ჩინკუე ტერე

სამოგზაუროდ რომ ვემზადები, უზომოდ მსიამოვნებს და არანაკლებ მიყვარს იმ ადგილების წინასწარ შესწავლა-დათვალიერება, რაც უნდა ვნახო. ასე შევისწავლე ჩინკუე ტერე ნეტით და იტალიაში გამგზავრებამდე კარგა ხნით ადრე ზუსტად ვიცოდი სად რა უნდა მენახა.

და რაც უფრო ახლოვდებოდა ამ საოცარ ქვეყანაში გამგზავრების დრო, მით უფრო ხშირად შევისეირნებდი ხოლმე ვირტუალურად იმ ულამაზეს ზღვისპირა სოფლებში – ფოტოებს გადავხედავდი ან უცხოეთში ხეტიალზე ჩემსავით გადარეული გადამთიელების ვლოგებს ვუყურებდი.

არ მეგულება მოგზაურობის მოყვარული, ვისაც ამ ფერად-ფერადი იტალიური სოფლების შესახებ არ სმენოდეს: ჩინკუე ტერე ლიგურიის ზღვის პირას საუკუნეების წინ გაშენებული 5 დასახლებაა მთაზე შეფენილი ათასფერი სახლებით, რომლებიც წლის ნებისმიერ დროს ტურისტებითაა სავსე და რომელთა შესახებ რამდენიმე ათეული წლის წინ ბევრმა არ იცოდა.

იტალიის ხელისუფლებამ ჩინკუე ტერეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაქცია ყურადღება: სამანქანო გზები გაიყვანა და სოფლები რკინიგზით დააკავშირა ერთმანეთს, სანაპირო და ახლომდებარე მთიანი ადგილები დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა-გაუმჯობესებას ტურისტები მოჰყვა და მალე მეთევზეთა პატარა სოფლები მოგზაურობის მოყვარულებით გაივსო.

იტალიაში იუნესკოს მიერ დაცულ ძეგლთა სიას ახლო წარსულში ჩინკუე ტერეც შეემატა. არ მიკვირს: XII-XIII საუკუნის სოფლები დიდებულადაა შენახული და თანამედროვე მოთხოვნებსაც უმაღლეს დონეზე აკმაყოფილებს.

რიომაჯიორე, მანაროლა, კორნილია, ვერნაცა და მონტეროსო – ესეც თქვენი ჩინკუე ტერე, 5 სოფელი, სადაც მოხვედრა ჯერ კიდევ იტალიაში სულ პირველი სტუმრობისას მსურდა. მაგრამ მაშინ არ გამოვიდა – ნაუცბათევი ხომ არაფერი ვარგა?! ამიტომ, ამ ულამაზეს ქვეყანაში კიდევ ერთხელ გამგზავრება რომ დავგეგმეთ, მოსანახულებელ ადგილთა სიაში იქაურობა პირველ რიგში შევიტანეთ.

მილანში, კომოს ტბაზე და ვენეციაში ყველანი ერთად ვიყავით, შემდეგ მეგობრები ფლორენციაში გაემგზავრნენ, მე და ნინომ კი ვენეციური დღესასწაული გავაგრძელეთ და იქიდან პირდაპირ გავემგზავრეთ ჩინკუე ტერესკენ. გზად რამდენიმე საათით ვიარეჯოში შევისეირნეთ – ზღვამ თავისი გაიტანა, და ლა სპეციაში მხოლოდ საღამოს ჩავედით.

განვმარტავ: იტალიის 20 რეგიონიდან ლიგურია ერთ-ერთია და ის, თავის მხრივ, კიდევ 4 ნაწილად იყოფა – გენუა, ლა სპეცია, სავონა და იმპერია. ლა სპეცია ლიგურიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრია დაახლოებით 100 ათასამდე მოქალაქით. პოეტთა ყურე – იქაურობას ასეც უწოდებენ.

დილით, სანამ გოგოები ემზადებოდნენ (და ეს მოგეხსენებათ, ხანმოკლე ამბავი არაა), ქალაქის გულში გავისეირნე და… ვინანე, რომ უფრო ადრე არ გამოვედი სახლიდან! ჩვენი მშრალი ხიდის მსგავს ადგილს წავაწყდი რა გინდა რა საოცრებებით! და სანამ მეუღლე და მისი მეგობრები მომაგნებდნენ, ერთი წვერშევერცხლილი იტალიელისგან 20მდე საფეხბურთო ჟურნალი ვიყიდე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიის შესახებ. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, კიდევ რამდენიმე საათით დავრჩებოდი იქ და, სავარუდოდ, გაცილებით მეტ წიგნსა თუ გამოცემასაც შევიძენდი, მაგრამ მატარებლის ბილეთები უნდა აგვეღო და სადგურისკენ მიმავალ გზას თვალცრემლიანი დავადექი-მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინცდამაინც არ მიხაროდა.

სულ ტყუილად: ჩინკუე ტერეს ყველა სოფელი ულამაზესია და იქ, მე თუ მკითხავთ, ერთ დღეზე მეტი ხნით უნდა გაემგზავრო, რაც შეიძლება მეტი იარო ფეხით და ზღვაზეც არ უნდა თქვა უარი. საამისოდ ზედგამოჭრილია მონტეროსო თავის მშვენიერი პლაჟით.

მონტეროსომდე რიომაჯიორეა, შემდეგ მანაროლა, შუაში კორნილია (და ის ერთადერთი სოფელია, რომელიც მთის წვერზეა შეფენილი და არა ზღვის პირას), კორნილიას ვერნაცა მოსდევს და მონტეროსო კიდე ლა სპეციადან ყველაზე შორსაა.

რიომაჯიორეს და მანაროლას მოვლის შემდეგ ჩვენ სწორედ მონტეროსოში გავემგზავრეთ, პლაჟზეც გავისეირნეთ, შემდეგ ვერნაცა მოვინახულეთ, იქ გოგოები მიხვდნენ რომ ძალიან დაიღალნენ და მალევე დაბრუნდნენ ლა სპეციაში, მე კი არსად მეჩქარებოდა და ვერნაცა ხომ ავითვისე, კორნილიაშიც მარტო ავედი. შინ გვიან ღამით, ლამის ბოლო მატარებლით დავბრუნდი.

ერთი შეხედვით ეს სოფლები ერთმანეთს ჰგავს: წითელ-ყვითელი სახლები, ზღვაზე მოლივლივე ნავები, ასობით ტურისტი, მასპინძლების ჭიკჭიკი, სუვენირების მაღაზია ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ქუჩის მუსიკოსები, მშვენიერი ხედები ლამის ყოველი ბილიკიდან…

მაგრამ ეს ერთი შეხედვით, რეალურად კი ყველა დასახლება განსხვავებული და თავისებურად თვალწარმტაცია. ცხადია, ისტორიული ძეგლებიც თავის ხიბლს მატებს იქაურობას და ისინი არც რიომაჯიორეს აკლია, არც მანაროლას და არც დანარჩენ სამს.

გულითადი რჩევა: თუ ჩინკუე ტერეში გაემგზავრებით, აუცილებლად რამდენიმე დღით წადით და ხუთივე სოფელი მშვიდად მოიარეთ.

სხვათა შორის, ყველა დასახლებას კლდეზე გაკვალული ბილიკი აკავშირებს და მსურველებს ფეხითაც შეუძლიათ რიომაჯიორედან მონტეროსომდე გასეირნება. გზამკვლევში ამოვიკითხე, რომ სოფლების პოპულარობამდე ამ ბილიკზე შეყვარებულები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამიტომაც მას ვია დელ ამორე ეწოდება, სიყვარულის გზა.

რამდენიმე დღით რომ ვყოფილიყავი იქ, მეც ვია დელ ამორეს შევუყვებოდი – მატარებელზე იოლად ვიტყოდი უარს. და რაც მთავარია, ლა სპეციის ნაცვლად სახლს მონტეროსოში ვიქირავებდი – ზღვა ორი ფეხის ნაბიჯზეა, ქალაქის ქუჩებს კი იქაურ ზღაპრულ ხედებს არც შევადარებ! დილა-საღამოს ლიგურიის ზღვით ვისიამოვნებდი, შუადღით კი რომელიმე სოფელსაც მოვივლიდი. წყნარად და აუღელვებლად.

ნუ, ნაყინზე და იტალიურ ტკბილეულობებზე არაფერს ვიტყვი, ეს თავისთავად იგულისხმება და მათთან ერთად ჩინკუე ტერე, არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღით ესტუმრებით იქაურობას თუ ერთი თვით, ყველა ვარიანტში კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
რიომაჯიორე, მანაროლა, მონტეროსო, ვერნაცა, კორნილია, იტალია; 2019 წლის 6 ოქტომბერი

ka_GEGeorgian