ჩემი ალბომები: ჯონ სტაინბეკის რუსული დღიური (II ნაწილი)

1947 წელს ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა ფოტოკორესპონდენტ რობერტ კაპასთან ერთად საბჭოთა კავშირში ორი თვით იმოგზაურა.
მოსკოვის, სტალინგრადის, კიევის და უკრაინის რამდენიმე სოფლის მონახულების შემდეგ ამერიკელები თბილისს და საქართველოს ესტუმრნენ.
რკინის ფარდის მიღმა ნანახი და განცდილი სტაინბეკმა ერთი წლის შემდეგ წიგნად გამოსცა და რუსული დღიური-
A Russian Journal – უწოდა. წიგნს თან ერთვოდა რობერტ კაპას ძალიან საინტერესო ფოტოები.
რუსული დღიურიდან ერთ სცენაზე გამორჩეულად ვიხალისე: სტაინბეკი და კაპა მოსკოვში მწერლებს ხვდებიან და საზოგადოებაში მწერლების როლზე საუბრობენ.
ამერიკაშიო, – ეუბნება სტაინბეკი მასპინძლებს, – მწერალი სელაპებზე ოდნავ მაღლა და აკრობატებზე დაბლა დგასო. არადა, იმ დროს ის პულიცერის პრემიის ლაურეატი გახლდათ…
საბჭოთა კავშირში მოგზაურობიდან 15 წელიწადში, 1962 წელს ჯონ სტაინბეკმა ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო. ის 1968 წელს, 66 წლისა გარდაიცვალა.
რაც შეეხება რობერტ კაპას, ლეგენდარული ჟურნალისტი 1954 წლის 25 მაისს, ვიეტნამში, მორიგი ფოტოს გადაღებისას ნაღმზე აფეთქდა.
2016 წელს პირველად სწორედ ჯონ სტაინბეკის რუსული დღიური წავიკითხე და რადგან კაპას საქართველოში გადაღებული ფოტოები ადრე დავაარქივე, ამ ალბომის მომზადება და გამოფენა გადავწყვიტე.
აქ მხოლოდ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს და მეტ-ნაკლებად შესაბამის ტექსტებს დავდებ, ისე კი გირჩევთ წიგნი წაიკითხოთ – ძალიან საინტერესოა და სახალისო.
საუკეთესო სურვილებით!
პ.ს.
ეს ტექსტი 2016 წლის 1 თებერვალს დავწერე და ყველა ფოტო ფეისბუქზე გამოვფინე სტაინბეკის წიგნიდან ამოკრეფილი ჩანახატებიანად.
მეგობრები კი არა, მეგობრების მეგობრების მეგობრების მეგობრები აზიარებდნენ ამ ალბომს!
რამდენიმე ათასი გაზიარება ჰქონდა და ფოტოები კიდევ, ცალ-ცალკე, უფრო მეტმა გამოფინა თავის კედელზე!
ნაღდად არ ველოდი, მაგრამ კი მესიამოვნა.
ყველაზე ძალიან კი ის გამიხარდა, რომ სტაინბეკის მონათხრობში აღწერილი დასავლეთ საქართველოში მოგზაურობის რამდენიმე ადგილიც დაზუსტდა. მაგალითად გავარკვიე, რომ როცა ჯონ სტაინბეკი ერთ-ერთი მეურნეობის მენეჯერთან სტუმრობას აღწერს, მას და რობერტ კაპას სოფელ ალამბარში, დურსუნ ნიჟარაძის ოჯახში დახვედრიან, იქ გაშლილა ის ლეგენდარული სუფრა, სტუმრები რომ გადარია და კინაღამ შეიწირა.
ეს ყველაფერი ფოტოს გაზიარებისთანავე დამიწერა სულხან ნიჟარაძემ. ცეკვის დროს ფოტოზე აღბეჭდილი ალიოშა (ალექსანდრე) ნიჟარაძე და მინირე ინაიშვილიც მან იცნო…
ეს კარგი ხალხი დღეს, მეეჭვება ცოცხალი იყოს, და თუ ასე არაა, ეგ არაფერი – მათი სახეები ხომ სამუდამოდაა აღბეჭდილი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფოტოგრაფის მიერ.
საუკეთესო სურვილებით!

ლაშა გოდუაძე
2016 წლის 1 თებერვალი და 2020 წლის 16 დეკემბერი

…დილაადრიან გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სრულიად სხვა მიწაზე, სულ სხვანაირ მხარეში ამოვყავით თავი – ტროპიკულ მხარეში ვიყავით. ლიანდაგების გაყოლებაზე აშენებული პატარ-პატარა სახლები ყვავილებსა და სიმწვანეში იყო ჩაფლული… ყველგან ფორთოხლის ხეები იდგა… ეს იყო ყველაზე მდიდარი და მშვენიერი მხარე!
…ხალხი დილაადრიან გამოსულიყო თავიანთი სახლებიდან და მატარებელს უცქერდნენ. ქალებს კაშკაშა ფერის ტანსაცმელი ემოსათ, როგორც ტროპიკულ მხარეებში სჩვევიათ ხოლმე. წითელი, ცისფერი ან ყვითელი თავსაფრები წაეკრათ, მათი ქვედაბოლოები ნათელი ფერისა იყო…


…ბათუმი მყუდრო, პატარა ტროპიკული ქალაქია, პლაჟებითა და სასტუმროებით.
…საბჭოთა კავშირში საუკეთესო, ყველაზე მდიდრული სასტუმრო ინტურისტიც აქ იდგა. ოთახები მყუდრო და ახალმოწყობილი იყო, თითოეულს აივანი ჰქონდა, რომელზეც სავარძლები იდგა.
…გვითხრეს, რომ ძალიან ბევრი მუშათა კავშირი ფლობს დასასვენებელ სახლებს ზღვისპირეთში. ამ სახლს ერთდროულად სამასი სტუმრის მიღება შეეძლო.
…საღამოს ზღვისპირას მიგვიწვიეს თბილისის ჯაზის ორკესტრის კონცერტზე. ორკესტრმა თავისი ადგილი დაიკავა და ამერიკული ჯაზის თავისებური ვერსიები შეასრულეს. ამ კომპოზიციებს უკრავდნენ: Shine, China Boy, In the Mood.
…ყველგან In the Mood გაისმოდა, ყველგან! მე და კაპა კონცერტზე რომ მივედით, უზარმაზარი თაიგულები გადმოგვცეს, რის გამოც ოდნავ სულელურად ვიგრძენით თავი. არცერთი არ ვართ ის კაცები, დიდი თაიგულებით რომ ვუსმენდეთ კონცერტს.

…ჩაის ქალები კრეფდნენ. მუშაობისას ქალები ჩაის გრძელ რიგებში მოძრაობდნენ, მღეროდნენ და ლაპარაკობდნენ… ფერწერულ ტილოებზე გამოსახულებს წააგავდნენ. კაპამ ბევრი ფოტო გადაუღო.
…აქაც, როგორც ყველგან, დეკორაციები იყო ეფექტიანობის ასამაღლებლად. ერთ გოგონას მედალი მიეღო ჩაის სწრაფად მოკრეფის გამო – ხელებს სინათლის სიჩქარით ამოძრავებდა!
…ჩაის ბუჩქების მუქი მწვანე ფერი და ქალების ტანსაცმლის ფერები ლამაზ სურათს ქმნიდა. მთის ძირში სატვირთო მანქანა იდგა, რომელიც ახალმოკრეფილ ჩაის იბარებდა და გადასამუშავებელ ქარხანაში მიჰქონდა.
…სატვირთოს ჩაის ქარხანამდე გავყევით. ფაბრიკას მთლიანად ქალები მართავენ: დირექტორიც და დეგუსტატორებიც ქალები არიან. ისინი მართავენ დამლბობ დანადგარებსაც, ქალები უვლიან იმ ღუმელებსაც, რომლებშიც ჩაი შრება. ასევე ქალები ახარისხებენ და ფუთავენ. კაცები მხოლოდ შეფუთული ჩაით სავსე ყუთების გადაზიდვაში მონაწილეობენ.

…საბავშვო ბაღიც მოვინახულეთ, სადაც სამოცამდე ბავშვი დაეტოვებინათ. ისინი ბალახში ცეკვავდნენ – იმ ქალების შვილები იყვნენ, ჩაის პლანტაციებში რომ მუშაობდნენ.
…კაპას ერთი გოგონა მოეწონა, გრძელი, ხვეული თმა და უზარმაზრი თვალები ჰქონდა. ბავშვისთვის ფოტოს გადაღება სურდა, მაგრამ გოგონას შერცხვა და ატირდა. ერთ პატარა ბიჭსაც გადაუღო ფოტო. ისიც ატირდა.
…ბაღის მასწავლებელმა გვითხრა, ის პატარა გოგონა ჯერ ვერ შეეჩვია აქაურობას, ქართველი არ არის, უკრაინელი ობოლია, რომელიც აქაურმა ოჯახმა იშვილაო – ბავშვი თავს უცხოდ გრძნობს, ჯერ ქართული ვერ აითვისაო.
…ბევრმა ქართულმა ოჯახმა იშვილა ბავშვები. ამ მდიდარ ქვეყანას ომის დროს არაფერი დაშავებია და ეს ხალხი თავს მოვალედ თვლის სხვების წინაშე.


…პატარა სახლებთან გარემოს დასათვალიერებლად ვჩერდებოდით. აქაურებს საკუთარი ხეხილის ბაღები და ბოსტნები ჰქონდათ. ყველგან მუჭა წაბლით, სოფლის ყველით და ახალგამომცხვარი პურით, ასევე ახალმოკრეფილი მსხლით ან ყურძნით გვიმასპინძლდებოდნენ. გაუჩერებლად ვილუკმებოდით, უარს ვერაფერზე ვამბობდით!
…ქართული არაყი დავლიეთ, რასაც არავის ვურჩევთ – პირშივე ორთქლდება! ისეთი სასმელია, კაცს დააგდებს! ჩვენმა კუჭმა ამას ვერ გაუძლო. კაცმა რომ თქვას, არაყი არცაა, უფრო ჩვენებურ გრაპას ჰგავს, გამოხდილი ღვინოა. ჩვენთვის მეტისმეტად ძლიერი აღმოჩნდა.


…როცა იმდენი ვჭამეთ, რომ მუცლები დაგვებერა, მეურნეობის მენეჯერი გადაგვეყარა. მაღალი, პირდაპირი და უშუალო კაცი იყო, უნიფორმა ეცვა და მომდგარი ქუდი ეხურა. გვთხოვა, ჩემთან წავიდეთ, ორი ლუკმა შევჭამოთო.
…უნდა გვცოდნოდა! უნდა მივმხვდარიყავით! ეზოში, სადაც ბალახი კარგად გაეკრიჭათ, იმდენი ხალხი ირეოდა, რომ ისინი თითო ლუკმისთვის და ერთი ჭიქის დასალევად არ შეიკრიბებოდნენ.
…ორი მიმზიდველი გოგო გამოგვეგება – დოქებით წყალი მოგვიტანეს. დაგვისხეს, ხელ-პირი დაგვაბანინეს, შემდეგ კი წითლად მოქარგული პირსახოცები მოგვაწოდეს.
…ამის შემდეგ სახლში შეგვიპატიჟეს.


…მაგიდის დანახვაზე კინაღამ დავიხოცეთ: თითქმის თოთხმეტი ფუტის სიგრძის იქნებოდა და ზედ საჭმელი იყო დახვავებული! სუფრასთან ოციოდ სტუმარი იჯდა.
…მთავარ კერძად შემწვარი ქათამი მოგვიტანეს. ჩვენდა გასაოცრად, თითო ულუფაში ნახევარი ქათამი იყო! გარდა ამისა, ცივად მოხარშული დედალი ჩაეწყოთ ცივ მწვანე საწებელში, რომელიც სუნელებით და არაჟნით იყო შეკმაზული. მაგიდაზე ყველის ჩხირებიც ეწყო, ასევე პომიდვრის სალათა და ქართული მწნილი. ქონდარში მოთუშული ცხვრის ხორციც ჰქონდათ სქელი სოუსით.
…ქართული პურის ნაჭრები ერთმანეთზე ეწყო, სუფრის შუაგულში კი ხილი დაელაგებინათ: ყურძენი, მსხალი და ვაშლი.
…ყველაზე ძალიან ის გვაშფოთებდა, რომ ყველაფერი გემრიელი იყო! სრულიად უცხო გემო ჰქონდა ყველაფერს და ამიტომ, ყველა კერძის დაგემოვნება გვსურდა. თან, ამდენი ჭამისგან უკვე ცუდად ვიყავით.
…კაპას, რომელიც თავის ვიწრო წელით ამაყობს და არავითარ შემთხვევაში არ იხსნის ქამარს, ღაბაბი დაჰკიდებოდა, თვალები გადმოეკარკლა და თან, ჩასისხლიანებოდა.


…თუ არ ვჭამდით, გვაძალებდნენ ჭამეთო. შევჭამდით და მაშინვე გვივსებდნენ თეფშებს. ამასობაში ადგილობრივი ღვინო ჩამოდგეს – გემრიელი, მსუბუქი და არომატული იყო. რომ ვფიქრობ, სწორედ იმ ღვინომ გვიხსნა სიკვდილისგან.
…მასპინძელი წამოდგა და ჩვენი ჯანმრთელობისა და შეერთებული შტატების კეთილდღეობის სადღეგრძელო შესვა. თამადა ადგილობრივი მეურნეობის ეკონომისტი იყო.
…უცხოელები ვიყავით და ამიტომ, ნება დაგვრთეს თამადის სადღეგრძელო გაგვეგრძელებინა. ჩვენ უფარდობის სადღეგრძელო დავლიეთ, მათი ჩამოხსნის სადღეგრძელო. განვავრცეთ კიდეც: ნებისმიერი სახის ფარდის ჩამოხსნისა, რკინის, ნეილონის, პოლიტიკური, სიყალბის და კიდევ ცრურწმენის ფარდებისა.
…ინტიმური ქართული სადღეგრძელოც დაილია: კაცებმა გვერდით მჯდომს ხელკავი გამოსდეს, თან იმ ხელით, რომელშიც ჭიქა ეჭირათ და ასე დაცალეს ჭიქები.


…იმ ქართველებმა, რომლებიც გავიცანით, უელსელები მოგვაგონეს. თუ ათი კაცი შეიკრიბებოდა, მათგან შვიდი მაინც კარგად მღეროდა. ამ მაგიდასთანაც წამოიწყეს სიმღერა – მრავალხმიანი, მომაჯადოვებელი! მღეროდნენ ქართველი მწყემსების და საბრძოლო სიმღერებს.
…ორმა სკამი აიტაცა, მუხლზე დაიდო და დოლივით დაუკრა. ცეკვაც გაჩაღდა: ქალები სამზარეულოდან გამოვიდნენ, კაცებიც წამოიშალნენ და ცეკვა დაიწყეს.
…მომაჯადოვებელი საცეკვაო მუსიკა იყო! ხან კაცი, ხან ქალი, ზოგჯერ ერთადაც ცეკვავდნენ: სწრაფად, მოხდენილად.
…და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როცა ერთი ლუკმის შესაჭმელად და ჭიქა ღვინის შესასმელად შევჩერდით სადღაც.


…ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ: ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც… ისინი იტალიელებივით მხიარულები და ბურგუნდიელებივით ძლიერები იყვნენ. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოჰკიდებდნენ!
…ქართველები ბევრად განსხვავდებოდნენ სხვა რუსი ხალხებისგან, რომლებიც იქამდე გვენახა და ადვილი მისახვედრი იყო, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები რატომ აღმერთებდნენ მათ, ქართველებს.
…მათ სულს ვერაფერი დასცემს, ამ ხალხს თვითმყოფადობას ვერაფერი დაუკარგავს!
დამპყრობლები, მეფის რუსეთის არმიები, მტარვალები და აქაური წითელი თავადაზნაურებიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მათ წახდენას, ყველას ქართველების გატეხვა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დაამჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას.

დასასრული

ka_GEGeorgian