტელროის (2002, 2003), რობინ ვან პერსის (2013) და ზლატან იბრაჰიმოვიჩის (2017) შედეგი გაიმეორა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ნოემბერი)
ფოტო: premierleague.com