ჩემი გუნდი: რაული
რეალი სამეფო კლუბია, რაულს კი ხშირად ესპანეთის პრინცად მოიხსენიებდნენ.
რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, რაული – მადრიდის ლეგენდა.
ყველა დროის გამორჩეულმა ესპანელმა ფორვარდმა კარიერა რამდენიმე წლის წინ დაასრულა – ამერიკაში გადასული ნიუ იორკის კოსმოსის ფეხბურთელად გამოეთხოვა მწვანე მინდორს. ეს 2015 წელს მოხდა, მადრიდიდან კი უფრო ადრე, 2010 წელს გააცილეს.
ბევრი თვლის, რომ სამეფო კლუბი ძალიან ადრე შეელია რაულს. მას კიდევ შეეძლო უმაღლეს დონეზე თამაში, მაგრამ რაც იყო, იყო. გონსალეს ბლანკო ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს მაინც ლეგენდად შემორჩა: ყველაზე მეტი მატჩი სამეფო კლუბის მაისურით, XX საუკუნის უდიდესი გუნდის მეორე საუკეთესო გოლეადორი, არცერთი წითელი ბარათი 21წლიანი კარიერის განმავლობაში…
რაულის ოცნების გუნდი (3-4-1-2)
მეკარე: ფრანჩესკო ტოლდო
დიდი, ფიზიკურად ძლიერი… ყოველთვის მომწონდა მისი თამაში. მშვენიერი მეკარე იყო, ევრო 2000ზე კი უბრალოდ საუკეთესო! მის წინააღმდეგ მითამაშია და გამიტანია კიდეც.
მარჯვენა მცველი: ფერნანდო იერო
ამ პოზიციაზე ფრანკო ბარეზის დაყენება მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც იერო ვარჩიე. როცა რეალში გადავედი, ის გუნდის ლიდერი იყო და ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში. თუმცა მხოლოდ ამის გამო არ ავირჩიე – მშვენიერი ფეხბურთელი იყო, უნაკლო მცველი და ამის გათვალისწინებით, ძალიან შედეგიანი.
ცენტრალური მცველი: ფაბიო კანავარო
კანავარო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი მგონია…
რამდენჯერმე ვითამაშე მის წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან, ძალიან გამიჭირდა.
ფეხბურთს ტელევიზორში იშვიათად ვუყურებ, თუმცა კანავაროს რამდენიმე თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ ეკრანზეც ძალიან შთამბეჭდავი იყო.
მარცხენა მცველი: რობერტო კარლოსი
როცა სიმბოლური ნაკრების შედგენა მთხოვეს, პირველად სწორედ ის გამახსენდა!
ბრაზილიელი ჩვენი რეალის სიმბოლო იყო, გულშემატკივრების ფავორიტი და მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელი!
რა დროც უნდა გავიდეს, ის, ვფიქრობ, ყოველთვის მოხვდება რეალის სიმბოლურ გუნდში.
ჩამშლელი ნახევარმცველი: ფერნანდო რედონდო
2000 წელს, როცა მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, რედონდო უბრალოდ შეუდარებელი იყო!
გული მწყდება, რომ მილანში გადასულმა ტრავმა მიიღო და შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა.
მარჯვენა ნახევარმცველი: ლუიშ ფიგუ
მარჯვენა მცველად კანავარო დავაყენე, მაგრამ რადგან ამ ფლანგზე ნახევარდაცვაში ფიგუ ვარჩიე, დარწმუნებული ვარ ფაბიოს ბევრი საქმე არ ექნება.
ჩვენ არაერთი სეზონი ვითამაშეთ ერთად და ხშირად მოწინააღმდეგეებიც ვიყავით. ფიგუ ყოველთვის გამოირჩეოდა, ბურთთან შენობით იყო და ბრწყინვალედ ხედავდა მოედანს.
მარცხენა ნახევარმცველი: რაიან გიგზი
არც მახსოვს რამდენჯერ ვითამაშე მის წინააღმდეგ! ის ყველა შეხვედრაში საუკეთესო იყო, ბრიტანელის კვალობაზე უჩვეულოდ ტექნიკური და სწრაფი. ვფიქრობ, ის პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია.
შემტევი ნახევარმცველი: რობერტო ბაჯო
ჩემი კერპი! ყოველთვის ვაღმერთებდი, ძალიან ტექნიკური და ლამაზი ფეხბურთელი იყო.
1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, მისი გოლით გამოვეთიშეთ ტურნირს, მაგრამ ამის მიუხედავად, ის ჩემი ფავორიტია.
ყოველთვის ვოცნებობდი მასთან ერთად თამაშზე.
წინწაწეული ნახევარმცველი: ზინედინ ზიდანი
ფიგუ იყო პირველი, რომელიც განვითარებაში დამეხმარა, ზიზუმ კი უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.
უნაკლო ფეხბურთელი!
გამიმართლა, რომ კარიერის საუკეთესო წლები რეალში გაატარა.
თავდამსხმელი: რივალდო
ჩემი დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. ბარსას ერთპიროვნული ლიდერი იყო და იყო მატჩები, რომელსაც ლამის მარტო იგებდა. მასთან ერთად თამაში დიდებული იქნებოდა, მაგრამ ჩვენ მეტოქეები ვიყავით.
თავდამსხმელი: რომარიო
ზღაპრული ფორვარდი! მასთან ერთად ნაღდად უძლეველი გუნდი მყავს: ფიგუ, ზიდანი, რივალდო, ბაჯო, რომარიო… როგორია?
სათადარიგოები
იკერ კასილიასი – დიდი და სამაგალითო კაპიტანი.
ფერნანდო მორიენტესი – პარტნიორი, რომელსაც ყველა თავდამსხმელი ინატრებდა.
რონალდო – ფენომენი!
მწვრთნელი: ხორხე ვალდანო
კარიერის განმავლობაში ბევრ დიდ მწვრთნელთან მიმუშავია, მთავარი ტიტულები ვისენტე დელ ბოსკეს ხელმძღვანელობით მოვიგე, მაგრამ მაინც ხორხე ვალდანო! არც კი ვიცი ვინ ვიქნებოდი დღეს, მას რომ არ შევხვედროდი.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 9 დეკემბერი)