გარი ლინეკერი – 60

ახალგაზრდა გულშემატკივრებს რომ ვესაუბრები, ხანდახან ასეთ რამეს ვამჩნევ: ფეხბურთელს თასებით და მედლებით, მოკლედ რომ ვთქვა ტიტულებით აფასებენ. თუ უამრავი ჯილდო აქვს მოგებული, მაშინ დიდია და თუ ერთიორი თასი მოუგია, არის რა, დიდი არაფერი. ხშირად ხდება ასე და სიმართლე გითხრათ, ეს გულს მწყვეტს.

აი, თუნდაც ამ პატიოსანი კაცის მაგალითზე ვიტყვი: ჩახედავენ გარი ლინეკერის კარიერას, ამოიკითხავენ, რომ მხოლოდ 5 თასი მოუგია და დიდ ყურადღებას აღარ მიაქცევენ.

ვიცნობ რამდენიმეს, ასე რომ იქცევა და ამიტომ ვამბობ დაბეჯითებით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ასეთებს ბევრზე აქვთ პრეტენზია.

მსგავსი მიდგომა უხეში შეცდომა რომაა და ყველა ვარიანტში არასწორ წარმოდგენას შეგიქმნის ფეხბურთელზე, ამას დიდი კამათი არ სჭირდება. არც მე ვაპირებ ამ თემის განვრცობას – სისულელეა და ამიტომ. თუ ვინმეს მოთამაშის საზომად ტიტულები უჩანს, კი ბატონო, იყოს ასე, მე კი სხვა აზრზე დავრჩები.

გარი ლინეკერის საფეხბურთო კარიერა 16 წელიწადს გაგრძელდა, ინგლისი, ესპანეთი და იაპონია მოიცვა და 600ზე მეტ თამაშში 350მდე გოლი დაიტია.

და ტიტული? მხოლოდ 5 გუნდური თასი: ინგლისის ასოციაციის და სუპერთასი (2ჯერ), ესპანეთის თასი და ერთადერთი საერთაშორისო ჯილდო – თასების მფლობელთა თასი.

და რა მერე? ნაკლია 5 თასი?

გარი ლინეკერი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი იყო, გოლეადორი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, არაერთხელ მოიგო ბომბარდირის ტიტული, მათ შორის ინგლისის ჩემპიონატში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიო თასზეც.

ცოტა გუნდური ჯილდოს მიუხედავად, ლინეკერი დიდი ფეხბურთელი იყო!

მაგრამ თავი დავანებოთ ამას. მე რომ გულშემატკივრობა დავიწყე, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი კარიერას ასრულებდა.

ლინეკერი მე, როგორც ქომაგს, დღეს იმიტომ მომწონს, რომ ფეხბურთზე საინტერესოდ საუბრობს. კარიერის დასრულების შემდეგ ის დიდი ხანია ამ ასპარეზზეა და ბევრ, განათლებით და მოწოდებით ჟურნალისტზე წარმატებულიცაა.

რამდენიმე დღის წინ, დიეგო მარადონა რომ გარდაიცვალა, გარი ლინეკერი, რიო ფერდინანდი და მაიკლ ოუენი იხსენებდნენ დიად არგენტინელს. ლინეკერმა ისეთი ისტორიები გაიხსენა, და თან ისე საინტერესოდ რომ, მისი მოსმენა ერთი სიამოვნება იყო!

და არ აქვს მნიშვნელობა ლეგენდარულ ფეხბურთელზე საუბრობს გარი ლინეკერი, ინგლისის პრემიერლიგის თამაშზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე თუ უბრალოდ, საფეხბურთო თავგადასავალის ეპიზოდს იხსენებს.

მისი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა! ანუ: ადამიანი ჩინებულად აკეთებს თავის საქმეს. პროფესიონალია. და ასეთი იყო ის მწვანე მინდორზეც. გნებავთ ინგლისში, ესპანეთში, იაპონიაში, კლუბებსა თუ ნაკრებში.

ფეხბურთიდან რომ წავიდა, 48 გოლით ინგლისის ნაკრების მეორე საუკეთესო ბომბარდირი იყო ლეგენდარული ბობი ჩარლტონის შემდეგ. დღეს მესამეა – მხოლოდ უეინ რუნიმ გადაასწრო.

მაგრამ ამაზე არანაკლებ შთამბეჭდავი ერთი ფაქტია: 16წლიანი კარიერის განმავლობაში გარი ლინეკერი მსაჯებს არსდროს გაუფრთხილებიათ! წითელ ბარათზე საუბარიც ზედმეტია.

ბევრს იცნობთ ასეთს? ესეც კიდევ ერთი ნათელი შტრიხი მისი პორტრეტისთვის.

დღეს, 30 ნოემბერს ლინეკერი 60 წლის გახდა. ეს ყველაფერი ამიტომ დავწერე.

თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში, გარი ლინეკერის გადაცემების ნახვა იოლია. ვნახოთ და ვუსმინოთ. მხოლოდ მოვიგებთ.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ნოემბერი)

ka_GEGeorgian