10 ფაქტი იუვეს ტრიუმფზე

იუვენტუსმა 3 უპასუხო გოლი გაუტანა ბარსელონას და G ჯგუფში გაიმარჯვა. ბარსელონა II ადგილზე გავიდა, კიევის დინამომ კი ფერენცვაროშთან 1:0ის წყალობით ევროპალიგაზე გადაინაცვლა.
ცარიელ კამპ ნოუზე გამართულ მატჩში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული უნდა გარკვეულიყო.

ბარსელონამ და იუვემ 2 ტურით ადრე გაინაღდეს ფლეი-ოფი, გუშინ კი ტურინელებმა მშვენიერ სტილში აჯობეს ბარსას და მეტოქის მოედანზე შეგდებული 3 უპასუხო ბურთის წყალობით I ადგილი დაიკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ II ტურში ბარსელონამ ტურინში 2:0 მოიგო, იუვენტუსს გუშინდელ შეხვედრაში 3:1 მოგებაც აწყობდა.

კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ორივე შემთხვევაში პენალტით გაიხარა. იტალიელთა ამერიკელმა ნახევარმცველმა უესტონ მაკენიმ კი ძალიან ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა მშვენიერი კომბინაცია.

ბარსა და იუვე ევროთასების ვეტერანები არიან, ხშირად უთამაშიათ ერთმანეთში და ბუნებრივია, ბოლო პაექრობაშიც არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 10 ყველაზე გამორჩეული ასეთია:

1: ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 სეზონში იუვენტუსმა მეოთხედ მოიგო ჯგუფი.

2: 2016 წლის შემდეგ ბარსელონა პირველად დამარცხდა ჯგუფურ ეტაპზე.

3: იუვენტუსი პირველი იტალიური კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბარსელონას კამპ ნოუზე 3 გოლი გაუტანა.

4: ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის მანძილზე ბარსელონამ კამპ ნოუზე პირველად გაუშვა საწყის 20 წუთში 2 გოლი.

5: ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მე17 გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ეს მე4 საუკეთესო შედეგია.
ლეგენდარულ იტალიელ მეკარეზე წინ მხოლოდ იკერ კასილიასი (20 სეზონი), რაიან გიგზი (19) და კრიშტიანუ რონალდუ (18) დგანან.

იუვენტუსი 2020 წლის 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგაში კამპ ნოუზე ბარსელონასთან 3:0 მოგებული მატჩის წინ. დგანან (მარცხნიდან): მატიის დე ლიხტი, დანილო, ჯანლუიჯი ბუფონი, კრიშტიანუ რონალდო, ლეონარდო ბონუჩი. პირველ რიგში: ხუან კუადრადო, უესტონ მაკენი, ალექს სანდრო, ალვარო მორატა, არტური

6: ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის 52ე თამაშში არ გაუშვა გოლი და ეს მეკარეთა შორის მე2 საუკეთესო შედეგია. ლიდერი იკერ კასილიასი გახლავთ – 57 უგოლო მატჩი.

7: ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერაში 1120ე ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა და კასილიასს (1119) გადაასწრო.
ყველა დროის სიაში ბუფონი მე5 ადგილზეა და პიტერ შილტონს (1390), როჟერიუ სენის (1234), ჩავის (1135) და რობერტო კარლოსს (1127) ჩამორჩება.

8: თუ კრიშტიანუ რონალდუს კლუბების სტადიონებს არ ჩავთვლით, პორტუგალიელმა ყველაზე მეტი გოლი კამპ ნოუზე შეაგდო – 14.

9: რონალდუ გახდა პირველი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბარსელონას 2 პენალტი გაუტანა.

10: ლეო მესი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში იუვენტუსის კარში 7ჯერ დაარტყა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირში ამ სახის სტატისტიკას 2003-04 წლების სეზონიდან ითვლიან.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 დეკემბერი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian