რკინის ბედუინები
დაკარის რალი 1 იანვარს არგენტინის ქალაქ მარ დელ პლატაში დაიწყო, 16 იანვარს კი პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა. რბოლა, რომელსაც ფრანგული Amaury Sports Organisation კურირებს, 33ედ ჩატარდა – სამხრეთ ამერიკაში ზედიზედ მეოთხედ.
მოტომრბოლთა შორის ფრანგმა სირილ დეპრემ იმარჯვა – კტმის პილოტისთვის ეს მე4 ტრიუმფია დაკარზე. მანამდე მან 2005, 2007 და 2010 წლებში მოიგო ყველაზე რთული რბოლა.
ავტომობილებში საუკეთესო იყო შეჯიბრის ყველაზე ტიტულიანი მონაწილე სტეფან პეტერანსელი – გამოცდილმა ფრანგმა, ვინც 1991 წლიდან ასპარეზობს დაკარში, ამჯერად მინის ჯიპით იმარჯვა. ეს პეტერანსელის მე10 ტიტულია: 1991, 1992, 1993, 1995, 1997 და 1998 წლებში ის მოტოციკლით მივიდა ფინიშთან პირველი, 2004, 2005 და 2007 წლებში კი მიცუბიშის ჯიპს მართავდა.
სატვირთოების კლასში რუსეთის კამაზის 3წლიანი ტრიუმფი შეწყვიტა ივეკოს ჰოლანდიელმა მესაჭემ ხერარდ დე როიმ. 2000 წლიდან კამაზმა 9ჯერ მოიგო რალი დაკარი და წელსაც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, გუნდმა ძალიან სუსტად იასპარეზა. დე როიმ 14დან 11 ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაშიც იმარჯვა.
კვადროციკლები დაკარის რალში 2009 წლიდან მონაწილეობენ. არგენტინელმა ალეხანდრო პატრონელიმ ზედიზედ მეორედ მოიგო – ძმას, მარკოსს აჯობა, რომელმაც თავის მხრივ, 2010 წელს იმარჯვა.
სამწუხაროდ, ორგანიზატორები ვერც წელს გადაურჩნენ ტრაგედიას: 1 იანვარს არგენტინელ მოტომრბოლ ხორხე მარტინეს ბოეროს ავარია შეემთხვა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ისტორია
1977 წლის იანვარში, აბიჯანი-ნიცას ტრადიციული ავტომარათონის დროს, ფრანგი პილოტი ტიერი საბინი უდაბნოში დაიკარგა.
ამ, ერთი შეხედვით არცთუ სასიამოვნო შემთხვევამ, ყველაზე ეგზოტიკურ ავტორბოლას ჩაუყარა საფუძველი: საბინმა ჩათვალა, რომ უდაბნოში შეჯიბრი ბევრს დააინტერესებდა და სამშობლოში დაბრუნებული ტურის ორგანიზებას შეუდგა. დეკემბერში პარიზიდან საცდელი რბოლა დაიწყო, რომელიც სენეგალის დედაქალაქ დაკარში დასრულდა.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, ავტორბოლა სახელწოდებით პარიზ-დაკარი 1979 წელს პირველად მოეწყო, თუმცა მხოლოდ მოტოციკლის და ავტომობილის კლასში. ერთი წლის შემდეგ ორგანიზატორებმა სატვირთოებიც დაამატეს.
ტიერი საბინის ინიციატივით, რბოლაში პროფესიონალების მხარდამხარ მოყვარულებიც დაუშვეს – დღეს რალი დაკარის უმრავლესობას სწორედ ისინი შეადგენენ…
პარიზ-დაკარი წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდებოდა და თუ 1989 წლამდე პილოტები მხოლოდ პარიზი-ალჟერი-დაკარის მარშრუტით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ნელ-ნელა რბოლამ ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებიც მოიცვა.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 1992 წელი: სპორტსმენებმა სტარტი პარიზში აიღეს, ფინიში კი სამხრეთ აფრიკაში, ქეიფთაუნში გადაკვეთეს! ავტომობილების ჩემპიონი ფრანგი უბერ ორიოლი გახდა პირველი, ვინც შეჯიბრი სხვადასხვა კლასში მოიგო: 1981 და 1983 წლებში მან მოტომრბოლთა შორის იმარჯვა (2004 წელს ორიოლის მიღწევა სტეფან პეტერანსელმა გაიმეორა).
1995 წელს, პირველად ტურის ისტორიაში, რალი საფრანგეთის დედაქალაქის ნაცვლად სხვაგან დაიწყო: სტარტს ესპანეთის გრანადამ უმასპინძლა. დროთა განმავლობაში გრანადა სხვა ქალაქებმა შეცვალეს, თუმცა რბოლის სახელწოდება პარიზ-დაკარი კიდევ დიდხანს უცვლელი დარჩა.
2001 წელს პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ იმარჯვა ქალმა: გერმანელი იუტა კლაინშმიდტი მიცუბიში პაჯეროს ჯიპს მართავდა.
…2007 წლის შობის დღესასწაულზე ტერორისტული ორგანიზაციის ალ ქაედას წევრებმა მავრიტანიაში 4 ფრანგი ტურისტი მოკლეს. 2008 წლის რბოლის მონაწილეებს კვირაზე მეტი უნდა გაეტარებინათ ამ ქვეყანაში, უსაფრთხოების გარანტია კი არ არსებობდა. საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზ-დაკარის ორგანიზატორებს ტურის გადადება ურჩია.
წინასწარი გეგმით, შეჯიბრი 5 იანვარს უნდა დაწყებულიყო პორტუგალიის დედაქალაქში. გუნდები ჩავიდნენ კიდეც ლისაბონში, თუმცა 2 იანვარს Amaury Sports Organisationმა ოფიციალურად დაადასტურა რბოლის გაუქმება.
ფრანგების გადაწყვეტილებას ალ ქაედას ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ვაჟმა ომარ ოსამა ბინ ლადენმა ლაჩრობა უწოდა, საკუთარი თავი მშვიდობის ელჩად მოიხსენია და განაცხადა, რომ გაუქმებული რალის ნაცვლად თავად მოაწყობდა შეჯიბრს ჩრდილოაფრიკის ქვეყნებში, სპონსორების შემოსავლით კი ომისგან დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარებოდა.
მავრიტანიაში დატრიალებულმა ტრაგედიამ პარიზ-დაკარის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გამომდინარე იქიდან, რომ სენეგალში, ტუნისში, ლიბიაში, მაროკოსა და ეგვიპტეში პოლიტიკური სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა, ASOმ პარიზ-დაკარის მარშრუტის მთლიანად შეცვლა გადაწყვიტა. 2008 წლის 20-26 აპრილს უნგრეთ-რუმინეთში ცენტრალური ევროპის რალი მოეწყო, თუმცა ორგანიზატორთა მოლოდინი არ გამართლდა და ფრანგებმაც სამხრეთ ამერიკას მიაშურეს: 2009 წლის 3-18 იანვარს ავტორბოლა ახალი სახელწოდებით რალი დაკარი ჩილე-არგენტინაში გაიმართა.
2009 წლიდან შეჯიბრი მუდმივად სამხრეთ ამერიკაში ტარდება, წელს კი მასპინძელთა ორეულს პერუც შეუერთდა.
დღეს რალი დაკარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორბოლაა. ამის დასტურია ASOს მონაცემები: წლევანდელი რბოლის მიმოხილვა მსოფლიოს 190 ქვეყანაში გადაიცემოდა!
და მიუხედავად იმისა, რომ ტურის ტელეაუდიტორია წლიდან წლამდე რამდენიმე მილიონით მატულობს, მისი გაუქმების მოთხოვნები მაინც არ წყდება. მიზეზი ტრაგედიებია, რომელიც თითქმის ყოველ წელს თან სდევს ამ რბოლას.
ტრაგედიები
1988 წელს, საიუბილეო მეათე პარიზ-დაკარის წინ ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემამ შეჯიბრი პირველად გააკრიტიკა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს რბოლა, გარდა იმისა, რომ სახიფათოა სიცოცხლისათვის, „ძალის და კეთილდღეობის ვულგარული გამოვლენაა იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ შიმშილით იხოცებიან“.
იმ დროისთვის პარიზ-დაკარის მსხვერპლთა სია ტურის 5 მონაწილეს, 10მდე მაყურებელს და რბოლის ორგანიზატორ ტიერი საბინს ითვლიდა.
პირველი სპორტსმენი, ვინც უდაბნოს რალიმ შეიწირა, ფრანგი მოტომრბოლი პატრის დოდინი გახლდათ: ის 1979 წლის ერთ-ერთ ეტაპზე მძიმედ დაშავდა, ვერტმფრენით პარიზში სასწრაფოდ გადაყვანილი კი საავადმყოფოში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
1982 წელს სიკვდილს ძლივს გადაურჩა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის ვაჟი მარკი. ის, მისი თანაშემწე შარლოტ ვერნი და მექანიკოსი საავტომობილო კოლონას მანქანის შეკეთების მიზნით 9 იანვარს ჩამოცილდნენ. 3 დღის შემდეგ ორგანიზატორებმა სამივე დაკარგულად გამოაცხადეს. სამაშველო ოპერაციაში ალჟირის შეიარაღებაში მყოფი თვითმფრინავი ლოკჰიდიც ჩაერთო, საბოლოოდ კი სამივე მთავარი ტრასიდან 50 კილომეტრში, გზააბნეულები და, საბედნიეროდ საღ-სალამათნი იპოვეს.
1986 წლის 14 იანვარს, უდაბნოში უეცრად წარმოქმნილმა ქარიშხალმა პარიზ-დაკარის მთავარი ორგანიზატორი ტიერი საბინი და კიდევ 4 იმსხვერპლა – ვერტმფრენი თითქმის 200 მეტრიდან ჩამოვარდა.
ყველაზე ტრაგიკული მაინც 1988 წელი გამოდგა: ვატიკანის საპროტესტო წერილიდან რამდენიმე დღეში შეჯიბრის 3 მონაწილე და 9 მაყურებელი გარდაიცვალა, მათ შორის 10 წლის მალელი გოგონა, რომელიც შემთხვევით მთავარ ტრასაზე გავიდა…
* * *
Amaury Sports Organisation-ის ოფიციალური განცხადებით, რალი დაკარს 2013 წელსაც სამხრეთ ამერიკა უმასპინძლებს. ტრასის მარშრუტი დამუშავების პროცესშია.
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის იანვარი)