რომაული არდადეგები
ცუდი ამბები რომ ხდება და ვერაფერს ვცვლი, მირჩევნია მარტო დავრჩე და რამეთი მაინც გამოვიკეთო გუნება: გემრიელი წიგნები გადავიკითხო, რომ მიყვარს იმ ფილმებს ჩავუჯდე ან, უკიდურეს შემთხვევაში, თუ სრულიად ფრუსტრირებული ვარ, ფლეისთეიშენს მივუჯდე და იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ვცადო.
სირბილი და ველოსიპედით სეირნობაც ძალიან მშველის, მაგრამ ახლა ცივა, მე კიდე ჩათბუნვა და ასე ვარჯიში დიდად არ მხიბლავს, ასე რომ, ნოემბრის ბოლოს, მორიგი იმედგაცრუებისას, ფიზკულტურა ადვილად ვიუარე.
ჩემი დაღონება კი ჯერ წერტილოვანმა ლოქდაუნმა, შემდეგ დიეგო არმანდოს წაქცევამ და კიდევ ერთმა-ორმა პატარა ამბავმა გამოიწვია, თქვენ რომ არ დაგაინტერესებთ, ისეთმა. დიადი არგენტინელი კი ერთ-ერთი იყო, ვის გამოც ბავშვობიდან შემიყვარდა ფეხბურთი და ასე დროს, ხომ ხვდებით, ხასიათის გაფუჭება გასაკვირი არაა.
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ მცირე ხნით არცთუ კარგ ხასიათზე გახლდით. ვიფიქრე, ვიფიქრე და ზემოხსენებული თერაპიიდან ერთ-ერთს მივმართე – რომაული არდადეგები კიდევ ერთხელ ვნახე. მართლა არ მახსოვს მერამდენედ.
ეს ძალიან ლამაზი და მარადიული ფილმი ორი მიზეზით ავირჩიე.
პირველი იტალიის უზომო სიყვარულია – რომში გატარებული დღეები ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და ფერადი მოგონებაა! და ასე, ამ ფილმის დახმარებით კიდევ ერთხელ გავისერინე მარადიულ ქალაქში – ეს კარჩაკეტილობა ჩემთვის სასტიკად დამთრგუნველია.
მეორე მიზეზი კი წიგნია: დიეგოს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ოდრი ჰეპბერნის მოგონებები დავასრულე – სიყვარულის გამხელა, ასე ჰქვია იმ ჩანახატების კრებულს. ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, გირჩევთ.
ამ ალბომის გაკეთება ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე, წიგნი კი ამ ამბავში ძალიან დამეხმარა. ნუ, ფოტოები დროთა განმავლობაში დამიგროვდა და მეც ცოტა მივდექი, ცოტაც მოვდექი, ყუფარაძეს დავარეკინე, მურვანიძემ რეზოლუციაც დაადო და რაც გამოვიდა აგერაა.
რომაული არდადეგები ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია და რატომღაც მგონია, რომ ბევრი თქვენგანისთვისაც.
ოდრი ჰეპბერნი კი მხოლოდ ამ ფილმის გამო არ მიყვარს: როგორ მოვიპაროთ მილიონი, საბრინა, საუზმე ტიფანისთან… ის ყველა ფილმში ულამაზესია და ამიტომაც, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობია, თაობის სიმბოლო, მე თუ მკითხავთ.
მოკლედ, აგერ ბურთი კიარადა, აგერ ფოტოები და ოდრი ჰეპბერნის მოგონებებიც.
რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, დიდი იმედი მაქვს მალე ყველაფერი კარგად იქნება!
ლაშა გოდუაძე
2020 წლის 3 დეკემბერი
…რომაული არდადეგები პირველივე დღიდან დღესასწაული იყო და ბოლომდე ასეთად დარჩა!
სცენარის მიხედვით ვთამაშობდი პრინცესა ანას, რომელიც რომში ოფიციალური ვიზიტით ჩადის. საბრალო პრინცესა გატანჯულია მკაცრი წესებით, რომლის მიხედვითაც უნდა მოიქცეს ოფიციალური შეხვედრების დროს, დაუსრულებლად იღიმებოდეს, ვიღაცებს უსმინოს და მეგობრული ქათინაურები გამოთქვას. ის მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს – ერთი საათით მაინც გააღწიოს თავისუფლებაზე! სრულიად მოულოდნელად ანა ამას ახერხებს და ყველასთვის უცნობი პრინცესა ერთი დღე-ღამის განმავლობაში დასეირნობს რომის ქუჩებში ამერიკელი ჟურნალისტის თანხლებით, რომელსაც… გრეგორი პეკი განასახიერებს!
ღმერთო ჩემო, მე უნდა ვითამაშო… სიტყვებითაც ვერ გამოვთქვამდი აღფრთოვანებას… ულამაზეს გრეგორი პეკთან!
…უილიამ უაილერთან პირველ შეხვედრაზე, ჩემდა სამარცხვინოდ, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. გენიალური რეჟისორის ერთი ფილმიც კი არ მქონდა ნანახი!
მხოლოდ ის მითხრეს, რომ 2 ოსკარი ჰქონდა, მის გადაღებებში მონაწილე 14მა მსახიობმა ასევე მიიღო ეს ჯილდო, ხოლო 36 ნომინირებული იყო!
ნებისმიერი ინატრებდა უაილერთან თუნდაც ეპიზოდში მონაწილეობას!
…არ მოველოდი გვარის შეცვლას თუ შემომთავაზებდნენ.
ჰეპბერნი…
ასეთი გვარის მსახიობი უკვე არსებობდა – კეტრინ ჰეპბერნი, სახელგანთქმული, ღვთაებრივი კეტრინ ჰეპბერნი, რომელთან გაპაექრებაც სისულელეა.
იცით რა ვუპასუხე: თუ ჩემი მიღება გსურთ, ეს ჩემს სახელთან ერთად უნდა გააკეთოთ!
…ერთ-ერთი სინჯი აშკარად ჩავაგდე, მაგრამ ოპერატორმა კამერა არ გამორთო და რაღაცაზე საუბარი გამიბა.
შევამჩნიე მისი საქციელი და რატომღაც გავმხიარულდი, ერთ მომენტში კი გულიანად გავიცინე.
იმ წამებში მშვენივრად მესმოდა, რომ შემდეგი სინჯები, შესაძლოა, უბრალოდ აღარ ყოფილიყო, მაგრამ მაინც კარგ გუნებაზე ვიყავი.
საღამოს, ყველაფერზე ხელჩაქნეული, პირად საქმეებს დავუბრუნდი, მაგრამ ის ჩუმად გადაღებული იმპროვიზაციები რეჟისორს ძალიან მოეწონა.
მალე როლზე დამამტკიცეს!
…ნიუ იორკში ჰოლივუდის მოდის კანონმდებელი ედიტ ჰედი ჩამოფრინდა, რომლის კოსტიუმებიც 2 ოსკარით იყო შეფასებული და კიდევ უფრო ბევრჯერ – ნომინირებული.
მის შესახებ ბევრი მსმენოდა: მკაცრია, უცხვირპიროა, შინაბერაა, მუდმივად შავი სათვალით დადის, კარივით ჭრიალა ხმა აქვს, კამათს ვერ იტანს…
მე კი ვფიქრობდი, რომ რადგან ფილმში უნდა ვითამაშო, მხოლოდ მე უნდა გადავწყვიტო, რა ჩავიცვა! და არ აქვს მნიშვნელობა, რას შემომთავაზებს ფილმის მხატვარი.
როცა ედიტს შევხვდი, სიმკაცრე ვერ შევამჩნიე. რატომ ყვებიან ადამიანები ამ ქალზე საშინელ ამბებს?
-წელი რა ზომა გაქვთ მის ჰეპბერნ? – მკითხა და მივხვდი, რომ სრულიადაც არ იყო საშინელი და სულაც არ მინდოდა ამ ქალთან ომი.
…ველოდი მკაცრს, უცხვირპირო ქალს და გავიცანი გულისხმიერი და საინტერესო ქალბატონი.
ჩემი თხოვნით ედიტი ცვლიდა კაბის გულის ფორმებს და დამთანხმდა, რომ მაღალი გრეგორი პეკის გვერდით ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩამეცვა.
მის შუბლზე შეჭრილ თმას თვალს ვერ ვწყვეტდი – იდეალურად ზუსტი… თმა ერთმანეთზე იყო მიწყობილი. მან შემნიშნა, ოდნავ გამიღიმა და თავი გაიქნია.
-გინდათ ასეთი?
-არა, რას ბრძანებთ!
-მართალია, ეს სათქვენო არ არის. თქვენი წინ შეჭრილი თმა აჩეჩილი უნდა იყოს! ეს ფილმი, მის ჰეპბერნ, სახელს გაგითქვამთ, ჩვენ კი ვეცდებით თქვენი სამოსი სხვებმაც ატარონ – მითხრა ედიტმა და მოულოდნელად თვალი ჩამიკრა.
…ედიტ ჰედი გასაოცარი ქალი იყო და ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთის კმაყოფილები დავრჩით.
პირველი შეხვედრის შემდეგ, პრინცესას კაბებზე რომ შევთანხმდით, დამშვიდობებისას მხოლოდ ერთი რამ მთხოვა: არ გასუქდეთ.
არასოდეს! – უმალ ვუპასუხე და ზუსტად ვიცოდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა.
მის ჰედმა ერთხელ მითხრა: კაბა ტანზე საკმარისად უნდა იყოს მომდგარი იმის საჩვენებლად, რომ ქალი ბრძანდებით, მაგრამ საკმარისად თავისუფლად, რომ ქალბატონივით გამოიყურებოდეთ.
უფრო ზუსტად ვერ ვიტყვი.
…ედიტ ჰედის შემდეგ ესტაფეტა გრიმიორებმა გადაიბარეს. ასე დაკვირვებით და სხვადასხვა განათებით ცხოვრებაში არავის არასდროს ვუთვალიერებივარ.
უოლი უესტმორი ნიკაპზე ხელს მკიდებდა და აქეთ-იქით მოურიდებლად ატრიალებდა ჩემ სახეს, თან მდივანს გაუთავებლად რაღაცას კარნახობდა. ის საწყალი ძლივს ასწრებდა ტექსტის ჩაწერას.
რამდენიმე საათი დამტრიალებდნენ და ბოლოს და ბოლოს, სარკეში რომ ჩავიხედე, ისეთი ლამაზმანი მიყურებდა, როგორიც ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ!
…ფილმისთვის გრიმი ალბერტო როსიმ გამიკეთა, მისი მეუღლე კი პარიკმახერი იყო. როგორი სიამოვნებაა ასეთ ოსტატებთან მუშაობა! სანამ ისინი ნამდვილ პრინცესად მაქცევდნენ, საათობით ველაქლაქებოდი მათ და ეს ძალიან სასიამოვნო იყო.
-მაყურებელი მთელი გულით შეგიყვარებთ, ან მე ამ ცხოვრებაში არაფერი გამეგება!
-მადლობა!
-მეე? მადლობა დედას და მამას უთხარით. და კიდევ ღმერთს.
ალბერტო როსისთან კიდევ 5 ფილმზე ვიმუშავე, გრაციასთან კი 4ზე. საოცრად მიმართლებდა კარგ ადამიანებსა და საკუთარი საქმის ნამდვილ ოსტატებში.
…გრეგორი პეკს სასტუმრო ექსელსიორში შევხვდი. მაშინ ის 36 წლის იყო – არაჩვეულებრივი ასაკი მამაკაცისთვის!
მაღალი, ძლიერი, მამაკაცური… ასეთი ადამიანის გვერდით თავს ყველანაირი უბედურებისგან დაცულად გრძნობ, მისი თვალები ყოველთვის სიკეთეს ასხივებენ, ის კეთილგანწყობილია!
ხელი გავუწოდე და უცბად, მოულოდნელად:
-თქვენო უმაღლესობავ…
გულით გამეცინა! სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელი იყო!
-ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ!
-სხვანაირად შეუძლებელია, თქვენი გაღიმებაც კი საკმარისია, რომ მაყურებელმა შეგიყვაროთ, – ვუთხარი მე.
…პეკთან მუშაობა დიდებული იყო. ცდილობდა ყოველი სცენის გადაღების წინ დავემშვიდებინე, გამეღიმა… როგორც ჩანს, გრეგორი მაშინვე მიხვდა, რომ კამერების ძალიან მეშინოდა.
მანვე მითხრა, რომ უაილერს დუბლების განსაზღვრული რაოდენობა ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში რეჟისორი ყველას გაგვტანჯავდა. ეჭვი მაქვს გრეგორიმ ეს გასამხნევებლად მითხრა, რადგან გამეორების უნარი არ გამაჩნია – საუკეთესო დუბლი ყოველთვის პირველია. არ შემიძლია ზედიზედ ერთნაირი ემოციით განვიცადო ერთი და იგივე.
მაგრამ პეკი მწარედ შეცდა: უაილერი 50მდე დუბლს იღებდა! და როცა ყველა იწყებდა ტექსტის და საერთოდ, გადაღების შეძულებას, მოულოდნელად გვესმოდა მისი ხმა: მორჩა, გადაღებულია!
…გაუთავებელი დუბლების გამო უაილერს ყველაზე ძალიან ედი ალბერტი ემტერებოდა. ის ფილმში ფოტოგრაფს თამაშობს. ხანდახან, ედის თვალებს რომ დავინახავდი, ვფიქრობდი აი, ახლა დაეტაკება უაილერს და მოკლავს-მეთქი…
გრეგორი პეკი და ედი ალბერტი მუდმივად ჩემზე ხუმრობდნენ.
სცენარის მიხედვით ედის გმირი – ფოტოგრაფი პრინცესას და ჟურნალისტს უთვალთვალებს, რომ სკანდალური რეპორტაჟისთვის ფოტოები გადაიღოს. მაგრამ საღამოს პრინცესა ანა და ჯო ბრედლი უკვე ერთმანეთზე არიან შეყვარებულნი. ჟურნალისტს რეპორტაჟის დაწერის ძალა აღარ აქვს, ფოტოგრაფი კი სკანდალური ფოტოების გამოქვეყნებას ვერ ბედავს.
საბოლოოდ პრინცესა სასახლეში ბრუნდება, ორ რეპორტიორს კი ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ხვდება. მათი სახალისო თავგადასავალიც იქ მთავრდება.
…როდესაც ჭეშმარიტების ბაგესთან ვიღებდით სცენას, პეკმა, სანამ ხელს ბაგეში შეყოფდა, ჩემ გასაგონად ვითომ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა:
-ჯანდაბას… დამავიწყდა გარკვევა, მართლა დააყენეს ხაფანგი თუ გადაიფიქრეს.
მართლა შემეშინდა:
-კი მაგრამ, რა? უნდა დაედოთ?
-ჰო, სცენა რომ უფრო ბუნებრივი გამოვიდეს.
გრეგორიმ ხელის მტევანი შეყო და… დაიყვირა! კინაღამ გული გამისკდა და შევყვირე!
ხელის გამოღებამდე, კამერისთვის შეუმჩნევლად, გრეგორიმ ჩაილაპარაკა: ზამბარის მოშვება დავიწყებიათ…
უაილერი ძალიან კმაყოფილი იყო – სცენა მალე დავასრულეთ, პეკი ხარხარებდა, მე კი რამდენიმე წუთი ვცემდი.
მაგრამ ეს დასასრული არ იყო: გრეგორიმ ბაგეში ხელის შეყოფა მთხოვა, იქ კი რომელიღაც ასისტენტი იყო ჩასაფრებული და თითებზე მაკრატლით შემეხო!
მოკლედ, ყველა მე მაშაყირებდა.
…ჩემი და პეკის ურთიერთობა ყოველთვის მხიარული იყო და რომაული არდადეგების დროს ხომ საერთოდ!
ისე კი, ამ ფილმში არც მითამაშია: თავს ნამდვილ პრინცესად ვგრძნობდი! ირგვლივ ყველა ისე მექცეოდა, როგორც სამეფო ოჯახის ნამდვილ წარმომადგენელს.
რომაული არდადეგების მთელი გადამღები ჯგუფის ჩამოთვლა შემიძლია უაილერით და პეკით დაწყებული, გამნათებლებით და მძღოლებით დასრულებული. ისინი ისეთი ყურადღებიანი და გულკეთილები იყვნენ, ისეთი თავაზიანები, ისე უნდოდათ ბენტერა პრინცესას დახმარება, რომ ცუდად უბრალოდ ვერ ვითამაშებდი.
მთელი გადაღებების განმავლობაში საყოველთაო სიყვარულის და თაყვანისცემის ზღვაში ვცურავდი!
ეს იყო ბედნიერების უსასრულო განცდა, როცა ირგვლივ ყველას უყვარხარ!
ახლაც კი, როცა იმ დღეებს ვიხსენებ, თვალზე ცრემლი მადგება…
…სადაც უნდა წავსულიყავით, რომი და მთელი სამყარო მხოლოდ პრინცესა ანასთვის არსებობდა.
გადაღებების დროს ძალიან ცხელოდა, მაგრამ როდესაც მე და პეკი, თითქოს ტიბრში ბანაობის შემდეგ სრულიად სველები ვითომ სიცივისგან კანკალს ვიწყებდით, ერთ-ერთი თანაშემწე კამერის უკან… საბნით იდგა!
როცა ჰკითხეს საბანი რად გინდაო, გულუბრყვილოდ უპასუხა: მაგრამ პრინცესა და ჟურნალისტი ხომ გაიყინნენ?!
რამდენს ვიცინოდით ამაზე!
ისე კი, როცა მე და გრეგორის წყალს გადაგვავლებდნენ ხოლმე, ჩვენი ყველას გულწრფელად შურდა.
…ერთხელ გრეგორიმ ნაყინი მომართვა. კადრში არა, კადრს მიღმა. უბრალოდ, გადაღებების შემდეგ წამიყვანა სადღაც პატარა ქუჩის კაფეში და მთელი სუფრა ნაყინით სავსე პაწია ვაზებით გაავსებინა.
-ჩემთვის არ შეიძლება, აკრძალული მაქვს!
გრეგორიმ თვალი ჩამიკრა:
-ჩვენც არავის ვეტყვით, ეს ჩემი და შენი საიდუმლო იქნება! ოდესმე ვაშლები თუ მოგიპარავთ? დამიჯერეთ: ასეთი ვაშლები შეძენილზე გაცილებით გემრიელია!
-მაგრამ ჩემთვის მართლა არ შეიძლება! იმიტომ კი არა, რომ მიკრძალავენ, უბრალოდ არ შემიძლია.
-მხოლოდ ერთი კოვზი, რომ გემო განასხვავოთ.
უარი ვეღარ გავბედე. ნაყინი საოცრად გემრიელი აღმოჩნდა, ხოლო იმან, რომ „დანაშაული“ ყველას დავუმალეთ, ნაყინი უბრალოდ ღვთაებრივად გადააქცია!
მომდევნო დღეს გადავიღეთ ის სცენა ნაყინით. გრეგორიმ თვალი ჩამიკრა:
-ეს ჩვენი საიდუმლოა!
ძალიან გავმხიარულდი, თითქოს ნაყინი კი არა, მეზობლის ბაღში მოპარული ვაშლი მეჭამოს.
…მოტოროლერით მგზავრობის სცენას ლამის ერთი კვირა ვიღებდით: უსაფრთხოდ უნდა გვევლო, ხალხი არ უნდა გაგვეტანა და, რაც ყველაზე მთავარია, მე40 დუბლზეც კი აღფრთოვანება უნდა მეგრძნო, რომ ჯო ბრედლის-გრეგორი პეკის დახმარებით ვმართავდი საჭეს.
სცენის ნაწილი პავილიონში გადავიღეთ, მაგრამ ქალაქშიც მოვახერხეთ გასეირნება და ეს სამუდამოდ დამამახსოვრდა.
როცა ფილმს ვუყურებ, სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რომელი დუბლი გამოიყენა უაილერმა – პირველი თუ ორმოცდამერვე.
ისე კი, რომის პოლიციასაც ბევრი საქმე გავუჩინეთ: კარაბინიერები რომს ჩვენგან, ჩვენ კი რომაელებისგან გვიცავდნენ.
გრეგორი პეკს ქუჩაში ხშირად ცნობდნენ და მაშინვე თავს იყრიდნენ ქალბატონები, რომლებსაც მგზნებარედ სურდათ მისი ავტოგრაფი.
ყურადღება სასიამოვნოა, მაგრამ ხშირად ასეთი ამბები ხელს გვიშლიდა. ამის გამო რამდენიმე კადრი დილით, ძალიან ადრე გადავიღეთ, როცა ქუჩებში რამდენიმე ავტომობილი მოძრაობდა და ხალხიც ნაკლები იყო.
…გრეგორი პეკთან განშორების დროს უნდა ავტირებულიყავი, გლიცერინი არაბუნებრივად გამოიყურებოდა, ცრემლები კი არა და არ მომდიოდა, თუ გინდ მოვეკალი.
არასდროს დამავიწყდება უაილერის რისხვა, მორიგი გაფუჭებული დუბლის შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა, თავი ვერ შეიკავა და მიღრიალა:
-როდემდე უნდა ველოდოთ შენს ემოციებს?! ატირდები ბოლოს და ბოლოს თუ არა?! აქამდე ვერ ისწავლე თამაში!
მგონი, მისი ყვირილი მთელ რომს ესმოდა… ირგვლივ ყველა გაჩუმდა, მე კი ცხარე ცრემლით ვიტირე.
ის დუბლი სწრაფად გადავიღეთ. დავასრულე თუ არა სცენა, უაილერმა ჩამიხუტა, დამამშვიდა და გადასაღები მოედნიდან გავიდა. მგონი, მან სპეციალურად მოაწყო ყველაფერი, უკანასკნელი ცდა გამოიყენა.
იქვე მდგომმა გრაციამ მირჩია: როცა ატირებაა საჭირო, საკმარისია გაიხსენო, რომ ფილმის გადაღებები მარადიული არ არის, ადრე თუ გვიან სრულდება.
…რომაულ არდადეგებს საუკეთესო ფილმად მივიჩნევ და მასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. კი, მშვენიერი იყო სხვა ფილმებიც, მაგალითად საუზმე ტიფანისთან, მაგრამ 1952 წლის ამბები მაინც სხვაა. ცხადია დიდი როლი ითამაშა გრეგორი პეკმაც.
ისეთი მეგობარი, როგორიც ისაა, არასდროს შემხვედრია. ის უბრალოდ დამრიგებელი კი არ არის, არამედ ნაღდი მეგობარია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი შეცდომა გაპატიოს, გამოსწორებაში დაგეხმაროს, ყოველთვის მზადაა დაგიცვას, სხვისი მზერისგან დაგიფაროს როცა ტირილი გინდა…
ჩემსა და გრეგორის სასიყვარულო ურთიერთობაზე მალე ალაპარაკდნენ. ეს სისულელე იყო! მას ისე ვუყურებდი, როგორც ღმერთს, ის კი – როგორც ნამდვილ პრინცესას, რომელიც შემთხვევით შემოძვრა კინოსამყაროში.
ძალიან მიხარია, რომ გრეგორიმ სერიოზულად აღმიქვა და ჩვენი მეგობრობაც ათწლეულებია გრძელდება.
…ჩვენზე რომ ხმები აგორდა, ამაში, გარკვეულწილად, მე ვარ დამნაშავე.
ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, შეყვარებული ვარ თუ არა პარტნიორზე, როგორც ანა ჯო ბრედლიზე. დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ კი, განა შეიძლება ასეთი მსახიობი არ გიყვარდეს?!
ჟურნალისტების მსუბუქი აღელვების შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ ვთქვი და სწრაფად დავამატე: თუ პარტნიორს ვერ იტან, სცენაზე შეყვარებულის თამაში ძალიან ძნელია-მეთქი.
პრესამ ჩემი უნებლიე აღიარება აიტაცა, გაბუქა და სხვა რაღა იყო საჭირო?! მეორე დილიდან ყველა ჩვენ სიყვარულზე ალაპარაკდა!
არანაირი რომანი არ ყოფილა, ეს იყო ნიჭიერი, გამოცდილი მსახიობის და დამწყები, სულელი გოგონას მეგობრობა.
ისე კი, გრეგორიმაც ცეცხლზე ნავთი დაასხა, როცა თქვა, რომ ჩემი შეყვარება ძალიან ადვილი იყო.
ჟურნალისტებს ოღონდ ასეთი განცხადებები გააგონე და მეტი არაფერი უნდათ! მათ საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ პეკს იმ დროს ვერონიკ პასანი უყვარდა და მალე მასზე დაქორწინდა კიდეც.
…რომაულ არდადეგებში საკმარისზე მეტი მხიარულებაა მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სევდიანი ფინალი აქვს. სამაგიეროდ რეალისტურია. ისე კი, ამერიკელი მაყურებელი ნაწყენი დარჩა დასასრულის გამო: როგორ, ამერიკელი რეპორტიორი, თანაც ისეთი მომხიბვლელი როგორიც გრეგორი პეკია, თავის გოგონას ჯილდოს სახით ვერ მიიღებს?! პრინცესას დამიხედეთ! ამ ევროპაში ხომ მუდამ იპრანჭებიან თავიანთი წარმომავლობით!
საბოლოოდ ამერიკამ „მაპატია“ ასეთი „საშინელი საქციელი“. მათ ჩათვალეს, რომ პრინცესა თავის ნების საწინააღმდეგოდ დაბრუნდა პატიმრობაში.
საბრალო პრინცესა…
მას ხომ ამერიკაში უნდა ეცხოვრა და არა ევროპაში! ამერიკელებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ მთელი ეს სამეფო სისულელეები…
…გრეგორი პეკი არა მხოლოდ ჩინებული მსახიობი, დიდებული ადამიანიცაა. და ასე მხოლოდ მე არ ვთვლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის წლების მანძილზე ვერ იქნებოდა ამერიკის კინოაკადემიის პრეზიდენტი და კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისა და ჰუმანიტარული საქმიანობისთვის საპატიო ოსკარით და თავისუფლების მედლით არ დააჯილდოვებდნენ.
თვითონ გრეგორი ამბობდა, რომ კეთილი ბიძია არ არის, უბრალოდ იმ საქმეებში მონაწილეობს, რისიც სჯერა. ის ყოველთვის ომის და ძალადობის წინააღმდეგი იყო.
გრეგორისგან კიდევ ერთი რამ ვისწავლე: მას ძალიან არ უყვარდა, როცა შავ სამუშაოს დუბლიორები ასრულებდნენ, ამიტომაც გადაღებაზე ყველა ტრიუკს თვითონ ასრულებდა.
გარდა ამისა, თუკი პეკს არ სურდა რეჟისორთან ან პარტნიორებთან უთანხმოების გამო გადასაღებ მოედანზე საქმის გართულება, უმტკივნეულოდ ამბობდა როლზე უარს.
მე თუ მკითხავთ ეს უკეთესია, ვიდრე კბილის კბილზე დაჭერა და გვერდზე გახედვა.
…როცა გადაღებები დავასრულეთ, ყველა ვგრძნობდით, რომ ფილმი გამოგვივიდა.
დარჩენილი იყო მხოლოდ გახმოვანება და მონტაჟი, კინოკომპანია პარამაუნტმა კი მაშინვე სარეკლამო კამპანია დაიწყო – გაზეთები აჭრელებული იყო ფილმიდან ამოღებული კადრებით და ჩვენი პორტრეტებით.
გრეგორიმ მითხრა, რომ სწორედ მან შესთავაზა სარეკლამო ტიტრებში მის გვერდით ჩემი მოხსენიება. ამბობდა, რომ ოსკარის შესაფერისად ვითამაშე. უაილერიც დაეთანხმა და აფიშებზე ჩვენი გვარები სხვებისგან განცალკევებით დაიტანეს.
…პეკი მართალი აღმოჩნდა: პრინცესა ანას როლისთვის ოსკარი დავიმსახურე! ოქროს ქანდაკება მიიღო ედიტ ჰედმაც არაჩვეულებრივი კაბებისთვის.
რომაულმა არდადეგებმა ოქროს გლობუსი და სხვა არაერთი ჯილდო მომიტანა.
სამაგიეროდ, ნიშნობა ჩამეშალა.
როგორც კი ჩემი და გრეგორის სასიყვარულო ურთიერთობაზე დაიწერა, ჯიმისთან ურთიერთობა შეიცვალა, თითქოს გრძნობა გაცივდა. საბოლოოდ ყველაფერი ცუდად დასრულდა – ჯიმი ჰენსონს დავშორდი.
ვფიქრობ, 1952 წლის სექტემბერში რომ დავქორწინებულიყავით, ერთმანეთს მაინც გავეყრებოდით. ასე კი დაუქორწინებლად გავეყარეთ. ჯიმი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი გახდა და საგვარეულო მილიონები გაამრავლა, მე კი… მე ოსკარი მივიღე!
როგორც ასეთ დროს იტყვიან ხოლმე: კეისარს კეისრისა!
…ოსკარი 1954 წლის 25 თებერვალს გადმომცეს. იმ დღეს სპექტაკლი მქონდა და ძლივს მოვასწარი ტანსაცმლის გამოცვლა და დარბაზში დედის გვერდით დაჯდომა. გულის ფანცქალით ველოდი ნომინანტების დასახელებას: პირველივე ფილმში ოსკარზე წარდგენა თავისთავად უდიდესი წარმატება იყო!
მაგრამ როცა ტაშის ხმაურში მომესმა „მის ოდრი ჰეპბერნი“, უკვე ვეღარც ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი!
სცენაზე ისე ავედი, თითქოს ნისლში ვიყავი, ამიტომაც ჯინ ჰერშოლტისკენ კი არა, საპირისპირო მიმართულებით, კულისებისკენ წავედი.
ცუდად მახსოვს სამადლობელი სიტყვა…
რამდენიმე დღეში თეატრალური ოსკარიც გადმომცეს – ტონი…
მოგვიანებით ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია…
თავი სიზმარში მეგონა!
რომაული არდადეგები ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება, 1999 წელს კი ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკამ ის კულტურულად, ისტორიულად და მხატვრულად მნიშვნელოვნად მიიჩნია და ამერიკის შეერთებული შტატების ფილმთა ეროვნულ რეესტრში შეიტანა.
ამერიკის კინოინსტიტუტმა რომაულ არდადეგებს საუკუნის 10 საუკეთესო რომანტიულ კომედიათა კატეგორიაში მე4 ნომერი მიანიჭა, მანამდე კი 100 საუკეთესო მხატვრულ ფილმთა შორის დაასახელა.
ფილმის ბიუჯეტი 1,5 მილიონი დოლარი იყო, შემოსავალმა კი 12 მილიონს გადააჭარბა, რაც იმ დროისთვის წარმატებად ჩაითვალა.
კინოკომპანია პარამაუნტმა რომაული არდადეგები პირველად 1953 წლის 27 აგვისტოს აჩვენა ნიუ იორკში, რედიო სითი ჰოლში.
ამერიკასთან შედარებით ფილმი ევროპაში უფრო პოპულარული გამოდგა და საერთო შემოსავლის დიდი წილიც პარამაუნტმა სწორედ ევროპის ქვეყნებიდან მიიღო. ყველასთვის მოულოდნელად რომაული არდადეგები ძალიან კარგად მიიღო იაპონელმა მაყურებელმა და 1953 წლის ყველაზე წარმატებულ ფილმადაც იქცა.
რომაული არდადეგები 10 ოსკარზე იყო წარდგენილი, ამერიკის კინოაკადემიის XXVI დაჯილდოების ცერემონიაზე კი, 1954 წლის 24 მარტს, ფილმმა 3 ნომინაციაში გაიმარჯვა: ოდრი ჰეპბერნი საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა; ედიტ ჰედმა კოსტიუმებისთვის მიიღო ჯილდო, დალტონ ტრამბომ კი ლიტერატურული პირველწყაროსთვის.
ევროპის ქვეყნებში დიდი წარმატების შემდეგ ითქვა, რომ პარამაუნტი გრეგორი პეკის და ოდრი ჰეპბერნის მონაწილეობითვე ფილმის გაგრძელებას გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ მსგავსი არაფერი მომხდარა.
საბჭოთა კავშირის კინოეკრანებზე რომაული არდადეგები მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 1960 წლის ივლისში გამოჩნდა.