მერლინის ერთადერთი მატჩი
1957 წლის გაზაფხულზე ამერიკელებმა თელ ავივის ჰაპოელი ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიიპატიჟეს. თამაში ისრაელის სახელმწიფოდ გამოცხადების მე9 წლის იუბილეს მიეძღვნა.
დღეგრძელი იყოს ისრაელის სახელმწიფო! – დაახლოებით ასე ჟღერდა იმ მატჩის სარეკლამო სლოგანი.
მასპინძლები იმითაც დაინტერესდნენ, თუ ვის ნახვას ისურვებდნენ სტუმრები. ოფიციალური პირები გასაგებია – ისინი ისედაც მრავლად იქნებოდნენ ტრიბუნებზე და რაც შეეხება სხვებს: სპორტსმენებიდან ბრუკლინ დოჯერსის გუნდისა და ისე… მერლინ მონროსი! – ასეთი იყო პასუხი.
12 მაისს საუკეთესო ამერიკელი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრების და ჰაპოელის ამხანაგური მატჩი სწორედ ბრუკლინში, დოჯერსის საშინაო სარბიელზე – ებეტს ფილდზე გაიმართა, პირველი სიმბოლური დარტყმა კი იმ დროს სუპერპოპულარულმა მერლინ მონრომ შეასრულა. თუმცა როგორც იმ მატჩის მიმომხილველები იხსენებენ, სახელგანთქმულმა მსახიობმა ბურთს 3ჯერ დაჰკრა ფეხი – 2ჯერ ურიცხვი ფოტოგრაფებისთვის, ერთხელაც – თამაშის დასაწყებად.
ჰაპოელმა 6:4 გაიმარჯვა, გუნდის კაპიტანს, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ებრაელ მეკარედ აღიარებულ იაკოვ ხოდოროვს კი (ფოტოზე თეთრ შორტებსა და შავ მაისურში) გაშვებული გოლები სულაც არ ადარდებდა – ჰაპოელის ფეხბურთელებიდან მხოლოდ მან აკოცა მსახიობს!
31 მაისს ეს ფოტო ებრაულ ჟურნალ Davarში გამოქვეყნდა ხოდოროვის სიტყვებთან ერთად: მეუბნებიან, რომ დაბნეული ვიყავი და უაზრო ბურთები გავუშვი… არ დაგავიწყდეთ – მერლინ მონროს გვერდით ვიდექი! რატომ ვაკოცე? ასეთ შანსს ხელიდან ვინ გაუშვებდა?!
ეს ფოტო ახლა მხოლოდ იმიტომ გამახსენდა, რომ პირველად ვნახე ფერადად. კომპიუტერული პროგრამის კვალი აშკარაა, მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებს – მშვენიერი სანახავია!
პ.ს. ისრაელის სახელმწიფოდ 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა დავიდ ბენ-გურინმა. 1949 წლის 11 მაისს გაერომ ისრაელი აღიარა.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 13 იანვარი)