ჩემი ამსტერდამი
„თურმე ვორი მეთევზე მონავალა მდინარე ამსტელის პირებზე და თან კიდე უკან ძაღლი გამოყოლიენ.
მუხედიენ, მოუხედიენ და ქე მოწონებიენ ის ადგილი, საცხა იყო და უთქვიენ, აქანა დავსხდეთო, მოუყვანიენ ცოლ-შვილი, ოუშენებიენ ასაშენებელი და დოუწყიენ მუშაობა და თევზის დაჭერა, იმფერ მოდიოდა თურმე, მეტი არ შეიძლება.
რო ვერ ოუვიდენ მარტო და ვერც იგენის შვილები და შვილიშვილები და დოუძახიენ სხვებიზა, მოით, თევზი თევზათ კაიაო, ფასი კაი აქო და მოწონებიენ ი, სხვებს რო უთქვიენ, აგენს და მოსულარიენ და ქე გამხთარა ქალაქი ასთე ნელ-ნელა და ი ვორი კაცი და ძაღლი გამხდარან ა ქალაქის ამშენებელ-დამწყები. მაგენს არ ენახენ, დევინახავდი ახლა რაცხა იქნებოდა.
ამნაირათ ყობიენ, ამსტერდამი ააშენენო. ასე გამევიდა ქვეყანაზეო. რავარცხა თბილისის ამბავს ყობიენ, ვახტანგ გორგასალმა მოკლა იგიო, ხოხობი და წყალში დეიმდუღრაო, ისე მაგიც, ვორი კაცი მევიდაო და დაარსთა ამსტერდამიო.
ამსტერდამი რავარი ქალაქია, თუ იცი: თუ დაკრუგე თავიდანვე იქანა ისთე რავარცხა, თან მახსოვრობა გაქ, მერე აღარაა ძნელი.
მიჩხლართულ-მოჩხლართულია ვითომ, რავარც ქუთეისი, სანე იწყება და სანე მთავრდება, ვერ გეიგეფ და ერთ ადგილზე ათი მისასვლელია სულ საცხა-საცხეებიდან, მარა თუ დოუჭირე თავიდან, მერე აღარაა ძნელი, თფილისზე პატარაა, ბიჯო, ნახევარია თფილისის…
კანალებია ბევრი. და კანალებს მიუჩოვლობი ვართ ჩვენ.
კანაოებს ვართ მიჩოული.
ეგი კანალები კიდე რაფერაა, იცი? ხიდებია ზედ. ამსტელი რო არი, იმის კანალები არი და იქანა ზღვა არი მიწაზე მაღლა და შემოკანალებულია, რავარცხა სარწყავ წყალს რო გამოუყვანენ ღარს და მოჩუხჩუხებს და მერე კიდო, რო ხედავს ამ კანალს, გონია, აქანა არ ვიყავიო, ისევლე ძველ ადგილზე მევედიო. გავენ ბიჯო, და მიტომ. სუ სხვადასხვაფერია იქანა სახლები, მარა მიუჩოველ თვალზე აჭრელება იცის.
კიდო რაია, იცი? ვიტრინებში ჯია ქალები და იქიდან გამოანათებს წითლათ. დეიწყება და თუ გგონია, გათავდეს, ფული თქვი შენ თუ არა, ქალი კი არ თავდება. მობეზრება ქე იცის, მარა რო დეეთხოვები, მიბრუნება უყვარს. ქალებზე ვამბოფ, თვარა, სასადილოებში ბალახების მოწევას რას მეეშობი, თუ ფული გაქ. წამოწევი და იყავი.
სხვაფრათ, კაი მაგარი ქალაქია, შეგიყვარდება, იმნაირი ქალაქია“.
* * *
აკა მორჩილაძე სიტყვის ჯადოქარია და ეს ამონარიდიც, იმერულად მოყოლილი, მისი ერთ-ერთი გემრიელი წიგნიდანაა Made in Tiflis რომ ჰქვია და სანტა-ესპერანსას და მესაიდუმლის ქამრის ერთგვარი გაგრძელება რომაა.
სანტა ესპერანსა, მესაიდუმლის ქამარი და Made in Tiflis ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ნამეტანი რომ დამთრგუნავს რაღაცები და ხმალაობით ვიღლები, გადმოვიღებ ხოლმე რომელიმეს და წამებში იქ ვარ, იმ საოცარ და უგემრიელეს კუნძულზე, იქაურ თავგადასავლებში უკანმოუხედავად ვეფლობი.
მაგრამ ამჯერად სანტა ესპერანსაზე, სუნგალებზე, ლემურ მოსიარულეზე, აღათია დედოფალზე, ლუკაზე, ხეტიაზე, ინტის მოთამაშეებზე და იქაურ ამბებზე კი არა, ამსტერდამზე დავწერ, პირველ უცხოურ ქალაქზე, რომელშიც მოვხვდი და რომელიც ამის გამო განსაკუთრებით მიყვარს.
22 წლის წინ გაზეთ სარბიელში ვმუშაობდი. კაი დრო იყო მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ფეხბურთი და სპორტი ძალიან მიყვარდა და ყაზბეგის გამზირზე მდებარე ის რედაქციაც ერთგვარი თავშესაფარი იყო ჩემთვის – საინტერესო ხალხი და საყვარელი საქმე. სხვა რა უნდა გინდოდეს ბიჭს, რომელიც მომავალს მაინცდამაინც ნათლად ვერ ხედავ?!
მოკლედ, 1998 წელია და თბილისის დინამო უეფა თასზე ტილბურგის ვილემ IIს შეხვდა, ჰოლანდიური საზომებითაც კი პატარა გუნდს. და რედაქციაში გადაწყვიტეს, რომ გასვლით მატჩზე დინამოს მე უნდა გავყვე!
20 წლის ვარ, საქართველოს არ გავცილებივარ (სოჭს არ ვთვლი), თინეიჯერობა უშუქობაში გავატარე, 3 ომს მოვესწარი, 16 წლისას სპორტული გაზეთის გამო მე და ჩემ ძმაკაც დანა დაგვარტყეს, ზედიზედ 2 კვირა ჩხუბის გარეშე თუ ვიცხოვრე მიხარია და უცბად: ჰოლანდიაში მაგზავნიან! თან ფეხბურთზე!
რომ დავწერო გამიხარდა-მეთქი, იმის მეასედსაც ვერ გადმოგცემთ, რასაც მაშინ განვიცდიდი!
მოკლედ, ამსტერდამი კი არა, ამსტერდამამდე ამბებიც დაუვიწყარი იყო! ისე, მომავალმა მეჯვარემ, ახლა ატლანტიკის ოკეანის გაღმა რომ ცხოვრობს, კინაღამ მომკლა: მითხრა გაგაცილებო და გზაში პასპორტი და ბილეთი ამომაცალა, გამაშაყირა ასე ვთქვათ! აეროპორტში მისულს კიდე, სასხვათაშორისოდ მეუბნება: შეამოწმე ხომ ყველაფერი თან გაქვს, რაიცი რახდებაო. მეც ვერაფერს მივხვდი და… საგულდაგულოდ ჩალაგებული ჩანთა ორ თუ სამ წამში ამოვატრიალე! წამები საათებად მეჩვენა და მერე, რომ მიხვდა ინფარქტს არაფერი მიკლდა, ხარხარით დამიბრუნა.
გაბრაზებამ მალევე გადამიარა, მეც მაგრად ვიცინე და ცოტა ხანში სასაზღვრო კონტროლი რომ გავიარე, მერე უკვე ზღაპარში ვიყავი ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით.
და ერევნის გავლით ამსტერდამში, სხიპოლის აეროპორტში შაბათ დილით ჩასულს KLMის ცისფერ უნიფორმაში გამოწყობილმა ლამის ორმეტრიანმა ქერათმიანმა გოგონამ პასპორტი რომ შემიმოწმა, გამიღიმა და ველქამ თუ ამსტერდამო, მითხრა, ბედნიერებისგან კინაღამ გული წამივიდა!
რომ იცოდეთ: ვილემ IIის და დინამოს თამაშს ქართველი ჟურნალისტებიდან მხოლოდ მე და ცხონებული ალეკო ჯიბლაძე ვაშუქებდით. მე სარბიელისთვის ვწერდი, ალეკოს კიდე ტილბურგიდან პირდაპირი რადიორეპორტაჟი მიჰყავდა…
KLMის მზეთუნახავთან შეხვედრის შემდეგ მეორე შოკი ამსტერდამის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში მივიღე – ფერად, კრიალა, განათებულ და ყვავილებით მორთულ მშვენიერ შენობაში, რომლის ყველა სართულის ლამის ყოველ კუთხეში ტკბილეულობის ჯიხურები იდგა და იქიდან ყავის და თბილ-თბილი ნამცხვრების არომატი იღვრებოდა! იქაურობასთან შედარებით თბილისის გაძვალტყავებული ცენტრალური სადგური ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო…
მაგრამ მესამე და ყველაზე გამაოგნებელი სილა თურმე წინ მელოდა: დრო საკმაოდ გვქონდა და სანამ სასტუმროში დავბინავდებოდით, მე და ალეკომ გავისეირნეთ. და როგორც კი სადგურის წინ ერთ-ერთი არხი გადავიარეთ და რომელიღაც ქუჩაზე შევუხვიეთ, არაფხიზელი ახალგაზრდებით სავსე კლუბის შესასვლელთან აღმოვჩნდით. ხოლო იქ, კლუბთან… სრულიად შიშველი გოგონა ცეკვავდა! ჩემი მოკრძალებული აზრით, მძიმე სამუშაო კვირით გათანგული გახლდათ და რამდენიმესაათიანი ცეკვით დაქანცულს, არც ამქვეყნისა ეთქმოდა.
თბილისში დაბრუნებულმა იმ გოგოს ამბავი რომ მოვყევი, ერთმა საქმეში ჩახედულმა მითხრა კრასნი კვარტალში შეგივლიაო. არ დავეთანხმე – ის კლუბი აშკარად სხვა ქუჩაზე იყო, რადგან წითელი ფარნების უბანში მოგვიანებით მოვხვდი. იქ შიშვლები არ ცეკვავენ. მეტიც: ჯერ ერთი პირმშვენიერ გოგონებს და მანდილოსნებს მართალია სრულიად გამჭვირვალე, მაგრამ მაინც თხელზე თხელი მოსაცმელი მოსავთ, ამასთანავე ისინი, ყველანაირი გამომწვევი მიხვრა-მოხვრის გარეშე, მშვიდად სხედან ვიტრინებში და მოთმინებით ელიან საბედოს. ჰა და ჰა გაგიღიმონ, თვალი ჩაგიკრან ან ჰაეროვანი კოცნა გამოგიგზავნონ. სხვას არაფერს გაკადრებენ. მთავარია ქართველობის დაკარგვის შიშით დამფრთხალმა და იქით არ იკადრო უკადრებელი.
ერთ-ერთი თბილისური ლეგენდით ნასაზრდოებს მეგონა, რომ ამსტერდამი იყო ქალაქი, სადაც პროსტიტუცია ჰყვაოდა და წამალიც ხელის გაწვდენაზე იყო. მოსაწევზე არაფერს ვამბობ – ლამის ყველა კოფიშოფში იყიდებაო, დამარიგეს კეთილისმსურველებმა.
ეს ლეგენდა ჩასვლისთანავე დაიმსხვრა. თუმცა ამის გამო იმედი გამიცრუვდა-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. წამალი კი არა, სასაცილო ბალახებსაც არ ვეტანები და შესაბამისად, განსხვავებული რეალობის გამო წამითაც არ მიდარდია. ნუ ვიტრინის ქალები, ეტა სუგუბა ინწიმნი რაზგავორ, როგორც არქიტექტორი მენდისაბალი იტყოდა. აი ის, სიმპლემენტე მარიაზე რომ იყო შეყვარებული. ახალგაზრდებს არა და ძველგაზრდებს გემახსოვრებათ ორივე, 90ებში პოპულარულები იყვნენ ჩვენში…
მთავარი რაც ყოველთვის მაღელვებდა, ფეხბურთი იყო, 1998 წლის შემოდგომით კიდე აიაქსში შოთა არველაძე და გიორგი ქინქლაძე ერთად თამაშობდნენ და იმ შიშველი მოცეკვავით გაოგნებული, აზრზე მხოლოდ აიაქსის საკლუბო მაღაზიაში მოვედი. ისიც რკინიგზის სადგურთან ვნახე. მისამართს ახლა ნუ მომთხოვთ. რამდენიმე სუვენირი ვიყიდე, შოთას და ქინქლაძის საფოსტო ბარათებიც და ფანშოპიდან გამოსულმა კიდევ ერთხელ ჩავყვინთე ამსტერდამის მიხვეულ-მოხვეულ არხებში…
ჩემი ნება რომ ყოფილიყო, იმ 5დღიან მივლინებას მთლიანად ამ დიდებულ ქალაქში გავატარებდი, მაგრამ დინამო ტილბურგში თამაშობდა და მე და ალეკოც ჰოლანდიის სამხრეთში გავემგზავრეთ და ამსტერდამში მხოლოდ ტილბურგული მატჩის შემდეგ, გვიან ღამით დავბრუნდით, თბილისში გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე…
რაც შეეხება ამ ფოტოებს, შარშან გადავიღე, როცა კიდევ ერთხელ მოვხვდი ნიდერლანდებში და ამსტერდამში სეირნობითაც გული ვიჯერე.
ამჯერად ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობდი, მაგრამ ამის მიუხედავად ცენტრიდან შინ, დაახლოებით საათის სავალზე, მაინც ფეხით ვბრუნდებოდი. გზა საერთოდ არ მღლიდა, ეგ კი არა ისეთი სასიამოვნო იყო, თუნდაც სულელი წვიმის თანხლებით, რომ ახლაც თავიდან შევუყვებოდი (თან არაერთხელ) იმ ხიდებს და ათობით გზაჯვარედინს.
ვინსენტ ვან გოგის მშვენიერი მუზეუმიც შარშანდელი სტუმრობისას ვნახე. იციან ჰოლანდიელებმა საქმე – სადაც წითელი ფარნების უბანი აქციეს მომგებიან ბიზნესად, მართლა მაგარი მხატვრის დანატოვარით რას გააკეთებდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ?!
შედიხარ მუზეუმში და მშვენიერი ტილოებით ტკბები, უკან კი შანსი არაა ოფიციალურ მაღაზიაში არ შეისეირნო და სამახსოვროდ რამე არ გამოიყოლო: რეპროდუქციები, ალბომები, წიგნები, ჭიქები, პასტები, ფანქრები, ფლომასტერები, საღებავები, გასაფერადებლები, ქოლგები, საფოსტო ბარათები, მაისურები… სულო და გულო, რაც გინდა აირჩიე, ყველაფერი ვან გოგის შედევრებითაა დამშვენებული!
ამსტერდამ არენაზეც იგივე ითქმის – მატჩებისგან თავისუფალ დღეებში ამ მშვენიერ სტადიონზე, მგონი, 8ჯერ ეწყობა საათიანი ტურები და სარბიელს დამთვალიერებელი არ აკლია – ცენტრალური შესასვლელიდან იწყებ აიაქსის ისტორიის გაცნობას და თასებით გამოტენილ მუზეუმში ამთავრებ, იქიდან კი ოფიციალურ მაღაზიაში ხვდები და იქაც იგივე გემართება. ამსტერდამ არენაზე მოგვიანებით ცალკე დავწერ…
ქალაქის გულში, მადამ ტიუსოს მუზეუმთან ახლოს, ერთ პატარა ქუჩაზე ბუკინისტებში მოვხვდი და სპორტული წიგნები თუ გაქვთ-მეთქი, მორიდებით ვკითხე ახალგაზრდა სათვალიან გამყიდველს. ზედა სართულზე, ამა და ამ კუთხეში მიბრძანდითო, მითხრა იმ ბიჭმა. ნეტა არ ავსულიყავი! იქ წიგნები ვნახეეეეეე…
ველოსპორტი, ავტოსპორტი, კალათბურთი, ზამთრის სახეობები, ოლიმპიური ენციკლოპედიები… ფეხბურთზე არაფერს ვამბობ: სულო და გულო, რა სახის გამოცემები არ იყო! კაი ერთი საათის შემდეგ ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასები შევარჩიე და ზურგჩანთა გავავსე. მეორე დღესაც მივბრუნდი და აიაქსის საკლუბო ჟურნალები და სამატჩო პროგრამები შევიძინე – არველაძის და ქინქლაძის ისეთი ფოტოები იყო, ნაღდად ვერ დავტოვებდი. საბოლოოდ იმდენი დაგროვდა, უკანა გზაზე დამატებით კარგა მოზრდილი ჩემოდანიც გაივსო. ეს რა არისო, მეუღლემ რომ მკითხა, საჩუქრებია-მეთქი, უტიფრად ვუპასუხე. რომ ვიგრძენი ცხვირი მეზრდებოდა, მივტრიალდი და ვერავინ ვერაფერი შენიშნა. მაქსიმუმ აეროპორტის ვიდეოკამერა თუ დააფიქსირებდა, იქამდე შეუმჩნევლად ვატარე…
უჰ, დიდებული და ულამაზესია ამსტერდამი, საოცრებებით სავსე!
ოღონდ მათი დანახვა უნდა გინდოდეს. თორემ ზოგიერთ ექსპერტს თუ დაუჯერებ, იფიქრებ, რომ იქაურობა მოსაწევს და წამალს მიაქვს. და ვიტრინაში წამოსკუპებულ ნახევრადშიშველ ქალებს.
არ დაიჯეროთ.
ამსტერდამი კეთილშობილი და ლამაზია. და ჩემი წარმოდგენით, ზღაპრული წიგნია, რომელიც ფრთხილად უნდა გადაშალო და აუჩქარებლად წაიკითხო.
საუკეთესო სურვილებით!
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ამსტერდამი, ნიდერლანდები; 2019 წლის 1-10 თებერვალი