ვარსკვლავები გარეკანზე

ათწლეულებია, რაც ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობა აღარაა. ფეხბურთი იდეალურად გამართული ინდუსტრიაა, რომლის საცეცებიც დედამიწის ყველა კუთხეს სწვდება და სადაც ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ფული ტრიალებს.
დღეს რამდენიმე საფეხბურთო კლუბს ბევრ სახელმწიფოზე გამართული ბიუჯეტი აქვს, გრანდების პრეზიდენტები ქვეყნის მეთაურებზე დიდი გავლენით სარგებლობენ, საუკეთესო ფეხბურთელები კი პოპულარობით არაფრით ჩამოუვარდებიან კინოვარსკვლავებს, დიზაინერ-ტოპ მოდელებს თუ გავლენიან პოლიტიკოსებს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მილიონობით ადამიანს აინტერესებს კრიშტიანუ რონალდუს ცხოვრების დეტალები; სად ატარებს შვებულებას ლეო მესი; რატომ უღალატეს ცოლს რაიან გიგზმა და ჯონ ტერიმ; რა თანხა გადაიხადა ახალ კაბაში დევიდ ბექემის მეუღლემ; როდის გაიცნო ჟერარ პიკემ შაკირა; როგორი კაბა ეცვა ჯიჯი ბუფონის მეუღლეს ქორწილში…

საუკეთესო ფეხბურთელები და მათი პირადი ცხოვრება ყვითელი პრესის მუდმივი თემაა: პაპარაცები თან სდევენ და თვალს არ აშორებენ ვარსკვლავებს, ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კი საინტერესო და სკანდალურ ფოტოებს ძალიან აფასებენ. მერე, როცა რედაქტორები ნანადირევს გადაათვალიერებენ და ჟურნალისტების წერილსაც წაიკითხავენ, გამოცემებიც მომზადდება, მეორე დღეს კი ძალიან ბევრი ადამიანი შეიტყობს, რომ…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს პოპულარული ფეხბურთელის გამოჩენა არასპორტული ჟურნალის გარეკანზე არავის უკვირს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. კაცმა რომ თქვას, საკვირველი ის იქნებოდა ასე რომ არ ყოფილიყო.

მედიის წყალობით რამდენიმე ფეხბურთელის გვარი უკვე ბრენდად იქცა. პირველ რიგში ინგლისელი სუპერვარსკვლავი დევიდ ბექემი უნდა ვახსენო – მისი სარეკლამო შემოსავლები დიდი ხანია რაც სახელფასოს აღემატება, პირად ცხოვრებაზე კი არაფერს ვამბობ: 10 წელიწადზე მეტია, რაც ის ჟურნალ-გაზეთების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

1996 წლიდან დაწყებული, მას შემდეგ რაც დევიდის და ბრიტანული პოპ-ჯგუფის სფაიზ გერლზის ერთ-ერთი წევრის ვიქტორია ადამსის ურთიერთობა გამჟღავნდა, მათი პოპულარობა მუდმივად იზრდება – ათას ჭორ-მართალზე რომ არაფერი ვთქვა, წყვილი ხშირად მონაწილეობს დაკვეთილ ფოტოსესიებში, სანაცვლოდ კი გვარიან თანხას იღებს.

კმაყოფილია ფეხბურთელიც და კმაყოფილია გამოცემაც: პირველს დამატებითი შემოსავალი არ აწყენს, რედაქციაში კი იციან რომ იმ ნომრის ტირაჟი, რომლის გარეკანსაც ვარსკვლავი ამშვენებს, კარგად გაიყიდება.

2001 წელს დევიდ ბექემი პირველი მამაკაცი გახდა, რომელიც ჟურნალ MarieClaireის ბრიტანული გამოცემის გარეკანზე მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რედაქციამ მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველს 100 ათასი გირვანქა გადაუხადა. MarieClaireს მალე Vogue მოჰყვა, შემდეგ GQ…

ბრიტანული ჟურნალები ფეხბურთელებს ერთი ფოტოსესიის და ექსკლუზიური ინტერვიუს სანაცვლოდ 30-50 ათას გირვანქას უხდიან. თუ მოთამაშის ფოტო გარეკანზე იბეჭდება – და ამას რედაქცია, როგორც წესი, წინასწარ ათანხმებს – ჰონორარი იზრდება.

2004 წელს GQს იტალიური გამოცემის გარეკანზე მილანის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის კაკას ფოტო დაიბეჭდა, 2010 წელს კი GQს ესპანური გამოცემის ერთ-ერთი ნომერი რეალის პორტუგალიელმა ახალწვეულმა კრიშტიანუ რონალდუმ დაამშვენა. ორივე მოთამაშის საბანკო ანგარიში თითქმის 50 ათასი ევროთი შეივსო!

ერთია ექსკლუზიური ინტერვიუ და ფოტოსესია რიგითი ნომრისთვის და სულ სხვაა, როცა გამოცემა მთავარ თემად ამა თუ იმ ფეხბურთელის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ამბავს ირჩევს, ვთქვათ, ქორწილს ან შვილის დაბადებას.

1999 წლის 4 ივლისს, იმავე დევიდ ბექემის და ვიქტორია ადამსის ქორწილის ექსკლუზიური ფოტოგადაღების სანაცვლოდ ჟურნალმა OK! თითქმის ნახევარი მილიონი გირვანქა გადაიხადა!

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებს აკრძალული ჰქონდათ ფოტოაპარატით მისვლა და დაცვაც მკაცრად აკონტროლებდა სიტუაციას, მეორე დღეს სხვადასხვა გამოცემაში მაინც მოხვდა ქორწილის რამდენიმე ფოტო, მაგრამ სავარაუდოდ, OK!ში ამის გამო ძალიან არ უდარდიათ: ნომერი, რომელიც ამ მოვლენას მიეძღვნა, მხოლოდ ბრიტანეთში 4მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა!

დევიდ ბექემის ჰონორართან შედარებით, ალბათ არც ღირს იმ 40 ათასი გირვანქის ხსენება, რომელიც პოლ გესქოინმა 1996 წელს მიიღო ჟურნალ HELLOსგან იმავე უფლების სანაცვლოდ.

2007 წლის აგვისტოში VANITY FAIRის იტალიურმა გამოცემამ სკუადრა აძურას მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს 150 ათასი ევრო გადაუხადა ორსულ მეუღლესთან, ჩეხ სუპერმოდელ ალენა სერედოვასთან ერთად ექსკლუზიური ინტერვიუსთვის და ფოტოსესიისთვის. ნომერი სექტემბერში გამოვიდა, დეკემბერში კი წყვილს ვაჟი, ლუის ტომასი შეეძინა.

2011 წლის 11 მარტს დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ ის და ვიქტორია ზაფხულში მე4 შვილს, ამჯერად გოგოს ელიან. რამდენიმე დღეში ვარსკვლავის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჟურნალებმა HELLO და PEOPLE უკვე მიმართეს ოჯახს ახალშობილის ფოტოგადაღების ექსკლუზიური უფლების შეძენის შესახებ.

2009 წლის იანვარში ჟურნალ ELLEს ესპანური გამოცემის გარეკანზე მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი იკერ კასილიასი კალათბურთელ პო გასოლთან, ჩოგბურთელ რაფაელ ნადალთან და მოდელ ეუხენია სილვასთან ერთად მოხვდა. მეკარეს ჰონორარი არ აუღია – ნომერი 2008 წლის მთავარ მოვლენებს მიეძღვნა, იმ წლის ზაფხულში კი კასილიასის ესპანეთმა 40წლიანი შესვენების შემდეგ ევროჩემპიონატი მოიგო!

უცნაურია, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე.

როცა საქმე ეხება საქვეყნოდ ცნობილ გამოცემებს და ახირებულ ვარსკვლავებს, ბუნებრივია, არც სკანდალების ნაკლებობაა.

შარშან, ივნისის ნომერში, ჟურნალმა VANITY FAIR დიდი მასალა მიუძღვნა მსოფლიო ჩემპიონატს, მკითხველს კი ცნობილი ფოტოხელოვანის ენი ლეიბოვიცის მიერ გადაღებული კრიშტიანუ რონალდუს, დიდიე დროგბას, კაკას და ლენდონ დონოვანის ფოტოები შესთავაზა. გამოცემის გარეკანი ტრუსებში გადაღებული რონალდუს და დროგბას ფოტოებმა დაამშვენა. სკანდალი სწორედ ამის გამო მოხდა: პორტუგალიელი თავდამსხმელი უკმაყოფილო დარჩა რედაქციის გადაწყვეტილებით – სურდა გარეკანზე მარტო ყოფილიყო! საბედნიეროდ საქმე სასამართლომდე არ მივიდა – ფეხბურთელი VANITY FAIRის მისამართით ნათქვამი რამდენიმე, არცთუ კორექტური ფრაზით შემოიფარგლა…

გვერდს ვერ ავუვლი სექსუალური უმცირესობის გამოცემებს. მაგალითად, გეების ბრაზილიურ ჟურნალ Gის გარეკანზე სხვადასხვა დროს 8 ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა მათ შორის ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცნობილი არცერთია.

სავარაუდოდ, ასეთი გამოცემები სელესაოს ვარსკვლავებისთვის ამ ეტაპზე კვლავაც არაპოპულარულია.

მაგრამ ვინ იცის, მომავალში სიტუაცია, შეიძლება შეიცვალოს.

წლების წინ ხომ ვერც იმას წარმოიდგენდნენ, ფეხბურთელი მხოლოდ ბურთის თამაშით თუ შეძლებდა თავის გატანას.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 1-31 აგვისტო)

ka_GEGeorgian