კარიერა ფრაზებში #9: დავით მუჯირი

1979 წლის შემოდგომით თბილისის დინამო პირველად ჩაერთო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ წრეში, 1/16-ფინალში დინამოელებმა სენსაცია მოახდინეს – 1977 და 1978 წლების ჩემპიონთა თასის მფლობელ ლივერპულს ორი მატჩის ჯამში 4:2 სძლიეს.
1/8-ფინალმა დინამოს კიდევ ერთი „გამოცდა“ მოუწყო: მეტოქედ ჰამბურგი არგუნა, დასავლეთგერმანული კლუბი, სადაც კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელი კევინ კიგანი ბრწყინავდა. დინამო ორჯერ დამარცხდა. ჰამბურგში 1:3 წაგებული შეხვედრა დავით მუჯირს დაბრალდა – უნებლიედ საკუთარ კარში ჩაჭრილი ბურთი არ აპატიეს.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. დავით მუჯირის შვილმა, უმცროსმა დათომ წლების შემდეგ მამაზე არანაკლები ფეხბურთი ითამაშა, 1997 წელს, თბილისში, პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან 5:1 მოგებულ მატჩში კი ის შეუდარებელი იყო. სწორედ იმ თამაშის შემდეგ დაწერა ერთმა ჟურნალისტმა საავტორო სვეტი, რომელიც უფროსი დავით მუჯირისადმი ერთგვარ დაგვიანებულ ბოდიშადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ის ჩანახატი ამ სიტყვებით მთავრდებოდა:„მადლობა, რომ შვილი ფეხბურთზე შეიყვანე“.

…10 წლის ვიყავი თბილისის ნორჩ დინამოელში რომ ჩავირიცხე. ჩემი პირველი მწვრთნელები ჯემალ გაბისონია, გრიგოლ გაგუა და ომარ უშვერიძე იყვნენ. დიდ დინამომდე იქ ვთამაშობდი.

…ჭაბუკებს უკვე ვლადიმერ ელოშვილი გვავარჯიშებდა. მე თუ მკითხავთ, ის ახალგაზრდების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. მისი ხელმძღვანელობით ჯერ „სიჭაბუკის თასი“ მოვიგეთ, შემდეგ „იმედის თასი“… ასეთი წარმატებების შემდეგ საოცნებო დღე გამითენდა – დინამოში მიხმეს!

…17 წლის ვიყავი, როცა პირველად ვითამაშე ძირითად შემადგენლობაში. თავი სიზმარში მეგონა! იცით ვინ იყვნენ იმ დროს მცველები? რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ ჭელიძე და შოთა ხინჩაგაშვილი! გივი ჩოხელი წვრთნიდა იმ დროს დინამოს… დღემდე მადლიერი ვარ მისი, რომ ეს შანსი მიბოძა.

…ლვოვის კარპატს ვხვდებოდით. ერთ მომენტში მეკარე კარგად მოვატყუე, გოლიც უნდა გამეტანა, მაგრამ უხეშად მომცელეს. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, დიდხანს ვმკურნალობდი… ამ დროს მწვრთნელიც შეიცვალა – ჩოხელი იაკუშინმა შეცვალა. ის ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იყო, მეც მენდობოდა. როგორც კი გამოვჯანმრთელდი, მუდმივად მათამაშებდა… მას ძალიან უყვარდა სასმელი და ამან მის კარიერაზე დამღუპველად იმოქმედა.

…მასზე ათას ამბავს ჰყვებიან, მე კი იმას გეტყვით, რაც საკუთარი თვალით მინახავს: ერთხელ ტაშკენტში თამაშამდე იმდენი დალია, რომ მატჩი მის გარეშე დავიწყეთ. მეორე ტაიმის შუაში, ვხედავთ მინდვრის კიდეზე დგას და ყვირის. თურმე გაბრაზებულა, თამაში უჩემოდ რატომ დაიწყეთო! გასახდელში გამოფხიზლებულა… ძნელია, როცა ასეთი მწვრთნელი ჰყავს გუნდს – ხანდახან 4-5 დღე არ მოდიოდა ბაზაზე, გადააბამდა და…

…ფეხბურთელებმა ვიცოდით, რომ იაკუშინს ნოდარ ახალკაცი შეცვლიდა. ის კლუბში სხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ სამწვრთნელო პროცესშიც მონაწილეობდა. ვიცოდით, რომ ახალკაცი მკაცრი იყო, დისციპლინის მოყვარული და ფეხბურთელებისგანაც ამავეს ითხოვდა. მოვიდა თუ არა, ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა ყველაფერი, გუნდში სიტუაცია თავისებურად დაალაგა. ავტორიტეტი? მის სიტყვას ყველა ანგარიშს უწევდა. საერთოდ, მომთხოვნი ადამიანი იყო: თამაშამდე ყველას კონკრეტულ დავალებას გვაძლევდა და კარგი ბიჭი იყავი, არ შეგესრულებინა! იმ არანორმალური კონკურენციის პირობებში კარგა ხნით მოგიწევდა სათადარიგოთა სკამის ხეხვა.

…ახალკაცი არ დაგავალებდა ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებდი. მაგალითად, ნახევარი გუნდის მოტყუება მე არ მევალებოდა, ისევე როგორც, ვთქვათ, დავით ყიფიანს არ სთხოვდა ცენტრალური მცველის ფუნქციის შესრულებას. ცხადია, მწვრთნელი მოთამაშეებს არც იმპროვიზაციას გვიშლიდა, ოღონდ კონცენტრაცია წამით არ უნდა დაკარგულიყო, ფეხბურთელს მოდუნებას არ აპატიებდა.

…ტრავმებმა ძალიან გამტანჯა: 1976 წელს, როცა პირველად მოვიგეთ საბჭოთა კავშირის თასი, ფინალი გამოვტოვე; 1978 წელს, მეორედ რომ გავხდით ჩემპიონები, თითქმის ნახევარი პირველობა გამიცდა; 1981 წლის 13 მაისზე აღარაფერს ვამბობ – საოცნებო თამაში გამოვტოვე.

…1977 წლის შემოდგომით, უეფას თასზე მილანის ინტერს შევხვდით. პირველი მატჩი იტალიაში დავით ყიფიანის გოლით მოვიგეთ, საპასუხოში კი ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა მაინც გავძელით და მიუხედავად იმისა, რომ ფრედ 0:0 ვითამაშეთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძელით. ინტერთან თბილისურ მატჩში ახალკაცმა მურაროს მეურვეობა დამავალა. მგონი, კარგად ვეთამაშე. მატჩის შემდეგ ავიწონე და აღმოჩნდა, რომ ლამის 6 კილო დავიკელი! ისე, იმ შეხვედრაში საუკეთესო ჩვენი მეკარე დავით გოგია იყო.

…1978 წელს ორი ოქროს მედალი გადმომცეს. მაშინ ასეთი წესი იყო: თუ მატჩების საკმარის რაოდენობას ჩაატარებდი, ჩემპიონის ტიტულს განიჭებდნენ. მე კი მონაცვლეობით ვთამაშობდი ძირითად და სათადარიგო შემადგენლობაში. და რადგან ორივე გუნდი, პირველიც და დუბლებიც ჩემპიონი გახდა, ორი მედალი მომცეს.

…ჩემპიონობაზე პრემია არ აგვიღია, არ იყო მაშინ ასეთი წესები. ერთადერთი, რითაც გაგვახარეს, ეს ჟიგულის თავის ფასში  შეძენა იყო.

…თბილისის დინამოში თამაშისას ხშირად დავდიოდით უცხოეთში, მაგრამ დღიურს, ეგრეთ წოდებულ „სუტოჩნის“ იმდენს გვაძლევდნენ, მხოლოდ სუვენირების შესაძენად გვყოფნიდა. რაც შეეხება პრემიებს, საკავშიროს და ევროთასების შედარება არ შეიძლება. მაგალითად, იყო რამდენიმე მატჩი ევროპის საკლუბო ტურნირებში, რომელშიც გავიმარჯვეთ და 300 თუ 400 მანეთი პრემია მოგვცეს.

…საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში არაერთი კარგი თავდამსხმელი თამაშობდა: ონიშჩენკო, ჯავადოვი, ახმედოვი, როგოვსკი… ყველაზე რთული მეტოქე, ალბათ, მაინც ნაზარ პეტროსიანი იყო, ძალიან ტექნიკური მოთამაშე. ვიცოდი, თუ ბურთს მიიღებდა, კარგი დღე არ დამადგებოდა, ამიტომ, ვცდილობდი დასწრებაზე მეთამაშა.

თბილისის დინამო

უეფას თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამო სტუმრად კახეთში: დავით მუჯირი, ვლადიმერ გუცაევი, ნუკრი კაკილაშვილი, ზაურ სვანაძე, ნოდარ ხიზანიშვილი, რამაზ შენგელიაამირან ანდღულაძე, ვიტალი დარასელია, დავით ყიფიანი

…ბლოხინი? თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ მგონი ერთადერთი ვიყავი, ვისაც ის ვერ ასწრებდა. ხომ იცით, ის ფეხბურთში მძლეოსნობიდან მოვიდა, ამიტომ, მეურვეებს საშინელ დღეში აგდებდა, მაგრამ არ მახსოვს მასთან ორთაბრძოლა წამეგოს. სხვა მხრივ ბლოხინი, რა თქმა უნდა, მსოფლიო დონის მოთამაშე იყო.

…1979 წლის მეორე ნახევარში კისრის ტკივილები დამეწყო. ისე მტკიოდა, ხშირად თამაშს ვერ ვასრულებდი. გახსოვთ ალბათ, საკავშირო თასის ფინალში სწორედ ტკივილის გამო შემცვალეს. მერე და მერე ყველაფერი აუტანელი გახდა და სანამ განვიკურნებოდი, ლივერპულთან მატჩებმა უჩემოდ ჩაიარა. გული კი მწყდება, მაგრამ რას იზამ?

…ჰამბურგი, ვისაც ლივერპულის შემდეგ დავუპირისპირდით, ჩემი აზრით ინგლისელებზე ძლიერი კლუბი იყო. მარტო ის რად ღირს, რომ გერმანელთა შორის კევინ კიგანი თამაშობდა, იმ წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი! ან მანფრედ კალცი გაიხსენეთ – ასეთი დონის მცველის წინააღმდეგ არასდროს მითამაშია, დიდებული ფეხბურთელი იყო! კიდევ ბულიანი, ჰრუბეში.

…საკუთარ კარში გატანილ გოლზე აბა რა გითხრათ? არც მაშინ და არც ახლა, ამდენი წლის შემდეგ, თავის მართლება არ მიცდია: მოხდა და მორჩა, აღარც მივბრუნებივარ იმ ეპიზოდს. საწყენად მხოლოდ ის დამირჩა, რომ ხშირად მახსენებდნენ. ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის, რომ დავით მუჯირმა ძალით გაიტანა გოლი საკუთარ კარში? ის ავტოგოლი ჩემთვის ტრაგედია იყო. საბედნიეროდ, იმ რთულ მომენტში იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვერდში დამიდგნენ და მძიმე პერიოდი გადამატანინეს.

…ჰამბურგთან ავტოგოლის მერე ლამის ყველა ჩემზე საუბრობდა, არიქა, მუჯირმა დაგვღუპაო. ძალიან დათრგუნული ვიყავი. ახალკაცი ხვდებოდა ჩემს მდგომარეობას და ამიტომ, ძირითადად, გასვლით შეხვედრებში მაყენებდა. ჩემი თანაგუნდელი და მეგობარი „ტუხა“, ვახტანგ ქორიძე მაშაყირებდა – რა გინდა, პოპულარული გახდი, ყველა შენზე საუბრობსო…

…მახსოვს, 1979 წლის 31 დეკემბერს, როცა ოჯახში ახალი წლის შესახვედრად ვემზადებოდით და ვფუსფუსებდით, უცბად ტელევიზიით გამოაცხადეს, გასული წლის ყველაზე ტკბილადმოსაგონარ და ცუდ მომენტებს გავიხსენებთო. მეუღლეს გავძახე, ნახე თუ ჩემი ავტოგოლი არ ახსენონ-მეთქი და მალე დიქტორმაც კიდევ ერთხელ გამომაცხადა. ყველაფერი ჩამშხამდა.

…1981 წლის გაზაფხულზე, როცა დინამომ თასების თასისკენ სვლა დაიწყო, კარგ ფორმაში ვიყავი – მოსამზადებელი პერიოდი ჩინებულად გავიარე და მოუთმენლად ველოდი სეზონის დაწყებას. ლონდონის ვესტ ჰემ იუნაიტედთან პირველი თამაშის წინ მინსკის დინამოს შევხვდით. ერთ მომენტში მეტოქემ იდაყვი ჩამარტყა სახეში და… იმის მაგივრად ლონდონში წავსულიყავი, საავადმყოფოში აღმოვჩნდი – გატეხილ ცხვირზე ოპერაცია „წოპემ“ გამიკეთა.

…26 წლის ვიყავი დინამოდან რომ წავედი. პრინციპში, ფეხბურთელის კარიერაც მაშინ დავასრულე. 1982 წელი იყო, ერთ-ერთი გასვლითი შეხვედრის წინ საშინელი ამბავი შევიტყვე – ვახტანგ ქორიძეს მეუღლე გარდაეცვალა. ვახოსთან გამორჩეულად ვმეგობრობდი, ჩემი მეჯვარე და დათუნას ნათლიაა… ვერ დავიძინე, სულ ტელეფონზე ვსაუბრობდი – ვახო მაშინ ბათუმში ცხოვრობდა. ნოდარ ახალკაცს ვთხოვე, სამძიმარზე გამიშვი-მეთქი. ფარსადანოვიჩმა, აქედან მიუსამძიმრეო. გამოვედი თუ არა მისი კაბინეტიდან, კადრების განყოფილებაში შევედი და განცხადება დავწერე.

…თბილისიდან წასულს ბათუმის დინამო მეპატიჟებოდა. იქაურები ყველა პირობას მიქმნიდნენ, მაგრამ ვიფიქრე, ვიფიქრე და საბოლოოდ უარი ვთქვი. ამის შემდეგ დიდხანს ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროში – დინამოელთა უმეტესობა კლუბიდან იქ მიდიოდა.

…კარიერით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, ან კი როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 10 წელი ვითამაშე თბილისის დინამოში, თან რა ბიჭების მხარდამხარ?!

…ყოველთვის მინდოდა დათუნა ფეხბურთელი ყოფილიყო. ბავშვობიდანვე ნიჭიერი იყო, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი… მე თუ მკითხავთ, 1997 წელი მის კარიერაში გარდამტეხი გამოდგა – ჯერ ვოვა გუცაევის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებში დაიმკვიდრა ადგილი, მერე დინამოსაც გაუშინაურდა. ალბათ, ჩემი სახელიც ეხმარებოდა – სხვა თუ არაფერი, ჩემს ძველ თანაგუნდელებთან თამაშობდა.

…მის გამო ხშირად მიამაყია, ოღონდ ჩემთვის, გულში. განსაკუთრებით ტკბილად მისი ავსტრიული კარიერა მაგონდება – კარგად მოერგო შტურმს და ძირითად შემადგენლობაშიც თამაშობდა. თუ არ ვცდები, გულშემატკივრებმა რამდენჯერმე კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

…ოცნება? მინდა დალაგებულ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ფეხბურთი ზეიმი იქნება.

დავით მუჯირი
დაიბადა 1956 წლის 7 აპრილს
1974-83 წლებში წლებში თბილისის დინამოს მცველი
ტიტულები: უეფას თასების მფლობელთა თასი – 1981; სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981; სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #2 – 1977; სსრკ სპორტის ოსტატი – 1974; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1981; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) – 2011

*-მისი შვილი, უმცროსი დავით მუჯირი, თბილისის დინამოს და საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების ღირსებას იცავდა, ასევე თამაშობდა უცხოეთის კლუბებში. წლების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გახდა.

ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge

ka_GEGeorgian