შოთა და ბომბარდირები

შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – ქვეყნის პირველ გუნდში 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
ის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 6 სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტურნირში გამოიჩინა თავი და ასევე ერთადერთი, ვინც ეროვნულში ჰეთ-თრიქი შეასრულა: 1997 წელს, თბილისში სომხებთან 7:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი, 2006 წელს კი ფარერის კუნძულებზე, მასპინძლების 6:0 ძლევისას.
მაგრამ მიუხედავად ამ 26 გოლისა, ის ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირთა ორმოცდაათეულშიც ვერ ხვდება – სიას თითქმის 4ჯერ მეტი ბურთით – 109 გოლი – ირანელი ალი დაეი ლიდერობს. ფეხბურთელმა, რომელიც თავის დროზე მიუნხენის ბაიერნშიც ითამაშა, 109 ბურთი 149 სანაკრებო მატჩში გაიტანა!

დაეიმდე რჩეულ გოლეადორთა სიას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ლეგენდარული უნგრელი თავდამსხმელი ფერენც პუშკაში ლიდერობდა: 1945-56 წლებში მან უნგრეთის დიდი გუნდის მაისურით 85 მატჩში 84 გოლი შეაგდო.

ბიმბო პუშკაშის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, ფეხბურთელს სამშობლო რომ არ დაეტოვებინა – ბუდაპეშტში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის შემდეგ – 1956 წელს – ბომბარდირი ესპანეთში გადაბარგდა, 1961-62 წლებში იქაურ ნაკრებში 4ჯერ ითამაშა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

ალი დაეიმ პუშკაშს 2003 წლის 28 ნოემბერს გაასწრო – აზიის თასის საკვალიფიკაციო მატჩში ლიბანს 85ე სანაკრებო გოლი გაუტანა.

თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2004 წლის 17 ნოემბერს კი ირანელი გახდა პირველი, ვისაც ნაკრებში 100ზე მეტი ბურთი დაუგროვდა – ლაოსთან პოკერი (ერთ მატჩში 4 გოლი) შეასრულა, მისი მე2 გოლი კი საიუბილეო, მე100 გამოდგა!

და პელე?

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ სიაში მესამეა – ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ფიფამ დაადგინა, რომ ბრაზილიელმა ნაკრებში 77 გოლი შეაგდო.

ცნობილია, რომ ფეხბურთის მეფემ კარიერაში გამართულ 1 363 მატჩში 1 280 გოლი გაიტანა.

ბევრს მიაჩნდა, რომ ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირიც ის იყო – არაერთი გამოცემა ბრაზილიელი სტატისტიკოსების მონაცემებს აქვეყნებდა და პელეს სელესაოში 100ზე მეტ გოლს მიაწერდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანამემამულე მკვლევარები მეფეს იმ გოლებსაც უთვლიდნენ, რომლებიც მან ნაკრებში თამაშისას კლუბებს ამხანაგურ შეხვედრებში გაუტანა. ცხადია, ასეთი გოლები ბომბარდირთა კლუბის წევრებს აქტივში ვერ ჩაეთვლებოდათ.

დღეისათვის ნაკრებში 50 და მეტი გოლი 35 მოთამაშეს გაუტანია. მათ შორის ყველაზე მეტი ბრაზილიელი და უნგრელია – 4.

პელეს გარდა ბრაზილიელთაგან ამ სიაში არიან მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი რონალდო, რომარიო და 80იანი წლების ტელე სანტანას ულამაზესი გუნდის ლიდერი ზიკო. რაც შეეხება უნგრელებს, პუშკაშს მხარს უმშვენებენ შანდორ კოჩიში, იმრე შლოსერი და ლაიოშ ტიხი.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: სიაში ევროპის მხოლოდ და მხოლოდ 9 ქვეყანაა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა – უკვე აღარც არსებობს. 50 და მეტი გოლის გატანა მხოლოდ უნგრეთის, გერმანიის, ჩეხეთის, გდრის, დანიის, ირლანდიის, თურქეთის, საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრების ფორვარდებმა შეძლეს.

რაც შეეხება ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისს სანაკრებო ბომბარდირთა კლუბში კიდევ კარგა ხანს არ ეყოლება წარმომადგენელი: მოქმედ მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი გოლი ქვეყნის პირველ გუნდში მაიკლ ოუენს გაუტანია – 40, თუმცა გუნდის იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო კარგა ხანია მას აღარ სწყალობს. რაც შეეხება უეინ რუნის, ოუენის შემდეგ ის მეორეა, მაგრამ მხოლოდ 28 გოლით. ამ შედეგით არათუ სანაკრებო ბომბარდირთა კლუბამდე, ინგლისის ნაკრების რეკორდამდეც კი (ბობი ჩარლტონის 49 გოლი) ძალიან შორია.

ინგლისელებზე უარესი მდგომარეობაა იტალიის ნაკრებში: ფიფას თასის 4გზის მომგები სკუადრა აძურას საუკეთესო გოლეადორი 35 გოლით ლუიჯი რივაა. მან კარიერა 1974 წელს დაასრულა, მათ შორის კი, ვინც დღესაც აგორებს ბურთს, საუკეთესოა ალესანდრო დელ პიერო – 27 ზუსტი დარტყმა და ფილიპო ინძაგი – 25 გოლი. პირველი 36 წლისაა, მეორე – 38. ამით ყველაფერია ნათქვამი.

თითქმის იგივე მდგომარეობაა ჰოლანდიის ნაკრებშიც: ნარინჯისფერთა ბომბარდირი ფეხბურთიდან 2004 წელს წასული პატრიკ კლუივერტია – 40 გოლი, მოქმედთა შორის კი კლაას იან ჰუნტელაარი ლიდერობს 30 ბურთით.

რაც შეეხება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს, ფურია როხას ფეხბურთელი მხოლოდ ახლახანს გამოჩნდა სიაში – 11 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანელებმა 3:1 სძლიეს შოტლანდიელებს, დავიდ ვილიამ კი 54ე წუთზე თავის 50ე სანაკრებო გოლი შეაგდო.

კლუბში, რომელსაც პირობითად „50 გოლი ნაკრებში“ შეგვიძლია ვუწოდოთ, მხოლოდ და მხოლოდ 3 მოთამაშეა, რომელმაც იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ითამაშა.

ამ მხრივ პირველ ადგილზე უნგრელი შანდორ კოჩიშია: მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა ნაკრებში 68 მატჩში 75 გოლი შეაგდო!

მეორეა ლეგენდარული გერდ მიულერი: ბუნდესნაკრების რეკორდსმენმა 68 გოლი 62 თამაშში გაიტანა. ის ერთადერთი ევროპელია, რომელმაც ბომბარდირის ტიტული მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიგო (1970 – 10 გოლი) და ევროპის პირველობაზეც (1972 – 4). ფიფას ოქროს თასის გათამაშებაში გატანილი 14 გოლით გერდ მიულერი ათწლეულების განმავლობაში ტურნირის ბომბარდირი იყო, თუმცა 2006 წელს რონალდომ გადაასწრო.

რაც შეეხება დანიელ პოულ ტისტ ნილსენს, ის 1910-25 წლებში თამაშობდა ნაკრებში და სწორედ მაშინ მოახერხა 38 მატჩში 52 გოლის გატანა.

საგულისხმოა, რომ ამ 52 გოლიდან სკანდინავიელმა 26 ნორვეგიის, 15 კი შვედეთის ნაკრებს გაუტანა. 1916 წლის ივნისში, მეზობელ შვედეთთან 10:0 მოგებულ მატჩში მან 6 ბურთი შეაგდო!

თუ ამ მონაცემებს პროცენტებზე გადავიანგარიშებთ, ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო გოლეადორი სწორედ პოულ ტისტ ნილსენი იქნება თამაშში საშუალოდ 1,37 გოლით. რაც შეეხება 109 გოლის გამტან ალი დაეის, ასეთ შემთხვევაში 0,73-ით ის მხოლოდ მე10 ადგილზე აღმოჩნდება.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 18 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian