ჩემი გუნდი: სემი ჰიიპია
სემი ჰიიპია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფინელი ფეხბურთელია, 105ჯერ ითამაშა ნაკრებში, 10ჯერ დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო მოთამაშედ, ერთხელ კი წლის სპორტსმენადაც აღიარეს.
იშვიათად, რომ ფეხბურთელმა ეს წოდება მოიპოვოს – ფინეთში, როგორც წესი, ზამთრის სახეობების წარმომადგენლებს უფრო აფასებენ.
ტანმაღალმა და ფიზიკურად ძლიერმა ცენტრალურმა მცველმა კარიერის საუკეთესო წლები ლივერპულში გაატარა, რომელსაც 1999 წელს შეუერთდა. მომდევნო 10 სეზონში 500მდე მატჩი ჩაატარა წითელი მაისურით და 10 ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა 2005 წელს და უეფას თასი 2001 წელს. ის გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
ლივერპულამდე ის ნიდერლანდებში, ტილბურგის ვილემ IIში თამაშობდა და… თბილისსაც სწორედ ამ კლუბის მაისურით ესტუმრა – 1998 წლის სექტემბერში დინამო ერედივიზიეს კლუბთან შინ და გარეთ 0:3 დამარცხდა, ჰიიპია კი ქართველებთან მატჩებში შეუდარებელი იყო.
ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ფინელმა მწვრთნელობა სცადა, დღეს კი გერმანიაში, კიოლნთან ახლოს ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
სემი ჰიიპიას ოცნების გუნდი (4-3-3)
მეკარე: პეტერ შმეიხელი
დიდებული მეკარე გახლდათ, პრემიერლიგის საწყის წლებში ლიგის უდიდესი გოლკიპერი! მანჩესტერ იუნაიტედი 90ებში უძლეველი რომ იყო, დიდწილად მისი დამსახურებაა.
გული მწყდება, რომ მის მხარდამხარ ერთხელაც ვერ ვითამაშე.
მარჯვენა მცველი: კაფუ
კაფუს წინააღმდეგ პირველად რომში ვითამაშე. ვიცოდი, რომ ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ იმ შეხვედრაში გამაოცა – 90 წუთის მანძილზე არ გაჩერებულა.
სწრაფი, ტექნიკური, მოძრავი… ის საუკეთესო იყო!
ცენტრალური მცველი: ლუსიუ
2001-02 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგას მისი გოლით გამოვეთიშეთ – ლევერკუზენში 3:4 წავაგეთ და გადამწყვეტი ბურთი მან გაიტანა. მშვენიერი მოთამაშე იყო და მომდევნო წლებში კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
დიდებული იყო დაცვაში, შეტევაში კი ძალიან სახიფათო.
ცენტრალური მცველი: მატს ჰუმელსი
მომწონს მისი სტილი: არ არის უხეში, შესანიშნავია პოზიციური თამაშის დროს და ძლიერია პერსონალური მეურვეობისას.
დროდადრო ჩემ თავს მაგონებს. ვფიქრობ, კიდევ დიდხანს ითამაშებს. მიმაჩნია, რომ ლიოვმა შეცდომა დაუშვა, როცა მასზე უარი თქვა.
მარცხენა მცველი: ბიქსენტ ლიზარაზუ
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად მიმაჩნია. ჩემთვის ის უდავოდ საუკეთესოა, ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია!
განაპირა მცველები იშვიათად არიან სტაბილურები, ლიზარაზუ კი სწორედ ასეთი იყო. რობერტო კარლოსი და მარსელოც ძლიერები არიან, მაგრამ მათ ფრანგი მირჩევია.
მარჯვენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ
უბრალოდ საუკეთესო! რა უნდა ვთქვა მასზე ახალი? ჩახედეთ სტატისტიკას და უჩემოდაც მიხვდებით, რომ შეუდარებელია.
ცენტრალური ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი
სრულყოფილი ფეხბურთელი – აი, ვინ არის სტივენ ჯერარდი!
არც კი მახსოვს რამდენჯერ ვითამაშე მის მხარდამხარ და 2ჯერ, მგონი, მის წინააღმდეგაც გავედი მოედანზე.
ტექნიკა, სისწრაფე, დარტყმა, მოედნის ხედვა, პასი… ჯერარდს ყველა საჭირო თვისება ჰქონდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამორჩეული კაპიტანი იყო.
ცენტრალური ნახევარმცველი: რივალდო
დიდი იყო! მის წინააღმდეგ ენფილდ როუდზე ვითამაშე, ჩვენ 1:0 მოვიგეთ და ძალიან გახარებული ვიყავი, თუმცა შესაძლოა, იმ დღეს რივალდო ვერ იყო საუკეთესო ფორმაში.
მარცხენა ნახევარმცველი: რაიან გიგზი
გიგზი მარტო ხანგრძლივი კარიერის გამო იმსახურებს პატივისცემას. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ყველა სეზონში გამორჩეული იყო. მისი საუკეთესო თვისება, ვფიქრობ, დრიბლინგია – ამის გამო მასთან თამაში ჭირდა.
შესაძლოა ასაკის მატებასთან ერთად სისწრაფე დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ, უკეთეს ასისტენტად მოგვევლინა.
თავდამსხმელი: ტიერი ანრი
ერთ-ერთი ყველაზე რთული თავდამსხმელი, უნაკლო გოლეადორი და ყველა კლუბისთვის სასურველი ფორვარდი. ჩვენ წინააღმდეგ ის ყოველთვის საუკეთესო იყო!
არ მეგულება მცველი, ვინც მას ადვილად იჭერდა.
თავდამსხმელი: რონალდო
მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მაშინ დავდექი, როცა ფინეთში, მიუპას ფეხბურთელი გახლდით, ის კი პსვ ეინდჰოვენისთვის იტანდა გოლებს. უეფას თასზე შინ 1:1 ვითამაშეთ, თუმცა ვიცოდით, რომ საპასუხო მატჩში ძალიან გაგვიჭირდებოდა…
1:7 წავაგეთ და მან 4 გოლი შეაგდო! ყველა დროის უდიდესი თავდამსხმელი!
სათადარიგოები
უეინ რუნი – ძალიან ძლიერი ცენტრფორვარდი. ვფიქრობ, იუნაიტედში შეცდნენ, როცა თავდამსხმელებს უკან დაწიეს.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – გამორჩეულად ძლიერი სკანდინავიელი.
ფრანკ რიბერი – ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგიონერი.
მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი
მისი ხელმძღვანელობით 2 წლის განმავლობაში ვითამაშე. ძალიან მომთხოვნი იყო, მკაცრი და დისციპლინის მოყვარული, ზუსტად იცოდა რა სურდა და ეს, ვფიქრობ, ყველა მწვრთნელს არ ახასიათებს. მისი შედეგები მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 16 დეკემბერი)