რონის 100 და 400

სერია ას ბოლო ტურში, ჯენოასთან, კრიშტიანუ რონალდუმ ვერ ითამაშა კარგად. მეტიც: ის თითქმის მთელი თამაში ჩრდილში იდგა, მაგრამ ზღაპრული კარიერის წყალობით და საჭირო მომენტში წამიერი გაბრწყინებით მაინც მატჩის გმირად იქცა.
და მორიგი რეკორდებიც დაამყარა!

პაულო დიბალას ეფექტური გოლით და რონალდუს 2 ზუსტი პენალტის წყალობით იუვენტუსმა 3:1 მოიგო და 11 ტურის შემდეგ ლიდერ მილანს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება. ერთი შეხედვით უცნაური ამბავია – 11 ტურის შემდეგ იუვენტუსი ლიდერი არ არის, მაგრამ ჯერ სეზონის ნახევარიც არ გასრულებულა და მთავარი ბრძოლაც წინაა.

კრიშტიანუ რონალდუ ამ სეზონში, გუნდური ტიტულის გარდა, როგორც ჩანს ინდივიდუალური ჯილდოსთვისაც იბრძოლებს. მისი შედეგები ამის თქმის საფუძველს ნამდვილად იძლევა – პორტუგალიელმა სერია ას 7 ტურში უკვე 10 გოლი შეაგდო და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ბომბარდირთა ლიდერია!

რონალდუ მე3 სეზონს ატარებს ტურინში და ჯერ გოლეადორი არ გამხდარა. არადა თავის დროზე ის ყველაზე შედეგიანი იყო ინგლისში, შემდეგ კი ესპანეთში. ისიც გემახსოვრებათ, რომ გასულ სეზონში რონალდუს ძალიან ცოტა დააკლდა ბომბარდირობამდე და ევროპის ოქროს ბუცამდე – მხოლოდ ჩირო იმობილეს ჩამორჩა, ისიც ჩემპიონატის მიწურულს.

გუშინდელი 2 გოლი რონალდუს ზედიზედ მე2 დუბლი იყო. შუა კვირაში მან ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი, კამპ ნოუზე ბარსელონასთან 3:0 მოგებულ მატჩში. იქაც 2 პენალტი გაიტანა.

ჯენოასთან გამარჯვება და დუბლი კიდევ 2 მიზეზითაა საინტერესო:
1: კრიშტიანუმ საიუბილეო, მე100 თამაში ჩაატარა იუვენტუსის მაისურით;
2: ეს იყო მისი მე400 გამარჯვება ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში და ეს საუკეთესო შედეგია XXI საუკუნეში.

პირველით დავიწყებ: იუვეს შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 100 თამაშში (ყველა ტურნირზე) რონალდუმ უკვე 79 გოლი მოაგროვა!

ფენომენალური შედეგია, მაგრამ იუვეს დიდებულ ისტორიაში ეს მხოლოდ მე3 მაჩვენებელია:

ევროპის 1961 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა ენრიკე ომარ სივორიმ საწყის 100 მატჩში 84 გოლი გაიტანა, ფელიჩე ბორელმა კი 80. პირველი 1957-65 წლებში თამაშობდა იუვენტუსში, ბორელი კი II მსოფლიო ომამდე, 1932-41 წლებში.

რაც შეეხება რონალდუს მეორე მიეღწევას – 400 გამარჯვებას, ამ მხრივ ის ევროპის რეკორდსმენია და ორ ლეგენდას, ლეო მესის (365 მოგება) და ჯანლუიჯი ბუფონს (350) უსწრებს.

XII ტურში იუვე ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებს, ჯენოას კი II წრემდე თასის 1/8ფინალში დაუპირისპირდება – მატჩი 13 იანვარს ტურინში გაიმართება.

 

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 14 დეკემბერი)
ფოტო: fcJuventus

ka_GEGeorgian