არენა მარადონა

ნეაპოლის მთავარ სტადიონ სან პაოლოს გუშინ ოფიციალურად მიენიჭა დიეგო არმანდო მარადონას სახელი! ქალაქის საბჭომ ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

ნეაპოლის მერიის მაღალჩინოსანთა შეხვედრა სან ჯაკომოს სასახლეში შედგა და ქალაქის თავის ლუიჯი დე მაგისტრისის ინიციატივას საგანგებო სხდომის ყველა მონაწილემ ყველამ მხარი დაუჭირა.

სტადიონისთვის მარადონას სახელის მინიჭების შესახებ ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალების მეორე დღეს ითქვა. დიეგო არმანდო მარადონა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ნაპოლიში გაატარა, 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

ნაპოლი ისტორიაში 2ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორივე შემთხვევაში მარადონას ლიდერობით – 1987 და 1990 წლებში. ერთადერთი საერთაშორისო ტიტულიც, უეფას თასი 1989 წელს, ნეაპოლელებმა მარადონასთან ერთად მოიგეს. ამ 3 ჯილდოს გარდა არგენტინელმა საკლუბო მუზეუმს იტალიის თასი (1987) და სუპერთასი (1990) შემატა.

ნაპოლის ცისფერი მაისურით 7 სეზონში ჩატარებულ 259 თამაშში მარადონამ 115 გოლი გაიტანა.

სამხრეთიტალიური კლუბი დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე 1959 წლიდან თამაშობს. სარბიელი ორჯერ განახლდა: 1989 წელს, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატისთვის და ბოლოს 2018 წელს.

დიეგო არმანდო მარადონა არენა იტალიის მე3 ყველაზე ტევადი საფეხბურთო სტადიონია მილანის სან სიროს და რომის ოლიმპიკოს შემდეგ – ტრიბუნები 55 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 5 დეკემბერი)
გრაფიკა:
ემილიო სანსოლინი

ka_GEGeorgian