ინტერვიუ: სტივენ ჯერარდი

ფიფას ოფიციალურმა გამოცემა ფიფა მეგეზინმა მორიგი ნომერი მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატს დაუთმო – სქელტანიან ჟურნალში დიდი ადგილი ეთმობა უდიდეს საფეხბურთო ტურნირთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტატისტიკურ ინფორმაციას, დაწვრილებითაა წარდგენილი გერმანია 2006ის თითოეული მონაწილე, გამოქვეყნებულია ინტერვიუები გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იურგენ კლინსმანთან და ინგლისის ნაკრების ერთ–ერთ ლიდერ სტივენ ჯერარდთან, ჩანახატი დიდებულ ჰოლანდიელ ფეხბურთელ იოჰან ნეესკენსთან…

დღეს ინგლისის ნაკრების და ლივერპულის 26 წლის ნახევარმცველთან, სტივენ ჯერარდთან ინტერვიუს გთავაზობთ.

ვინ იყო თქვენი კერპი?
თავიდანვე ლივერპულს ვქომაგობდი და ჩემი საყვარელი ფეხბურთელებიც ამ კლუბის ღირსებას იცავდნენ – ჯონ ბარნსი და პიტერ ბერდსლი იმ მოთამაშეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ, რომლებიც შეტევას იწყებდნენ და თავადვე აგვირგვინებდნენ. ასეთები განსაკუთრებით მომწონდა! რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, გამორჩეულად ვგულშემატკივრობდი პოლ გესქოინს.

ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა?
მამამ! პატარაობიდანვე დამყვებოდა თამაშებზე, ბუცებს, მაისურებს და ჩანთას ჩემს ნაცვლად დაატარებდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველანაირად მხარში მედგა, მარცხის დროს მამხნევებდა… ახლაც ასეა – იშვიათად რომ ჩემი თამაში გააცდინოს.
ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში არანაკლებ დიდი როლი ითამაშა ლივერპულის აკადემიის დირექტორმა სტივ ჰაივეიმ, რომელიც 17 წლიდან მადევნებდა თვალს და სწორედ მისი წყალობით გადავლახე გარდატეხის ასაკი. ცხადია, არც ჟერარ ულიეს და რაფაელ ბენიტესის დავიწყება იქნება: პირველმა კლუბის კაპიტნობა მიბოძა, ბენიტესის ხელში კი ჩემპიონთა ლიგა მოვიგე!

მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ყველაზე მკაფიოდ რა გაგონდებათ?
1990 წლის ნახევარფინალი გერმანიასთან, რომელიც პენალტების სერიაში წავაგეთ. არასდროს დამავიწყდება პოლ გესქოინის ცრემლები… იმ თამაშს მშობლებთან და ძმასთან ერთად ვუყურე, წაგების შემდეგ კი ისე ვტიროდი, ძლივს დამაწყნარეს…

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზურგის ტრავმის გამო ვერ ითამაშეთ, წელს კი პირველად იასპარეზებთ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე…
მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერთამაში ყველაზე ცუდი მოგონებაა, არც ვფიქრობ ამაზე…
კორეა–იაპონიაში რომ მეთამაშა, ამ მსოფლიო ჩემპიონატს მაინც მოუთმენლად დაველოდებოდი, მაგრამ ალბათ, რადგან პირველად მიწევს ასეთი დონის შეჯიბრზე გამოსვლა, ამიტომაცაა, რომ მოედანზე გასვლამდე წუთებს ვითვლი. ხომ შეიძლება, რომ ერთ თვეში მსოფლიო ჩემპიონი გავხდე? ყველაზე ძალიან სწორედ ამაზე ფიქრი მაღელვებს.

რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიო ჩემპიონატი?
ძალიან ბევრს! ლივერპულის და ნაკრების მაისურით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩამიტარებია ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვთვლი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი თავის მნიშვნელობით ორივე შეჯიბრზე მაღლა დგას. პირადად მე ამ ტურნირს გამოცდასავით ვუყურებ. ვთვლი, რომ ამ დონეზე კარგად თამაში შემიძლია და ვეცდები გერმანიაში ყველას დავანახო, რომ სტივენ ჯერარდი მართლა კარგი ფეხბურთელია.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს ინგლისის ნაკრები ოქროს თასის მოგებას?
ხალხის თვალში ბრაზილიაა უპირველესი ფავორიტი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, გერმანიაში ითამაშებს დაახლოებით 7 გუნდი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების თანაბარი შანსი აქვს. ამ გუნდებში ვგულისხმობ ინგლისსაც, რომელიც ჩემი აზრით ძალიან კარგი გუნდია.

სვენ–გორან ერიქსონი საკმაოდ წარმატებული მწვრთნელია. საინტერესოა, რა შემატა მან ინგლისის ნაკრებს?
პირველ რიგში მხიარულება. ნაკრების თითოეული ფეხბურთელი მოუთმენლად ელის მიწვევას და ეს იმ ატმოსფეროს გამო, რომელიც მან შექმნა გუნდში. მჯერა, მასთან მუშაობით ყველა ჩვენთაგანი მოგებული დარჩება.

თქვენ იყავით იმ ლივერპულის კაპიტანი, რომელმაც ერთი წლის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გაგვიმხილეთ წარმატების საიდუმლო.
შრომა, გუნდური სული და კონცენტრაცია. და რაც მთავარია: უკანასკნელ წამამდე უნდა გახსოვდეს, რომ სანამ მსაჯი არ დაამთავრებს თამაშს, შანსი გაქვს!

რა არის ინგლისის ნაკრების ძლიერი და სუსტი მხარე?
ჩვენი პლუსია ის საოცარი ატმოსფერო, რომელიც გუნდში სუფევს. მერწმუნეთ, მართლა ძალიან გვსიამოვნებს მოედანზე ერთად გასვლა და ინგლისის ღირსების დაცვა! ამას გარდა, თითოეული ჩვენგანი ძლიერი მოთამაშეა. და რაც მთავარია, ინგლისის პლუსია ერთგული ქომაგი, რომელიც მუდამ მხარში გვიდგას! რაც შეეხება სუსტ მხარეს, ამაზე არ ვისაუბრებ.

ახლახანს დაასრულეთ სეზონი, რომელიც შარშან, ივლისში დაიწყეთ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებით. განვლილ პერიოდში ლივერპულსა და ნაკრებში 60ზე მეტი შეხვედრა ჩაატარეთ. ნუთუ არ დაგღალათ გაუთავებელმა თამაშმა?
არა, პირიქით, ის მაღიზიანებს, რომ საუბრობენ ამდენი თამაში ფეხბურთელს დაღლის, გამოფიტავს და ასე შემდეგ… თავს ჩინებულად ვგრძნობ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი!
იცით, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ შეხვედრას ჩავატარებ. ყველა მატჩისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და ალბათ ამის გამო თუა, რომ დაღლას სეზონის ბოლოს არასდროს ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა.

როგორ ფიქრობთ, ძალიან განსხვავდება თქვენი თამაში ნაკრებში და ლივერპულში?
ერთს გეტყვით: კლუბში ნახევარდაცვაში ჩემს მხარდამხარ ჩაბი ალონსო და დიტმარ ჰამანი მოქმედებენ, რომლებსაც დაცვითი ფუნქციები აკისრიათ. ეს შეტევაში ხშირად ჩართვლის საშუალებას მაძლევს და ბოლო სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გავხდი…
რაც შეეხება ნაკრებს, ჩემთან ერთად ფრენკ ლამპარდი და დევიდ ბექემი არიან, მათ კი არანაკლებ ეხერხებათ შეტევა. ამიტომ, ნაკრებში არცთუ ხშირად მივდივარ წინ, თუმცა როცა ასე ხდება, ლამპარდი და ბექემი მაზღვევენ… სხვაობა, ალბათ ესაა.

ინგლისის ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება?
ორ ფეხბურთელს დავასახელებ: ლეო მესის და კაკას. ორივე ბრწყინვალე მოთამაშეა და მგონი, გერმანიაში თავის სიტყვას იტვიან.

და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გახვედით და თქვენი მეტოქეა გერმანია…
ამას არაფერი აჯობებს! ინგლისი და გერმანია ორი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა მდიდარი ტრადიციებით… ოღონდ, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ!

სტივენ ჯერარდი
დაიბადა 1980 წლის 30 მაისს ინგლისის ქალაქ უისტონში
ნახევარმცველი
კლუბი: ლივერპული (ლივერპული, ინგლისი; 1998 წლიდან)
გუნდური ტიტულები: ინგლისის თასი – 2001, 2006; ინგლისის ლიგის თასი – 2001, 2003; ინგლისის სუპერთასი – 2001; ჩემპიონთა თასი – 2005; უეფას თასი – 2001; ევროპის სუპერთასი – 2001, 2005
ინდივიდუალური ტიტულები: ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (პფა) – 2006; ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (პფა) – 2001; ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი (უეფა) – 2005
ლივერპულში: 336 თამაში, 64 გოლი (2006 წლის 1 ივნისისთვის)
ინგლისის ნაკრებში: 41 თამაში, 7 გოლი (2006 წლის 1 ივნისისთვის)

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (www.gff.ge; 2006 წლის 1 ივნისი)

ka_GEGeorgian