ჩემი გადარეული ტოტო

ნოტი მაჯიკე…
ჯადოსნური ღამეები…
იტალია 90ის ჰიმნი ხომ საუკეთესოა მსოფლიო ჩემპიონატების ჰიმნებს შორის და ჯანა ნანინის და ედუარდო ბენატოს იმ ულამაზეს მუსიკას როცა ვუსმენ, პირველი, ვინც თვალწინ დამიდგება ხოლმე, ეს გადარეულია – სალვატორე, ტოტო სკილაჩი, იტალიის იმ ნაკრების მთავარი თავდამსხმელი.

15 წელი ითამაშა ფეხბურთი, მათ შორის იუვენტუსსა და ინტერში, მაგრამ ჩემთვის ის მხოლოდ იტალია 90ის ვარსკვლავია, ხელებგაშლილი, თვალებგადმოკარკლული რომ გარბოდა ყოველი გოლის მერე. როგორ მეგონა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც გამახარებდა…

არგენტინასთან ნახევარფინალის წინ იტალიას ხომ თავისთავად და, პირადად სკილაჩისაც ვგულშემატკივრობდი – მინდოდა მხოლოდ მისი გოლით გასულიყო ჩემი ფავორიტი გუნდი ფინალში.

ტოტომ კი გამახარა, მაგრამ მერე ვალტერ ძენგა უაზროდ გამოვარდა კარიდან და იტალიამაც, იმ ჩემპიონატზე პირველად, გოლი გაუშვა. 1:1ს ის საშინელი პენალტების სერია მოჰყვა, რობერტო დონადონიმ და ალდო სერენამ სულ ბოლოს ვერ ივარგეს და ფინალშიც არგენტინა გავიდა. სერხიო გოიკოეჩეა ხომ გახსოვთ, არგენტინელების მეკარე? მარადონასაც ჩამოჰყვა 2008ში თბილისში. გოიკოეჩეა იმ ნახევარფინალში, და პრინციპში მანამდეც, დიდებული იყო. სერხიო გოიკოეჩეა სათადარიგოდ გაემგზავრა იტალია 90ზე და მხოლოდ ძირითადი მეკარის, პუმპიდოს ტრავმის შემდეგ ჩადგა კარში.

ტოტო სკილაჩიც სათადარიგო იყო იმ იტალიის ნაკრებში. პირველი მატჩიც, ჯგუფში ავსტრიასთან, სკამზე დაიწყო, მაგრამ 75ე წუთზე ანდრეა კარნევალეს ნაცვლად შეუშვა აძელიო ვიჩინიმ და 3 წუთში ერთადერთი გოლიც შეაგდო!

პირველად მაშინ გაგიჟდა და გადაირია და მერე აღარც გაჩერებულა: ჩეხოსლოვაკია, ურუგვაი, ირლანდია, არგენტინა…

მეც მასთან ერთად ვგიჟდებოდი ყოველი გოლის მერე: ზაფხული იდგა, დღისით ფეხბურთს ვთამაშობდით, საღამოს კი მსოფლიო ჩემპიონატის თამაშები იწყებოდა და მეც ბავშვობის ძმაკაცთან ერთად ვიჯექი ტელევიზორის წინ…

სკილაჩიმ ბრინჯაოს ფინალშიც გაიტანა და საბოლოოდ, 6 ბურთით მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა! მასვე გადაეცა იტალია 90ის უძლიერესი ფეხბურთელისთვის დაწესებული ოქროს ბურთი. მსოფლიოს ჩემპიონ ლოთარ მათეუსს და დიეგო მარადონას აჯობა!

და მისი ფეხბურთიც მანდ დამთავრდა – მომდევნო წლებში, კარიერის დასრულებამდე, ერთი რიგითი, არაფრით გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელსაც სახლში უდიდესი ტურნირის ორი მთავარი ინდივიდუალური ჯილდო ედგა.

დღეს სალვატორე სკილაჩი 56 წლის გახდა, კარგა ხანია პალერმოში ცხოვრობს და საკუთარ საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობს.

იცის ეხლა ამან როგორ ვგულშემატკივრობდი 30 წლის წინ?

როგორც პაულო კოელიო იტყვის ხოლმე ფეისბუქზე (ან ტოლსტოი, ან დასტაევსკი, ან ვინმე სხვა ჭკვადამჯდარი): არავის უნდა გადაყვე. არ დაგიფასებენ!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 1 დეკემბერი)

ka_GEGeorgian