ვარსკვლავები: ხოსეპ გვარდიოლა

-ნახევარდაცვაში, მარჯვნივ რომ თამაშობს, რა გვარია?
კითხვამ, რომელიც ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა ახალგაზრდული გუნდის თავკაცს, კარლეს რექსაჩს დაუსვა, ლეგენდარული კლუბის ისტორია შეცვალა და ცხადია, იმ 17 წლის ტანმაღალი და გამხდარი ბიჭის ცხოვრებაც 180 გრადუსით შეატრიალა, რომელსაც ხოსეპ გვარდიოლა ერქვა.
თანაგუნდელები მას პეპს ეძახდნენ.
კრუიფი კატალონიელთა ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელით 1988 წლის ზაფხულში დაინტერესდა, მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში.
გვარდიოლა, კარგი ბიჭია,უპასუხა მთავარ მწვრთნელს რექსაჩმა.
იმ თამაშის მეორე ნახევარში, უკვე კრუიფის მოთხოვნით, გვარდიოლამ ნახევარდაცვის ცენტრში გადაინაცვლა.

ჟურნალისტი ფილ ბოლი თავის წიგნში – მორბო – იხსენებს, რომ კრუიფმა გვარდიოლა ნახევარდაცვის და დაცვის შემაკავშირებლად გამოსცადა, იმ დროს ესპანურ საკლუბო ფეხბურთში თითქმის არარსებულ პოზიციაზე და თან, საჭიროებისამებრ, შეტევების დაწყებაც დაავალა.

1990 წელს, როცა ბიჭმა ბარსელონის პირველ გუნდში შეაბიჯა, ის უკვე ჩამოყალიბებული და დახვეწილი მოთამაშე იყო, რომელიც ჰოლანდიელის ოცნების გუნდის სული და გული გახდა.

კატალონიელ ჟურნალისტ პერე ფერერესთან საუბრისას გვარდიოლამ პირველ გუნდში მოხვედრის სხვა ვერსია ახსენა: კრუიფს არ აღმოვუჩენივარ, უბრალოდ, შანსი მომცა და მე ის გამოვიყენე, რისთვისაც მისი მარად მადლობელი ვიქნები. ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ვერ მოხვდა პირველ გუნდშიმხოლოდ იმიტომ, რომ მათთვის შანსი არავის მიუცია.

გვარდიოლამ ბარსელონის მაისური პირველად 1990 წლის 16 დეკემბერს, კადისთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში მოირგო, 2 წელიწადში კი ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების კაპიტნად მოგვევლინა და თანაგუნდელებთან ერთად ბარსელონაში გამართული ოლიმპიადის ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი.

დასაწყისი: ქუჩები და ქვები

არგენტინელი ექს-ფეხბურთელი და ექს-მწვრთნელი ხორხე ვალდანო დიეგო მარადონას ეტალონად იყენებს და ამა თუ იმ ფეხბურთელის თაობაზე საბოლოო დასკვნას მხოლოდ მასთან შედარების შემდეგ აკეთებს.

მარადონამ ფეხბურთის თამაში ბუენოს აირესში, ქვა-ღორღიან ქუჩებში ისწავლა. ასეთივე იყო პეპის გზაც. ერთ-ერთ ინტერვიუში პეპმა ფერერესს უთხრა: ერთი შეხედვით ძალიან ცუდია კენჭებით მოფენილ ქუჩაში ბურთის თამაში, მაგრამ როცა ნამდვილ მინდორზე გადიხარ, ბავშვობის გამოცდილება გარკვეულ უპირატესობას განიჭებსზუსტად არ მახსოვს როდის დავიწყე თამაში, მაგრამ ყველა ჩემ ახლობელს მხოლოდ ბურთით ვახსოვარ – ის ჩემი ცხოვრების თანამდევია.

როცა პეპმა ბარსელონის პირველ გუნდში დაიმკვიდრა ადგილი, ხორხე ვალდანომ ერთ-ერთ წერილში მასზე თქვა: მის თამაშში აშკარად იგრძნობა ქუჩაში გატარებული ბავშვობით მოგვრილი სიამაყე.

ჟურნალისტი ჯიმი ბარნსი თავის წიგნში – ბარსა-ხალხის გატაცება – გვარდიოლას ბარსელონის შვილობილს უწოდებს: ბიჭმა კატალონიურ კლუბში ვარჯიში 12 წლიდან დაიწყო და პირველ შემადგენლობამდე ყველა საფეხური გაიარა.

პეპი განვლილ გზას იხსენებს: ლა მასიაზე (ასაკობრივი გუნდების მოსამზადებელი ცენტრი) მხოლოდ სავარჯიშოდ არ მიდიხარ, იქ ცხოვრების გარკვეულ ეტაპს ატარებ. ეს ძალიან მომწონდა, მხიბლავდა ის, რომ ფეხბურთს ყოველდღე ვთამაშობდი. ვთამაშობდი მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. ვიცოდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს კამპ ნოუს კარი ჩემთვისაც გაიღებოდა.

15 წლისა ბარსას საშინაო თამაშებზე ბურთის მიმწოდებელი იყო: 1986 წლის გაზაფხულზე, როცა კატალონიელებმა ჩემპიონთა თასის ნახევარფინალი მოიგეს, პეპი მინდორზე შევარდა და პიჩი ალონსოს ჩაეხუტა…

რამდენიმე კვირაში ბარსელონის გამო პირველად იტირა: მისი გუნდი ფინალში ბუქარესტის სტიაუასთან დამარცხდა.

როცა ბარსას თამაშს უყურებ, ფიქრობ, რომ ამ გუნდმა მხოლოდ უნდა მოიგოს. და როცა აგებს, ძალიან განიცდი, ტირი, რადგან თვლი, რომ ბარსელონა მხოლოდ გამარჯვებისთვისაა დაარსებული“, – ხოსეპ გვარდიოლა.

37 წლის იყო, როცა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ფრენკ რაიკაარდი შეცვალა: გარდა იმისა, რომ თითქმის 20 წელიწადი ჰქონდა გატარებული კამპ ნოუს სიახლოვეს, ბევრი არაფერი უმაგრებდა ზურგს, თუმცა ერთი დიდი პლუსი მაინც ჰქონდა: ბარსელონასი, კატალონიის კულტურის და გულშემატკივრებისა ყველაზე უკეთ ესმოდა!

მადლობა კატალონიას

ხასიათით ის XIX საუკუნის რომანტიულ გმირს ჩამოჰგავს, ისეთს, როგორიც კატალონიის ისტორიას არაერთი ახსოვს. ბევრისთვის პეპი მისაბაძი ბარსელონელია და ალბათ ეს გადაჭარბებული შედარება არაა. როცა კლუბიდან წავიდა, თითქმის ყველამ განიცადა, თუმცა ბევრს სჯეროდა, რომ გმირი კვლავ დაუბრუნდებოდა საყვარელ გუნდს. დაახლოებით ისე, როგორც ლეგენდებშია, – საფეხბურთო ჟურნალისტი საიმონ კუპერი.

ის დაბა, სადაც გვარდიოლამ ბავშვობის წლები გაატარა, კატალონიის შუაგულშია და სავარუდოდ, ამიტომაცაა, რომ მას თავის კუთხე ყველაზე ძალიან უყვარს. დიდი გამარჯვებების შემდეგ გვარდიოლა ყოველთვის კატალონიის დროშას იხვევდა ხოლმე მხრებზე, მატჩისშემდგომ კომენტარებს კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კატალონიურ ენაზე იძლეოდა…

ჩავისთან და იოჰან კრუიფის შვილ ხორდისთან ერთად რამდენჯერმე ითამაშა კატალონიის ნაკრებში, შედარებით ასაკოვანი გულშემატკივრები კი ხშირად იხსენებენ, რომ ხოსეპი მათ შვილებს არაერთხელ ესტუმრა სკოლაში და კატალონიელი პოეტების ლექსები წაუკითხა. განსაკუთრებული შთაგონებით მიკელ მარტი ი პოლის შემოქმედებას აცნობდა ბავშვებს.

როცა ბარსელონამ 1992 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, გულშემატკივრების წინაშე წარმდგარმა გვარდიოლამ ხალხს მიმართა: ჩაიხუტეთ ეს თასი, ის თქვენია“!

ამ სიტყვებში ყველამ დაინახა ფრანკოს რეჟიმის დამხობის შემდეგ გადასახლებიდან დაბრუნებული კატალონიის პრეზიდენტის ხოსეპ ტარიადელიასის ცნობილი სიტყვები: მიმიღეთ, მე დაგიბრუნდით!

…იოჰან კრუიფის ოცნების გუნდში ბევრი უცხოელი თამაშობდა ბრაზილიიდან, ბულგარეთიდან, დანიიდან, ჰოლანდიიდან და ამ ფაქტის გათვალისწინებით, გუნდის შუაგულში ძირძველი კატალონიელის ყოლა, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალიან მომგებიანი იყო. ეს ფაქტი განსაკუთრებით ხელს აძლევდა ხოსეპ ლუის ნუნიესს, კლუბის ლეგენდარულ პრეზიდენტს.

ბარსას საოცარი ისტორია აქვს და მისი წარსული კატალონიის ისტორიასთანაა გადაჯაჭვული. როცა ამას აცნობიერებ, აღარ გიკვირს კლუბის დევიზი: მეტი, ვიდრე კლუბი.

ბარსელონის ზეობის წლებში დიდ როლს თამაშობდნენ უცხოელები, განსაკუთრებით კი სამხრეთამერიკელები და ჰოლანდიელები. როცა კრიზისი დგებოდა, გუნდი საშველად კატალონიელებს უხმობდა.

ასე იყო შარშანაც: ჰოლანდიელი რაიკაარდის ხელმძღვანელობით კლუბმა არაერთი დიდი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა როცა დაღმასვლა დაიწყო, ბარსელონის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გვარდიოლას უხმო. ისევე როგორც ადრე, წლების წინ: კატალონიელი კატალონიელთა დასახმარებლად.

11 წელი არსელონაში

იოჰან კრუიფის გუნდში გვარდიოლას ზურგს რონალდ კუმანი უმაგრებდა, მის წინ კი ხოსე მარი ბაკერო მოქმედებდა. ამ ორი საიმედო მოთამაშის წყალობით, ხოსეპს შემოქმედებისთვის ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი.

მიუხედავად იმისა, რომ გვარდიოლა ოცნების გუნდის ყველაზე პოპულარული მოთამაშე არ იყო, მას საფეხბურთო ინტელექტუალები, იგივე ხორხე ვალდანო, მუდამ აფასებდნენ და რაც მთავარია, მის ფეხბურთს ძალიან ბევრი ბიჭი ბაძავდა. მაგალითად სესკ ფაბრეგასი და ანდრეს ინიესტა. მათ ამის შესახებ წლების წინ განაცხადეს.

იოჰან კრუიფი ამბობს: საფეხბურთო აზროვნებას ვაფასებ და ამიტომაც, ძალიან მომწონდა გვარდიოლა, მოთამაშე, რომელსაც ერთი შეხებით თამაში შეეძლო და ვისაც ზუსტი და გრძელი პასები ხელეწიფებოდა. მისი დროული გადაცემების შემდეგ სტოიჩკოვს და რომარიოს არაერთი გოლი გაუტანიათასეთი მოთამაშის გუნდში ყოლა ნამდვილი ფუფუნებაა!

იმ 11 წლის მანძილზე, რაც გვარდიოლამ ბარსელონაში გაატარა (4 წლის განმავლობაში ხოსეპი კაპიტანი იყო), მან ჩემპიონთა ლიგა, თასების მფლობელთა თასი და არაერთი ესპანური ტიტული მოიგო.

მფრინავი ჰოლანდიელის წასვლის შემდეგ კლუბის სათავეში ჯერ ბობი რობსონი, შემდეგ კი ლუის ვან გაალი მივიდნენ. გვარდიოლას პოზიცია არცერთი მათგანის გუნდში არ შეცვლილა.

ის იყო შეუდარებელი მოთამაშე, რომელიც თანაგუნდელებში ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა, – ლუის ვან გაალი.

ჰოლანდიელი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი, რომელიც ბარსელონაში 1998 წელს გადავიდა, იხსენებს: მასში მწვრთნელს ვხედავდი, მინდორზე გუნდს პეპი ხელმძღვანელობდა“.

მწვრთნელ-გვარდიოლაზე კრუიფის გავლენა აშკარაა და ამას არც მალავს: მაუკვდავი ტილო შექმნა და ახლა მემკვიდრეებზეა დამოკიდებული მისი მოვლამოფრთხილება.

თუმცა გვარდიოლას ყველა საკითხზე თავის შეხედულება აქვს: იმ მწვრთნელებისგან, ვისთანაც ვთამაშობდი, ძალიან ბევრი ვისწავლე, თუმცა მათ მოსაზრებებს ბრმად არ ვიზიარებ, ვინმეს გაკერპება ჩემში არ ზის.

იოჰან კრუიფი, ბობი რობსონი, ლუის ვან გაალი, ახალგაზრდა ჟოზე მოურინიო (ის რობსონის თანაშემწე იყო), ხუან მანუელ ლილიო – მექსიკის დორადოსის თავკაცი… ამ მწვრთნელებისგან გვარდიოლამ მართლა ბევრი რამ ისწავლა.

2006 წელს ხოსეპმა სწორედ მექსიკაში დაასრულა კარიერა, 2 წლის შემდეგ კი ბარსელონა ჩაიბარა.

და რა დასკვნები გამოიტანა ხსენებულ ადამიანებთან მუშაობით, დღეს ყველა კარგად ხედავს.

პეპის ბარსა

გვარდიოლა მუდმივად მუშაობს და დღიდან დღემდე იხვეწება.

მანუელ ესტიარტე, პეპის ერთ-ერთი თანაშემწე ამბობს, რომ ხოსეპს შეუძლია შეუსვენებლად იმუშაოს 12 საათი: თუ არ შეახსენე, სადილობაც დაავიწყდება. ის მთელი გულით ჩაფლულია საქმეში. არ ვაჭარბებრამდენჯერმე მე ვთხოვე შესვენება და სასადილოდ წასვლა.

როცა მწვრთნელი გახდა, კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა: 37 წლისაა, გამოცდილება აკლიაო.

ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ფეხბურთელებზე რომ ამბობენთუ კარგად თამაშობს, ესე იგი ასაკოვანია... ძალიან არ მიყვარს ეს გამოთქმა და მის უარსაყოფად ყოველთვის ლეო მესის ვიშველიებ21 წლისაა და თითქმის 5 წელია საოცრებებს ახდენს, – ხოსეპ გვარდიოლა.

სეზონის დაწყებამდე, სანამ გუნდი მოსამზადებელ პერიოდს გეგმის მიხედვით მიუყვებოდა, მწვრთნელმა ფეხბურთელებს 3 ფურცელი დაურიგა, სადაც მისი მოთხოვნები იყო ჩამოწერილი.

მაგალითად, როცა მთელი გუნდი მოედანზე სავარჯიშოდ გავიდოდა და რომელიმე დააგვიანებდა, სოლიდურ ჯარიმას გადაიხდიდა. ისჯებოდა ვარჯიშზე ლაყბობაც: ერთხელ მწვრთნელმა სამუელ ეტოოს მოედანი დაატოვებინა – კამერუნელმა ენა არ გააჩერა… აიკრძალა თამაშების წინა 2 დღეს ღამის კლუბებში გართობაც. თუ ფეხბურთელები არ უპასუხებდნენ კლუბის სატელეფონო ზარს, დაჯარიმდებოდნენ. გასვლითი მატჩებისას მთელ გუნდს ერთად უნდა ესადილა – ესეც მოთხოვნა იყო.

გვარდიოლა ამბობს, რომ მისი გუნდის ბრწყინვალე თამაშს საიდუმლო არ აქვს, უბრალოდ: მე ფანტასტიკური ფეხბურთელები მყავს, რომლებიც საერთო წესრიგს ემორჩილებიან!

ზოგი სპეციალისტის აზრით, რაიკაარდის მთავარი შეცდომა ლიგის მოგების შემდეგ ის იყო, რომ რამდენიმე ფეხბურთელზე ააწყო გუნდი და ამასთანავე, ძვირადღირებული, მაგრამ არცთუ საჭირო მოთამაშეები მიიწვია.

გვარდიოლა სხვანაირად მოიქცა: ყველას აუხსნა, რომ მისთვის არ არსებობს გამორჩეული ფეხბურთელი, რომ ყველა თანაბარ მდგომარეობაშია და შანსი ყველას ექნება. ამასთანავე, მან რამდენიმე ვარსკვლავიც გაუშვა, იგივე ჯანლუკა ძამბროტა, დეკუ სოუზა და, რა თქმა უნდა რონალდინიო!

ის, რომ მწვრთნელი სიტუაციას რეალურად აღიქვამს და არც შეცდომის აღიარების ეშინია, სამუელ ეტოოს შემთხვევამაც დაადასტურა: სეზონის წინ პეპს კამერუნელის გასხვისება სურდა, თუმცა ბარსელონას სასურველი წინადადებით არავინ მიმართა და ეტოოც დარჩა.

ამერიკაში ტურნეს დროს მან ჩვენი კეთილგანწყობა დაიბრუნა და მწვრთნელები დაგვარწმუნა, რომ გუნდისთვის საჭიროა. დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ საკითხს, შემიძლია გითხრათ, რომ მისი დარჩენით ბარსელონამ მხოლოდ მოიგო და ეს ძალიან მახარებს, – გვარდიოლა.

როცა ამ გუნდის თამაშს თვალს ადევნებ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ძალიან იოლია, მაგრამ ამ, ერთი შეხედვით უბრალო ფეხბურთის მიღმა ენითაუწერელი შრომა და თავდადება იმალება.

ჩემპიონთა ლიგის 1/8ფინალში ლიონთან 5:2 მოგების შემდეგ ჩავიმ ბრიტანულ გაზეთ გარდიანს უთხრა:

პეპს უყვარს დასაბუთებული საუბარი, თუ რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, მიზეზსაც გვიხსნის. მის მიერ განხორციელებული ტაქტიკური ცვლილებები ყოველთვის მისაღებია, ჩვენ, ფეხბურთელებმა ზუსტად ვიცით რა რატომ ხდება. როცა გყავს მწვრთნელი, რომელიც ყველა პრობლემას აგვარებს, ფეხბურთის თამაშიც გიადვილდებამეტოქის დამარცხება რთული აღარაა.

ჩავის სიტყვების დასტურად გამოდგება რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი: ბარსელონამ ლა ლიგის 10 შეხვედრაში გაიტანა 4 ან მეტი გოლი; საერთო ჯამში, 100ზე მეტი ბურთი შეაგდო ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაში კი საშუალოდ 2,9 გოლი მატჩში!

თუმცა გამარჯვებები მხოლოდ ძლიერი თავდასხმით არ არის განპირობებული. მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ თქვა: გვარდიოლას ბარსელონა დაცვაში გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე ადრე.

ფინალში მანჩესტერელებმა კატალონიელთა კარის დალაშქვრა ვერ შეძლეს. ეგ კი არა, საწყისი წუთების შემდეგ ვალდესის კარში ხეირიანად ვერც დაარტყეს.

გვარდიოლა: ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ თუ კარგი თავდასხმა გსურს, პირველ რიგში მტკიცე დაცვა უნდა გყავდეს. როცა უკანახაზელები საიმედონი არიან, მეტოქეს გაათმაგებული ძალით უტევ და არც შეცდომის გეშინიაიცი, რომ მცველები ბურთს კვლავ დაგიბრუნებენ. თუ ბურთი მეტოქის ნახევარზეა, მშვიდად ვარ და ფეხბურთელებისგან სწორედ ამას ვითხოვ, ისინი ვალდებულნი არიან არ მანერვიულონ!

მთავარი, რაც მის ბარსელონას ახასიათებს, მოტივაციაა – გუნდი ყველა შეხვედრაში ბოლომდე იხარჯება.

ასეთმა მიდგომამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო: 3 თასი, ყველა იმ ტურნირის მოგება, სადაც ბარსელონამ პეპის სადებიუტო სეზონში ითამაშა!

იან მიოლბიუ

ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, არ მოხდებოდა იოჰან კრუიფს 1990 წლის ზაფხულში იან მიოლბიუ რომ შეეძინა: გუნდის გასაძლიერებლად მწვრთნელმა ლივერპულიდან დანიის ნაკრების ნახევარმცველის შეძენა გადაწყვიტა. კრუიფი ფიქრობდა, რომ მიოლბიუ ლუის მილიას შეცვლიდა.

მაგრამ სკანდინავიელს კამპ ნოუზე ფეხიც არ დაუდგამს – პრეზიდენტმა ხოსეპ ლუის ნუნიესმა კრუიფის იდეას სიგიჟე უწოდა.

მისმინე, შენი გადასაწყვეტია, ვიყიდით თუ არა მილბიუს, მაგრამ რომ არ გაამართლოს, იცოდე, გუნდს დატოვებ! – უთხრა პრეზიდენტმა ხელქვეითს.

კრუიფი დაფიქრდა და მიოლბიუს შეძენის ნაცვლად ახალგაზრდული გუნდიდან ხოსეპ გვარდიოლა დააწინაურა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian