ჩემი გუნდი: მიხაელ ბალაკი

90იანი წლების მიწურულს და ახალი ათასწლეულის დასაწყისში გერმანიის საფეხბურთო ნაკრებში თაობათა ცვლა მტკივნეულად წარიმართა: ბუნდესგუნდმა მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატი და ევრო 2000, ისევე, როგორც ევრო 2004, ჩააგდო.
ამ ტურნირების ფონზე მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლა მოულოდნელობა იყო.

მიხაელ ბალაკი რუდი ფიოლერის მომზადებული იმ ბუნდესგუნდის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი გახლდათ: ფიზიკურად ძლიერი, ტექნიკური, ზუსტი დარტყმით და საიმედო თამაშით.

2002, 2003 და 2005 წლებში ბალაკი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, 2002 წელს კი უეფამ უძლიერეს ნახევარმცველადაც დაასახელა.

კარიერის საუკეთესო წლები მან ლევერკუზენის ბაიერში, მიუნხენის ბაიერნსა და ლონდონის ჩელსიში გაატარა, დღეს კი ლიბანელ მეგობარ გოგონასთან ერთად ლევერკუზენში მოღვაწეობს.

მიხაელ ბალაკის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: ოლივერ კანი
ოლი რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იყო!
ბევრი ფიქრობს, რომ ის უცნაური გახლდათ, მაგრამ დიდ ადამიანებს ყველა ვერ უგებს. მასთან ერთად ნაკრებსა და ბაიერნში ჩატარებულ მატჩებს ყოველთვის ტკბილად გავიხსენებ.

მარჯვენა მცველი: კაფუ
ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული განაპირა მცველი!
მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე და გაჩერებული არასდროს მინახავს. გარდა იმისა, რომ მთელ ფლანგს აკონტროლებდა, ნაღდი ლიდერი იყო და ამისთვის კიდევ უფრო ვაფასებ.

ცენტრალური მცველი: ლუსიუ
ერთად ვთამაშობდით ლევერკუზენსა და ბაიერნში. პროფესიონალი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, ძლიერი, უშიშარი და საიმედო!
იყო თამაშები, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ გამოჩნდებოდა ლუსიუ და თავიდან აგანთებდა.

ცენტრალური მცველი: ჯონ ტერი
მას ორი სიტყვით დავახასიათებ: სრულყოფილი კაპიტანი!
რამდენადაც მხიარული იყო გასახდელში თუ ვარჯიშებზე, იმდენად სერიოზული გახლდათ მოედანზე.
შესანიშნავად თამაშობდა თავით და მარცხენა ფეხით. რაღაცით იურგენ კოლერს და გვიდო ბუხვალდს მაგონებდა.

მარცხენა მცველი: პაოლო მალდინი
ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი და ზოგადად ფეხბურთელი, ძალიან დიდი მოთამაშე, რომელმაც 25 წელი გაატარა უმაღლეს დონეზე.
მისი ტიტულების ჩამონათვალი შთამბეჭდავია! ის მშვენიერი პიროვნებაცაა, რაც ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

მარჯვენა ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა
მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო, ხოლო მისი თამაშიდან გამოთიშვა – შეუძლებელი. ბრწყინვალე პასების გარდა გადამწყვეტი გოლებიც გაჰქონდა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ჩემ ჩელსის გაუტანა 2009 წელს, ლიგის ნახევარფინალში.

ნახევარმცველი: ჩავი
ვფიქრობ, თაობის ერთ-ერთი ლიდერი და საუკეთესო წარმომადგენელი იყო. ყველა დროის უდიდესი ბარსელონა მის გარშემო აიგო და ამის დავიწყება შეუძლებელია. მგონი, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ცდა, სანამ მისნაირ ნახევარმცველს ვიხილავთ.

ნახევარმცველი: ემერსონი
როცა ლევერკუზენში მივედი, ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელი იყო. საიმედო შუახაზელი გახლდათ, რომელიც უნაკლოდ ასრულებდა შავ სამუშაოს. და მშვენიერი ბიჭიც იყო, მასთან ურთიერთობა ყოველთვის მსიამოვნებდა.

მარცხენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ
ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედის მატჩებში ნათლად ჩანდა, თუ რა პოტენციალის მქონე ფეხბურთელი თამაშობდა ჩვენ წინააღმდეგ. რეალში გადასვლით ათიანში მოარტყა – სანტიაგო ბერნაბეუზე ის უნაკლო გახდა. ლეგენდა!

თავდამსხმელი: რონალდო
მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გამიმართლა, რადგან სწორედ მის გამო წავაგეთ 2002 წელს მსოფლიოს ფინალი.
რონი ძალიან, ძალიან სწრაფი იყო! ასე ვიტყოდი: უნაკლო ცენტრფორვარდი გახლდათ!

თავდამსხმელი: ლეო მესი
რამდენიმეზე თქვეს, რომ აი, ესაა მარადონას მემკვიდრე, მაგრამ დიეგოს გზა მხოლოდ ლეომ გააგრძელა!
მას აქვს ყველაფერი, რაც უმაღლესი დონის მოთამაშეს სჭირდება. და მის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩები ტკბილად მაგონდება.

სათადარიგოები
დიდიე დროგბა
– ყველა პოზიციიდან შეეძლო გოლის გატანა. სუპერფორვარდი!
იენს ნოვოტნი – თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი. არ გაუმართლა – ტრავმებმა გატანჯა.
მიქაელ ესიენი – როცა ფორმაში იყო, ნახევარდაცვაში მის მხარდამხარ თამაშს არაფერი სჯობდა.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
არაერთი კარგი მწვრთნელის გუნდში მითამაშია, მაგრამ მოურინიუ გამორჩეული გახლდათ. ის ნაღდი ლიდერი იყო და ჩვენ, ფეხბურთელებს მისი გახარება უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებდა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 11 დეკემბერი)

ka_GEGeorgian