ჩემი გუნდი: მაიკლ ოუენი

17 წლის იყო, პირველად რომ ითამაშა პრემიერლიგაში, 18 წლისა კი, პირველი სრული სეზონის შემდეგ, საუკეთესო ბომბარდირი გახდა 18 გოლით!
მომდევნო სეზონში კიდევ ერთხელ მოიგო ტიტული, კარიერა კი 150 პრემიერლიგური გოლით დაასრულა.
მაიკლ ოუენი ერთ-ერთია იმ 9 თავდამსხმელს შორის, რომლებმაც ამ ნიშნულს უწიეს, და ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც პირველი 100 გოლი გაიტანა.

ლივერპულის ფანების ფავორიტისთვის საუკეთესო 2001 წელი გამოდგა, როცა საყვარელი გუნდის შემადგენლობაში 5 თასი მოიგო: ზამთარში ინგლისის ლიგის, გაზაფხულზე უეფას და ინგლისის ასოციაციის, ზაფხულში კი ევროპის და ინგლისის სუპერთასები.

წლის ბოლოს ფრანს ფუტბოლმა ტრადიციულად გამოკითხა ჟურნალისტები და მათ ევროპის უძლიერეს ფეხბურთელად სწორედ ოუენი დაასახელეს.

კარიერა 2012-13 წლების სეზონში დაასრულა მოკრძალებულ სტოკ სიტიში და მას შემდეგ ჰობი საქმედ აქცია: ხშირად ტელეკომენტატორად გვევლინება, ნისლიან ალბიონზე ძალიან პოპულარულ დოღებს კი არ აცდენს – რამდენიმე ცხენის მფლობელია და ფავორიტ მხედრებს ქომაგობს.

დღეს მაიკლ ოუენის დაბადების დღეა – ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი ბომბარდირი 41 წლის გახდა, მისი ყველა დროის ნაკრები კი ასეთია:

მაიკლ ოუენის ოცნების გუნდი (4-4-2)
მეკარე: პეტერ შმეიხელი
უამრავი მეკარის წინააღმდეგ მითამაშია, ბევრი მათგანი სხვადასხვა თვისებით იყო გამორჩეული, რამდენიმე დიდი იყო, მათ შორის უდიდესად კი შმეიხელი მიმაჩნია!
პირველობისთვის მხოლოდ ბურთების მოგერიების უნარი საკმარისი არაა – შმეიხელი უმაღლესი დონის მეკარე და ლიდერი იყო!

მარჯვენა მცველი: კაფუ
რამდენჯერმე ვითამაშე ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ და კაფუმ (რობერტო კარლოსთან ერთად) განაპირა მცველებზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა.
ჩვენ დროს ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობდა, რომ მცველებს მხოლოდ კარის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ, თუმცა კაფუ დიდებულად ერთვებოდა შეტევაშიც. ის უნაკლო იყო!

ცენტრალური მცველი: მარსელ დესაი
როცა დესაი პრემიერლიგაში მოვიდა, ხშირად მესმოდა, რომ არცთუ სწრაფი იყო, ფიზიკურადაც მოიკოჭლებდა, თავით თამაში არ ეხერხებოდა…
მაგრამ მოედანზე მის წინააღმდეგ ყოველ შეხვედრაში ვრწმუნდებოდი, რომ მას სუსტი წერტილი არ ჰქონდა – შეუვალი იყო!ერთ-ერთი საუკეთესო მცველი 90იანი წლების პრემიერლიგაში!

ცენტრალური მცველი: პაოლო მალდინი
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მხოლოდ ტიტულების გამო იმსახურებს სიმბოლურში ადგილს.
მე რომ გამოვჩნდი, მას კარიერის პიკი გადავლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც საუკეთესო იყო – შესაძლოა ძველებურად სწრაფი არ იყო, მაგრამ ძალიან გონივრულად თამაშობდა.
ხშირად მეუბნებიან, რომ ბობი მურიც მალდინის დონის მცველი იყო… არ ვიცი, მურის თამაში არ მინახავს, მაგრამ პაოლო ნაღდად ნომერ პირველია!

მარცხენა მცველი: რობერტო კარლოსი
ბრაზილიელებს ძალიან გაუმართლათ, რომ წლების მანძილზე მათი გუნდის კარს მარჯვნივ კაფუ იცავდა, მარცხნივ კი რობერტო კარლოსი.
ის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო რეალში – არასდროს იღლებოდა, უძლიერესი დარტყმა ჰქონდა, ძალიან სწრაფი გახლდათ…
კარლოსი უბრალოდ ფანტასტიკური იყო!

მარჯვენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ
როცა პრემიერლიგაში მოვიდა, ყველამ იგრძნო, რომ ინგლისში ახალი სუპერვარსკვლავი გამოჩნდა, თუმცა დღეს ნათელია, რომ ის გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალოდ ვარსკვლავი. შეხედეთ მის სტატისტიკას, ტიტულებს და მგონი, ადვილად შევთანხმდებით, რომ რონალდუ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია.

ცენტრალური ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი
ჯერარდის დარ მოთამაშეს ყველა გუნდი ინატრებდა: ის საუკეთესო იყო მეტოქეთა შეტევების ჩაშლის დროს, ბურთის ართმევისას, შეტევაში კი იფიქრებდით, თითქოს დამატებითი ფეხბურთელი გყავდათ – სწრაფი, ძლიერი დარტყმით, კარგად ანაწილებდა ბურთს…
და რაც მთავარია, სამაგალითო კაპიტანი იყო. ულაპარაკოდ პრემიერლიგის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ნახევარმცველი.

ცენტრალური ნახევარმცველი: როი კინი
მწვრთნელი რომ ვიყო, მხოლოდ 4-4-2 ტაქტიკური განლაგებით ვითამაშებდი, ნახევარდაცვის შუაში კი ჯერარდის და კინის მსგავს ფეხბურთელებს დავაყენებდი. მეეჭვება მათი მარწუხებისთვის ვინმეს გაეძლო.
კინი ძალიან დიდი იყო და ვფიქრობ, წლების შემდეგ თუ ვინმეს დაასახელებენ პრემიერლიგის სიმბოლოდ, ერთ-ერთი სწორედ ის იქნება.

მარცხენა ნახევარმცველი: ჯონ ბარნსი
გამიმართლა, რომ კარიერის დასაწყისში რამდენჯერმე ვითამაშე მის მხარდამხარ. ბარნსი ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ლივერპულელად მიმაჩნია და გული მწყდება, რომ მან და მისმა თაობამ ნაკრებში მეტს ვერ მიაღწია. 80-90-იანი წლების ლივერპულში ის უალტერნატივო იყო. და მგონი, ყველაზე ტექნიკურიც.

თავდამსხმელი: ტიერი ანრი
დღეს რომ პრემიერლიგა მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატია, იმ ლეგიონერების დამსახურებაცაა, რომლებმაც აქ ითამაშეს.
ინგლისურ კლუბებში ბევრი მშვენიერი თავდამსხმელი მინახავს, მათ შორის დენის ბერხკამპი და ჯანფრანკო ძოლა, მაგრამ ანრი საუკეთესოა! მან პრემიერლიგა ახალ სიმაღლეზე აიყვანა.

თავდამსხმელი: ალან შირერი
დღეს ბომბარდირებს უწოდებენ მათ, ვისაც 15 ან 20 გოლი გააქვს, შირერი კი ნამდვილი გოლების მანქანა იყო – ბევრი სეზონი დაასრულა +30 გოლით და ასეთი სერიები დღეს უამრავ კარგ თავდამსხმელს არც დაესიზმრება.
მასთან ერთად არაერთხელ ვითამაშე და მინდა გითხრათ, რომ მისნაირი მოტივირებული ფორვარდი იშვიათად შემხვედრია.

სათადარიგოები
ნევილ საუთჰოლი – 80იან წლებში ევერტონის ფანი ვიყავი და საუთჰოლი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მიმაჩნდა.
ჯეიმი კარაგერი – ვერცერთი გუნდი იქნება სრულყოფილი მის გარეშე. აქ რომ არ დამესახელებინა, ნაღდად მომკლავდა.
ზინედინ ზიდანი – გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე. ჯადოქარი!

მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
თავი დავანებოთ მის ტიტულებს და მხოლოდ მისი გუნდები გავიხსენოთ: რამდენი მანჩესტერ იუნაიტედი ჩამოაყალიბა – უამრავმა დიდმა ფეხბურთელმა ითამაშა მის ხელში, 4-5 თანაბარძალოვანი გუნდი დააყენა!
უსამართლობა იქნება ჩემი საოცნებო გუნდი სხვას რომ ვანდო – მხოლოდ სერ ალექსი!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 14 დეკემბერი)

ka_GEGeorgian