რომანის იმპერია

პრემიერლიგის X ტურში, 29 ნოემბერს, ჩელსიმ ლონდონურ დერბიში ტოტენჰემ ჰოთსფურს უმასპინძლა. თამაში უგოლოდ დასრულდა.
ერთი შეხედვითი მორიგი ქალაქური პაექრობა იყო, სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე – მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ კი არც ისე სანახაობრივი. მაგრამ თამაშმა მაინც დიდი ყურადღება მიიქცია: მას შემდეგ, რაც ჩელსი რომან აბრამოვიჩმა შეიძინა, კლუბმა ზუსტად მეათასედ ითამაშა!

რუსი მილიარდერი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში 2000ების გარიჟრაჟზე გამოჩნდა. თავდაპირველად დაიწერა, რომ ჩუკოტკის მხარის ყოფილი გუბერნატორი რუსეთში შექმნილ დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას დროებით გაერიდა, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ აბრამოვიჩი საბოლოოდ გადაბარგდა ბრიტანეთში.

პირველად ითქვა, რომ ის ტოტენჰემ ჰოთსფურის შეძენას გეგმავდა. დაიწერა, რომ რუსი კლუბის ხელმძღვანელ დანიელ ლევისაც შეხვდა. რა როგორ იყო, ახლა არ აქვს მნიშვნელობა, ტოტენჰემი არ გაიყიდა, აბრამოვიჩმა კი მცირე ხანში ჩელსი შეიძინა.

233 მილიონი დოლარი – ბრიტანული პრესის ცნობით, 2003 წელს რომან აბრამოვიჩმა სწორედ ეს თანხა გადაუხადა ჩელსის მაშინდელ მფლობელ კენ ბეიტსს.

რა გუნდი იყო ჩელსი 17 წლის წინ? ინგლისური საზომებით საშუალო, რომელიც ძალიან ჩამორჩებოდა მანჩესტერ იუნაიტედს და არსენალს.

„აბრამოვიჩის შესახებ პირველად იტალიაში შევიტყვე, შეკრებაზე ვიყავით და ყველა ამბობდა, რომ მალე გუნდში დიდი ფული ჩაიდებოდა და ტიტულებისთვის ვიბრძოლებდით“, – იხსენებს იესპერ გრონკიაერი, ლონდონელთა ნახევარმცველი – „ზუსტად არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ მალე ყველამ ვიგრძენით, რომ დიდი, ძალიან დიდი ცვლილებები ახლოვდებოდა“.

2003-04 წლების სეზონი კლაუდიო რანიერიმ დაასრულა, რამდენიმე თვეში კი აბრამოვიჩის ინვესტიციამ პირველი შედეგი გამოიღო – ჩელსი ჟოზე მოურინიუმ ჩაიბარა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ვინც 2003-04 წლებში პორტუსთან ერთად ჯერ უეფას, შემდეგ კი ჩემპიონთა თასები მოიგო.

დიდმა ფულმა ძლიერი ფეხბურთელების გამოჩენაც განაპირობა, აბრამოვიჩის ეპოქის პირველი სრული სეზონი კი დიდებულად დასრულდა: მოურინიუს ჩელსიმ ჯერ ლიგის თასი, რამდენიმე თვეში კი პრემიერლიგაც მოიგო!

ერთადერთი საჩემპიონო ტიტულიდან ზუსტად ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2005 წლის გაზაფხულზე, ჩელსი ინგლისის ჩემპიონი გახდა!

„აბრამოვიჩი ხშირად მოდიოდა ბაზაზე, არაერთხელ დაესწრო ვარჯიშს… უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა… ჩვენ ყოველთვის თარჯიმნის დახმარებით გვესაუბრებოდა… ახლა, როგორც ვიცი, ის ნაკლებადაა ჩართული კლუბის საქმიანობაში“, – ამბობს გრონკიაერი.

ჩელსის ექს-ნახევარმცველი მართალია: არაერთი გამარჯვების და ტიტულის შემდეგ რომან აბრამოვიჩი კლუბის მართვას თითქმის სრულად ჩამოშორდა, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი ახლაც მხოლოდ მისი დასტურით წყდება.

დღეს გუნდის თავმჯდომარე ბრიუს ბაკია, ამერიკელი ადვოკატი და აბრამოვიჩის ბიზნეს-პარტნიორი, მთავარი მმართველი კი მარინა გრანოვსკაია გახლავთ. ის აბრამოვიჩის ჩელსიში მისვლიდან მის გვერდითაა, მეტიც, ჯერ კიდევ ჩუკოტკაში თანამშრომლობდა მასთან.

რკინის ლედი – ასე უწოდებს ბრიტანული პრესა გრანოვსკაიას. ამბობენ, რომ ის აბრამოვიჩივით შეუვალია, როცა საქმე ჩელსის ინტერესებს ეხება და მწვრთნელის აზრსაც არად დაგიდევთ, თუ თვლის, რომ კონკრეტული ფეხბურთელი გუნდისთვის კარგია ან პირიქით, გასაშვებია.

არაოფიციალური ცნობით, განვლილ 17 წელიწადში რომან აბრამოვიჩმა დაახლოებით 2 მილიარდამდე ფუნტის ინვესტიცია განახორციელა: საუკეთესო ფეხბურთელები, ახალი საწვრთნელი ცენტრი, გოგონების და ასაკობრივი გუნდები, საფეხბურთო აკადემია…

დღეს ჩელსის საბაზრო ღირებულება თითქმის 3 მილიანდი ფუნტია, ნახევარ მილიარდამდე ყოველწლიური შემოსავლით კი ლონდონელები პირველ ათეულში არიან.

2003 წელს ჩელსი ამაზე მხოლოდ თუ იოცნებებდა.

რომან აბრამოვიჩის ჩელსის ტიტულები
ჩემპიონი –
2005, 2006, 2010, 2015, 2017; ვიცე-ჩემპიონი – 2007, 2008, 2011
თასი – 2007, 2009, 2010, 2012, 2018; ფინალი – 2017, 2020
ლიგის თასი – 2005, 2007, 2015; ფინალი – 2008, 2019
სუპერთასი – 2005, 2009; ფინალი – 2006, 2007, 2010, 2012, 2015, 2017, 2018
ჩემპიონთა თასი: 2012; ფინალი – 2008
ევროპალიგა: 2013, 2019
ევროპის სუპერთასის ფინალი – 2012, 2013, 2019
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი – 2012

რომან აბრამოვიჩის ჩელსის მწვრთნელები
ფრენკ ლამპარდი
(ინგლისი; 2019 წლის 4 ივლისიდან)
მაურიციო სარი (იტალია; 2018.07.14 – 2019.06.16)
ანტონიო კონტე (იტალია; 2016.07.03 – 2018.07.13)
გუუს ჰიდინკი (ნიდერლანდები; 2015.12.19 – 2016.05.16)
სტივ ჰოლანდი (ინგლისი, დროებითი მწვრთნელი; 2015.12.17 – 2015.12.19)
ჟოზე მოურინიუ (პორტუგალია; 2013.06.03 – 2015.12.17)
რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი; 2012.11.21 – 2013.05.27)
რობერტო დი მატეო (იტალია; 2012.03.04 – 2012.11.21)
ანდრე ვილიაშ-ბოაში (პორტუგალია; 2011.06.22 – 2012.03.04)
კარლო ანჩელოტი (იტალია; 2009.06.01 – 2011.05.22)
გუუს ჰიდინკი (ნიდერლანდები; 2009.02.16 – 2009.05.30)
ავრამ გრანტი (ისრაელი; 2007.09.20 – 2008.05.24)
ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია; 2008.07.01 – 2009.02.09)
რეი უილკინსი (ინგლისი, დროებითი მწვრთნელი; 2009.02.09 – 2009.02.15)
ჟოზე მოურინიუ (პორტუგალია; 2004.06.02 – 2007.09.19)

რომან აბრამოვიჩის ჩელსის 5 უძვირფასესი შენაძენი (მილიონი ფუნტი)
კეპა არისაბალაგა (ესპანეთი, მეკარე; ბილბაოს ატლეტიკიდან) – 71,6 (2018)
კაი ჰავერცი (გერმანია, თავდამსხმელი; ლევერკუზენის ბაიერიდან) – 71 (2020)
ალვარო მორატა (ესპანეთი, თავდამსხმელი; მადრიდის რეალიდან) – 58 (2017)
კრისტიან პულისიჩი (აშშ, ნახევარმცველი; დორტმუნდის ბორუსიიდან) – 58 (2019)
ჟორჟინიო (იტალია, მცველი; ნაპოლიდან) – 57 (2018)

რომან აბრამოვიჩის ჩელსის 5 უძვირფასესი ტრანსფერი (მილიონი ფუნტი)
ედენ აზარი (ბელგია, ნახევარმცველი; მადრიდის რეალში) – 89 (2019)
ოსკარი (ბრაზილია, ნახევარმცველი; შანხაი სიპხში) – 60 (2017)
ალვარო მორატა (ესპანეთი, თავდამსხმელი; მადრიდის ატლეტიკოში) – 58,3 (2019)
დიეგო კოშტა (ესპანეთი, თავდამსხმელი; მადრიდის ატლეტიკოში) – 57 (2017)
დავიდ ლუისი (ბრაზილია, მცველი; პარი სენ-ჟერმენში) – 50 (2014)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 1 დეკემბერი)

ka_GEGeorgian