ცქიტიშვილი ფანების რჩეულია
გუშინ თბილისში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში, საქართველოს 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა – ქომაგებმა წლის საუკეთესო მოთამაშედ ლევან ცქიტიშვილი აღიარეს!
გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლო, გაზეთ მსოფლიო სპორტის ინიციატივით მოეწყო.
11დან 28 დეკემბრის ჩათვლით გულშემატკივრები ასახელებდნენ საუკეთესოებს, საბოლოოდ კი რჩეულთა სამეულმა შემდეგნაირი სახე მიიღო:
1.ლევან ცქიტიშვილი – 607 ხმა
2.დავით სირაძე – 568
3.შოთა არველაძე – 523
ამ ფეხბურთელების გარდა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე წარდგენილნი იყვნენ მალხაზ ასათიანი, ლევან კობიაშვილი, გოგიტა გოგუა, გიორგი დემეტრაძე, ალექსანდრე იაშვილი, კახი კალაძე, დავით კვირკველია, ვასილ გიგიაძე, ჯაბა კანკავა, ილია კანდელაკი, დავით დიღმელაშვილი, გრიგოლ დოლიძე, დავით მუჯირი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი შაშიაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, მათე ღვინიანიძე, ოთარ მარცვალაძე და ლაშა სალუქვაძე.
„გამარჯვებას ველოდი-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გულშემატკივრებმა ეს ჯილდო მე მომაკუთვნეს. მსურს ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გამოკითხვაში“, – განაცხადა ლევან ცქიტიშვილმა.
გუშინვე შედგა გაზეთ მსოფლიო სპორტის ბიბლიოთეკის ეგიდით გამოსული წიგნის – ურუგვაიდან გერმანიამდე – პრეზენტაცია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატებს ეძღვნება და რომლის მთავარი რედაქტორი ანდრო ჩაჩანიძეა. მანვე წიგნის 2 ეგზემპლარი ვეტერან ფეხბურთელებს, საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონებს სერგო კოტრიკაძესა და ილია დათუნაშვილს უსახსოვრა.
დაჯილდოების ცერემონიალის გარდა დამსწრე საზოგადოებამ შოუ-პროგრამაც იხილა, რომელშიც მომღერლები ნუკრი კაპანაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, მერაბ სეფაშვილი და გიორგი უშიკიშვილი, ასევე ცეკვის თეატრი და ანსამბლები რუსთავი და ქუჩის ბიჭები მონაწილეობდნენ.
საღამოს აპოლონ კუბლაშვილი და ნანკა კალატოზიშვილი უძღვებოდნენ, დამდგმელი რეჟისორი კი დავით დოიაშვილი გახლდათ.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 29 დეკემბერი)