ვისენტე დელ ბოსკე – 70
დღეს მარკიზ ვისენტე დელ ბოსკეს დაბადების დღეა – მოხუცი 70 წლის გახდა!
ყველა დროის ერთ–ერთი უდიდესი მწვრთნელი და ერთადერთი, რომელმაც საკლუბო და სანაკრებო დონეზე მოიგო უმაღლესი ტიტულები – ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენტთაშორისო თასი, ევროპირველობა და მსოფლიო ჩემპიონატი. აი ვინ გახლავთ ბატონი დელ ბოსკე.
70იან წლებში რეალის ერთი რიგითი მოთამაშე იყო, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი სამეფო კლუბში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.
პირველი გუნდი 90ებში 2ჯერ მცირე ხნით ანდეს, მაგრამ იმდენად კარგად გაუძღვა საქმეს, რომ 1999 წელს მესამედ და უკვე ოფიციალურად დაინიშნა მთავარ მწვრთნელად.
და მომდევნო 4 წელიწადში 7 თასი მოიგო: 2ჯერ ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის და ევროპის სუპერთასები, საკონტინენტთაშორისო თასი…
ევრო 2008ის შემდეგ, როცა ლუის არაგონესი ნაკრებიდან წავიდა, ფეხბურთის ფედერაციამ მას უხმო და ათიანშიც მოარტყა – 2009-12 წლების დელ ბოსკეს ის გუნდი უბრალოდ უნაკლო იყო და გახდა პირველი, რომელმაც ზედიზედ მოიგო მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები!
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ტრიუმფის შემდეგ ესპანეთის მეფე ხუან კარლოსმა საგანგებო განკარგულებით ვისენტე დელ ბოსკეს მემკვიდრეობითი ტიტული – მარკიზი უბოძა.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 23 დეკემბერი)